Home რუბრიკები ისტორია გრიგოლ ონიანი: XX საუკუნის ყალბი ისტორია, რომელიც შემდეგ კიდევ უფრო გააყალბეს ისტორიის...

გრიგოლ ონიანი: XX საუკუნის ყალბი ისტორია, რომელიც შემდეგ კიდევ უფრო გააყალბეს ისტორიის “პიგმეებმა”, უნდა განადგურდეს!

“ბიბლიური ათი მცნება, როგორც პროგრესული მოძღვრება, იესო ნაზარეველმა დახვეწა, ოცი საუკუნის შემდეგ კი სტალინმა ადამიანთა ცხოვრების წესად აქცია”

_ ბატონო გრიგოლ, რატომ დაბრუნდით გორიდან უკმაყოფილო და რატომ თქვით უარი, კენჭი გეყარათ ამ ქალაქის მერობაზე?

_ გორელების მიმართ ყოველთვის უკმაყოფილო ვიყავი და ვარ ამჟამადაც. ეს, ალბათ, იმითაც არის გამოწვეული, რომ გორელებისგან უფრო მეტს მოვითხოვდი და მოვითხოვ, ვიდრე სხვებისგან. ვფიქრობ, ადრე მომივიდა გორის განვითარების პროექტის გამჟღავნება და ამან ზოგიერთში ეჭვი გააჩინა. ზოგმა კი, საქმეში უფრო ჩახედულმა ადამიანმა, იფიქრა, სტალინის ძეგლით რატომ სხვამ უნდა ისარგებლოსო.

_ რა სარგებელზეა საუბარი _ ფინანსურზე თუ მორალურზე?

_ ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში იყო საუბარი გორის ტურისტულ ცენტრად გადაქცევაზე, აგრეთვე, სტალინისა და მისი დედის, კეკეს, გადმოსვენებაზე, რაც კიდევ უფრო გაზრდიდა გორისადმი ტურისტების ინტერესს. იმხანად ეს თემა შემოგდებული მეგონა, რადგან მთაწმინდიდან კეკეს გადასვენებას თავიდანვე ითხოვდნენ არაფორმალები და პროტესტის ნიშნად დააზიანეს კიდეც მისი საფლავი. მხოლოდ კეკეს გადასვენება, შევარდნაძის აზრით, მე დამაეჭვებდა, ამიტომ სტალინის გადმოსვენებაც მიუახლოვა ამ თემას. პროექტზე ვიმუშავეთ და საქმის კურსში, შევარდნაძის რჩევით, საქართველოს პატრიარქიც ჩავაყენე, მაგრამ იმხანად არაფერი გამოვიდა, რადგან რუსეთის დუმაში კომუნისტებმა უმრავლესობა მოიპოვეს და სტალინი არ დათმეს. სტალინის საქართველოში გადმოსვენების საკითხს დიდი ხნის განმავლობაში ტაბუ დაადო მოსკოვმა, საქართველოში კი სტალინთან მებრძოლი ნაციონალები გაპარპაშდნენ და მისი ძეგლების ნგრევა დაიწყეს. კეკეს გადმოსვენებაზე საუბარი ისევ აქტუალური დარჩა. ბოლოს მოხდა ისე, რომ გორის ტურისტულ მექად და ქრისტიანულ ცენტრად გადაქცევის საუბარში ჩავები სხვადასხვა ადამიანის გავლენით. სანამ ქალაქის მერობის საკითხამდე მივალ, ერთ შემთხვევაზე მოგიყვებით: მეგობართან ერთად მოსკოვში ყოფნისას სტუმრად სახელგანთქმულ ქართველ სკულპტორ ზურაბ წერეთელთან მომიწია მისვლა. ბატონმა ზურაბმა თავის საგამოფენო გალერეაში ბევრი საოცარი რამ გვაჩვენა, მაგრამ ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო გამოფენის ცენტრალურ ნაწილში აღმართული სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის ქანდაკება _ “დიდი სამეული”. ბატონმა ზურაბ წერეთელმა შემატყო, რომ ქანდაკებამ უკიდურესად აღმაფრთოვანა. მომიახლოვდა და მითხრა: გრიშა, ეს ქანდაკება მივუძღვენი იალტის კონფერენციის 50 წლისთავს, უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა ქანდაკების ლივადიის სასახლეში განთავსებაზე და შემორჩა გალერეას”. სათქმელი ბევრი მქონდა, მაგრამ ვერ გავბედე. თბილისში დაბრუნებულმა, ტიტულიან ქაღალდზე დაწერილი წერილით თხოვნით მივმართე რუსეთის აკადემიის პრეზიდენტ ზურაბ წერეთელს (იხილეთ ფოტო) ძეგლის გადმოცემაზე. ბატონი ზურაბი დამთანხმდა. ხელისუფლებაში სურათით ხელში მივედი და სიმბოლური თანხა და თანხმობა ვთხოვე ქანდაკების ჩამოსატანად თბილისში, მაგრამ თბილისმა მტკიცე უარი განმიცხადა არამხოლოდ თანხაზე, არამედ ქანდაკების დადგმის ნებართვაზეც კი. მოსკოვში მეორედ ჩავედი და ბატონ ზურაბთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ძეგლს უფასოდ გადმოგვცემდა, რაშიც დიდი როლი ითამაშა ჩემმა მეგობარმა, იმხანად მოსკოვში მცხოვრებმა გურამ მგელაძემ. ასევე დამპირდა, რომ საბაჟო გადასახადს, რომელიც საკმაოდ სოლიდური თანხა იყო, თვითონ გადაიხდიდა, ამასთანავე, თვითონვე გააკეთებდა ქანდაკების საძირკველსა და მონტაჟს, ოღონდ მითხრა, გორის მუნიციპალიტეტიდან წერილი ჩამომიტანე, რომ ძეგლს ღირსეულ ადგილზე დადგამენ და დაიცავენო. გორის გამგეობაში განმიცხადეს, რომ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი, თავისი მიმდებარე პარკით, კულტურის სამინისტროს ეკუთვნის და მათ არ აქვთ უფლება, განკარგონ სხვისი მიწა. მაშინ მოვთხოვე, თქვენს კუთვნილ მიწაზე მომეცით ქანდაკების დადგმის უფლება და დაცვის გარანტია-მეთქი. პასუხად მივიღე, _ ზემდგომის გარეშე ვერც ამას მოგცემთო. მე გაბრაზება ვერ დავმალე, მაგრამ… ყოველივე დაწვრილებით მივწერე ბატონ ზურაბ წერეთელს და მადლობა გადავუხადე გულუხვობისა და თანადგომისთვის. ასე ჩამეშალა ჯერ სტალინის გადმოსვენების ამბავი ელცინის მმართველობის პერიოდში და მერე ნაჩუქარი ქანდაკების ჩამოტანა ქალაქ გორში. ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე და გორელებს განვუცხადე _ აგერ თქვენი გორი და აგერ თქვენი სტალინი-მეთქი. გავიდა დრო. ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთისთვის დაბრუნებიდან ერთ თვეში სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი, ანუ ქანდაკება “დიდი სამეული” სპეცვაგონით გაემგზავრა იალტაში, საიდანაც დღესაც უმზერენ, ალბათ, რუზველტისათვის ესოდენ საყვარელ შავი ზღვის სანაპიროს… და აი, მომეცა ჩემი ოცნების ასრულების კიდევ ერთი რეალური შანსი. კიდევ ერთხელ შევედი იმ მდინარეში, რომლიდანაც, მეგონა, საბოლოოდ ვიყავი გამოსული. მინდა, განვახორციელო პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გორის ციხეზეგორიწმინდისაშენებას _ სტალინის, კეკეს, სვიმონ მეფის, იაკობ გოგებაშვილის, ილიას, აკაკის, ვაჟას გადასვენებას გორის ციხეზე, რადგან მთაწმინდა აღარ არის წმინდა მთა; დავითისა და თამარის სიმბოლური საფლავების აღმართვას, გრანდიოზული ექსკალატორებითა და საბაგირო გზებით სტალინის სახლმუზეუმის დაკავშირებას გორიწმინდასთან. გორის ცენტრალურ მოედანზე კისტალინური ვისოტკის” (მაღლივი) აშენებას თავისი ინფრასტრუქტურით. სტალინის ვაგონისთვის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის გაყვანას სტალინის სახლმუზეუმიდან გორიწმინდამდე, მსგავსად ბარსელონის საოცრებისა, ხოლო ტირიფონის ველზე სტალინის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის აშენებას. ვფიქრობდი, გორს სახელი შეცვლოდა და სტალინგრადი დარქმეოდა. 1941 წლის 3 ივლისს, ომის დაწყების შემდეგ, სტალინმა პირველად მიმართა ხალხს რადიოთი. 80 წლის შემდეგ, 2021 წლის 3 ივლისს, გორის თეატრში მოსახლეობა მოვიწვიე, რათა გამეცნო “გორიწმინდის” გრანდიოზული პროექტი მათთვის, მაგრამ გორელებმა პროტესტით მიპასუხეს… და, თუ ვინმე დაწინაურებული გორელი გამომეხმაურება, რომ მან ეს არ იცოდა, განვუმარტავ: წინა დღით მე დიდგორელებთან ერთად გორელების საამაყო შვილის, გიორგი კანდელაკის, გარდაცვლილი დედის ხსოვნის სადღეგრძელო შევსვი, შემდეგ კი სამძიმარზე სოფელ ვარიანში ავედით, სადაც უამრავმა ხალხმა გვნახა და გაიგო, რომ მეორე დღეს მათთან შეხვედრას ვმართავდი. მაგრამ თქვენ, გორელებო, პრინციპულად არ გამოხვედით და თავკერძობა გამოიჩინეთ. როდესაც, გაღიზიანებულმა, შეხვედრის ორგანიზატორებს ვუსაყვედურე, მათ დარბაზში ხალხის მცირე რაოდენობა იმით გაამართლეს, რომ ადამიანების მოსაყვანად, თურმე, ფული (!) უნდა დამერიგებინა. გორელებო, მეტი არ ჭამოთ არაფერი, სანამ თქვენი ქალაქის აღმშენებლობისათვის ფულს დაგირიგებთ. ასე დავამთავრე პირველ დღესვე ჩემი დაწყებული “გორიწმინდის” საქმე და მეორე დღეს, როდესაც გავიღვიძე და საქმე უკვე აღარაფერი მქონდა, მძიმედ, მაგრამ სიამოვნებით ამოვისუნთქე… გავთავისუფლდი.

