ეს მაინც მოხდა. აშშ-ის ხელისუფლებამ ჩინეთი დაადანაშაულა სინძიანის ოლქში ადამიანის უფლებების დარღვევაში და დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა ზამთრის ოლიმპიადას, რომელიც ჩინეთის დედაქალაქ პეკინში 2022 წლის 4-20 თებერვალს უნდა გაიმართოს. ამერიკას მიბაძა ავსტრალიამაც. ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ აშშ-ის მოკავშირე კანადა, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ის სატელიტი ქვეყნებიც.
ბევრს, ალბათ, მყისვე გაახსენდა ამერიკელების მიერ 1980 წელს, გაგანია ცივი ომის პერიოდში, მოსკოვის ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადება. მაგრამ, თავიდანვე ვთქვათ: ეს არ იქნება გასული საუკუნის 80-იანი წლების ვითარების განმეორება. ბოიკოტი ხმამაღალი ნათქვამია, ამერიკელი სპორტსმენები და სხვებიც 2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დასწრებაზე პათოსით ამბობენ უარს, ისინი, ვინც არც მიუწვევიათ.
ოლიმპიადისთვის დიპლომატიური ბოიკოტის გამოცხადებაზე აშშ 2021 წლის აპრილში ალაპარაკდა, მაისში კი ოფიციალური განცხადებით გამოვიდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელიც, პალატის სპიკერი ნენსი პელოსი. ზაფხულის განმავლობაში ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ოლიმპიადის სხვა ადგილზე გადატანას სთავაზობდნენ და შეჯიბრების ოფიციალურ სპონსორებს თავიანთი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდნენ.
ამ საკითხში აშშ-ს მხარს უჭერდნენ კანადა, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია და რამდენიმე უფლებადამცველი ორგანიზაცია. ამასთანავე, აშშ-ის ოლიმპიურმა კომიტეტმა დაგმო ქვეყნის ხელისუფლების მოქმედება და მკაცრად გამოვიდა ბოიკოტის წინააღმდეგ, მაგრამ 6 დეკემბერს თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენიფერ ფსაკიმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ოლიმპიადის დიპლომატიური ბოიკოტის შესახებ მიღებულია.
“ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ სინძიანში ადამიანის უფლებების დარღვევების გათვალისწინებით, ბაიდენის ადმინისტრაცია 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადასა და პარალიმპიადაზე დიპლომატიურ ან ოფიციალურ დელეგაციას არ გაგზავნის”, _ განაცხადა ფსაკიმ.
რა არის ბოიკოტის მიზეზი? ოფიციალური განცხადებების მიხედვით, ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევა, ლაპარაკია რეპრესიებზე უიღურებისა და სხვა ეროვნული უმცირესობების მიმართ, აგრეთვე, ჰონ-კონგში საპროტესტო აქციების სასტიკად დარბევაზე, ჩინეთის ხელისუფლება კი აშშ-ის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს.
საბედნიეროდ, ბოიკოტი მხოლოდ დიპლომატიურია. ამ შემთხვევაში ჩინეთში არ წავლენ აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები: პრეზიდენტი, სენატორები, მინისტრები და სხვა პოლიტიკური მოღვაწეები. სპორტსმენებისთვის შეზღუდვები არ არის დაწესებული და ეს მხოლოდ აშშ-ის ოლიმპიური კომიტეტის წყალობით. ოლიმპიადის ბოიკოტის შესახებ ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებისთანავე აშშ-ის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა სარა ჰირშლანდმა აშშ-ის კონგრესს გაუგზავნა წერილი, რომელშიც გაიხსენა 1980-იანი წლების ბოიკოტები და მოითხოვა, არ გადაექციათ ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშები გეოპოლიტიკური პრობლემების მოგვარების საშუალებად. “1980-იან წლებში სპორტსმენების მიერ გაღებულ მსხვერპლს არანაირი პოლიტიკური შედეგი არ მოუტანია. 1980 და 1984 წლების ოლიმპიურ თამაშებზე შეიბღალა ოლიმპიადების ისტორია და წარმოჩნდა, რომ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად ოლიმპიური თამაშების გამოყენება შეცდომაა “, _ დაწერა ჰირშლანდმა. ასე რომ, ამერიკელი სპორტსმენები წავლენ პეკინის ოლიმპიადაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ქვეყნის დიპლომატებმა, რა თქმა უნდა, უარი განაცხადეს პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე დასწრებაზე, მაგრამ საქმე ის არის, რომ ისინი იქ არც არავის მიუწვევია. ამის შესახებ რამდენიმე ჩინურმა მედიასაშუალებამ დაწერა. რამდენიმე დღის წინათ ეს ცნობილმა ინდიელმა ჟურნალისტმა და ყოფილმა დიპლომატმა მელკულანგარა ბჰადრაკუმარმა დაადასტურა. მისი თქმით, ბაიდენი იმედოვნებდა, რომ ჩსრ-ის ლიდერის, სი ძინპინის, მიერ მიწვეული სტუმრების სიაში აღმოჩნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან განსხვავებით ვლადიმერ პუტინი ოლიმპიურ თამაშებზე მიიწვიეს, თანაც ჯერ კიდევ სექტემბერში, ორიოდე დღის წინათ კი რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი აქტიურად განიხილავენ პეკინის ოლიმპიადაზე პუტინის შესაძლო ვიზიტის საკითხს. თანაც რუსეთს სულაც არ ადარდებს, თუ ოლიმპიადას ამერიკელი დიპლომატები არ დაესწრებიან.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ დიმიტრი სვიშჩეკს მიაჩნია, რომ აშშ თავისი მოქმედებებით თვითონვე სჯის საკუთარ თავს.
