Home რუბრიკები პოლიტიკა დაპირებები და მათი შესრულების გზები

დაპირებები და მათი შესრულების გზები

2729
დაპირებები და მათი შესრულების გზები

შეიძლება ითქვას, წელზე ფეხის დადგმითა და წვალებითქართულმა ოცნებამსაპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ამომრჩეველმა ნაციონალებს უთხრა უარი, თორემ როგორ გაიმარჯვებდა სალომე ზურაბიშვილი, მაგასაც ვნახავდით. მეორე ტური მმართველ გუნდს დიდ თანხად, ნერვებად და ისეთი დაპირებების გაცემად დაუჯდა, რომელსაც სხვა დროს არ გასცემდა. სწორედ ამიტომ იყო, არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ივანიშვილმა რომ თქვა, ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა, ახლა ჩემი ჯერიაო. საინტერესო ის არის, რას გულისხმობსთავის ჯერშიბატონი ბიძინა. თუ მას ჰგონია, რომ 2-3 კაცის გათავისუფლებით ან დანიშვნით პრობლემას მოევლება, ძალიან ცდება. ცდება იმიტომ, რომ რეალურად სწორედ ამ არჩევნებმა აჩვენა, რა დღეშია მოსახლეობა და როგორ უჭირს იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელისუფლება თანადგომას ლამის მუხლმოდრეკილი სთხოვდა.

ყველაზე ხმაურიანი ამბით დავიწყოთ _ გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ერთი ამბავი ატეხა, გარდაბანში “ქართული ოცნება” ამომრჩეველს ხუთ კილო ხახვსა და კარტოფილს ურიგებსო. აჩვენეს უზარმაზარი რიგიც, სადაც ადამიანები ერთმანეთზე გადადიოდნენ ხახვისა და კარტოფილის გამო. შემდეგ იყო სამეგრელო, სადაც დევნილებს კარტოფილთან ერთად ფქვილი და შაქარი დაურიგეს. ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ კარგად იცის, რომ ამომრჩევლისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის და თანაც როგორ _ 5-5 კილო კარტოფილი და ხახვი რეალურად 10 ლარზე მეტი არ ღირს და ათი ლარის სანაცვლოდ ადამიანები მზად არიან, ხმა გაყიდონ და გაყიდონ იმიტომ, რომ ხუთი დღე ან დიდი-დიდი ერთი კვირა სახლში საკვები ჰქონდეთ.

ახლა ხვდებით, ბატონო ბიძინა, რასთან გვაქვს საქმე?! მოსახლეობას, შეიძლება ითქვას, ნაკლებად აინტერესებს, ვინ იქნება სათავეში, მათთვის მთავარი უკვე ფიზიკური გადარჩენისთვის ბრძოლაა. ათი ლარის ღირებულების პროდუქტზე ხალხი ერთმანეთს რომ გადაუვლის, რიგს რომ დააყენებს, იქ, ცუდად კი არა, კატასტროფულად არის საქმე. ყველაზე კარგად უკვე თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ის ჭარბი ნდობა, რომელიც მართლა გქონდათ, შაგრენის ტყავივით პატარავდება. პირველ რიგში ეს იმ გარემოცვის დამსახურებაა, რომელსაც ბრმად ენდეთ და ყოველ ჯერზე, როცა ამბობდით, რომ შეგეშალათ, ეს ნდობა იკლებდა. შეგეშალათ მარგველაშვილი, კვირიკაშვილი, ქუმსიშვილი, ალავიძე და ამ შეშლას ის მოჰყვა, რომ ქვეყანა წინ კი არ წავიდა, ჯერ ერთ ადგილზე დადგა გაჯიუტებული ვირივით და მერე უკან სვლა დაიწყო. რამდენიც უნდა ვამტკიცოთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ეკონომიკურ ზრდას ადასტურებენ, რომ მთლიანმა შიდა პროდუქტმა მოიმატა, რომ მოსახლეობა ასეთი მდიდარი არასდროს ყოფილა (ფინანსთა მინისტრის სიტყვებია), ფაქტია, რომ ხალხს შია…(მაშ, სად არის ეს ყბადაღებული “ეკონომიკური წინსვლა”? თუ ეს საქართველოსა და ხალხზე არ არის ნათქვამი და მარტო “კვირიკაშვილებზე”, “ქუმსიშვილებზე” და მათნაირებზეა?). დიახ ბატონო ბიძინა, შია და თან ისე შია, სათქმელად ისიც კი აღარ აქვს, ასფალტი ვჭამოთო?!