ბედაურთან

_ ამის შემდეგ კიდევ განაგრძობთ პარტიულ მუშაობას?

_ გორში პარტიული მუშაობის დასაწყებად არ ჩავსულვარ. მე იქ ჩავედი მოსახლეობისთვის გორის რაიონისა და ქალაქ გორის ტურისტულ ცენტრად გადაქცევის პროექტის გასაცნობად, რომელიც, საზოგადოდ, როგორც “გაბედული პროექტი”, ისე განიხილება და სწორედ ეს პროექტი მინდოდა განმეხილა მოსახლეობასთან, მაგრამ ეს მათ რატომღაც არ ისურვეს; მე ამ პროექტში გადამწყვეტი როლი უნდა მეთამაშა, მაგრამ, თუ ამ პროექტს სხვა გორელები თავს მოაბამენ, გამიხარდება. გალაკტიონს უთქვამს:

ყოველ ახალ გამარჯვების

შემდგომ წესად შემოვიღე,

აღტაცებით შემოვძახო:

ეგ არის და გორის ციხე!”

_ რას ფიქრობთ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე. ჩატარდება თუ არა რიგგარეშე არჩევნები?

_ არა. ირაკლი ღარიბაშვილმა ისეთი მუხტი შეიტანა საზოგადოების აზროვნებაში, რომ ქვეყანა გადარჩება და ქართველი გადარჩება, როგორც ერი.

_ ირაკლი ღარიბაშვილის გარეშე რომ გადარჩენილიყო საქართველო, ერი აღარ ვიქნებოდით?

