Home რუბრიკები პოლიტიკა გურამ ნიკოლაიშვილი: 25 წელია, გვესმის, რომ ვაკმაყოფილებთ ნატოს სტანდარტებს, ამ დროს არ...

გურამ ნიკოლაიშვილი: 25 წელია, გვესმის, რომ ვაკმაყოფილებთ ნატოს სტანდარტებს, ამ დროს არ გვყავს ავიაცია, არ გვყავს საზღვაო ძალები, არ გვაქვს საჰაერო თავდაცვა

4175
გურამ ნიკოლაიშვილი

6 მარტს ამერიკის ელჩმა საქართველოში _ კელი დეგნანმა რადიოთავისუფლებისთვისმიცემულ ვრცელ ინტერვიუში საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანა მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრირების თვალსაზრისით. მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, მანამდე კი ურთულესი სამუშაოა შესასრულებელი: “ჩვენი გადაწყვეტილება ნატოში საქართველოს გაწევრებაზე არის უცვლელი. ერთგული ვართ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების _ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს რთული სამუშაო, რომელიც მას ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობამდე მიიყვანს. ეს სტანდარტები არის ძალიან მაღალი და ზუსტად განსაზღვრული…”

დეგნანის განმარტებით, ბოლო წლებში ქვეყანამ განსაკუთრებულ პროგრესს სამხედრო სფეროში მიაღწია, თუმცა ამასთანავე არის პოლიტიკური ნაწილიც, რომელშიც ასევე მაღალი მოთხოვნები და მოლოდინებია.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას და ევროსაბჭოს მინისტერიალის ვერჩატარებას თბილისში, ელჩს ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა მიეცა ხელისუფლებას ქვეყანაში შემოსვლის უფლება პირისთვის, რომელმაც არაერთხელ დაარღვია ამ ქვეყნის კანონები…

ცნობისთვის: საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპეტივასა და ინტეგრირების პროცესზე საუბრისას ამერიკის წინა ელჩებიც ამბობდნენ, რომ ქვეყანა ახლო მომავალში აუცილებლად გახდებოდა ალიანსის წევრი.

რას ნიშნავს ამჯერად ელჩის განცხადება სამხედროპოლიტიკური სტანდარტების დაკმაყოფილებაზე და რეალურად რა პერსპეტივა აქვს ქვეყანას ნატოსთან თუნდაც მიახლოების თვალსაზრისით? _ “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება გენერალლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი.

_ ბატონო გურამ, ამერიკის ელჩმა საქართველოში _ კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, ოღონდ მანამდე ურთულესი სამუშაოა შესასრულებელი ალიანსის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. რას ფიქრობთ ამ განცხადებაზე, რეალურია ეს ყველაფერი და რა სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ?

_ საქართველო, უკვე 25 წელია, ამ სტანდარტებს აკმაყოფილებს და ამას ზოგიერთ იმ ქვეყანაზე უკეთესად ასრულებს, რომლებიც ბოლო 10-15 წლის განმავლობაში გახდნენ ალიანსის წევრები. ვგულისხმობ იმას, რომ უკვე წლებია, ჩვენ ყველა საერთაშორისო მისიაში ვართ წარმოდგენილი; და რაც მთავარია, ამ მისიებში ვერთვებით ისე, რომ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება გადაწეულია უკანა პლანზე.

რაც შეეხება ელჩის განცხადებას, კომიზმი ამ რიტორიკისა არის ის, რომ, მიუხედავად გაღებული მსხვერპლისა და რისკისა, რომელზეც საქართველო საკუთარი ეროვნული ინტერესების ხარჯზე მიდის ნატოს მისიებში მონაწილეობით, ჩვენ მიმართ დამოკიდებულება არის უცვლელი _ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ნატოს კარი ღიაა, საქართველო აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს… აი, ეს გვესმის 25 წელი და პროცესი ამის იქით ვერ მიდის. თუმცა აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ხაზგასასმელი _ მსგავს განცხადებებს აკეთებენ ხოლმე ელჩები ან ცალკეული დასავლელი დიპლომატები. სხვა უფრო მაღალ დონეზე, ვთქვათ, პრეზიდენტების, პრემიერმინისტრების მხრიდან, გვესმის სხვა რიტორიკა. მაგალითად, მერკელი საჯაროდ აცხადებს, რომ ალიანსი ამ ეტაპზე ვერ გაფართოვდება, ტრამპი და მაკრონი კიდევ უფრო კატეგორიულები არიან.

