ომის დასრულების შემდეგ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანი სრულ კონტროლს ამყარებს. მართალია, შიგადაშიგ სომხების მიერ დატოვებული ნაღმები ფეთქდება და გასულ კვირას ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგაც იმსხვერპლა, მაგრამ აზერბაიჯანული მხარე მაინც ძალიან ბედნიერია და ისტორიულ ადგილებს ეფერება. ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პირადად ამოწმებს ყველაფერს _ სოფელ–სოფელ დადის და პირდაპირ ჩართვებსაც ხშირად აკეთებს. ჰოდა, ერთ–ერთი ასეთი პირდაპირი ჩართვისას ალიევი ერთ–ერთ სოფელში იმ მეჩეთთან იდგა, რომლის ნახევარიც სომხებს თივის შესანახად ჰქონდათ, მეორე ნახევარი _ საქონლის სადგომად. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ალიევი ასე ამბობდა და გაცოფებული იყო, როგორ შეიძლება, ღმერთის სახლში ასეთი რამ გააკეთო, ეს ხომ უნამუსობა და სიმდაბლეაო. აი, ამ შეფასებაში ნამდვილად ვეთანხმებით აზერბაიჯანის ლიდერს, სიმდაბლე და უნამუსობაა, როცა სალოცავს ან ბოსლად აქცევ, ან საწყობად, ან ნებისმიერ სხვა ფუნქციას მოუნახავ, გარდა იმისა, რისთვისაც აშენდა.
ისტორია გავიხსენოთ. დაპყრობილ, გამაჰმადიანებულ ქართველს მუსლიმანები “იანგილოს” ეძახდნენ, რაც თურქულად ახალმორჯულებულს ნიშნავს. აქედან მოდის სახელწოდებაც ინგილო, რომელიც დღეს ჰერეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს არ უყვართ, ეხამუშებათ და თავს ჰერს, ჰერებს უწოდებენ და არა ინგილოს. უძველეს ქართულ მიწაზე არაერთი სალოცავია, ზუსტად ისე, როგორც იმავე აზერბაიჯანის მოკავშირე თურქეთის ტერიტორიაზე და რამდენიმეწლიანი ჭიდაობა მიდის ხოლმე იმისთვის, რომ ქართული ეკლესია-მონასტრები ელემენტარულად გადაიხუროს მაინც, წვიმამ და თოვლმა უნიკალური ფრესკები რომ არ გააფუჭოს და ქართული კვალი სამუდამოდ არ წაიშალოს. არადა, აზერბაიჯანული და თურქული მხარე სწორედ ქართული კვალის წაშლას ცდილობენ, მერე კი ეკლესიებს უბრალო ნანგრევებად გამოაცხადებენ და…
ვისაც არ სჯერა, ვეტყვით, რომ ჰერეთში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებულ რამდენიმე ქართულ სალოცავზე უკვე ითქვა, რომ ისინი ალბანური წარმოშობისაა და საერთო არაფერი არ აქვს ქართულთან. უფრო მეტიც, ამ ეკლესიების ეზოებიდან საფლავის ის ქვები გააქვთ, რომლებზეც ქართულად აწერია “უფალო შეიწყალე მონა შენი”. ამ ქვებს აქრობენ, ანადგურებენ, რომ შემდეგ, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ვერავინ ვერაფერი ვერ დაამტკიცოს. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ამ ეკლესიების ალბანური წარმომავლობისა, მაგრამ, ქართულიც თუ გაქრება, იტყვიან: არავისი არ ყოფილა, ჩვენს ტერიტორიაზეა და ჩვენიაო. სხვათა შორის, ალიევს არც იმაზე უთქვამს რამე, ჰერეთში მოქმედ ეკლესია–მონასტრებში საქართველოდან წასულ მღვდლებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ყოფნის მხოლოდ სამთვიან ვიზას რომ აძლევენ, შემდეგ კი აღარ უგრძელებენ და ეს სასულიერო პირი უკან ბრუნდება, შემდეგ საპატრიარქო ახალს გზავნის და… აქაც დიდი აზრი დევს _ ყოველ სამ თვეში ახალი მღვდლის ჩასვლა მოსახლეობისთვის მძიმე გადასატანია. ისინი ხომ აღსარება-ზიარების საიდუმლოს აბარებენ და დაგვეთანხმებით, რომ სამი თვე ახალ მოძღვართან ურთიერთობისთვის, ნდობის მოსაპოვებლადაა საჭირო და სწორედ მაშინ, როცა ეს ურთიერთობები ეწყობა, ძველი მღვდელი იძულებულია, უკან დაბრუნდეს და მის ნაცვლად ახალი მიდის. ასე გრძელდება რამდენიმე წელიწადი და არც ერთ ხელისუფალს აზრად არ მოსვლია, აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის ეთქვა: ჩვენს სასულიერო პირებს შეეშვით, ადგილზე დიდი ხნით დატოვეთო. როგორ გგონიათ, აზერბაიჯანმა საქართველოში არსებული უამრავი მეჩეთიდან ერთ–ერთში მოლა რომ გამოუშვას, ქართული მხარე სამი თვის შემდეგ აიძულებს უკან დაბრუნებას?! რა თქმა უნდა, არა… ან ვერა! ქართული მხარე არც იმას აპროტესტებს, ჰერეთში მცხოვრები ქართველები ვერც პასპორტს რომ ვერ აიღებენ, თუ აზერბაიჯანული სახელი არ უწერიათ დაბადების მოწმობაში. გიორგის, დავითს, ნინოს, მარიამსა და ა.შ. არავის არ უწერენ დაბადების მოწმობაში, აიძულებენ, აზერბაიჯანული სახელი ეწეროს, შემდეგ ჩვენებურები ნათლობის სახელს კი არქმევენ ქართულს, ქრისტიანულს, მაგრამ, ნათლობის სახელი ოფიციალური რომ არაა, ყველა ხვდება, თუმცა არავინ იმჩნევს. ცალკე თემაა ის, რომ არც ერთი ქართველი აზერბაიჯანულ საჯარო სამსახურში დასაქმებული არ არის, არც ერთი! დამლაგებლის პოზიციაზეც კი არ აჰყავთ ქართველები და ესეც სახელმწიფოს მიდგომაა. ჩვენთან რა ხდება, ამაზე საუბარს არ ვაპირებთ, მაგრამ, თუ ჩვენ ვცემთ პატივს, მათგან ანალოგიურ მოპყრობას რატომ არ ვითხოვთ? ჰო, უნდა მოვითხოვოთ, უმაღლესი თანამდებობის პირების დონეზე უნდა დადგეს ეს საკითხი, მაგრამ… მაგრამ აგერ, ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა აჭარაში და მთელი აჭარა გათბობის გარეშე დარჩა. სტრატეგიულ პარტნიორს კი, რამე რომ არ მოეწონოს, შეუძლია, ეს მილი დაზიანების გარეშე გადაკეტოს.
ცალკე თემაა დავითგარეჯა. ცალკე იმიტომ, რომ აქამდე ასე იყო _ მეზობელ ქვეყანას პრეტენზია არც ერთ ტერიტორიაზე არ ჰქონია, არც ერთ ჩვენს სალოცავზე და თუ ჰქონდა, ეს ყველაფერი დაკონსერვებული იყო. როგორც კი ამ საკითხზე კრინტი დავძარით, აზერბაიჯანმა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ჯარი ჩაგვიყენა საზღვარზე და რამდენიმე სალოცავში ქართველი ბერები დღემდე ვერ შედიან. ახლა გაირკვა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძეს უთქვამს, _ გარეჯი საქართველოს ტერიტორია არ არისო. მართალია, ქალბატონი ნინო ამბობს, ეს წინადადება კონტექსტიდან არის ამოგლეჯილიო, მაგრამ როგორ უნდა ამოგლიჯო ის, რომ თურმე გარეჯი საქართველოს ტერიტორია არ არის?! ყველაზე საინტერესო ამ მიმართულებით არის ის, რომ, ტერიტორიების წართმევის მიუხედავად (ჯარი უყენია და ჩვენ არ გვიშვებს, წართმევა სხვა რა არის?!), არც ერთ ქართველ პოლიტიკოსს არ უთქვამს, რომ აზერბაიჯანი ოკუპანტია. რატომ? იმიტომ, რომ ევროპა–ამერიკა არ მოითხოვს ამას, ისინი რუსეთის კრიტიკას მოითხოვენ, რუსეთს უნდა ვეძახოთ მუდმივად მტერი და ოკუპანტი და მერე რა, რომ ბუნებრივი აირის ნაწილი თუ აზერბაიჯანიდან მოდის, 70%-ს რუსეთიდან ვიღებთ. პურის ფქვილის დასამზადებელი ხორბლის 100% რუსეთიდან რომ შემოდის, ეგ ცალკე თემაა და… ის ოკუპანტია, ეს _ არა. რა გამოდის? გამოდის ის, რომ არ ვმოქმედებთ დამოუკიდებლად და საგარეო პოლიტიკას ევროპისა და ამერიკის ინტერესების შესაბამისად ვგეგმავთ. ამერიკასა და ევროპას კავკასიის ქვეყნებს შორის ცუდი ურთიერთობა ხელს არ აძლევთ, რადგან ასეთ შემთხვევაში აუცილებლად ჩაერევა რუსეთი და რეალურად რუსეთი გადაწყვეტს, რა და როგორ უნდა იყოს. ამიტომ ნებისმიერმა ქვეყანამ რაღაცები უნდა აიტანოს, მაგრამ, ბედის ირონიით, ატანა მხოლოდ ჩვენ გვიწევს; ჩვენ გვემუქრება თურქეთი, ჩვენს ტერიტორიებს ითვისებს აზერბაიჯანი, სამცხე–ჯავახეთს უმზერს სომხეთი და ჩვენ ამ დროს ვცდილობთ, პრობლემა მივაჩუმათოთ, ხმა არ ამოვიღოთ, არაფერი არ ვთქვათ ისეთი, რაც მეზობელს, ვაი და, არ მოეწონოს.
