ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში მომხდარი სისხლიანი შეტაკებების შემდეგ, სადაც ერთმანეთს სამხრეთელი გენერლის, რობერტ ლის, ძეგლის დემონტაჟის მომხრეები და მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ, შეერთებულ შტატებში მწვავე დაპირისპირება კვლავ გრძელდება. გაუაზრებელი კომენტარი ამ თემაზე პრეზიდენტ ტრამპს საკმაოდ ძვირი დაუჯდა. შარლოტსვილის ინციდენტს დაუკავშირდა, აგრეთვე, საინტერესო დისკუსია აშშ–ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებული უფლებების თაობაზე.
პირველი შესწორება გამორიცხავს სიტყვის, შეკრებებისა და პრესის თავისუფლების შეზღუდვას, მთავრობისადმი პეტიციებით მიმართვის აკრძალვას, აგრეთვე, ხელისუფლების მიერ რომელიმე რელიგიის მხარდაჭერასა და სახელმწიფო რელიგიის გამოცხადებას. ბოლო დროს ის აქტუალური იმიტომ გახდა, რომ შარლოტსვილის ინციდენტის შემდეგ, როდესაც ძეგლის ერთ-ერთი დამცველი მოწინააღმდეგეების რიგებში ავტომანქანით შეიჭრა, არაერთმა ლიბერალმა და მემარცხენე ავტორმა მოუწოდა ხელისუფლებას ულტრამემარჯვენეების დემონსტრაციების ჩატარების უფლების შეზღუდვისკენ. ისინი მიუთითებენ ევროპულ გამოცდილებაზე, რომ გარკვეული შეხედულებების დეკლარირება, მაგალითად, ჰოლოკოსტის უარყოფა, დასჯადია. ისინი ხშირად ადარებენ ერთმანეთს ნაცისტებისა და თანამედროვე ამერიკელი რასისტების ლოზუნგებს; საუბრობენ იმაზე, რომ სამოქალაქო ომის დროინდელი სამხრეთული სიმბოლიკა, უპირველესად კი _ კონფედერაციის დროშა, ნაცისტურთან უნდა გათანაბრდეს და ა.შ.
აქ მნიშვნელოვანია ამერიკისა და კონტინენტური ევროპის სამართლებრივ სისტემებს შორის სხვაობის გამოკვეთა. ევროპაში მსგავსი აკრძალვები ყოვლისმომცველ ხასიათს ატარებს, ხოლო აშშ-ში, სადაც სამართალი პრეცედენტულია, სასამართლომ ყოველი ახალი სადავო ეპიზოდი ცალკე უნდა განიხილოს და მხედველობაში მიიღოს სხვა, მსგავს შემთხვევებში გამოტანილი გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსამართლემ არ შეიძლება საპირისპირო ვერდიქტი გამოიტანოს.
დღევანდელი სიტუაციის შეფასებისას მნიშვნელოვანია 1977 წლის პრეცედენტის გახსენება. მაშინ ნეონაცისტურმა ,ამერიკის ნაციონალ-სოციალისტურმა პარტიამ მარშის ჩაატრება ჩიკაგოს გარეუბან სკოკიში დააპირა, სადაც არაერთი ჰოლოკოსტს გადარჩენილი ებრაელი ცხოვრობდა. ილინოისის საოლქო სასამართლომ დემონსტრაციის დროს ნაცისტური უნიფორმისა და სვასტიკის გამოყენება აკრძალა, მაგრამ ნეონაცისტებს დამცველები გამოუჩნდნენ: “ამერიკის სამოქალაქო უფლებების დაცვის კავშირმა” საჩივარი ჯერ სააპელაციო ინსტანციებში შეიტანა, შემდგომ კი _ უზენაეს სასამართლოში. ამ უკანასკნელმა კი დაასკვნა, რომ ნეონაცისტებს დაუყოვნებლივი აპელაციის უფლება შეუზღუდეს და საქმე ილინოისში დააბრუნა, სადაც სააპელაციო სასამართლომ შეზღუდვა ყველა სიმბოლოზე მოხსნა, სვასტიკის გარდა. მოგვიანებით, შტატის უზენაესმა სასამართლომ შეზღუდვა სვასტიკაზეც გააუქმა, რადგან მიიჩნია, რომ მისი გამოყენების აკრძალვა პირველი შესწორებით გარანტირებულ უფლებებს არღვევს.
