Home რუბრიკები საზოგადოება დიპლომიანი ახალგაზრდობა, რომელსაც არაფრის ინტერესი არ ექნება

დიპლომიანი ახალგაზრდობა, რომელსაც არაფრის ინტერესი არ ექნება

2511
მიხეილ ბატიაშვილი

თითქოს გული გვიგრძნობდა, რამდენჯერმე ზედიზედ დავწერეთ, რომ განათლების სისტემაში ყველაფერი რიგზე არ იყო. იმასაც ვწერდით, რომ განათლების სისტემაში აუცილებელი იყო ძირეული რეფორმები, მაგრამ აბა, ვინ იფიქრებდა, რომ რეფორმები უარეს რეალობამდე მიგვიყვანდა და ისედაც საშინელ დღეში მყოფ განათლების სისტემას კიდევ უფრო გაასაცოდავებდა. მას შემდეგ, რაც გაცხადდა, რომ უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდები, პრაქტიკულად, უქმდება, ერთმა მეგობარმა სოციალურ ქსელში დაწერა, აბიტურიენტების მიღება, ალბათ, “ფეისკონტროლითმოხდებაო. მართლაც, თითქოს ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა მიიღონ სკოლადამთავრებულები უმაღლეს სასწავლებლებში და რა დევს რეალურად პროექტში, რომელიც უკვე მიმდიმარე წლიდან განხორციელდება.

გასულ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მონაწილეობის მისაღებად 40 500 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, საბოლოოდ კი სტუდენტი 27 906 სკოლადამთავრებული გახდა, ანუ დაახლოებით 12 ათასმა აბიტურიენტმა უმაღლესი სასწავლებლის კარი ვერ შეაღო. ეს კი იმას ნინავს, რომ უმაღლესმა სასწავლებლებმა წლიურად, სულ ცოტა, 24 მილიონი ლარი იზარალეს (გადასახადის მინიმალური ზღვარი, 2 ათასი ლარი რომ ავიღოთ). ოთხ წელზე, ანუ ბაკალავრიატზე, ეს თანხა ას მილიონს ურტყამს. შედეგად, მხოლოდ გასულ წელს უნივერსიტეტს გარეთ დარჩენილმა სტუდენტებმა სასწავლებლები 4-წლიან პერსპექტივაში 100 მილიონით აზარალეს.

საზოგადოდ, საქართველოში განათლების დონე კატასტროფული რომ არის, საერთაორისო ორგანიზაციებიც ამბობენ და ჩვენ მსოფლიოში განათლების დონით 25 ჩამორჩენილ ქვეყანას შორის ვართ. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, გეტყვით, რომ ჩვენი ბიუჯეტიდან წლიურად განათლებისთვის დაახლოებით 8% იხარჯება, მაშინ, როცა მაგალითად იაპონიაში განათლებაზე ქვეყნის ბიუჯეტის 40%-ს ხარჯავენ, მეზობელ რუსეთში კი ეს მაჩვენებელი 20%-ია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი წილს ფლობს წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლასა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, საიდანაც გასულ წელს, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 25 ათასი ლარი მიუღია. ახლა, თუ ეს ინტერესთა კონფლიქტი არ არის, მაშინ ის აგვიხსენით, ინტერესთა კონფლიქტი რას გულისხმობს? განათლების მინისტრი რომ უნივერსიტეტისა და სკოლის მეწილეა, ზუსტად იმავეს ნიშნავს, ინფრასტრუქტურის მინისტრი სამშენებლო კომპანიას რომ ფლობდეს და იქიდან მოგებას იღებდეს. ეს ისე, ცნობისათვის, თორემ ინფრასტრუქტურის მინისტრის ქმარს კი ამოუქექეს სამშენებლო კომპანიაც და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებაც.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ, გვინდა თუ არა, ევროპულ თუ ამერიკულ მოდელებს გვტენიან. ჰო, გვტენიან და გვაძალებენ, აქაოდა, ევროპა და ამერიკა განათლების მხრივ წინ არიან და მათგან უნდა ვისწავლოთო. სხვათა შორის, ევროპა ე.წ. ბოლონიის პროცესით მოქმედებს. ეს ერთი შეხედვით, უწყინარი აქტია, უფრო კონკრეტულად “უნივერსიტეტების დიდი ქარტია”, რომელსაც ხელი 1988 წელს ბოლონიაში (იმიტომ, რომ ევროპის უძველესი უნივერსიტეტი თურმე სწორედ ბოლონიაშია) მოეწერა და მასზე საკუთარი ავტოგრაფი ევროპის 382 უნივერსიტეტის რექტორმა დასვა. შედეგად, 382-მა უნივერსიტეტმა შეიმუშავა ის პრინციპები, რომლებითაც უნდა ისწავლოს და იმოქმედოს ბებერმა კონტინენტმა, თუმცა მთავარი პრინციპი არის ის, რომ სტუდენტებმა მიიღონ ის განათლება, რომელსაც მას შესთავაზებენ და არა ის, რომელიც მას სურს.

