დოდო გუგეშაშვილის შვილი, 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილი საცხოვრებელი სახლიდან პროზექტურაში ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები. ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.