ახლა იმაზეც ვთქვათ, ამომრჩეველს არჩევნების წინ ვალების განულებას რომ დაპირდით. 600 ათასი კაცი ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდებაო, რომ დააანონსეთ, ძალიან, ძალიან იმოქმედა ხალხზე, მაგრამ ვაი, რომ ეგეც ტყუილი გამოვიდეს და ახლავე აგიხსნით რატომაც. როგორც ადრე თქვით ტარიფების გაიაფებაზე, არასწორად დათვალეს და ტყუილი დაპირების გაცემა გამომივიდაო, ისევ არასწორად დათვალეს და თქვენ ისევ ტყუილი გათქმევინეს. უკვე ტყუილია ის, რომ ვებ-გვერდი, სადაც საკუთარი თავის გადამოწმება შეეძლებათ მოქალაქეებს, 3 დეკემბერს ჩაეშვებოდა ხმარებაში. ხდება ხანდახან ასე, მაგრამ ტყუილია ვებ-გვერდის გაშვების გადადების მიზეზი, საფინანსო ორგანიზაციებმა ვერ მოგვაწოდეს გაშავებული ხალხის სიაო. ე.წ. შავი სია ყველა საფინანსო ორგანიზაციასა თუ კომერციულ ბანკს ცალკე აქვს და მის გადმოგზავნას ზუსტად ხუთი წუთი უნდა. იცით, ძაღლის თავი სად არის დამარხული? _ გაშავებული ადამიანების რაოდენობაში. რეალურად იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც ორი ათასი ლარი აქვთ აღებული და გაშავებული არიან, ასი ათასსაც ვერ აჭარბებს. ჰოდა, ახლა იმას ფიქრობენ, ნახევარი მილიონიგაშავებულიადამიანი საიდან მოიყვანონ და ამას ისევ ვერ გეუბნებიან, რადგან თავიდანვე მოგატყუეს. თქვენ კი მშვიდად ელოდებით, როდის გაბედნიერდება თქვენ მიერ დაანონსებული 600 ათასი ოჯახი, მაშინ, როცა რეალურად, თქვენი ნათქვამის მხოლოდ მეხუთედია სიმართლე. ასე, მეხუთედი სიმართლით, მოვედით აქამდე, ბატონო ბიძინა, და რაც მთავარია, თუ ატყობთ, ყველა მნიშვნელოვანი და მასშტაბური დაპირება, რომლებიც შემდეგ არ სრულდება, სწორედ თქვენგან ისმის. ამიტომ გაქვთ ხოლმე გაოცებული სახე, როცა ხვდებით, რომ ნდობის მანდატი თვალსა და ხელს შუა გელევათ და ერთი შეხედვით ვერ ხვდებით, რატომ.

ისევ თქვენ მიერ შერჩეულ გუნდს დავუბრუნდეთ. წელიწადის ბოლო თვემ დაიწყო ათვლა. ამ დროს კი ბიუჯეტში ორ მილიარდ ლარზე მეტია დარჩენილი და ეს მაშინ, როცა ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტები ფინანსების არქონის გამო გაყინულია. ჰო, სწორედ მაშინ, როცა ხალხი თუ ოპოზიცია ამ მიმართულებით გააქტიურებას ითხოვს, თქვენი შერჩეული მინისტრების პასუხი ასეთია: “ბიუჯეტში ფული არ არის და ამიტომ ვერაფერს ვერ შევცვლით”. გნებავთ, იმასაც გეტყვით, წელს, შარშან, შარშანწინ და იმის წინ რატომ მოხდა, რომ წლის ბოლო თვეს ბიუჯეტში ჭარბი ფული შემორჩა?! მიზეზი ძალიან მარტივი და ბანალურია _ საახალწლოდ საჯარო სექტორში დასაქმებული მაღალი თანამდებობის პირები პრემიასა და დანამატს ერთად იღებენ, ამას ხელფასი მიუმატეთ და ნახავთ, რომ მაგალითად, მუნიციპალიტეტების მერები თუ საკრებულოს თავმჯდომარეები ახალ წელს, სულ ცოტა, ათი ათას ლარს იჯიბავენ. მაღალჩინოსნების მისაღები პრემიადანამატების თანხა კი სწორედ იმ მორჩენილი ფულიდან მიდის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ხან ინფრასტრუქტურულ პროექტს დააკლეს და ხან სოციალურ უზრუნველყოფას.

