Home რუბრიკები საზოგადოება გადავარჩინოთ უფსკრულის პირას მისული სამშობლო

გადავარჩინოთ უფსკრულის პირას მისული სამშობლო

დემოგრაფია

სულით ხორცამდე შემძრა ცნობილი მეცნიერის, დემოგრაფის, პროფესორ ანზორ თოთაძის სტატიამ, რომელიც გაზეთსაქართველო და მსოფლიოში” (2018 წლის 14-20 თებერვლის ნომერში) გამოქვეყნდა და რომელიც ჩვენი ქვეყნის სავალალო დემოგრაფიულ ვითარებას, სავალალო მომავალს ეხება. მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ ანზორს ამ უპირველესი ეროვნული პრობლემის გასაჯაროებისთვის. სავსებით მართებულია, რომ სტატიის სათაურიაგანგაშის ზარი”; მაგრამ მხოლოდ განგაშის ზარების დარისხება ამ ეროვნული მნიშვნელობის პრობლემას ვერ მოაგვარებს და საფრთხეს თავიდან ვერ აგვაცილებს, თუ ამ ზარების ხმა ქართველმა ერმა ყურად არ იღო, არ გაითავისა და მას კონკრეტული ქმედებებით არ უპასუხა.

საქართველოში დემოგრაფიული ვითარება ტრაგიკულია: მიმდინარეობს დეპოპულაციის პროცესი, ანუ მეტი კვდება, ვიდრე იბადება; მოსახლეობა ბერდება, ანუ ხანდაზმულთა წილი აღემატება ახალგაზრდების წილს; მცირდება ქორწინებების და იზრდება განქორწინებების რაოდენობა; საგანგაშოა ემიგრაცია, რომელშიც ძალზე მაღალია ახალგაზრდობის, ფერტილურ ასაკში მყოფთა წილი, საზღვარგარეთ ბევრი ქორწინდება და იქმნება ე.წ. შერეული ოჯახები, ერს ეკარგება პოტენციური ერისშვილები და სხვ.

თუ არ გამოვფხიზლდებით და ეს დემოგრაფიული ვითარება ერმა და ბერმა, ყოველმა მოქალაქემ ეროვნულ ტკივილად არ გავითავისეთ, შესაბამისად არ ვიმოქმედეთ, გადაშენების საფრთხე დაგვემუქრება. თუ დღეს ქართველები საქართველოს მოსახლეობის 83 პროცენტი ვართ, სავალალო პერსპექტივაში ეროვნულ უმცირესობად ვიქცევით. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან, მაგრამ ღმერთიც ვერ გვიშველის, თუ ამ სენისგან განსაკურნებლად თითოეულმა ქართველმა თავისი პატრიოტიზმი კონკრეტული ქმედებებით არ გამოხატა.

მხოლოდ ორ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას, და, ვფიქრობ, არა მხოლოდ ჩემს აზრს გამოვხატავ, რა არ უნდა დაგვავიწყდეს და კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს, ქართველი ერი გადაშენებას რომ გადაურჩეს:

  1. არ უნდა დაგვავიწყდეს და ყოველთვის გვახსოვდეს:

* ვინ ვართ და საიდან მოვდივართ, რა ისტორიული გზა გამოვიარეთ;

* ქართველი ერის გადაშენება დანაშაული იქნება კაცობრიობის წინაშე, ჩვენ ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. ვერ გაგვანადგურა ვერც თემურ ლენგმა, ვერც შაჰ აბასმა და სხვა დამპყრობლებმა; ქართველის ხელმძღვანელობით თავისივე ბუნაგში მიწასთან იქნა გასწორებული ფაშიზმი, რასაც 300 ათასი ქართველი შეეწირა; ჩვენ გვყავდნენ: ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, ცოტნე დადიანი, ქეთევან დედოფალი, თევდორე მღვდელი, დემეტრე, ცოტნე დადიანი, შოთა რუსთაველი, ილია, აკაკი, ვაჟა და საქართველოსთვის თავდადებული უამრავი გმირი; მე-13 საუკუნის დასაწყისში ქვეყანა ააღორძინა თამარ მეფემ, რომელმაც შექმნა პარლამენტი და აკრძალა სიკვდილით დასჯა (აშშ-სა და ევროპის ბევრ ქვეყანას დღემდე არ ჰყოლია ქალი მეფე თუ პრეზიდენტი, არც სიკვდილით დასჯაა ყველგან გაუქმებული, მათ შორის აშშ-ის რამდენიმე შტატში);