სხვათა შორის, როცა საქართველოში განათლების სისტემის რეფორმა (ჩვენი აზრით, ნგრევა) დაიწყეს, ამოიღეს ორი მთავარი ფუნქცია, რომელიც ბაღს, სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელს ჰქონდა. პირველი, აღზრდის ფუნქცია, რომელიც გულისხმობდა, რომ ბავშვი უნდა გაზრდილიყო ეროვნულ ტრადიციებზე, ეროვნულ კულტურაზე, პატრიოტულ მოტივებზე და ყოფილიყო სულიერ განვითარებაზე მომართული. ამის ნაცვლად მივიღეთ თაობა, რომელიც მატერიალური სიკეთეების მოხმარებაზე, მატერიალურ ყოფაზეა დაგეშილი და არ აინტერესებს, რა ხდება იმის მიღმა. მივიღეთ ახალგაზრდა, რომელსაც ასწავლიან, რომ არ არის აუცილებელი, პატივი სცეს მასზე უფროსს; არ არის აუცილებელი, დაუჯეროს მშობლებს, რადგან ის დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებები დამოუკიებლად უნდა მიღიოს. მერე რა, რომ გამოცდილება არ აქვს და მერე რა, რომ მშობელი შვილს ცუდს არ ურჩევს, მან მაინც არ უნდა დაუჯეროს. მეორე, რაც ჩაკლეს, დამოუკიდებელი აზროვნების უნარია. არის დოგმა, რომელსაც არ უნდა გადაუხვიო და დამოუკიდებლად არ უნდა იაზროვნო. თითქოს ერთი მეორესთან წინააღმდეგობაში მოდის, ანუ იაზროვნე დამოუკიდებლად, არ დაუჯერო მშობელს და აქეთ კიდევ, არ იაზროვნო დამოუკიდებლად და იაზროვნე დოგმების მიხედვით. არადა, სწორედაც რომ ასეა _ როცა საქმე მაღალ მატერიებს, ოჯახს, ტრადიციებს ეხება, აკრძალულია მოსმენა და დაჯერება, დამოუკიდებლად უნდა იფიქრო თურმე, ხოლო, როცა საქმე განათლების მიღებას ეხება, აქ დამოუკიდებლად აზროვნების უფლება არ გაქვს, უნდა მიიღო ის, რასაც გაწვდიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერაფერს მიაღწევ.

მარტივი მაგალითი ავიღოთ _ წლების წინათ, პრაქტიკულად, ყველა რვეულს ბოლო გვერდზე გამრავლების ტაბულა ეწერა და მისი ცოდნა სავალდებულო იყო. ახლა კი ამის ცოდნა სავალდებულო არ არის, რადგან არსებობს კალკულატორი, მობილური, რომელსაც ეს ფუნქცია აქვს და რატომ უნდა დატვირთო გონება ციფრების გამრავლებით?! ასე ასწავლიან ახალგაზრდებს მარტივი, პრიმიტიული ტექნოლოგიების მოხმარებას და ტვინს მუშაობის ფუნქციას ნელ-ნელა უკარგავენ. ტვინი კარგავს აზროვნების, განსჯის უნარს და იღებს მხოლოდ იმას, რასაც რეალურად უბეჭდავენ, უდებენ და საკუთარ თარგზე ჭრიან.

ამ ყველაფერთან პირდაპირ კავშირშია ნარკოტიკების ლეგალიზების პოლიტიკა, რადგან ნარკოტიკი ამ ორი მიზნის განხორციელებისთვის ქმედითი ინსტრუმენტია. ნარკოტიკი ბინდავს ტვინს, უკარგავს მას აზროვნების იმპულსებს, ადუნებს რეაქციებს და ადამიანი, რომელსაც წარსულთან ერთად მომავალსაც ართმევენ, მშვიდად იღებს ამ ამბავს, არ ღიზიანდება, კმაყოფილდება იმით, რასაც აწვდიან, და თუ ვინმეს უკმაყოფილებას შეატყობენ, ის მაშინვე მიუღებელი ხდება, ის უცხოა, ის სხვანაირია.

მახსოვს, 2000 წელს 21-ე საუკუნის დადგომის გამო სტუდენტთა ნაწილმა კურსიდან კურსზე გადასასვლელი გამოცდების გაუქმება მოითხოვა, აქაოდა, 21-ე საუკუნე მოდის, მსოფლიოში სტუდენტებს საჩუქარს უკეთებენო. რა თქმა უნდა, ეს, უბრალოდ, თითიდან გამოწოვილი ამბავი იყო, არსად არავის გაუუქმეს გამოცდები, მაგრამ თსუ-ს სტუდენტთა ნაწილი ითხოვდა და ასე განსაჯეთ, მაშინ გზაც კი გადაკეტეს. სტუდენტებმა თსუ-ს რექტორ როინ მეტრეველთან შეხვედრა მოითხოვეს. ბატონმა როინმა მოკლედ მოჭრა: რომელ სტუდენტსაც არ უნდა გამოცდები და სწავლა, წავიდეს, მისი ადგილი უნივერსიტეტში არ არისო და აქციაც დაიშალა. მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, მისაღები გამოცდები გააუქმეთო, ალბათ გიჟად ჩავლიდნენ, მაგრამ, როცა ამას განათლების მინისტრი ამბობს, მას კანონის ძალა აქვს.