_ თქვენი აზრით, ეს რაზე მეტყველებს?

_ როგორც ჩანს, არსებობს რაღაც დონე საერთაშორისო პოლიტიკაში, რომელზეც ყველა მხარე მკაფიოდ ლაპარაკობს და შეუძლებელია სიტყვების თამაშით რაღაც ცრუ წარმოდგენების შექმნა; და არსებობს უფრო დაბალი პოლიტიკური დონე, რომელზეც ცრუ წარმოდგენების შექმნა შეიძლება.

რაც შეეხება სტანდარტებს, ბევრს შეიძლება ჰგონია, რომ ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილება ნიშნავს მაღალი დონის შეიარაღებას, კარგად მომზადებულ ჯარს ან კარგ საზღვაო, საჰაერო ძალებს და .. ჩვენს შემთხვევაში ეს სხვაგვარადაა. ნატოს სტანდარტები ჩვენთვის, პირველ რიგში, განისაზღვრება იმით, რომ, რაც შეიძლება, დიდი კონტინგენტით ვმონაწილეობდეთ საერთაშორისო მისიებში, ეს კი დაკავშირებულია კოლოსალურ ხარჯებთან, რომლებიც უმძიმეს ტვირთად აწევს ჩვენს თავდაცვის ბიუჯეტს. წარმოიდგინეთ, 200 მილიონ ლარამდე ჯდება წელიწადში ეს მისიები; და იცით, მთლიანობაში რამდენი დაიხარჯა?

_ რამდენი?

_ ერაყიდან დაწყებული დღემდე ოთხ მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ეს ჩვენისთანა სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის კოლოსალური რიცხვია. აი, ამას ეძახიან ესენი ნატოს სტანდარტებს და არა იმას, რომ რეალურად შეიარაღებული ძალები ორიენტირებულნი იყვნენ ქვეყნის უმთავრესი პრობლემის _ ტერიტორიული პრობლემის მოგვარებაზე…

_ გამოდის, რომ ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილება ჩვენი შეიარაღებული ძალების დასუსტებას ნიშნავს?

_ მე ასე ვიტყოდი: ჩვენ უკვე 25 წელია, 1994 წლიდან, ვაკმაყოფილებთ ნატოს სტანდარტებს და ამის გამო მუდმივად ვისმენთ სხვადასხვა ქვეყნის ელჩებისგან თუ დიპლომატებისგან კომპლიმენტებს. ამ დროს არ გვყავს ავიაცია, არ გვყავს საზღვაო ძალები, არ გვაქვს საჰაერო თავდაცვა და ა.შ. დანარჩენი თავად განსაჯეთ. ჩემი აზრით, ნებისმიერი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, პირველ რიგში, მისი ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის მზადყოფნით განისაზღვრება. გამომდინარე აქედან, თუ ეს პრინციპი არ არის დაცული, იქ რამე სტანდარტებზე საუბარი ზედმეტია.

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რატომ არის ნატო ასეთი მიმზიდველი ჩვენისთანა პატარა ქვეყნებისთვის, თუ ეს ალიანსი მათ ეროვნულ ინტერესებს არ ან ვერ ითვალისწინებს?

_ ვფიქრობ, პირველ რიგში, საკითხი ასე უნდა დავსვათ: რისთვის არის დღეს ნატო? რისთვის ხარჯავს ამხელა თანხებს სხვადასხვა მისიაში და რატომ ცდილობს რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას?

_ რისთვის?

_ იმისთვის ხომ არა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, როგორც ალიანსის უმთავრესმა სახელმწიფომ, შეინარჩუნოს და გააძლიეროს საკუთარი გავლენა ნატოს წევრ ევროპულ სახელმწიფოებზე? ან მეორე _ იმისთვის ხომ არა, რომ რუსეთმა ვერ გაიმყაროს და განიმტკიცოს თავისი პოზიციები ევროპაში, ვთქვათ, გერმანიაში, რომლის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან კრემლს ისედაც აქვს გარკვეული ახლო კავშირებიჩემი აზრით, ეს არის დღეს ვაშინტონის უმთავრესი მიზანი და არა ის, რომ ალიანსის წევრი რომელიმე პატარა სახელმწიფო, მაგალითად, ლიეტუვა ან ლატვია და ესტონეთი, საიმედოდ იყვნენ დაცულები? მათი თავდაცვისუნარიანობა რომ ვინმეს აინტერესებდეს, თვით ამ ქვეყნებს ექნებოდათ თავის დასაცავად თავიანთი იარაღიც და ჯარიც, მაგრამ რეალურად მათ არაფერი აქვთ. სხვათა შორის, ნატოს არსებობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ისიც არის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდეს იარაღის წარმოების სრული მონოპოლია. არც შეეკითხებიან ალიანსის წევრ ქვეყნებს, უნდათ თუ არა ამერიკული წარმოების იარაღის შესყიდვა, ისე მიჰყიდიან. ეს იყო თურქეთთან დაძაბულობის მიზეზიც თავის დროზე, როცა ანკარამ უარი თქვა ამერიკული “პეტრიოტების” შეძენაზე და ნაცვლად რუსული რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსი “ს-400”-ები შეისყიდა.