* რა დემოგრაფიული პროცესები მიმდინარეობს საქართველოში და მათგან რომელია ყველაზე საგანგაშო და დროულად გადასაწყვეტი;

* რამდენი ვართ სულ ქართველები, მათ შორის, უცხო ქვეყნების დიასპორებში, და რა სოციალურ-დემოგრაფიული პროცესებია იქ;

* ეთნიკურად როგორი ვითარებაა დღეს საქართველოს იურისდიქციაში არსებულ ტერიტორიებზე ქართველების დასახლების მხრივ. რა ხდება და რა შეიძლება მოხდეს ქვემო ქართლსა და ჯავახეთში; სამარცხვინოა და ჩვენი ბრალიც ხომ არ არის, რომ ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები სომხებისა და აზერბაიჯანელების უმრავლესობამ ქართული ენა არ იცის და რეალურად მოწყვეტილია საქართველოს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებას;

* როგორ, რა გზითა და ფორმით უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ლტოლვილებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღემდე მცხოვრებ ქართველობას;

* არ უნდა წაგვლეკოს მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესმა; ეს პროცესი, უპირველესად, მცირერიცხოვანი ერების საფრთხეა; უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეროვნულ ფასეულობებსა და სულიერ საზრდოს; როგორ შეიძლება დაიკარგოს მსოფლიოში 14 ორიგინალური, თვითმყოფადი ანბანიდან ერთ-ერთი ულამაზესი და ძველი _ ქართული; ეს ხომ დიდი ცოდვა იქნება? მაგრამ, თუ გადავშენდით, ჩვენი და კაცობრიობის ეს სიმდიდრე მხოლოდ სევდიან მოგონებად დარჩება მსოფლიოს ისტორიაში;

* ანგელოზი ხალხი არ არსებობს, ყველას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე; რამდენიმე უცხოურ წიგნსა და უცხოელებთან ინტერვიუში, ქებასთან ერთად, აღნიშნულია, რომ ქართველები ე.წ. აიდიოსინქრონულები ვართ, რაც, უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, ურთიერთგამომრიცხავ, ურთიერთშეუთავსებელ, ურთიერთსაწინააღმდეგო ქცევასა და აზროვნებას ნიშნავს; მაგრამ არა მგონია, ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს, რომ ქართულ გენში დადებითი, პოზიტიური სჭარბობს ნეგატიურს, ანუ სიყვარული _ სიძულვილს, სიკეთე _ ბოროტებას, შენების ნიჭი _ ნგრევისას და ა.შ. სხვანაირად რომ იყოს, მამაზეციერი აქამდე არ მოგვიყვანდა; ეს და ჩვენი სულის ძახილი კვლავ გადაგვარჩენს, თუ ყველაფერს ეროვნული ინტერესებით შევხედავთ, ლანძღვისა და ჯიჯგნის ნაცვლად ერთმანეთს ხელს გადავხვევთ და კონკრეტული, ყველაზე აქტუალური, ეროვნული მნიშვნელობის პრობლემების მოგვარებას შევუდგებით;

* არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ ერთი ტრაგიკული მოვლენაც _ ოჯახის შიმშილისგან გადასარჩენად ქართველ ქალთა მასობრივი მიგრაცია სხვა ქვეყნებში და, ძირითადად, ხელის მოსამსახურეებად, ლოგინად ჩავარდნილ მოხუცთა მომვლელებად მუშაობა. არც ისე იშვიათად მათ საროსკიპოებშიც შეხვდებით; და ეს მაშინ, როცა ქართველ ქალს ოდითგან უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა შინ და გარეთ; საკმარისია გავიხსენოთ: “იმ ერს დარი უდგას, ვისაც კარგი ქალები ჰყავს” (აკაკი), “საქართველო მზეთუნახავთა ორანჟერეაა” (ემანუილ კანტი), “ქართველი ქალების უმეტესობას ისეთი ხიბლი აქვს, რომელსაც ვერსად ნახავთ” (ჟან შარდენი).

აქ უნდა გავიხსენო 1978-1979 წლებში სირიაში გაეროს ექსპერტად მუშაობისას ახალგაზრდობიდან იქ მცხოვრები დიდი ქველმოქმედისა და საქართველოს პატრიოტ ლევან საღარაძის მონაყოლი: გასული საუკუნის 30-იან წლებში სიყვარულით გულაცრუებული საქართველოდან რომ გავიქეცი, საზღვრის გადაკვეთისას თურქებმა დამაკავეს, ერთ სოფელში, ამ სოფლის თავთან ოჯახში მიმიყვანეს და იატაკზე დამსვეს. სოფლის თავს სამი შვილი ჰყოლია, სამივე გოგო და თურმე მეოთხე შვილს, რასაკვირველია, ბიჭს ელოდებოდა. ამ დროს ოთახში სოფლის თავის დედა შემოვიდა და შვილს ხმამაღლა უთხრა,_ შვილო, მეოთხეც გოგო შეგეძინა, მაგრამ არ იდარდო, გურჯ (ე.ი. ქართველ) გოგოსა ჰგავსო.

  1. რა გადაარჩენს ქართველ ერს გადაშენებისგან

* ეროვნულმა სიბეცემ თვითმკვლელობამდე არ უნდა მიგვიყვანოს; ფართო საზოგადოებისა და პროფესიონალების აქტიური მონაწილეობით, ვითარების სიღრმისეული ანალიზის შემდეგ, მთავრობამ და პარლამენტმა უნდა მოამზადონ და დაამტკიცონ ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების კონცეფცია, სტრატეგია, მისი განხორციელების პროგრამები და გეგმები, მათ შორის, რეგიონების მიხედვით, მათი სპეციფიკის გათვალისწინებით; აუცილებელია, მითითებული იქნეს პრიორიტეტული მიმართულებები, პროგრამებისა და გეგმების შესრულების კონკრეტული აქტივობები, შესრულების თარიღი, პასუხისმგებლები, მოსალოდნელი შედეგები, ე.წ. რისკფაქტორები და სხვ. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი უნდა იქნას სათანადო საკანონმდებლო-ნორმატიული აქტებით, შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსებით;

* წარმატების მიღწევის საფუძველია დემოგრაფიული პროცესების არსებითი გაჯანსაღების გარდაუვალობის, ამ მხრივ ერის დამღუპველი პერსპექტიული მოლოდინების შესახებ საზოგადოების ყველა წევრის, ყოველი ოჯახის ინფორმირება და გამოფხიზლება, ეროვნული ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის ამაღლება, ამ ტკივილთა, ხელისუფლებისა და ყოველი მოქალაქის მიერ ამ უპირველესი ეროვნული პრობლემის გათავისება, გულისტკივილის, პასუხისმგებლობის განცდისა და ნების ჩამოყალიბება, კონკრეტულ ქმედებებში მათი გამოხატვა;

* საგანგებო ყურადღება, სისტემური ანალიზი და კონკრეტული ქმედებები სჭირდება ისეთ მნიშვნელოვან დემოგრაფიული საკითხებს, როგორიცაა ქორწინება, განქორწინება, ბავშვთა და დედათა მოკვდავობა, ფერტილური ასაკის მოსახლეობის დიდი ნაწილის საზღვარგარეთ გასვლა და უკან აღარ დაბრუნება, მომრავლებული ე.წ. შერეული ქორწინებები და სხვ. მეტად მნიშვნელოვანია ამ პროცესების ფინანსური უზრუნველყოფა. აქ მთავარია სახელმწიფოს აქტიურობა, დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების საბიუჯეტო-ფინანსური მხარდაჭერა, მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარება, რასაკვირველია, და უპირველესად, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება და სხვ.

მაგალითად, არცთუ უმნიშვნელო სახსრები შეიძლება იქნეს მოზიდული, თუ ერის გადარჩენის ფონდში (პირობითი სახელია) ჩაირიცხება თუნდაც ერთი თეთრი ყოველი გაყიდული 1 ლიტრი საწვავის ღირებულებიდან, დენის ან ბუნებრივი აირის გადასახადებიდან და ა.შ.

* ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად უნდა იქცეს სათანადო საზოგადოებრივი განწყობის, პოლიტიკური და, უპირველესად, სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა სხვა ქვეყნებში ასიათასობით გახიზნულთა დასაბრუნებლად სამშობლოში.

ამ ეროვნული ტკივილის შესამსუბუქებლად მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ “წელში გამართულ” ქართველ ბიზნესმენებს, რომლებშიც კვლავაც ძგერს პატრიოტული გული;

* საგანგებო პროგრამა უნდა შემუშავდეს ქართულ დიასპორებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, უცხოეთში გადახვეწილ ქართველებში პატრიოტული სულისკვეთების გასაღვივებლად. სამწუხაროდ, საქართველოს ვერც ერთი ხელისუფლება ამას სათანადოდ ვერ აცნობიერებდა და თითქმის არაფერს აკეთებდა ამ მიმართულებით; თურქეთსა და ირანს რომ თავი დავანებოთ, სადაც მილიონზე მეტი წარმოშობით ქართველი მოქალაქე ცხოვრობს, აქვე, მეზობელ და ჩვენდამი კეთილგანწყობილ აზერბაიჯანში, მცხოვრებ ინგილოებს ვერ მივხედეთ სათანადოდ. უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა საგრძნობი ნაწილი ხომ არა მხოლოდ მართლმადიდებელი, არამედ მუსლიმანიცაა, რაც ისტორიულმა კატაკლიზმებმა მოიტანა. მათ დიდ ნაწილს არავისზე ნაკლებად უყვარს საქართველო;

* აუცილებელია, ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებში ჩამოყალიბდეს ქვეყანაში მიმდინარე დემოგრაფიული პროცესების ანალიზის, მართვისა და კონტროლის, სხვა აუცილებელი ფუნქციებით, უფლებამოსილებითა და პასუხისმგებლობით აღჭურვილი და ეფექტიანად მოქმედი სტრუქტურები, მომზადდეს სათანადო კადრები.

* დასასრულ, ყველაზე მთავარი ქართული ეროვნული ცნობიერების გამოსაფხიზლებლად და კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ერის გადასარჩენად, ეს არის ჩვენი მასმედია. სრულიად ვეთანხმები ბატონ ანზორ თოთაძეს ქართული მასმედიის საქმიანობის კრიტიკულ შეფასებაში. საუბედუროდ, დღეს ჩვენი მასმედია (ძირითადად, ტელევიზიები) ანტიპოდურად მუშაობს _ გაუთავებლად ატრიალებს ინფორმაციას ამაზრზენი ფაქტების შესახებ (მკვლელობები, ჩხუბი, ძალადობა, გაუპატიურება, ქურდობა და სხვ.), საზოგადოებას ნეგატიურად განაწყობს, აჩვევს ამ არაადამიანურ ქცევებს და, გინდა არ გინდა, ერთგვარად ხელს უწყობს ამ საზიზღარი დანაშაულების გაუბრალოებას, ყოველდღიურ მოვლენად მათ აღქმას.

პრესის საგრძნობი ნაწილი, იმის ნაცვლად, რომ აქტუალურ ეროვნულ, პატრიოტულ საკითხებზე გააკეთოს აქცენტი, ხშირად ბინძური თემატიკითა და საძაგელი სიტყვებითაა გადავსებული. დაახლოებით ორი წლის წინათ ერთი საკმაოდ პოპულარული გაზეთის (შეგნებულად არ ვასახელებ) პუბლიკაციები ისე იყო გატენილი ბინძური, შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რომ ვეღარ მოვითმინე და გაზეთის ხელმძღვანელობას დავურეკე. მიპასუხეს, ეს ბინძური სიტყვები “ფეისბუქიდან” აღებულ ამონარიდებშიაო. როცა საგანგებოდ დავითვალე ეს ბინძური სიტყვები, აღმოჩნდა, რომ 67 უბინძურესი სიტყვიდან 29 იყო “ფეისბუქიდან” აღებული, ხოლო 38 ამ გაზეთის მიერ მომზადებულ სტატიებში ეწერა.

მასმედიამ, უპირველესად, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემებზე, საზოგადოებაში პატრიოტიზმისა და ეროვნული გრძნობების კონკრეტულ გამოხატვაზე უნდა გააკეთოს აქცენტები. რატომ არ შეიძლება ეროვნულ მოძრაობად, ერის გადარჩენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზად გამოვაცხადოთ ლოზუნგი: თუ პატრიოტი ხარ, ერი გიყვარს და მის მომავლზე პასუხისმგებლობას გრძნობ, შენს უპირველეს მოვალეობად, სულის ძახილად ჩათვალე, ერთი შვილით მეტი იყოლიო. აღასრულე ეს და გადაარჩენ საქართველოს!” ერის ტკივილი ფერტილურ ასაკში მყოფთა ნახევარმაც რომ მიიტანოს გულთან, დიდი ალბათობით, ეს დაახლოებით 100-200 ათასი ქართველის დაბადებას ნიშნავს, შესაბამისად _ ერის გადარჩენას.

ფართო საზოგადოების სათანადო ინფორმირებისა და მათი პასუხისმგებლობის ასამაღლებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს წამყვანი ტელეარხების მიერ ამ თემაზე კარგად ორგანიზებული და რეგულარული გადაცემების მოწყობას პროფესიონალების, ცნობილი საზოგადო მოღვაწეების, მეცნიერებისა და კულტურის წარმომადგენელთა და ახალგაზრდობის მონაწილეობით.

P.S. ქართველებო, დროა, გამოვფხიზლდეთ, თუნდაც ერთი შვილით მეტი გავაჩინოთ და გადავარჩინოთ საქართველო. თუ ასე არ მოვიქცევით, ისტორია და უფალი არ გვაპატიებს. ნუ დავუტოვებთ ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს ქვეყანას უცხოტომელებს, რომლებმაც უკვე შემოდგეს ფეხი ჩვენს მიწაზე.

მარად გვახსოვდეს:

სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა!”

სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა!”

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!”

ვაჟა გურგენიძე,

პროფესორი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტების ექსპერტკონსულტანტი

2 COMMENTS

  1. მივმართავ აკაკი ზოიძეს – მეოთხე შვილზე რომ 20 ლარს აძლევთ, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე კი 10 ლარს, რომელ ლოგიკაში ჯდება? მე–5, მე–6 და ა. შ. შვილები ხომ უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ვიდრე მე–4. ამიტომ გთავაზობთ პროგრესულ მეთოდს: მე–5 შვილზე მივცეთ 30 ლარი, მე–6 შვილზე 40 ლარი და ა.შ. თქვენ კი საჯარო ჩინოვნიკებო, თავი დაანებეთ საშვილთაშვილო ქონების დაგროვებას და იზრუნეთ ქვეყანაზე!

  2. Eris gamravlebis sakmaod cnobili da migebuli cxovrebis wesi arsebobs.Chvens qveyanashi sakmaod kargad mravldebian sxva rjulisa da sarwmunoebis mosaxleni….Marto patriotuli lozungebi ar kmara…unda amushavdes ideologiuri manqana romelic qartvel kacs gaudzlierebs sakutari tavis rwmenas…Rwmenas tavisi qveynisa da mshvenieri qartveli qalis mepatroneobaze…Unda imushaos rogorc sakanonmdeblo aseve religiurma institutebma…Gavadzlierot da wamyvani roli mivcet qartvel mamakacs..is tavad shedzlebs tavisi qveynis dacvasa da gamravlebas…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here