ყველაზე საინტერესო და პარადოქსული ამ სიტუაციაში ისაა, რომ “ამერიკის სამოქალაქო უფლებების დაცვის კავშირი” არასდროს გამოირჩეოდა ნეონაცისტების მიმართ სიმპათიით, მისი წევრების უმრავლესობა მემარცხენე და ლიბერალი გახლდათ. ამ ეპიზოდს ორგანიზაციაში დიდი დაპირისპირება მოჰყვა, ის წევრთა 15%-მა დატოვა. მისი ხელმძღვანელი იმ პერიოდში არიე ნეიერი გახლდათ. ის 1937 წელს ბერლინში, ებრაელთა ოჯახში დაიბადა, 1939 წელს კი ნაცისტური გერმანიიდან ინგლისში გაიქცა. მიუხედავად ამისა, 1977-ში ნეიერი თავდაუზოგავად იბრძოდა ნეონაცისტების უფლებების დასაცავად, 1979-ში კი გამოსცა წიგნი “როგორ ვიცავდი ჩემს მტრებს”. ავტორი შეეცადა, აეხსნა, რომ პირველი შესწორების ერთგულება ნაციზმის გავრცელების საუკეთესო პრევენციაა.
განხილულ კონტექსტში, აგრეთვე, მნიშვნელოვანია საქმე “კოქსი ლუიზიანას შტატის წინააღმდეგ”. უზენაესმა სასამართლომ მაშინ დაადგინა, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია მიმართოს კანონით გათვალისწინებულ საგანგებო ზომებს, მაშინაც კი, თუ დემონსტრაციას პოტენციურად საშიშად მიიჩნევს, ვიდრე კანონდარღვევა არ მოხდება. ამასთანავე, მან გამოაქვეყნდა ვრცელი დასკვნა იმის თაობაზე, რა შეიძლება განიხილებოდეს პირველი შესწორების შეზღუდვად დემონსტრაციის ორგანიზების პროცესში (მოძრაობის გადაკეტვის პრობლემა და სხვ.). თუმცა, როგორც უკვე ითქვა, ამ პრეცედენტების არსებობა არ ნიშნავს, რომ დღევანდელ სიტუაციაში რომელიმე შტატის (ან უზენაესი) სასამართლო იდენტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
1920 წელს დაარსებული აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაცია “ამერიკის სამოქალაქო უფლებების დაცვის კავშირი” დღესაც ულტრამემარჯვენეების უფლებებს იცავს და ამის გამო მას ისევ მწვავედ აკრიტიკებენ, თუმცა პრობლემა ერთი ორგანიზაციის პოზიციაზე გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.
დიდი ხანია, მემარჯვენეები ჩივიან, რომ მასმედიის წამყვანი საშუალებები ლიბერალების ხელშია და ამის გამო კონსერვატიული ამერიკის ხმა ძალიან ცუდად ისმის. ისინი ოპონენტებს “ლიბერალურ დიქტატში”, განსხვავებული აზრის ჩახშობაში ადანაშაულებენ, მითუმეტეს, რომ ლიბერალი ავტორები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მოუწოდებენ ხელისუფლებას, მათ ოპონენტებს დემონსტრაციების ჩატარებისა და (მათი აზრით) ექსტრემისტული სიმბოლიკის გამოყენების უფლება შეუზღუდონ.
რაღაც მსგავსი ახლახან თბილისშიც ვიხილეთ: “ქართველთა მარშის” წინ ლიბერალური ჯგუფები ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ ხელისუფლება, რომ ოპონენტების წინააღმდეგ განსაკუთრებული ზომები უნდა მიეღო. ისინი სწორედ “პოტენციურ საშიშროებაზე” მიუთითებდნენ, მოითხოვდნენ საგანგებო პოლიციური ზომების გატარებას და აქციის ადგილის შეცვლასაც კი. მათი კომენტარებისა და კონტრაქციების ზოგადი სულისკვეთება მიუთითებდა იმაზე, რომ მათ სურთ არა იმედენად დისკუსიის გამართვა, რამდენადაც ოპონენტების გაჩუმება და მათი ამოშანთვა საინფორმაციო სივრციდან. ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგეს აპრიორი უწოდებენ “ფაშისტს”, წინა პლანზე საომარი რიტორიკა და მეთოდები გამოდის. ამ მხრივ, საქართველოსა და აშშ–ში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, თითქმის ერთი და იგივე ხდება, მაგრამ არის მნიშვნელოვანი სხვაობაც _ ძნელი წარმოსადგენია, საქართველოში მოიძებნოს ლიბერალური ორიენტაციის უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც ისევე პრინციპულად დაიცავს იდეური ოპონენტების ინტერესებს, როგორც ამას “ამერიკის სამოქალაქო უფლებების დაცვის კავშირი” აკეთებს.