_ არა! როგორც ერი, არ ვიქნებოდით. ერს თავისი პოსტულატები გააჩნია, რომლებიც სტალინმა ჯერ კიდევ 1913 წელს ჩამოაყალიბა ავსტრიაში, ქალაქ ვენაში და იმ შენობას დღესაც დიდი აბრა ამშვენებს წარწერით: “ამ სახლში 1913 წელს ცხოვრობდა ი.ბ. სტალინი, რომელმაც დაწერა გენიალური ნაშრომი “ნაციონალურ საკითხებზე”. საქმე ისე მიდიოდა, რომ ქართული ენა, როგორც რუსეთს უნდოდა ჩაეწერა საქართველოს კონსტიტუციაში, საყოველთაო ენა უნდა ყოფილიყო; ამჟამად კი,მამაჩემი რომ წამოდგეს საფლავიდან და თბილისის ქუჩებში გაიაროს, ვერაფერს მიაგნებს და ვერაფერს იყიდის, რადგან ის საქართველო აღარ დახვდება, რომელიც დატოვა _ “არის ავტო, არის ველო, ეს არ არის საქართველო”. ჩვენ ერის ამ დამახასიათებელ ნიშანს დავემშვიდობეთ. თუ ინგლისურად არ საუბრობთ, არ წერთ და არ კითხულობთ, ნუ დაეძებთ სამსახურს _ არავინ მიგიღებთ. ერს კი თავისი ენა სჭირდება. თავისი ენის გარეშე ერი არ არსებობს. ქრისტიანობის, ეკლესიის ძალისხმევით გამოატარა მრავალტანჯულმა ქართველმა ხალხმა თავისი ქვეყანა საუკუნეების ქარტეხილებს. დღეს სარწმუნოებას გვართმევენ, პატრიარქს გვილანძღავენ, ეკლესიას გვიბილწავენ. კი ცდილობენ, მაგრამ ვფიქრობ, ვერ წაგვართმევენ. ევროპამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველო წააქეზეს და რუსეთს დაატაკეს. ამან ჩვენი ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა _ მიწები დავკარგეთ, მორალურად და ფიზიკურად გავნადგურდით. ახლა კი კვლავ საზღვარგარეთელი “მოკეთეების” რჩევით მივადექით და არაკაცური, არაეთიკური, ილეთებით გვინდა მტრისთვის პასუხის გაცემა. უკანალს ისინი უნდა გვიშვერდნენ ჩვენი მუქარის საპირისპიროდ, რომელსაც ე.წ. სტრატეგიული მეგობარი ამერიკისა და “ბებერი ევროპის” წაქეზებით გამოვხატავთ, რის გამოც უფრო და უფრო გვიტევენ და მიწებს გვართმევენ, ჩვენ ვტრაბახობთ: “რუსებს ნიღაბი ჩამოვხსენითო”, მაგრამ, შარვლები რომ ჩაგვხადეს, ამაზე არაფერს ამბობენ. ყოველივე ამას ლიბერალები იმით ამართლებენ, რომ თავისუფლები ხომ ვართო. სტალინი ასე უპასუხებდა ამ უსუსურ არგუმენტს: ძნელად წარმომიდგენია ადამიანისპირადი თავისუფლება”, როდესაც ის უმუშევარია, რომელიც მშიერი დადის და ვერ ხედავს თავისი შრომის ნაყოფს. ნამდვილი თავისუფლება არის მხოლოდ იქ, სადაც მოსპობილია ჩაგვრა, სადაც არ არის უმუშევრობა და სიღატაკე, სადაც ადამიანს არ ეშინია, რომ ხვალ უმუშევარი დარჩება, დაკარგავს საცხოვრებელს და ლუკმაპურს. მხოლოდ ასეთ საზოგადოებაში შეიძლება ნამდვილი, და არაქაღალდზე დაწერილი, პირადი და ყოველგვარი სხვა თავისუფლება(“ეკონომიკური პრობლემები სსრკ-ში”, ი. სტალინი. 1952 წელი).

ზურაბ წერეთლის გალერეაში

სტალინი თითქოს, ჩვენს დღევანდელობაზე საუბრობს. იქ, სადაც გამეფებულია უმუშევრობა, სიღარიბე; ადამიანებს სტალინის მიერ მიცემული ბინებიდან ყრიან რომელ თავისუფლებაზეა ლაპარაკი?! პენსიონერი, თუ ის თავისი მანქანით მოძრაობს, ერთ დღეში იმდენ სხვადასხვაგვარ მოგონილ ჯარიმას მიიტანს შინ, რომ ერთი თვის პენსია ჯარიმების გადასახდელად არ ეყოფა. “რი თავისუფლება, რა თავისუფლება?!” _ იტყვის კახელი გლეხი. იმერელი კი შეჰკივლებს: “მაგან არ მომკლა!” “როგორც ჩანს, მაგ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ქვა ქვაზე აღარ დარჩება, ძამა”, _ გადაიხარხარებს გურული; “ეიჟი სგობდუ ემჩედხ ალიარ” (ისე წაღმა იარონ ამათმა),_ ჩაიბურდღუნებს სვანი; “ძლივს გაქართველებულები კვლავ არ გაგვათათრეს ამათმა, ჯო?” _ იტყვის აჭარელი. ადრე რომ ამბობდა, “აჭარელი წყალს არ დალევს, სტალინი, რომ არ ახსენოს”.