“აბსურდული გადაწყვეტილებაა. ამერიკის ოლიმპიური კომიტეტიც კი წინააღმდეგი იყო, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის დიპლომატიური კონფლიქტი სპორტის სიბრტყეში გადასულიყო. ვის სჯიან ამერიკელები?! _ საკუთარ თავს. ჩვენ კატეგორიულად არ მივესალმებით ამერიკელთა ქმედებას. მიგვაჩნია, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობაზე ზემოქმედების ასეთი მეთოდები დაუშვებელია”, _ განაცხადა სვიშჩეკმა. ანალოგიურ თვალსაზრისზეა რუსეთის ფედერალური საკრებულოს დეპუტატი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰოკეიში _ ვიაჩესლავ ფეტისოვიც: “ამერიკელი სპორტსმენები მიდიან პეკინში და ეს არის მთავარი. თუ ბოიკოტი სურთ, მათი ნებაა, მაგრამ სპორტში პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს. ის, ვინც ბოიკოტზე ფიქრობს, თავს უფლებას ართმევს, იყოს უდიდესი სპორტული ფორუმის მონაწილე. ისე, ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, იქნებიან თუ არა ამერიკელები ოლიმპიადაზე?”
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ბიატლონისტ ანფისა რეზცოვას აზრით, შექმნილი ვითარება ამერიკელ სპორტსმენებზე არ აისახება.
“არ წამოვლენ ოლიმპიადაზე და ნუ წამოვლენ. აშშ-ში ყოველდღე რაღაცას იგონებენ. ეს არ არის მთავარი საკითხი ოლიმპიადის წინ. ამერიკელი სპორტსმენების შედეგებზე, თამაშებზე ამ ქვეყნის ოფიციალური პირების არყოფნა არ აისახება. მართლაც, მნიშვნელოვანია, რომ სპორტსმენები წავლენ ოლიმპიურ თამაშებზე და მხოლოდ პოლიტიკოსები არ დაესწრებიან შეჯიბრებებს, მაგრამ, სამწუხაროა, რომ სპორტი ძალიან არის დამოკიდებული პოლიტიკაზე.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი აშშ-ს ოლიმპიადის ბოიკოტისთვის საკადრის პასუხს დაჰპირდა. “აშშ-ის გადაწყვეტილება სპორტში პოლიტიკის ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა. აშშ ზღავს თავისი მცდარი საქციელის გამო. ჭორებსა და სიცრუეზე დაფუძნებული იდეოლოგიური მოსაზრებებით თამაშებისთვის ხელის შეშლა მხოლოდ ააშკარავებს მის შავ-ბნელ ზრახვებს”, _ განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჩჟაო ლიძიანმა, თუმცა არ დაუზუსტებია, რა ზომების გატარებას აპირებს მისი ქვეყანა.
ოლიმპიური თამაშებისთვის ბოიკოტის გამოცხადების შემთხვევები
* თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ბოიკოტი პირველად გამოიყენეს 1956 წელს მელბურნის ოლიმპიადაზე _ ჩინეთმა უარი თქვა თამაშებში მონაწილეობაზე, მასში ტაივანის მიწვევის გამო. ჩინეთი ტაივანს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. შედეგად, ჩინეთი არ მონაწილეობდა 1960, 1964, 1968, 1972, 1978 წლების ოლიმპიურ თამაშებში, რადგან იქ ტაივანი იყო მიწვეული. სუეცის კრიზისის გამო 1956 წელს მელბურნის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადეს ეგვიპტემ, ლიბანმა და ერაყმა. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, აგრეთვე, ესპანეთმა, შვეიცარიამ და ნიდერლანდებმა. მიზეზი: უნგრეთში საბჭოთა კავშირის შეჭრა.
* 1978 წელს მონრეალის თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადა ტაივანმა იმის გამო, რომ კანადამ ტაივანის ხელისუფლება არ ცნო. ამ ოლიმპიადას ბოიკოტი, აგრეთვე, გამოაუცადა აფრიკის ბევრმა ქვეყანამ იმის გამო, რომ ამ ქვეყნების მორაგბეებმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ნაკრებთან ითამაშეს.
* 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადა ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი სატელიტების ბოიკოტით ჩატარდა (ოლიმპიადა გამოტოვა 67-მა ქვეყანამ) ავღანეთში საბჭოთა ჯარის შეჭრის გამო.
* 1984 წელს ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს სოციალისტური ბანაკის ქვეყნებმა, სულ 13-მა სახელმწიფომ.
* 1988 წელს კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ უარი თქვა სეულში გამართულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე, იმის გამო, რომ სეული არ დაეთანხმა თამაშების რამდენიმე სახეობის კსდრ-ის ტერიტორიაზე ჩატარებას. კსდრ-ს მხარი დაუჭირეს კუბამ, ეთიოპიამ და ნიკარაგუამ.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა