Home რუბრიკები პოლიტიკა გივი იუკურიძე: მედიასაშუალება, რომელიც ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ საქართველოდან სომხეთში შეიარაღება შედის, საქართველოს...

გივი იუკურიძე: მედიასაშუალება, რომელიც ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ საქართველოდან სომხეთში შეიარაღება შედის, საქართველოს მტერია

გივი იუკურიძე: მედიასაშუალება, რომელიც ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ საქართველოდან სომხეთში შეიარაღება შედის, საქართველოს მტერია

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქული ტელეკომპანია A-Haberისთვის 16 ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და დასძინა, რომ სომხეთი, რომელსაც დღეს, ფაქტობრივად, ფინანსური რესურსი არ აქვს იარაღის შესაძენად, დახმარებას გარედან იღებს. მისი თქმით, ირანი და საქართველო ვალდებულებებს პირნათლად ასრულებენ იმ კუთხით, რომ სამხედრო ტვირთებისთვის, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზები ჩაკეტეს, თუმცა, მისივე განცხადებით, საქართველოს გავლით სომხეთში კონტრაბანდული გზით გარკვეული შეიარაღება მაინც იგზავნება. “ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, დღეს საქართველოს ტერიტორიიდან იარაღს გზავნიან კონტრაბანდისტული გზით, როგორც სამოქალაქო, ასევე სატვირთო თვითმფრინავებით,” _ განაცხადა ალიევმა, თუმცა მას არ განუმარტავს, რა ტიპის შეიარაღებაზეა საუბარი, ვინ აწვდის მას სომხეთს და რა ნაბიჯებს გადადგამს ამ ყველაფრის აღსაკვეთად ოფიციალური ბაქო.

ცნობისთვის: ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს გავლით (კონტრაბანდისტული გზით) სომხეთში სამხედრო ტექნიკა იგზავნება, მედიაში სულ უფრო ხშირად ვრცელდება. განსაკუთრებით აქტიური ამ თვალსაზრისით ანტისახელისუფლო ე.წ. ლიბერალური მედიაა, რომელიც მმართველ გუნდს რუსეთთან გარკვეულ ფარულ შეთანხმებაში ადანაშაულებს. პარალელურად ხელისუფლება განცხადებას განცხადებაზე ავრცელებს, რომ ნებისმიერმა მსგავსმა დეზინფორმაციამ შეიძლება საქართველოს ინტერესები დააზიანოს. მეტიც, რამდენიმე დღის წინათ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთგვარი თხოვნის წერილითაც კი მიმართა კონკრეტულ “მედიასაშუალებებს”, რომ თავი შეიკავონ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ერთნაირად დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც საქართველოსთვის, ისე ქართულ-სომხური და ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობებისთვის.

იღებს თუ არა სომხეთი საქართველოს გავლით რამე სამხედრო დახმარებას, ვინ არის დაინტერესებული დეზინფორმაციის გავრცელებით და რა გავლენა შეიძლება იქონიოს სინამდვილეში ქვეყნის მომავალზე ამ ყველაფერმა? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალმაიორი გივი იუკურიძე.

_ ბატონო გივი, ზოგიერთი მედიასაშუალება ბოლო პერიოდში აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას, რომ სომხეთში საქართველოს გავლით სამხედრო ტვირთები შედის. საუბარია კონტრაბანდისტული გზით შეტანილ შეიარაღებაზე. ამ საკითხზე ილჰამ ალიევმაც ისაუბრა ერთერთ სატელევიზიო ინტერვიუში და განაცხადა, რომ იარაღის კონტრაბანდა ხორციელდება, როგორც სამოქალაქო, ისე სატვირთო თვითმფრინავებით. შესაძლებელია, საქართველოდან სომხეთში რამე იარაღი შედიოდეს და, თუ ეს სიმართლეა, რა გავლენა შეიძლება იქონიოს მან ჩვენს უსაფრთხოებაზე?

_ დავიწყოთ იმით, რომ თვით საკითხი ძალიან რთული და საფრთხილოა იმ თვალსაზრისით, რომ საქმე ეხება ორ მეზობელ სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, ყველას ესმის, რომ ეს კონფლიქტი ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება. სხვათა შორის, ალიევმა ამას წინათ განაცხადა, რომ ამ ომის დასრულების შემდეგ მთლიანად რეგიონში შეიცვლება დღის წესრიგი. ეს ძალიან მრავლისმთქმელი განცხადებაა…

