Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი გოგოლაშვილი: გაირკვა, რომ გოგებაშვილის “დედა ენა” იქნება გოგებაშვილის “დედა ენის” მიხედვით...

გიორგი გოგოლაშვილი: გაირკვა, რომ გოგებაშვილის “დედა ენა” იქნება გოგებაშვილის “დედა ენის” მიხედვით შექმნილი წიგნების კონკურენტი, რაც კურიოზულია

გიორგი გოგოლაშვილი

ქართული ანბანის სწავლების იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს 2013 წელს კულტურის სამინისტრომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, ხოლო 2014 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განესაზღვრა ეროვნული კატეგორია; ის არის უმნიშვნელოვანესი ელემენტი იუნესკოს მიერ საკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის _ ქართული ანბანისა. ეს სახელმწიფოს ავალდებულებდა, უზრუნველეყო ამ ძეგლის სიცოცხლისუნარიანობა და დაეცვა იგი.

განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, 2018 წელს შეიქმნა საგანგებო კომისია, რომელსაც დაევალა, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის საფუძველზე სასკოლოდ გადაემუშავებინა იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა”; ამ საქმის ინიციატორი და ძირითადი შემსრულებელი იყო “იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება”. კომისიის მუშაობას ზედამხედველობას უწევდა მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია. კომისიამ (თავმჯდომარე აკად. ავთანდილ არაბული) დათქმულ ვადაში დაასრულა სამუშაო და იაკობ გოგებაშვილის პრინციპების გათვალისწინებით სასკოლოდ მოამზადა იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა”, მაგრამ გაუგებარი მიზეზების გამო განათლების სამინისტრომ არ შეასრულა დაპირება და ეროვნული სკოლა “დედა ენის” გარეშე დარჩა. “დედა ენა”, ფაქტობრივად, შეეწირა გრიფირების სისტემაში არსებულ უკანონობას.

იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების წევრების დიდი ბრძოლისა და ძალისხმევის შედეგად 2019-20 სასწავლო წელს იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა” ეროვნულ სკოლას დაუბრუნდება, თუმცა არა ერთადერთ და შეუცვლელ სახელმძღვანელოდ. იაკობ გოგებაშვილის “დედა ენასთან” ერთად წარმოდგენილი იქნება კიდევ 6 სახელმძღვანელო, რომლებსაც “კონკურენცია” უნდა გაუწიოს იაკობის “დედა ენამ”.

გვესაუბრებაიაკობ გოგებაშვილის საზოგადოებისთანათავმჯდომარე, ენათმეცნიერი, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი.

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაკობ გოგებაშვილისდედა ენასკოლას დაუბრუნდა, მაგრამ მინისტრმა ბატიაშვილმა სიხარული არ გვაცადა, უმალვე განაცხადა, რომ 7 “დედა ენაადა ესა თუ ის სკოლა თავად აირჩევს, რომელი შეასწავლონ ბავშვებს

_ სკოლაში არსებობს ალტერნატიული სახელმძღვანელოების გამოყენების წესი, რაც დასაშვებად მიმაჩნია, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ამდენი ალტერნატიული სახელმძღვანელო არ უნდა არსებობდეს…

როდესაც გოგებაშვილის “დედა ენის” სკოლაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს, სკოლაში უკვე არსებობდა 6 გრიფირებული სახელმძღვანელო. ეს გრიფირება ჩატარდა 2018 წელს, როგორც კი ბატიაშვილი დაინიშნა განათლების მინისტრად, მაშინვე განაცხადა, რომ გრიფირების საკითხში იყო დიდი შეცდომები და ამ საქმეს შეეწირა კიდეც იმჟამინდელი მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია, თუმცა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ აღნიშნულ სახელმძღვანელოებს გრიფი მინიჭებოდათ, უკვე მიღებული იყო. ჩვენი კანონმდებლობა კი უფლებას არ იძლეოდა, გრიფირების პროცესი გადაესინჯა, სანამ არ გამოცხადდებოდა ახალი გრიფირება.

სკოლებში არსებული 6 გრიფირებული სახელმძღვანელოდან სამი სახელმწიფოს ჰქონდა შესყიდული და საჯარო სკოლებს მხოლოდ ეს სამი უნდა ესწავლებინათ, ხოლო დანარჩენი სამის შესწავლა კი ფასიან საშუალო სკოლებს შეეძლოთ. ასე რომ, იმ ექვსშიც არათანაბარი კონკურენცია იყო.

ამ ექვსი სახელმძღვანელოდან ოთხი “აი იას” პრინციპზე იყო აგებული, ანუ იაკობ გოგებაშვილის საკუთრება იყო, მაგრამ მათ არ ეწერა იაკობ გოგებაშვილის სახელი. დღემდე სკოლაში არ არსებობს სახელმძღვანელო, რომელსაც ჰქვიადედა ენადა რომლის ავტორიც არის იაკობ გოგებაშვილი. ეს უსამართლობაა გოგებაშვილის მიმართ, სხვა, უფრო ცუდი რამ რომ არ ვუწოდოთ. სახელმძღვანელოების ავტორები იყენებენ გოგებაშვილის ინტელექტუალურ ნაღვაწს და მის სახელს არ აწერენ. შესაძლოა, ზოგიერთ სახელმძღვანელოში იხილოთ სადღაც მეათე გვერდზე წარწერაგაკეთებულია გოგებაშვილის მიხედვით”. არადა, აღნიშნული სახელმძღვანელოები არის გოგებაშვილის, ოღონდ რედაქტირებულია ვიღაცის მიერ, ვინც შემდეგ ავტორებად მოგვევლინენ.

დედა ენა

ამა წლის მარტში მიიღეს კანონი, რომ, თუ სახელმძღვანელო კეთდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე, ამ სახელმძღვანელოზე პასუხისმგებლობა უნდა დაიკისროს განათლების სამინისტრომ, რადგან ის სახელმწიფოს საკუთრებაა _ “დედა ენაკულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლია. მარტში გამოსულმა კანონმა დაავალდებულა სამინისტრო, შეექმნა სახელმწიფო კომისია, რომელიც დაამუშავებდა იაკობ გოგებაშვილის “დედა ენას” და შეიტანდა სკოლაში.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ფაქტმა არ შეიძლება უკვე არსებული სახელმძღვანელოები აკრძალოს. გაირკვა, რომ გოგებაშვილის “დედა ენა” იქნება გოგებაშვილის “დედა ენის” მიხედვით შექმნილი წიგნების კონკურენტი, რაც კურიოზული ფაქტია, მაგრამ ამ რეალობას ახლა ვერ ავცდებოდით.

_ რა შეიძლება მოჰყვეს ყოველივე ამას?

_ მინისტრმა განმარტა, რომ სექტემბერში საჯარო სკოლის ყველა ბავშვი იაკობ გოგებაშვილის “დედა ენას” საჩუქრად მიიღებს. თუკი სკოლა, მასწავლებელი და მშობელი მოისურვებს, რომ სხვა “დედა ენით” ასწავლოს, მას შეუძლია გადადოს იაკობის “დედა ენა” განზე და ასწავლოს რითიც მოესურვება იმით. ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ იყო. დროდადრო ვითარება შეიცვლება, ასე იყო იაკობის დროსაც. ათამდე სახელმძღვანელო იყო, მაგრამ იაკობის “დედა ენამ” ნელ-ნელა ყველა განზე გაწია და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ქართულ სკოლაში.

ვიმედოვნებთ, რომ ეს დღესაც ასე მოხდება. როდესაც მასწავლებლები და მშობლები იაკობის “დედა ენას” დაინახავენ, ასევე დაინახავენ იაკობის “დედა ენის” გადაკეთებულ, ხშირად გაფუჭებულ ვერსიას, აღარ მოუნდებათ იმ სახელმძღვანელოებით სწავლება.

_ “იაკობ გოგებაშვილის საზოგადოებასთავის დროზე სამინისტროში ჰქონდა წარმოდგენილიდედა ენა”. ეს ისდედა ენაა”, რომელიც თქვენ წარადგინეთ?

_ წინა გრიფირებისას, გოგებაშვილის საზოგადოებამ მოამზადა სახელმძღვანელო, მაგრამ სამინისტრომ წესად შემოიღო _ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე შეექმნა კომისია, რომელიც დაადგენდა საკონკურსოდ წარდგენილი სახელმძღვანელოს შესაბამისობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან. ჩვენ მიერ წარდგენილ “დედა ენაზე” დაწერილი დასკვნა კულტურის სამინისტრომ გადაუგზავნა განათლების სამინისტროს, მან გოგებაშვილის საზოგადოებას მოსთხოვა გადაეკეთებინა სახელმძღვანელო და ისეთი მოთხოვნები წაუყენეს გოგებაშვილის საზოგადოებას, რომ იძულებული შევიქენით, ასე გვეპასუხა: “ის, რასაც განათლების სამინისტრო ითხოვს, ეს არის პრინციპულად საწინააღმდეგო გოგებაშვილის მეთოდისა, ამას საზოგადოება არ დათანხმდება და ჩვენ ვწყვეტთ კონკურსში მონაწილეობას”. თვითონ საზოგადოების გადაწყვეტილება იყო, რომ სახელმძღვანელო შემდეგ ეტაპზე არ გადასულიყო. გოგებაშვილის საზოგადეობამ არ მიიღო განათლების სამინისტროს მოთხოვნები, რადგან ეს იქნებოდა დაპირისპირება გოგებაშვილის პრინციპებთან, რაც ჩვენთვის გაუმართლებელი იყო.

