გამოვფხიზლდეთ, თორემ ბიძინას მსგავსი წამსვლელ–მომსვლელი არ დაილევა. სხვა ჩვენს საკეთილდღეოდ არავის მოიყვანს, ის ჩვენ უნდა მოვიყვანოთ!
ვნახოთ. მანამდე და უწინარესად კი, მინდა, შობა–ახალი წლის დღესასწაული მივულოცო ჩვენი ერისა და ქვეყნის კეთილისმსურველ და კეთილისმყოფელ საქართველოს ყველა მოქალაქეს. ჯანმრთელობა, სულიერი სიმხნევე, სიკეთის ქმნა და მომავლის რწმენა იყოს თქვენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი!
ივანიშვილის პოლიტიკიდან “წასვლის” საახალწლო სიურპრიზი, რომელიც ასე დრამატულად გვაცნობეს სახელისუფლო საინფორმაციო საშუალებებმა, ქვეყანაზე გავლენას არ იქონიებს არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად. იგი მხოლოდ ყვითელი მედიისთვის იქნება ნოყიერი საკვები და საზოგადოებასაც არ მოაკლდება ახალ-ახალი სენსაციური ამბები.
ივანიშვილი პოლიტიკაში თავისი ნებით არც მოსულა და არც მიდის. მან ამ ეტაპზე გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც დაგეგმა ხელისუფლებაში მისმა მიმყვანმა ძალამ.
როგორც საინფორმაციო საშუალებებმა გვაცნობეს, ივანიშვილმა თავის თხუთმეტგვერდიან წერილში ვრცლად ისაუბრა რვა წლის განმავლობაში “ქართული ოცნების” მიერ ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებზე. ერთგან გაკვრით ახსენა დაუძლეველი სიღარიბე და უმუშევრობაც.
საერთოდ, სახელმწიფო და მთავრობა იმისთვის არსებობს, რომ უზრუნველყოს ყველა მოქალაქისთვის კანონის უზენაესობა და ეკონომიკური კეთილდღეობა. თუ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის განმავლობაში მთავრობამ ვერ მოახერხა მოსახლეობის მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესება, მაშინ გაუგებარია, რა მიღწევებზე საუბრობს ივანიშვილი.
ერთადერთი “წარმატება”, რომელიც ივანიშვილს არ უხსენებია და მართლაც დიდი წარმატებაა იმ ძალისთვის, რომელსაც ამჟამად ჩვენი ხელისუფლება და ე.წ. ოპოზიცია სხვადასხვა ამპლუაში წარმოადგენენ, არის უნაკლოდ შესრულება მისი დაპირებისა “შუა უნდა გაიკრიფოს”.
ამ დაპირებამ მთელი ერი აღაფრთოვანა და ბრძოლის ჟინი ჩაუნერგა, რადგან შუაში ყველა უალტერნატივოდ გულისხმობდა “ნაციონალურ მოძრაობას” თავისი სატელიტებით. ბიძინა კი… ბიძინა, როგორც დრომ გვიჩვენა, შუის გარკეფვაში ეროვნული სულისკვეთების, პატრიოტული სახელმწიფოებრივი ძალის ჩანასახშივე განადგურებას გულისხმობდა. ჩვენდა სამწუხაროდ, ივანიშვილმა ეს დაპირება ისე მაღალ დონეზე და პროფესიონალურად შეასრულა, ისე უხმაუროდ გაკრიფა, რომ იქ თითქოს არც არავინ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში მათი ხმა და პროტესტი არავის სმენია.
ახლა კი მოკლედ იმაზე, სად და რატომ წავიდა ბიძინა: გლობალისტურ–ლიბერალური პოლიტიკური ძალა, რომელიც ამჟამად სრულად აკონტროლებს ჩვენს არა მხოლოდ პოლიტიკურ ცხოვრებას, არამედ ხელისუფლების ყველა შტოს და ასევე არასამთავრობო სექტორს, საქართველოში დღეს არ შემოსულა. მისმა გავლენამ თავი იჩინა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან, როდესაც შეძლეს გავლენის აგენტების ჩანერგვა პარტიულ საბჭოთა და სამართალდამცველ სტრუქტურებში. ისინი ყოველთვის, ყველა ეტაპზე მოქმედებდნენ შესაძლებლობების ფარგლებში. თუმცა, აღნიშნული ცალკე საუბრის თემაა.
ჩვენთან ყველა ცვლილება განხორციელდა ამ გლობალისტური ძალის მიერ დაწერილი სცენარით. ამ ცვლილებების ანატომიის ანალიზის საფუძველზე ვფიქრობ, რომ ივანიშვილის წასვლა განაპირობა შექმნილმა პოლიტიკურმა და სოციალურ–ეკონომიკურმა მოცემულობამ. კერძოდ, 30-წლიანი ეკონომიკური სტაგნაციის შედეგად მოსახლეობა სიღარიბის იმ დონეზეა დასული, რომ მეტის ატანა უკვე შეუძლებელია. კარს მომდგარი ეკონომიკური კრიზისი, რომლის აცილებაც შეუძლებელია, სავარაუდოდ, გამოიწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებასა და პროტესტს. იმის გათვლა, რა ფორმისა და მასშტაბის იქნება პროტესტი, შეუძლებელია. არ არის გამორიცხული, დღის წესრიგში დადგეს ხელისუფლების შეცვლის საკითხი. “ნაციონალური მოძრაობით” ან მისი განაყოფებით ჩანაცვლება შეუძლებელია (ტესტირება რამდენჯერმე ჩაატარეს) _ ამას ხალხი არ დაუშვებს. პოლიტიკური ასპარეზი “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გაკრეფილია.
არსებობს ალბათობა, რომ საყოველთაო უკმაყოფილების ფონზე სტიქიურად ჩამოყალიბდეს ეროვნულ-პატრიოტული პოლიტიკური ძალა და მოვიდეს ხელისუფლებაში. სიტუაციის არაორდინარული განვითარების ამ ან სხვა მსგავსი სცენარის თავიდან ასაცილებლად, სავარაუდოდ, მიიღეს გადაწყვეტილება ივანიშვილის აქტიური პოლიტიკური პროცესებიდან დროებით გარიდების შესახებ. სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში ყველაფერი დაბრალდება ხელისუფლებას (აღმსრულებელ მენეჯერებს) და საჭირო მომენტში კვლავ აქტიურ პოლიტიკურ ასპარეზზე დააბრუნებენ “პირუთვნელ” ბიძინას, რომელსაც, თითქოსდა პოლიტიკიდან “ჩამოშორებულს”, არ ხელეწიფებოდა პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა.
აღნიშნულ წერილში, ივანიშვილის მიერ “გაკრეფილი შუის” არმოხსენიება განპირობებულია იმით, რომ იგი დარწმუნებულია შუის (ეროვნულ–პატრიოტული სულისკვეთების, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური სუბიექტების) არამხოლოდ გაკრეფვაში, არამედ მათი სახსენებლის გაქრობაშიც კი. ცდებით, ბატონო ბიძინა!
ქვეყნის 30-წლიანი დაღმასვლის შემდეგ სრულიად საქართველოს მოსახლეობა, რომელიც ისეა გზააბნეული, რომ ვერ გაურჩევია სიკეთე ბოროტებისგან, სამართალი უსამართლობისგან, მტერი მოყვრისგან და ასე შემდეგ, მხოლოდ ერთ საკითხშია ერთსულოვანი _ ქვეყანაში ძირეული ცვლილებებია საჭირო.
დიახ, დღეს საზოგადოებაში დომინირებს აზრი, რომ ცვლილებებია საჭირო და ეს არის ის ნოყიერი ნიადაგი, რომელზეც უნდა აღმოცენდეს არსებული ლიბერალური პოლიტიკური ძალის საპირწონე, მისგან იდეოლოგიურად, რადიკალურად განსხვავებული მეორე პოლიტიკური ძალა.
გამოვფხიზლდეთ, თორემ ბიძინას მსგავსი წამსვლელ–მომსვლელი არ დაილევა. სხვა ჩვენს საკეთილდღეოდ არავის მოიყვანს, ის ჩვენ უნდა მოვიყვანოთ!
დავით სუხიაშვილი