რაც შეეხება იმ განცხადებას, რომ თურმე საქართველოდან რაღაც კონტრაბანდისტული გზით სომხეთი სამხედრო დახმარებას იღებს, ჯერ ერთი, ძალიან უგუნური უნდა იყოს ხელისუფლება, რომელიც ასეთ ვითარებაში ამას დაუშვებს და ნებისმიერი მსგავსი მცდელობის შემთხვევაში უმკაცრეს ზომებს არ მიიღებს, იმიტომ, რომ დღევანდელ ვითარებაში აქედან ან ერთი, ან მეორე ქვეყნის მიმართულებით რამე სახის სამხედრო ტვირთის გასვლას ჩვენთვის ექნება კატასტროფული შედეგები; მეორე _ თუ დავუშვებთ იმას, რომ სომხეთი საქართველოს გავლით მიიღებს რამე სახის სამხედრო დახმარებას, მაშინ მიიღებს აზერბაიჯანიც. გამოდის, საქართველო, ფაქტობრივად, ხდება ერთგვარი პოლიგონი, რომელზეც გადაინაცვლებს საბრძოლო მოქმედებები. ახლა რას მოიტანს ეს ჩვენი ქვეყნისთვის, მაშინ, როცა ტერიტორიების ერთმესამედს ისედაც ვერ ვაკონტროლებთ და ეკონომიკაც, ფაქტობრივად, სულს ღაფავს, ძნელი მისახვედრი არ არის თუმცა აზერბაიჯანი უკვე იღებს თურქეთისგან სამხედრო დახმარებას, მათ შორის, უპილოტო საფრენ აპარატებს და არა მხოლოდ…

_ მოდი, უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ, არსებობს დღეს იმის საფრთხე, რომ საქართველო ამ კონფლიქტში ჩაითრიონ?

_ პირველი და მთავარი, რასაც მინდა, ხაზი გავუსვა: არ მგონია, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება უშვებდეს აქ რაღაც კონტრაბანდისტული ხვრელების არსებობას და ამ გზით სომხეთში სამხედრო ტვირთების შესვლას უწყობდეს ხელს; მეორე _ ნებისმიერი მედიასაშუალება, რომელიც აქტიურად ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ თურმე საქართველოდან სომხეთში შეიარაღება შედის, პირდაპირ ვიტყვი, საქართველოს მტერია. ახლა რა შეიძლება დაგვემუქროს და შესაძლებელია თუ არა, ჩაგვითრიონ ომში. ცხადია, განცხადებები იმის თაობაზე, რომ აქედან სომხეთში იარაღის კონტრაბანდა ხორციელდება, უკვე გარკვეული სიგნალია. ეს ერთგვარი მინიშნებაა, რომ საბრძოლო მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზეც შეიძლება დაიწყოს. ეს ისე, თეორიულად, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოხერხდება და საბრძოლო მოქმედებები უფრო ფართომასშტაბიან ხასიათს მიიღებს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რეალურ მოცემულობად იქცევა…

_ როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად რომელმა მხარემ შეიძლება განახორციელოს ჩვენს ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები და რა საბაბით?

_ იმ საბაბით, რომ თავისი უსაფრთხოება უზრუნველყოს. მაგალითად, დავუშვათ ასეთი ალბათობა: ვთქვათ, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ მისი მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს გავლით იღებს სამხედრო ტვირთებს. ცხადია, მათთვის ეს პრობლემაა, ამიტომ შეიძლება, გადმოლახონ საზღვარი და გარკვეული კონტროლის დამყარება სცადონ ჩვენი ტერიტორიის იმ მონაკვეთებზე, რომლებიდანაც მიაჩნიათ, რომ გარკვეული საფრთხე ემუქრებათ; ან შეიძლება სარაკეტო დარტყმები განახორციელონ. მოგეხსენებათ, დღეს მათთვის 70-75 კილომეტრის მანძილზე დარტყმა პრობლემა არ არის. ჩვენ კი ამით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით…

_ დავუბრუნდეთ ალიევის განცხადებას. მან, პრაქტიკულად, მიანიშნა, რომ საქართველო საკუთარ საზღვრებს ვერ აკონტროლებს და მისი ტერიტორიით სხვები სარგებლობენ. რა რეაგირება უნდა ჰქონოდა ამაზე ჩვენს ხელისუფლებას?

_ პირველი _ უნდა დაიბარონ აზერბაიჯანის ელჩი, რომელმაც, სხვათა შორის, ადრე განაცხადა, ჩვენი ეჭვები არ დადასტურდაო და მოითხოვონ განმარტება, რის საფუძველზე გაკეთდა ეს განცხადება. თუ მათ აქვთ კონკრეტული მტკიცებულება, უნდა წარმოადგინონ; მეორე _ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ, თუ აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა და, ალბათ, ასეა, მაშინ იქიდან პროვოკაციული განცხადებები არ უნდა ისმოდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ, თეორიულად დავუშვათ, ალიევის განცხადება სიმართლეს შეესაბამება. ტელევიზიით კი არ უნდა ვრცელდებოდეს ეს ინფორმაცია, არამედ, პირველ რიგში, ჩვენს ხელისუფლებასთან კომუნიკაციითა და განმწვავების გარეშე ცდილობდნენ პრობლემის გადაჭრას. ისე, სიმართლე გითხრათ, ცოტა გასაკვირია საქართველოს ხელისუფლების პოზიციაც იმ თვალსაზრისით, რომ ისინი არც კი ითხოვენ მეზობელი ქვეყნის ხელმძღვანელობისგან განმარტებებს. ესეც, ალბათ, რაღაც პოლიტიკის ნაწილია. თუმცა ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ნებისმიერი რიტორიკა, რამე ფორმით იმის მტკიცება, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ხდება რომელიმე მხარის _ ან აზერბაიჯანის, ან სომხეთის _ საწინააღმდეგოდ, უნდა აღიკვეთოს საფუძველშივე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ნიადაგი შემზადდეს გარკვეული საბრძოლო მოქმედებების საქართველოს ტერიტორიაზე დასაწყებად

_ რუსეთი ჯერჯერობით არ ერევა სომხეთაზერბაიჯანის დაპირისპირებაში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი დაუფარავად ჩაერთვება ამ კონფლიქტში, მაშინ, დიდი ალბათობით, კრემლიც რაღაცას მოიმოქმედებს. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, საქართველო ამ შემთხვევაში დერეფნად გამოიყენონ?

_ რუსეთს უზარმაზარი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ სომხეთში გიუმრის 102-ეს ბაზის სახით, რომელშიც არის ავიაციაც, არტილერიაც, საჰაერო თავდაცვის საშუალებებიც და .., ყველაფერი, რაც აუცილებელია თანამედროვე ომის საწარმოებლად, მაგრამ არც ერთი ბაზა არ არის განუსაზღვრელი რესურსებისა და შესაძლებლობის მქონე, ამიტომ, თუ ამ კონფლიქტმა იმხელა მასშტაბი მიიღო, რომ იქეთა მხრიდან დაუფარავად დადგა თურქეთი, რაც თეორიული მსჯელობის საგანია, რა თქმა უნდა, რუსეთს მოუწევს იმაზე ფიქრი, რომ მან სამხრეთ კავკასიაში გაიძლიეროს პოზიციები. ეს იქნება წმინდა სახელმწიფოებრივი სტრატეგიული ინტერესი. რაც შეეხება ალიევსა და მის პოლიტიკას, მიაქციეთ ყურადღება ერთ რამეს: წარსულში მას არასდროს ერთი კრიტიკული განცხადებაც არ გაუკეთებია რუსეთის მისამართით, მაგრამ ამ დღეებში პირდაპირ განაცხადა: ამ არეულობით ყარაბაღში რუსეთია დაინტერესებულიო. ეს ნიშნავს იმას, რომ ალიევს გარკვეული ამბიცია გაუჩნდა; ამბიცია იმისა, რომ შეუძლია, რუსეთს შენიშვნები მისცეს ან თუნდაც დაადანაშაულოს რამეში… აი, ამ ყველაფრის ფონზე მისთვის საქართველოს დადანაშაულება პრობლემა არ არის. მით უფრო, რომ იცის, რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია და, რამე რომ მოხდეს, მხარში ან ამოგვიდგება, ან არა…

_ როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველოს ხელისუფლებამ, მოსალოდნელი საფრთხეები მაქსიმალურად რომ აიცილოს თავიდან?

_ ხელისუფლება ჯერჯერობით მეტ-ნაკლებად სწორ პოლიტიკას ატარებს იმ თვალსაზრისით, რომ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია მაქსიმალური პოლიტიკური პრინციპულობა და შეუვალობა მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, რომ არ მოხდეს კონფლიქტის გაჩაღება საქართველოში მცხოვრებ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის; არ მოხდეს მათი გასვლა ქვეყნიდან და ჩაბმა ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში; არ მოხდეს ცრუ ინფორმაციების გავრცელება, რომ საქართველოს გავლით სომხეთი შეიარაღებას იღებს და .. ნებისმიერი მსგავსი დეზინფორმაცია მყისვე უნდა იქნეს მხილებული და სახელმწიფომ მოითხოვოს განმარტებები. სხვა შემთხვევაში, შეიძლება ისე მოხდეს, რომ საქართველოს ტერიტორია იქცეს დაპირისპირების პოლიგონად… არც კი შეგვეკითხებიან, ისე დაიწყებენ საბრძოლო მოქმედებებს და დაამყარებენ კონტროლს… ჩვენთვის ეს, შესაძლოა, აღმოჩნდეს არანაკლებ დამაზიანებელი, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად, ვიდრე კონფლიქტის მონაწილე ორი ქვეყნისთვის.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here