_ აბა, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა გზას დავადგეთ?

_ მე ამის თქმის არც ცოდნა გამაჩნია და არც უფლება. ხალხის ცხოვრების სწორ გზას 400 წელი ეძებდნენ მსოფლიოს მოწინავე ადამიანები და, ბოლოს, ჩამოაყალიბეს თეორია თანასწორუფლებიიანობისა და სოციალური თანასწორობის შესახებ, რომელსაც სოციალიზმი უწოდეს. გერმანელმა ინტელექტუალმა და საზოგადოებაზე მოფიქრალმა კარლ კაუცკიმ თქვა: კაცობრიობის საბოლოო მიზანი საოციალიზმიაო.

_ სოციალიზმი გვქონდა და ჩვენვე დავანგრიეთ, ესე იგი, ის არ ყოფილა საბოლოო მიზანი.

_ სოციალიზმი ჩვენ არ დაგვინგრევია. სოციალიზმი დაანგიეს ეშმაკობასა და გაიძვერობაში გაწაფულმა მასონებმა, რომლებმაც უფასო ყველი ჩადეს ხაფანგში და მოხერხებულად დახურეს უმსხვერპლოდ. ყველი კი, ის დიდი ყველი, რომელიც ერთიანად ნაწილდებოდა დედამიწის 1/6-ზე, სამოციოდე კაცმა გაინაწილა. დღეს მსოფლიოს საარსებო ნედლეულისა და ფინანსური წყაროების 2/3- სწორედ 60 მულტიმილიარდერი განაგებს. მულტიმილიარდერების რიცხვს მხოლოდ პანდემიის ერთნახევარი წელიწადის განმავლობაში 11 ადამიანი შეემატა, ხოლო პლანეტის მოსახლეობის 2/3 შიმშილის ზღვარზეა მისული.

მასონთა ურდოებმა მოსყიდული საბჭოთა ადამიანების ხელით სტალინი ჯერ მოკლეს, შემდეგ მის მიერ შექმნილი ქვეყანა და სიმდიდრე საბჭოთა ხალხს მუქთად ჩააბარებინეს მილიარდერთა განძთსაცავებში.

_ და ვის მიუძღვის ბრალი ყოველივე ამაში?

_ მე, შენ, მას _ ყველას. ისევე, როგორც 30 წლის წინათ, დღესაც ქვეყნის დანგრევასა და გაპარტახებას ტაშითა და შეძახილებით ვხვდებით: გაუ-მარ-ჯოს! ჯოს! ჯოს!

პირამიდებთან

ჩვენ დღეს დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში კი არ ვცხოვრობთ, არამედ გაუცხოებულ კოლბაში ვზივართ, სადაც ჰაერსაც იმდენს გვაწოდებენ, რამდენიც მინიმალურად გაბერავს ფილტვებს. მათ ხელშია ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა, ისინი ადგენენ ჩვენს სადღესასწაულო დღეებს, მათი წესით უნდა დავმარხოთ მკვდარი, მათი წესით უნდა გავაჩინოთ და გავზარდოთ ბავშვი, მათ ენაზე და მათ წიგნებზე უნდა ისწავლოს ჩვენი ახალგაზრდობა. ახლა გამოაკრან არაფორმალებმა საბავშვო ბაგა-ბაღებში: “აშშ _ კაკა, სსრკ _ ყაყა”.

თვალი დაუდგეს უკან მაყურებელ კაცსო, _ ამბობდა სტალინი. მაშ, დავიჯერო, ამქვეყანად არ დაბადებულა კაცი, წინ ყურება რომ შეეძლოს და ეს უმსგავსოება დაინახოს?

ინტერვიუ კი უილიამ შექსპირის 66-ე სონეტით დავასრულოთ:

ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,

რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,

რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,

რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,

რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,

რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,

რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,

რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.

რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,

რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,

რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,

რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.

ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,

მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს”.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here