_ “დედა ენისსკოლაში დაბრუნებამ აღაშფოთა ლიბერალები, განსაკუთრებით _ რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი. მან ერთერთ გამოცემას მისცა ვრცელი ინტერვიუც, რომელშიც ამბობს, რომ გოგებაშვილი უდავოდ ნიჭიერია, მაგრამ ვერ გათვალა დროების ცვლილებაიქნებ მართალია ბერძენიშვილი?

_ ბერძენიშვილმა თქვა, რომ “დედა ენის” სკოლაში დაბრუნება დანაშაულია, მაგრამ ეს მხოლოდ ღიმილის მომგვრელია. ბერძენიშვილმა ბარათაშვილზე თქვა, რომ მისი ლექსები მკვდრადშობილიაო, მაგრამ შემდეგ იუნესკომ იუბილე გადაუხადა ბარათაშვილს… ჩვენ ყველამ ვიცით ბერძენიშვილის დამოკიდებულება ილიას მიმართაც… ასე რომ, ასეთი საუბრები ცბიერებისა და ლიბერალების საქმეა. საბედნიეროდ, ჩვენი საზოგადოება მის პოზიციასა და თვალსაზრისს არ იზიარებს.

პარლამენტში “დედა ენის” შესახებ განხილული კანონი ითხოვდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე მომზადებულიყო სახელმძღვანელო და ეს პასუხისმგებლობა დაკისრებოდა განათლების სამინისტროს. ამას დაუპირისპირდა საპარლამენტო ოპოზიცია: რატიანი, კაპანაძე, ქებურია და ა.შ., ანუ ნაცები და ყოფილი ნაცები. მათ მიიმხრეს ვიღაც ექსპერტები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მე-19 საუკუნეში გაკეთებული სახელმძღვანელოს დაბრუნება სკოლაში ანაქრონიზმია.

სახელმძღვანელო ასე არ იზომება. მე-12 საუკუნეში შექმნილი “ვეფხისტყაოსანი” არ შეიძლება ისწავლებოდესო, ამასაც იტყვიან.

“დედა ენის” პრეზენტაცია ვარიანში შედგა. ღონისძიების შემდეგ პრესითა და სხვა საინფორმაციო საშუალებებით ე.წ. ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ეს იაფფასიანი პოლიტიკური საარჩევნო ტრიუკიაო, მაგრამ ასე არ არის. ჩვენ, ათი წელიწადია, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედით ამ დღემდე. ჩვენი ბრძოლით “დედა ენას” ჯერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მივანიჭეთ, შემდეგ დაისვა საკითხი ანბანისთვის კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე, ამ ნომინაციის ნაწილია “დედა ენაც”.

_ ლევან ბერძენიშვილი, ვიცით, ვინც არის და რას წარმოადგენს, მაგრამ მსგავსი ბერძენიშვილები ბევრია ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში. ისინი ახალგაზრდებს თავიანთი იდეოლოგიის გავლენის ქვეშ აქცევენ, ბევრი მათგანი დღეს საჯარო სკოლის დირექტორიაროგორ ფიქრობთ, შეაღწევს სკოლებში იაკობ გოგებაშვილისდედა ენა”?

_ საღი აზრი გაიმარჯვებს. ვიცი, სკოლებში რაც ხდება. რედაქტორები, გამომცემლები სკოლებში დადიან და აძალებენ თავიანთ წიგნებს, ახერხებენ დირექტორებისა და პედაგობების მოსყიდვას, რომ მათი სახელმძღვანელოებით ასწავლონ, მაგრამ ბევრია შემთხვევა, როდესაც სკოლამ შეარჩია ესა თუ ის წიგნი, პედაგოგი კი მაინც იაკობის “დედა ენით” ხელმძღვანელობს _ პარტიზანულად, მაგრამ მაინც ასწავლის. მასწავლებელმა იცის, რა არის უკეთესი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვინმეს რამე დავაძალოთ, არა! უბრალოდ, მასწავლებელსა და მშობელს მივცეთ არჩევანის უფლება, უფრო სწორად, ლოგიკურად, უკეთესი სახელმძღვანელო შეარჩიოს.

ლიბერალთა თარეში ჩვენი სამწუხარო რეალობაა. სამწუხაროა ისიც, რომ ისინი კადრულობენ ყველაფერს, ხოლო ნათელი აზრი ხშირად ვერ აღწევს მსმენელამდე და ვერც მკითხველამდე, მაგრამ, ამის მიუხედავად, არის ნათელი წერტილებიც და ეს დიდი იმედია.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here