_ საქართველოს მიმართაც იყო ოდესმე მსგავსი დაძალება?

_ ჩვენ მიმართ, უბრალოდ, მოთხოვნა იყო, რომ მთლიანი შიგა პროდუქტის 2% უნდა ყოფილიყო სამხედრო ბიუჯეტი. საუბარია დაახლოებით 800 მილიონ ლარზე და ეს შესრულდა. დანარჩენი, საქართველო არ არის იმხელა ეკონომიკური მასშტაბის ქვეყანა, რომ სერიოზულ ბაზარს წარმოადგენდეს ამერიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის, თუმცა მაინც გაგვაუქმებინეს ავიაცია; იმიტომ, რომ, თურმე, ძვირი შესანახია და ნაცვლად შეგვაძენინეს “ჯაველინები” და “სტინგერები”. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას?

რაც შეეხება ისევ სტანდარტებს, მგონი, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ ერთი რამ: არ არსებობს ნატოს ან სხვა რამის სტანდარტი, ერთადერთი სტანდარტი _ ეს არის შენი ეროვნული უსაფრთხოება, რომელსაც ან იცავ, ან ვერ იცავ. თუ ვერ იცავ და ვერ უზრუნველყოფ, მაშინ რაშია წარმატება? ის, რომ სადღაც მისიაში 1200 ჯარისკაცი გყავს და ზუსტად ასრულებ ამერიკის სტრატეგიულ ამოცანებს, ჩვენი წარმატება ნამდვილად არ არის. ყოველ შემთხვევაში, ის, რომ საქართველოს საზღვაო და საჰაერო ძალები არ ჰყავს და ქვეყანა, ფაქტობრივად, დაუცველია, ამით ნამდვილად ვერ გვარდება პრობლემა

_ დავუბრუნდეთ ამერიკის ელჩის ინტერვიუს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს მოსახლეობის არჩევანია. თქვენი აზრით, არის ეს ჩვენი არჩევანი?

_ კიდევ ვიმეორებ: ელჩი, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩვეულებრივად გააგრძელებს ძველ რიტორიკას და ამაში გასაკვირიც არაფერია. იმას, რასაც 25 წლის განმავლობაში გაიძახოდნენ, ასე ერთბაშად ვერ უარყოფენ

არჩევანს რაც შეეხება, ყველა ბოლოდროინდელი გამოკითხვა, ყველა კვლევა და სტატისტიკა ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დღეს მიუმხრობლობის პოლიტიკას ირჩევს. “ენდიაი”-სა დააიარაი”- კვლევებიც ამას ცხადყოფს. ასე რომ, ქართველი ხალხის არჩევანი ნატო არ არის. საუბარი ამაზე პოლიტიკური ბლეფია, რომელიც არაფერს იძლევა. არაფერს იძლევა ხელისუფლებისთვისაც, მაგრამ მისთვის, როგორც ჩანს, ეს რიტორიკა ერთგვარი ბედისწერაა. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ეტყობათ, რომ ამ უსასრულო ტყუილებსა და ილუზიებში ყოფნა დისკომფორტს უქმნით. პირიქით, გამოვა ელჩი, იტყვის, მიგიღებთო, არის აჟიოტაჟი. მერე გახარებული და მხიარული სახეებით იმეორებენ, რომ თურმე ეს “წარმატება მათი ეფექტიანი მუშაობის შედეგია…” აი, ამ ტყუილებსა და ილუზიებში ვართ დღემდე…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. NDI დაIRI კვლევები საქართველოში ემსახურება მიკერძოებულ პარტიებს და არ ასახავს ნამდვილ მდგომარეობას ! მიუმხრობლობის მომხრე გამოკითხულებიდან 80% აღწევს. ..რედაქციას შეცდომა გამოეპარა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here