22 იანვარს ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რეგიონში შექმნილ გამოწვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ, მიუხედავად სამეზობლოში არსებული კონფლიქტებისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან პროვოკაციებისა, რომლებსაც გარკვეული გარე ძალები რეგულარულად ახორციელებენ, საქართველო განუხრელად განაგრძობს სწრაფვას ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ეს ყველაფერი სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის შედეგია, თუმცა რეგიონში ძალთა ბალანსის ახალი კონფიგურაცია აშკარაა, რომელიც ცხადყოფს, რომ ახლა შავი ზღვა და კავკასია, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია და მან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეტი ყურადღება უნდა მიიპყროს: “ჩვენ რეგიონში ვნახეთ ძალთა ბალანსის ახალი კონფიგურაცია, რაც გვაჩვენებს, რომ ახლა, ისე, როგორც არასდროს, შავი ზღვა და კავკასია მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით და უნდა მიიპყროს უფრო მეტი ყურადღება ნატოს მხრიდან…”
მოგვიანებით შეფასება ალიანსის გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმაც გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტრანსატლანტიკური კავშირის აქტიური მხარდამჭერია, ამ კავშირის ნაწილი კი, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოცაა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯო ბაიდენის (საეჭვო) გაპრეზიდენტებამ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გარკვეული მოლოდინი გააჩინა. მათ შორის, ასეთიც: ბაიდენის ადმინისტრაცია გაზრდის შავ ზღვაში სამხედრო წარმომადგენლობას და რუსეთს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, აიძულებს პოზიციების დათმობას…
რას შეცვლის საქართველოსთვის ამერიკაში დემოკრატი ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება და რა შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალები შავ ზღვაში გააქტიურებას შეეცდებიან?
“საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება გენერალ–ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი.
_ ბატონო გურამ, ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კავკასიის რეგიონში აშკარაა ძალთა ბალანსის ახალი კონფიგურაცია, რომელიც ალიანსის მხრიდან მეტ ყურადღებას საჭიროებს. მან შავ ზღვაში ამერიკის სამხედრო ძალების გააქტიურების აუცილებლობაც ახსენა… თქვენი აზრით, რა გზავნილებს შეიცავდა ეს ყველაფერი და, საერთოდ, ადეკვატურია ის მოლოდინი, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გაჩნდა ბაიდენის გაპრეზიდენტების გამო, რომ, თურმე, ახალი ადმინისტრაცია უფრო აქტიური იქნება რუსეთის წინააღმდეგ და უფრო ქმედით პოლიტიკას გაატარებს საქართველოს მხარდასაჭერად?
_ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, შინაარსობრივი თვალსაზრისით, ახალი არაფერი ყოფილა. ეს იყო ერთი-ერთზე გამეორება იმ რიტორიკისა, რომელიც უკვე, თითქმის 20 წელია, გვესმის, რომ თურმე საქართველოს სჭირდება ნატოს მხარდაჭერა და ნატოს სჭირდება საქართველო, როგორც საიმედო პარტნიორი რეგიონში. მორჩა.