დღეს დონალდ ტრამპს მწვავედ აკრიტიკებენ იმის გამო, რომ შარლოტსვილში მომხდარი შეტაკებების შემდეგ პასუხისმგებლობა ორივე მხარეს დააკისრა, ნამდვილი ქარიშხალი კი პრეზიდენტის შემდეგ ფრაზას მოჰყვა: “ამ ჯგუფში იყო რამდენიმე ძალიან ცუდი ადამიანი. მაგრამ ორივე მხარეს იყვენენ ძალიან კარგი ადამიანებიც”. ლიბერალები პრეზიდენტისგან მკაფიო შეფასებასა და ულტრამემარჯვენეების დადანაშაულებას მოითხოვდნენ. უკმაყოფილება როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა გამოხატეს. არაერთმა ბიზნესმენმა დატოვა ტრამპის მიერ დაარსებული საკონსულტაციო საბჭოები და პრეზიდენტი იძულებული გახდა, ისინი გაეუქმებინა. შარლოტსვილის მოვლენები გახდა “ბოლო წვეთი” ტრამპის და მისი ყოფილი მთავარი მრჩევლის, სტივ ბენონის, ურთიერთობის გასაწყვეტად (თუმცა ბენონის გადადგომას სხვა მიზეზებიც ჰქონდა). და ბოლოს, 27 აგვისტოს, ტელეკომპანია “ფოქს ნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა უპრეცედენტო განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ შარლოტსვილზე საუბრისას “ტრამპი საკუთარ პოზიციას აფიქსირებს”. სახელმწიფო მდივნის პრეზიდენტისგან ასეთ დისტანცირებას აშშ-ის უახლეს ისტორიაში ანალოგი არ აქვს. ტრამპის განცხადება უცხო ქვეყნებშიც დაგმეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა “უდიდესი შეცდომა დაუშვა”.
“ვაშინგტონ პოსტისა” და “ეი–ბი–სის” გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 56% უკმაყოფილოა შარლოტსვილის მოვლენებზე ტრამპის რეაქციით, 28% კი _ კმაყოფილი. პრეზიდენტის მომხრეები თვლიან, რომ მსგავსი გამოკითხვები მის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილია. თითქმის ყველა ექსპერტი მიიჩნევს, რომ განხეთქილება ამერიკელ საზოგადოებაში იზრდება, ასეთი მწვავე დაპირისპირება შტატებში ვიეტნამის ომისა და უოტერგეტის სკანდალის შემდეგ არ ყოფილა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კონტექსტში, ალბათ, იმ ადამიანების დემონიზაციაა, რომლებიც კონფედერატების ძეგლების განადგურებას არ ემხრობიან და ზომიერ კონსერვატიულ პოზიციებზე დგანან, რადგან მათ რადიკალ რასისტებთან და ნეონაცისტებთან ათანაბრებენ. თუ ტრამპი მათ წინააღმდეგ წავა, როგორც ამას ლიბერალური საზოგადოება მოითხოვს, მომავალ არჩევნებზე, დიდი ალბათობით, აღმოაჩენს, რომ მისი კონსერვატორი მხარდამჭერების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, და არჩევნებსაც წააგებს; მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ორ სკამზე ჯდომის სურვილმა პრეზიდენტი საშინელ სკანდალამდე მიიყვანა და ეს რეიტინგის ვარდნის ფასად დაუჯდა.
დონალდ ტრაპს ინაუგურაციიდან დღემდე არაერთგზის მიეცა შესაძლებლობა, პრინციპული პოზიცია გამოეხატა, მაგრამ ყოველთვის საპირისპიროს აკეთებდა – მის სკანდალურ სტატუსებს “ტვიტერში” მუდამ მოჰყვებოდა შემარბილებელი “დაზუსტებები” მომდევნო განცხადებებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თანმდევ კომენტარებში. ასე მოხდა შარლოტსვილის შემთხვევაშიც. ნაკლებად სავარაუდოა, ასეთმა ტაქტიკამ კონსერვატორების, და მითუმეტეს ლიბერალების, დამატებითი მხარდაჭერა მოუტანოს, უფრო პირიქით, _ აგვისტოში ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე _ 34 პროცენტამდე _ დაეცა. ექსპერტთა შეფასებით, მთავარი როლი ამაში “ძეგლების ომის” დროს გამოხატულმა პოზიციამ და ავღანეთში კონტიგენტის გაზრდის გადაწყვეტილებამ შეასრულა. გამორიცხული არც ისაა, რომ შარლოტსვილის მოვლენები გახდება ბოლო ზარი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის წინ, რომელზეც მისი ოპონენტები განუწყვეტლივ საუბრობენ.
ლუკა ნემსაძე