რაც მთავარია, აუქმებენ უნარების გამოცდას, რომელიც სტუდენტს დამოუკიდებელ და ლოგიკურ აზროვნებას აჩვევს. აქ არ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ ასობით პედაგოგი პრაქტიკულად ულუკმაპუროდ რჩება, პრობლემა ისაა, რომ ახალგაზრდებს საერთოდ ართმევენ დამოუკიდებლად აზროვნების უნარის გამომუშავების შესაძლებლობას და, რაც ყველაზე საინტერესოა, ყველა უნივერსიტეტი თვითონ დაადგენს, რა კრიტერიუმით მიიღებს სტუდენტებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა უნივერსიტეტი უმდაბლეს ქულებს დააწესებს, რათა სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობა მიიღოს და შემდეგ ამ მაქსიმალური რაოდენობით, მაქსიმალური თანხაც ამოიღოს. ეს არის ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და თამამად შეიძლება ამას, ბოლონიის კი არა, “ქართველი ერის გამოთაყვანების” პროცესი ვუწოდოთ. განათლებაში ერს გენოციდს უწყობენ და ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერსად გავექცევით და წლების შემდეგ ხელში შეგვრჩება დიპლომიანი თაობა, რომელსაც ყველაფრის ინტერესი დაეკარგება და მხოლოდ მარტივ მატერიებზე იფიქრებს.

იქნებ ამ ყველაფრის მიზანიც სწორედ ეს არის?!

ბესო ბარბაქაძე

2 COMMENTS

  1. კარგი სტატიაა, ერთადერთი შენიშვნა მაქვს ბ-ნ რეზოსთან. ის წერს : “რაც მთავარია, აუქმებენ უნარების გამოცდას, რომელიც სტუდენტს დამოუკიდებელ და ლოგიკურ აზროვნებას აჩვევს.”, რაზეც ვერ დავეთანხმები – ლოგიკური აზროვნებისა და სტრატეგიული აზროვნების უნარები ყალიბდება ზუსტი მეცნიერების ათვისების პროცესში და არა გამოცდის მესვეობით. საჭიროა ამოცანები ‘უნარებზე” მეტი იყოს მათემატიკის სწავლებისას, რადგან ამ ტიპის ამოცანებსაც მიჩვევა უნდა…, ხოლო მოვთხოვოთ გამოცდაზე ადამიანს ის, რაც არ გვისწავლებია, უსამართლოცაა და უტიფრობაც

  2. რომ გვაძალებენ, ნეტავ დასავლური ქვეყნების განათლების სისტემას იმ ფორმით და იმ მიზნით გვაძალებდნენ, რა მიზნითაც თავიანთ ქვეყნებში ახორციელებენ, მაგრამ ჩვენთან, სამწუხაროდ, საქმე გაცილებით უარესადაა. ე. წ. განათლების სისტემის მრავალ ასპექტში მოსწავლეთა ჯერ
    ჩამოუყალიბებელ ცნობიერებაში უზნეობის ელემენტებს თესავენ სრულიად არაეთიკური ე. წ.
    სახელმძღვანელოების შეტანით სკოლაში, კვალიფიციურ პედაგოგთა დათხოვნით ( მიზეზთა მოძებნა, შესაბამისი გარემოს შექმნა არავისგან არ ესწავლებათ ) და საეჭვო ცნობიერების ადამიანთა დანიშვნით მათ ადგილზე, გზას უხსნიან უვიცობას გამოცდების გაუქმებით.
    არც ორმოცი პროცენტით დაფინანსება არ უშველის ამ სისტემას, რადგან თანხას იყენებენ
    განათლების სისტემის დაკნინებისა და ჯიბის გასქელებისათვის.
    ეს მთავრობა მაქსიმალურად მშვიდობიანად და მაქსიმალურად კვალიფიციურად უნდა მოვაშოროთ
    ქვეყნის მართვის სადავეებს. ამავე დროს ყველანაირად ვიფხიზლოთ იმ კუთხით, რომ გარედან
    მართული ადამიანები არ შეგვრჩეს ისევ ხელში. ყველაფერი უნდა გავაკეთოოთ იმისათვის, რომ ჭეშმარიტ მამულიშვილებს მიეცეთ შანსი, გამოიყვანონ საქართველო ამ მდგომარეობიდან.
    მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ეკლესიას ჩირქი მოსცხეს ზოგიერთი მიტროპოლიტის გადაბირებით თუ ეკლესიაში საეჭვო პირების შეგზავნით, საჭიროა, რომ ჩვენს ჭეშმარიტ მოძღვრებს დავეყრდნოთ. ასე უფრო შევძლებთ თეთრისა და შავის გარჩევას.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: მარინე ჭავჭანიძე Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here