Home რუბრიკები ისტორია “დამმარხეთ საქართველოში”

“დამმარხეთ საქართველოში”

მასალები მიხეილ საბინინის ცხოვრებიდან

ბოდბე

სამწუხაროდ, მიხეილ საბინინსა და მის კრებულს ბევრი მტერი გამოუჩნდა _ “საქართველოს სამოთხეს” ბოიკოტი გამოუცხადეს და წიგნი არ იყიდებოდა. სასოწარკვეთილი მ. საბინინი ზ. ჭიჭინაძეს სწერს: ტფილისიდგან მომივიდა ფრიად უსიამოვნო წერილი, ვითომ ჩემი წიგნები სრულიად არ იყიდება და ამის გარდა გამოგზავნის ვალი 130 მანეთიც არ იციან საიდან აიღონო.

გულნაკლული მეცნიერი შემწეობას ითხოვს და თან მწარედ განიცდის მისი შრომის დაუფასებლობას. “…სრულიად არ მეგონა, რომ მე ამ უბედურებას შევემთხვეოდი, თორემ სამსახურში შევიდოდი და გარდა ჩემი თავისა არა მეცოდინებოდა რა. ქუა-ქუაზედაც ნუ იქმნებოდა. განა ჩემზედ მეტი ქართუელები არავინ არიან _ რატომ ისინი არა ფიქრობენ თავიანთ სამშობლოსათვის”. აქ მეტად საგულისხმოა, რომ მიხეილ საბინინი თავს ქართველად სთვლიდა (“…ჩემზედ მეტი ქართველები არავინ არიან”), ამასთან, იგი ჭეშმარიტი ქართველი პატრიოტი იყო.

როგორც ჩანს, საზოგადოების ერთი (განსაკუთრებით სასულიერო) ნაწილისაგან მეტად მძიმე მდგომარეობაში ჩაყენებულ მიხეილ საბინინს თანაუგრძნობდა გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი და მწერალი ზაქარია ჭიჭინაძე, ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ მეცნიერის გულისტკივილით დაწერილი ბევრი ბარათის ადრესატი სწორედ ზ. ჭიჭინაძეა. მას მისწერა მ. საბინინმა, რომ შევიტყვე, ჩემს მტრებს უთქვამთ: “თუ საბინინი აქ ჩამოვა, უთუოდ მოვკლამთო. თუ მომკლამენ, დიდ რამეს არ წაიღებენ? მე კი სასუფევლის მეკერძოეს გამხდიან”.

საერთოდ, მ. საბინინის კეთილი საქმეებისადმი უდიერი დამოკიდებულება მეცხრამეტე საუკუნის ბოლო ოცწლეულის გადაგვარებული სამღვდელოებიდან მოდიოდა. სამღვდელოების გავლენა კი ქვეყანაში დიდი იყო და მისი ამგვარი პოზიცია არც იმ დროის ზოგიერთი სამოქალაქო პირისათვის იყო უცხო.

მიხეილ საბინინი დიდად აფასებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობას. მან 1893 წელს საზოგადოებას შესწირა ივანე ბატონიშვილისაგან ნაბოძები რიგი ხელნაწერები. საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცულია მ. საბინინის წერილი, რომელშიც იგი უმოჩილესად სთხოვს საზოგადოებას, რომ მისგან გადაცემული “წერილები” დაიცვან, თან დასძენს: “ეს წერილები ბატონიშვილის ივანესაგან მქონდა ნაბოძები და აქმომამდე ვინახავდი _ და ამის პირი გადავიწერე ჩემს ავტობიოგრაფიას შინა _ დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიისათვის”.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაუწყვეტია, მიხეილ საბინინისაგან შეეძინა “საქართველოს სამოთხეში” დაბეჭდილი ილუსტრაციების კლიშეები 600 მანეთად. მეცნიერს 25 სურათის კლიშე გადაურჩევია.

მიხეილ საბინინმა ჯერ კიდევ 1889 წელს შესწირა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავს სურათი “დიდება საქართველოს ეკლესიისა”. არაერთ კულტურულ დაწესებულებას შესწირა “საქართველოს სამოთხეც”. ამის შესახებ ცნობები დაცულია მეცხრამეტე საუკუნის ბოლო ოცწლეულის პრესის ფურცლებზე. გაზეთმა “ივერიამ” 1889 წლის 18 მაისს მოათავსა კავკავის ქართული სკოლის ხაზინადარის ილარიონ გიორგის ძე ბაქრაძის მადლობის წერილი: “ნება მიბოძეთ, თქვენის გაზეთის საშუალებით მადლობა გამოვუცხადო ბ-ნ მიხეილ პავლეს ძე საბინინს, რომელმაც შესწირა კავკავის ქართული სკოლის წიგნთსაცავს თავისი წიგნი “სამოთხე”. “მწყემსი” მკითხველს აწვდის ცნობას, რომ მ. საბინინმა საიმპერატორო საზოგადოების წიგნთსაცავს შესწირა XI-XII საუკუნეების “მშვენივრად მორთული და დაწერილი ქართული სახარება შესანიშნავი მინიატურებით”. გაზეთი აქვე სვამს შეკითხვას: “საინტერესოა, შეიტყოს კაცმა, თუ საიდან მოიპოვა მ. საბინინმა ეს ძველი და ჩვენი ისტორიისათვის შესანიშნავი ნაშთი”.