ახლა არ თქვათ, მინისტრები მე არ შემირჩევია, ადრე კვირიკაშვილს ვენდე, ახლა კი _ მამუკა ბახტაძესო. კვირიკაშვილიც და ბახტაძეც თქვენ შეარჩიეთ და მათ საქციელსა და გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობაც თქვენზეა, მოსახლეობა პასუხს თქვენ გთხოვთ და ლოგიკურადაც _ 2012 წელს ამომრჩეველს ნაციონალები სახლში კონსერვატორების, რესპუბლიკელების, თავისუფალი დემოკრატებისა თუ ეროვნული ფორუმის ხათრით არ გაუშვია. ხალხმა თქვენ აგირჩიათ, თქვენ გენდოთ და მას შემდეგ, აგერ ექვსი წელიწადია, იმედი ყოველდღიურად უცრუვდება, რადგან, ისევ ვიმეორებთ, თქვენ მიერ გაცემული გრანდიოზული დაპირებებიდან ერთიც არ შესრულებულა.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ადგილებზე გუბერნატორებმა თუ მერებმა ძალიან კარგად იციან მოსახლეობის ყოფა. იმაზე კარგად, ვიდრე გგონიათ (თუ არ იციან, მაშინ რას მიკეთებენ?), მაგრამ იმის გამო, რომ თქვენი რისხვა არ დაიმსახურონ, სიმართლეს გიმალავენ და არ ამბობენ, რომ დასახმარებლად მისულ ადამიანებს 50 ლარს თუ გადაუგდებენ სოციალური ფონდიდან, კმაყოფილი არიან. არც იმას გეუბნებიან, რომ დამლაგებლის ადგილი სანატრელი აქვს ასობით ადამიანს და დამლაგებლად მიღებაც კი რამდენიმე ბარიერის გადალახვას მოითხოვს. იმ ბარიერის, რასაც პარტიული კუთვნილება, ოჯახში ხმების რაოდენობა და ზოგადად, ვინმეს ახლობლობა ჰქვია. ახლა ბევრი იტყვის, წინა ხელისუფლება უარესად იქცეოდაო და მართალიც იქნება, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ისინი უარესად იქცეოდნენ, ხალხმა სახლში გაუშვა.

ამიტომ ვამბობთ, რომ მხოლოდ რამდენიმე კაცის ცვლილებით ხალხი კმაყოფილი ვერ და არ იქნება. გნებავთ, ყველა დატოვეთ და გნებავთ, ყველა გაუშვით, ადამიანებმა თუ საკუთარ კუჭზე (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) არ იგრძნეს უკეთესობა, არაფერს არ დაიჯერებენ. მარგველაშვილმა თქვა ადრე: ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობას ყველაზე ნათლად მაცივარი ასახავს, ის, ვის რა უდევს მაცივარშიო, და ისიც უნდა იცოდეთ, ბატონო ბიძინა, მაცივარი ზამთარში მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გამორთული აქვს, ელექტროენერგია რომ დაზოგოს და ის მცირე პროდუქტი, რაც აქვს, აივანზე უდევს. ეს არის მწარე რეალობა და არა ის, რასაც თქვენი გარემოცვა გიხატავთ. ყველაზე სწორი დასკვნა კი იმ ავადსახსენებელი 5-5 კილო კარტოფილითა და ხახვით უნდა გამოიტანოთ, რომელსაც დამშეული ხალხი დაერია. და ეს იმ მუნიციპალიტეტში, სადაც, წესით, ხახვი და კარტოფილი არ ჭირს, მაგრამ… აქ, ხახვსა და კარტოფილზე კი არა, საჭმელზეა საუბარი, იმ საჭმელზე, რომელიც მოსახლეობას არ აქვს.

ბესო ბარბაქაძე

3 COMMENTS

  1. მე სალომე ზურაბიშვილს ყველაფერში, ბუნერივია, არ ვეთანხმები, ასევე, თქვენ ძალიან გაფასებთ, ბატონო ბესო, თქვენი სტატიების საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ არ მინდა დამატებით ვინმემ იფიქროს, რომ
    „ნაციონალები“ რაიმეს წარმოადგენენ. ამიტომ ფრაზას „როგორ გაიმარჯვებდა ზურაბიშვილი“, აუცილებელია, იქვე დაემატოს, რომ „ნაციონალები“ – სთვის მიწერილი 780 000 ხმა თითქმის მთლად
    ყალბია. საეროდ ანომალიაა ის, რომ თუნდაც ერთი ამომრთჩეველი მათ ხმას აძლევს. ჩემი აზრით, თქვენც ასე ფიქრობთ და მხოლდ უნებლიედ დალაგდა წინადადება.

  2. ბოდიშს გიხდით,ბატონო ბესო, ზოგიერთი რამ უყურადღებოდ მქონდა წაკითხული.

  3. ბოდიშს გიხდით,ბატონო ბესო, ზოგიერთი რამ უყურადღებოდ მქონდა წაკითხული. თქვენს სტატიაში
    კომენტარის გარეშე ჩანს, რომ „ნაციონალები“ არაფერს არ წარმოადგენენ.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ალექსანდრე Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here