რაც შეეხება კონკრეტულად შეფასებას, რომ სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსის კონფიგურაცია შეიცვალა და საჭიროა უფრო მეტი ყურადღება დასავლეთის მხრიდან, ალბათ, სალომე ზურაბიშვილს მხედველობაში ჰქონდა ის რეალობა, რომელიც ყარაბაღის მოვლენების შემდეგ შეიქმნა და რომელიც ნამდვილად არის ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგის განმაპირობებელი. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, სიახლე არავისთვისაა ის, რომ ამ პროცესებმა რეგიონში რუსეთის მნიშვნელობა გამოკვეთა; რასაკვირველია, თურქეთთან ერთად, რომლის გავლენამ და ავტორიტეტმაც ასევე ძალიან მოიმატა. საერთოდ, ეს ერთგვარი განგაშის ამტეხი პოლიტიკური გზავნილები და მოწოდებები, რომ რუსეთი ძლიერდება და, არიქა, რამე ზომებია საჭირო, უკვე მორალურად დაძველდა. რეალურად ეს თვითონ დასავლეთის სისტემური და პოლიტიკური სისუსტის ინდიკატორი გახდა, იმიტომ, რომ, თუ ამას ამდენ ხანს უცვლელად გაიძახი, ესე იგი, ვერაფერს აკეთებ…
ახლა რა იყო თვალშისაცემი ამ შეხვედრაში, ზურაბიშვილისა და სტოლტენბერგის შეხვედრას ვგულისხმობ: პირველი, რასაც ვუყურე, შეხვედრა ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ალიანსის წარმომადგენლობა ქართულ დელეგაციას ყოველთვის მაღალ დონეზე ხვდება. ამის მიზეზი მარტივია და დიდი ანალიზი არ სჭირდება _ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ნატოს სამშვიდობო მისიებში ყველაზე მეტ ჯარისკაცს გზავნის. ე.ი., როცა თვითონ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები თავიანთ კონტინგენტებს ამცირებენ, აბსოლუტურად უანგაროდ, ყოველგვარი პოლიტიკური ანგარების გარეშე, საკუთარი ხარჯებით გზავნის სამხედროებს მისიებში. რა თქმა უნდა, ასეთი ქვეყნის წარმომადგენლებს მაღალ დონეზე დახვდებიან…
_ რა რეალობას უქმნის საქართველოს რეგიონში შექმნილი ძალთა ბალანსის ახალი კონფიგურაცია?
_ ყარაბაღის ომმა, ჩვენდა სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, რომ ის კურსი, რომელსაც ჩვენ, უკვე მრავალი წელია, ვატარებთ, აბსოლუტურად ამოვარდნილია ამ რეგიონის გეოპოლიტიკური კონიუნქტურიდან. წარმოიდგინეთ, რამდენი რამ მოხდა ამ მოკლე პერიოდში და დღესაც ხდება: იყო ომი ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის, აზერბაიჯანმა დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი. მერე დაიწყო მოლაპარაკებები და მთავარი _ ამ მოლაპარაკებებში დასავლეთი კი არ იყო შუამავალი, როგორც გვევლინება ხოლმე კონფლიქტებში, არამედ რუსეთი და თურქეთი… (და ეს მოლაპარაკებები ყველასთვის მისაღები შედეგით დასრულდა. რედ.).
დღეს უკვე მიდის საუბარი მოლაპარაკებების ახალ პერსპექტივებზე სომხეთსა და აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს შორის; იქ აქტიურად გამოიკვეთა ირანის ფაქტორიც, რუსეთზე აღარაფერს ვამბობ… ამ პროცესებში სადმე საქართველოს როლი გამოჩნდა?! საერთოდ, ვინმე რამე კონტექსტში გვახსენებს?! (სამაგიეროდ, ამ მოლაპარაკებებით მიღწეული ახალი სატრანსპორტო შეთანხმებებით ჩვენი ხელისუფლების უმოქმედობისა და უუნარობის გამო საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი დადგა მნიშნელოვანი გაუფასურების საფრთხის წინაშე. რედ.).
რაც შეეხება იმ მოლოდინს, რომ თურმე ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო ქმედითუნარიანი იქნება რუსეთის წინააღმდეგ და საქართველო უფრო აქტიურ მხარდაჭერას მიიღებს, ჯერ მოდი, დავიწყოთ იმით, რომ დღეს ამერიკას საკმაოდ სერიოზული შიდაპოლიტიკური პრობლემები აქვს, რომლის მსგავსიც მას, ალბათ, ბევრი არ ჰქონია, თუ საერთოდ ჰქონია, თავისი ორასწლიანი ისტორიის განმავლობაში. ეს ერთი. მეორე _ ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ აშშ-ის საგარეო ვალმა უკვე 30 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა… ხვდებით, რაზეა საუბარი?! ეს ეკონომიკური კრიზისის საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელია, რომლის აღმოფხვრასაც, თუნდაც ყველაზე სწორი და მიგნებული პოლიტიკის პირობებშიც, მრავალ წელს მოუნდებიან…
_ გინდათ, თქვათ, რომ ამერიკელები ჩვენთვის, პრაქტიკულად, ვერ მოიცლიან?