მ. საბინინი ყველგან კრებდა საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებულ მასალას. მას ერთი მეწვრილმანისგან შეუძენია სიგელ-გუჯრები, სამეფო განჩინება, საეკლესიო გადაწყვეტილება და სხვ.; მასალები საქართველოში კათოლიკობის გავრცელების, ანტონ კათალიკოსის, ზაქარია გაბაშვილისა და სხვათა შესახებ. ამ მასალათა მფლობელი თავის დროზე პლატონ იოსელიანი ყოფილა. მისი სიკვდილის შემდეგ კი ზემოხსენებულ მეწვრილმანეს ჩავარდნია ხელთ.

მიხეილ საბინინის სახელთან არის დაკავშირებული ბოდბის ტაძრის განახლება და მასთან რუსი და ქართველი მონაზვნებისათვის დედათა მონასტრის დაარსება. მან ფული შეაგროვა და სთხოვა საქართველოს ეგზარქოს პალადის და უწმიდეს სინოდს, ნება დაერთოთ ბოდბეში დედათა მონასტრის დაარსებისა და მასთან სახელსაქმო სკოლის გახსნისა. გაზეთი “მწყემსი” ამგვარ წამოწყებას გარკვეული პესიმიზმით შეხვდა: “ღმერთმა კეთილი ჰქნას, მაგრამ ჩვენ ძალიან ეჭვი გვაქვს, რომ ამ კეთილი საქმისათვის ბ. საბინინს იმდენი ფულები ჰქონდეს შეკრებილი, რომ ამ ფულით შეიძლებოდეს მონასტრის და სკოლის დაარსება”. მ. საბინინის დიდი მოქალაქეობრივი ვაჟკაცობა სწორედ ისაა, რომ მან ყველა წამოწყებული საქმე, მიუხედავად მრავალმხრივი წინააღმდეგობისა, ბოლომდე მიიყვანა. ასე მოხდა ზემოხსენებული საქმის მიმართაც. ამის შესახებ წერდნენ “ნოვოე ვრემია” და “ივერია”.

“მწყემსი” (1889 წლის #5) აუწყებდა მკითხველს: “რუსული გაზეთი “ნოვოე ვრემია” იუწყება, რომ მ. საბინინის თხოვნა შეუწნარებია უწმ. სინოდს. როგორც ჩვენმა მკითხველებმა იციან, ბ. საბინინმა სთხოვა უწმ. სინოდს ნებართვა, რომ სიღნაღის მაზრაში დაარსებული ყოფილიყო დედათა მონასტერი რუს და ქართველ მონაზონებისთვის და ამ მონასტერთან სახელსაქმო სკოლა ამ მაზრის მკვიდრთა ღარიბ ყმაწვილებისთვის. უწმიდეს სინოდს ნება მიუცია, რომ ამ საქმისთვის მოიკრიბოს შეწირულებანი”. გაზეთი აქაც ხაზგასმული პესიმიზმით ხვდება ამ გადაწყვეტილებას და დასძენს: “ღმერთმა ჰქნას, რომ ეს შეწირულებანი მოხმარებული იყოს დანიშნულებისამებრ”.

მიხეილ საბინინის მცდელობით შეგროვდა ბოდბის ტაძრის კუთვნილი დიდძალი ძვირფასი ნივთები, რომლებიც სიონის წინ იქნა გამოფენილი. შემდეგ, წესისამებრ, ისინი აკურთხეს და დაუბრუნეს ძველ ადრესატს. ტაძრის სამრეკლოს გუმბათი დაედგა და დაუბრუნდა ცხრამეტფუთიანი ჯვარი. მოწესრიგდა წმ. ნინოს საფლავი და გალამაზდა ეზო, რომელიც ადრე პირუტყვის საძოვრად იყო გადაქცეული. ყოველივე ამის აღსანიშნავად დიდი დღესასწაული გაიმართა, რომელსაც დიდძალი ხალხი დასწრებია. დამსწრეთა შორის იმდროინდელი პრესა მოიხსენიებს: “მაზრის მმართველს თავისი ქვეშევრდომებით, მაზრისავე მსაჯულს, ადგილობრივი პროკურორითა და თანამშრომლებით”.

მიხეილ საბინინის წვლილი საყოველთაოდ იქნა აღიარებული.

ცალკე უნდა აღინიშნოს მ. საბინინის მიერ გაწეული შრომა გარეჯის მონასტრის მოვლა-მოწესრიგებისათვის. მონასტერში ჩაიტანა შეწირული ფულით პეტერბურგსა და მოსკოვში შეძენილი ძვირფასი ნივთები, რომელთა შორის გამოირჩეოდა ამერიკული ნიგვზის მოოქრული და მომინანქრებული კანკელი, დავით გარეჯელის საფლავის საფარი-შესამოსელი, ჯვრები, სხვადასხვა საეკლესიო ჭურჭელი, საღებავი და სხვ. მას გაუთხრია წმ. დოდოს საფლავი, რომელიც უყურადღებოდ ყოფილა მიტოვებული და გადაუსვენებია დავითის მონასტერში. მ. საბინინის ამგვარ მოქმედებას საზოგადოების ერთი ნაწილის უკმაყოფილება გამოუწვევია. ივანე ბერძენოვი “დროებაში” აღშფოთებული წერდა: “არ ვიცი, რაოდენათ უნდა იყოს გასაოცებელი ამგვარი საქმე ყველასთვის… ვინც მივა წმინდის გრძნობით მამა დავითის საფლავის თაყვანის-საცემელად და ერთბაშად დაინახავს იქვე წმ. დოდოს კუბოს!”

ორიოდე კვირის შემდეგ იმავე “დროებამ” დაბეჭდა მ. საბინინის პასუხი, რომელშიც მეცნიერის რისხვა გამოსჭვივის არა მარტო ი. ბერძენოვის, არამედ ყველა უმადურის მიმართ. საერთოდ დიდი ტაქტის მ. საბინინი “პასუხში” დაუფარავად წერს: “ყველაზე უწინარეს მიიღეთ ჩემგან მცირე დარიგება და შეითვისეთ, რომ ვინც კი ვიცით რაოდენიმე ჯღაბნა, წარა-მარათ როდი უნდა დავიწყოთ მარჯვნივ და მარცხნივ ლაპარაკი”. თქვენ ფრიად ყმაწვილურად მოიქეცითო, _ მიმართავს მ. საბინინი და ასაბუთებს წმ. დოდოს ძვლების გადასვენების აუცილებლობას, “მაშ ისიც ისე უნდა დაკარგულიყო, როგორც დაიკარგნენ საფლავნი წმიდათა გარეჰსჯისათა ლუკიანესი, პავლესი, თეოდოსესი, არსენისა, იოანესი, შიო-ახლისა და სხვათა”. მეცნიერი მოაგონებს, რომ გარეჯის მონასტერში არსებული ერთადერთი ეგზემპლარი წიგნისა “ჯვარ შემოსილი”, “ვითარცა მპარავმა წარმოიღეთ სხვათ წიგნთა თანა უდაბნოდგან… და იარმუკებში ჰყიდით ხოლმე. ამის გამო არამც თუ საუკუნოდ დავკარგეთ წმ. გარეჰსჯელთა საფლავნი, არამედ მათი ხსენებაცა”.

მ. საბინინი მთელი სიმკაცრით ამხელს იმდროინდელი ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის დაუდევრობას, თვით უმოქმედობას და სხვისი ხელის შეშლისკენ სწრაფვას. “…მიკიტხანებს, ცირკებს, კალუჩის ბალებს, მუშტაიდებს და მისის თანმხლებს მტილებს რაღა გადაურჩა? განა თვით წინამძღვრები არა ცდილობენ მონასტრების მოსპობასა?.. ვინ გააუქმა წმ. შიოს ლავრა? ვინ გააუქმა წმ. სტეფან ხირსელის მონასტერი? ვინა ჰსპობს ქვათახევის მონასტერს?” _ ასეთი ბრალდებით მიმართავს მეცნიერი საზოგადოებას. არ შეიძლება მ. საბინინის საქმიანობაში არ დავინახოთ მისი სულიერი სიახლოვე თერგდალეულებთან, კერძოდ, ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელთან.

მიხეილ საბინინი მოსკოვში გარდაიცვალა და იქვე დაიკრძალა. მისი ოცნება იყო, საქართველოში დაკრძალულიყო, გარეჯის მონასტერში. მისი მუდარა “დამმარხეთ საქართველოში” აუსრულებელი დარჩა. 1904 წლის 27 ოქტომბერს მღვდელ-მონაზონი ტარასი “ივერიაში” წერდა საქართველოს ისტორიისთვის მოსკოვის დიდი მნიშვნელობის შესახებ და გულისტკივილით აღნიშნავდა: “საბინინის უპატრონოდ და ობლად დარჩენილი საფლავი ვნახე და ტირილი მომივიდა… ჭეშმარიტად ეკუთვნოდა იმ კაცს, სურვილისამებრ მისისა, ჰღირსებოდა… მონასტერში (გარეჯის მონასტერია მხედველობაში, _ რ. მ.) სამი არშინი ცივი დედამიწა, მაგრამ ვინ არის, სად არის, რომ დღეს უფასებდნენ ადამიანს ან საქმეს და ან შრომას”.

როინ მეტრეველი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here