ხომ საინტერესოა, რატომ ხედავს ალიევი ყარაბაღში შეურაცხყოფილ მეჩეთებს და რატომ ვერ ხედავს ჰერეთში დასანგრევად განწირულ ეკლესიებს? არ იცის? გამორიცხულია! ძალიან კარგად იცის, მაგრამ მოქმედებს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე. ჰო, საკუთარი და დღეს ალიევი ნებისმიერი აზერბაიჯანელისთვის პატრიოტია, რადგან წართმეული დაიბრუნა. პატრიოტი იქნება მაშინაც, თუ გარეჯის მიმდებარე ტერიტორიას საბოლოოდ შეუერთებს აზერბაიჯანს და როგორ გგონიათ, საქართველოში მცხოვრები ასიათასობით აზერბაიჯანელი ამას გააპროტესტებს თუ პირიქით _ ტაშს დაუკრავს? ყარაბაღის ომმა ისიც ხომ ნათლად დაგვანახვა, რომ დრონებით მოგებული ომის პირობებში საქართველოს მიერ შეძენილი “ჯაველინები” სასაცილოდ ჩანს? ხომ გამოჩნდა, რომ ათასი “ჯაველინიც” რომ ჰქონოდა სომხეთს, უბრალოდ, ვერ გამოიყენებდა? დასკვნა მარტივია: იცოდა ამერიკამ, რომ “ჯაველინები” თანამედროვე პირობებში გამოუსადეგარია და გადაყრა-განადგურებას, აგერ, ჩვენ შემოგვტენა 75 მილიონად, ჩვენმა მთავრობამ კიდევ ხმის ამოუღებლად შემოიტენა, ალბათ მავანთა კერძო გამორჩენის სანაცვლოდ.
ნამდვილად არ გვინდა, ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს შუღლის გაღვივებას ვცდილობდეთ. პირიქით, არანაირი კონფლიქტი და არანაირი დაპირისპირება არ გვსურს. ჩვენი სიტყვები ჩვენს მთავრობას ეკუთვნის, როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო და არა ხალხის დასანახად ბრტყელ-ბრტყელი ფრაზების რახა-რუხი. უბრალოდ, მხარეები ერთ მაგიდასთან უნდა დასხდნენ და დაილაპარაკონ მარტივ თემებზე. დაანახვონ ალიევს ქართული ეკლესიების მდგომარეობა ჰერეთში და მერე ის მოასმენინონ, რასაც ყარაბაღში გაიძახის. დასხდნენ არა მხოლოდ ქართველი და აზერბაიჯანელი, არამედ სხვა ქვეყნების ისტორიკოსებიც და დაადასტურონ, რომ დავითგარეჯა თავისი სალოცავებით ოდითგანვე იყო ქართული ტერიტორია და არანაირი ალბანური წარმოშობის ძეგლები იქ, უბრალოდ, არ არსებობს. სხვაგვარად, არაფერი არ გამოვა და სირაქლემის პოზაში ყოფნა არას გვარგებს. ერთხელაც იქნება, სირაქლემის პოზაში მდგომ ქვეყანას უკნიდან სხვა მიადგება და… თუ მიმდგარი არ არის უკვე…
ბესო ბარბაქაძე