_ ყოველ შემთხვევაში მოლოდინი, რომ კავკასიაში ძალთა ბალანსის ახალ კონფიგურაციას შეცვლიან და ამისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო გემები შავ ზღვაში შემოვლენ, როგორც მხსნელები, არის ილუზია. სხვათა შორის, მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ნატომ 2019-2020 წლებში ვერც ერთი სწავლება ნორმალურად ვერ ჩაატარა. ამ დროს შევხედოთ, რას შვრება რუსეთი _ ჯერ მხოლოდ შავ ზღვაში 30 ახალი სამხედრო გემი შეიყვანა, თანაც ახალი და არა ძველი, გარემონტებული, და მოდერნიზაცია ჩაუტარა შეიარაღებას; გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გააძლიერა ნოვოროსიისკისა და სევასტოპოლის ბაზები, აგრეთვე, გააძლიერა აზოვის ზღვის ბაზაც. კასპიის ზღვაზე არაფერს ვამბობ. რეალურად ხდება ის, რომ რეგიონის მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშე უფრო და უფრო იმყარებს, უფრო და უფრო იმტკიცებს პოზიციებს, ამ დროს ჩვენ ვართ ილუზორულ რეალობაში, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, აქედანვე ცხადყოფს, რომ, რაც დრო გავა, საქართველო კიდევ უფრო გაირიყება, კიდევ უფრო მოსწყდება და დაშორდება ამ შეუქცევად პროცესებს… ჩვენ მომავალში კიდევ უფრო მძიმე შედეგებს მოგვიტანს ბრმა და გაუაზრებელი სწრაფვა ზღაპრული სამყაროსკენ, სახელად ნატო. რაც შეეხება სამხედრო ექსპანსიის საფრთხეს: მრავალი პოლიტიკოსისგან მსმენია, რომ, თუ ალიანსი გააქტიურდება, მათ შორის შავ ზღვაში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრირების საკითხი სერიოზულად თუ დადგება, კრემლმა, შესაძლოა, აგრესიას მიმართოს. ამის პასუხად ადრეც ვთქვი დ ახლაც გავიმეორებ: კრემლში ჩვენზე უკეთ იციან, რომ საქართველოს ნატოში შესვლის პერსპექტივა ნულია, ამიტომ ის ამ მიმართულებით საფრთხეს ვერ ხედავს და ამის გამო პროვოკაციულ ქმედებებს არ მიმართავს; პროვოკაციებსა და ექსპანსიაზე თუ ვსაუბრობთ, ეს უნდა განვიხილოთ არა როგორც მოსკოვის ინტერესი, არამედ, როგორც პოტენციური დესტრუქცია “თეთრი სახლის” მხრიდან, რათა სამხრეთ კავკასიაში კიდევ ერთი ცხელი წერტილი გაჩნდეს.
_ თქვენი აზრით, ეს ყველაფერი როგორ შეიძლება აივიცილოთ თავიდან?
_ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველომ, ჩვენდა სამწუხაროდ, მსგავსი საფრთხეები ვერც ერთხელ ვერ აიცილა, ამიტომ, სიმართლე გითხრათ, დიდი ოპტიმიზმით არ ვარ განწყობილი. ყოველ შემთხვევაში, ბოლო 20-25 წლის პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ჩვენი ხელმძღვანელობები პოლიტიკური პრაგმატიზმისგან შორს არიან, განსხვავებით სომხებისა და განსაკუთრებით აზერბაიჯანელებისგან.
რაც შეეხება გამოსავალს, თეორიულად ეს ძალიან მარტივია _ საქართველო უნდა დაუბრუნდეს იმ რეალობას, რომელიც მაშინვე თვალში საცემია, როგორც კი კავკასიის რუკას დავხედავთ. მოგვწონს თუ არა, ჩვენ ამ გეოპოლიტიკური ოჯახის ნაწილი ვართ და ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ აქ “თეთრი სახლის” სტრატეგიული ამოცანები კი არ არის გადამწყვეტი ან ევროკავშირის, არამედ რუსეთის, ირანის, თურქეთის ინტერესები.
ესაუბრა ჯაბა ჟვანია