“საქართველო და მსოფლიოს” წინა ნომერში (#21, 2017 წ.) გამოვაქვეყნეთ ცნობილი ამერიკელი იურისტისა და პუბლიცისტის, რეზერფორდის სახელობის ინსტიტუტის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის _ ჯონ უ. უაიტჰედის სტატია “ამერიკული ტერორის ბატონობა: ხალხი იმკის იმას, რასაც თესავს”, რომელშიც ლაპარაკია აშშ–ის მთავრობის მიერ ტერორიზმის ხელშეწყობაზე და ჩამოთვლილია აშშ–ის მიერ ჩადენილი დანაშაულები.
ჯონ უ. უაიტჰეიდის წერილი მოვიყვანეთ იმის წარმოსაჩენად, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი, რბილად რომ ვთქვათ, ცდებოდა, როდესაც სამხედრო ექსპერტ ტრისტან წითელაშვილს ბრალდებას _ “აშშ-ის ელჩმა იმ დონეზე ითავხედა, პანკისის ხეობაში ავიდა და სირიიდან დაბრუნებულ “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლ ტერორისტებს შეხვდა”, ასე უპასუხა: “აშშ–ის მთავრობა ებრძვის ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას”.
დღეს ამ თემაზე გთავაზობთ სირიიდან ცოტა ხნის წინათ დაბრუნებული კანადელი პუბლიცისტის, მარკ ტალიანოს, წერილს “შემოქმედებითი ქაოსი” და ომი კაცობრიობის წინააღმდეგ. აშშ და ნატო ეხმარებიან “ისლამურ სახელმწიფოს”, რომელიც ინტერნეტრესურსმა Globalresearch-მა 30 მაისს გამოაქვეყნა.
“კანადის ხელისუფლება ეხმარება “ისლამურ სახელმწიფოს”. ასევე იქცევა ნატოც, აგრეთვე, სპარსეთის ყურის ქვეყნები, მათ შორის, ვაჰაბიტური საუდის არაბეთი და ისრაელი. სირიაში ომის დაწყებიდან 6 წლის შემდეგ ეს აშკარაა, მაგრამ არსებობს საინფორმაციო სააგენტოების კომპლექსური ქსელი, რომლებიც ეწევიან პროპაგანდას, რათა ეს ფაქტი დამალონ.
პროფესორი მოჰსენ მასარატი აშშ-ისა და საუდის არაბეთის მიერ შექმნილი და დაფინანსებული ორგანიზაციის შესახებ წერდა წიგნში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლის ფიქცია”: “ამერიკელი ნეოკონსერვატორები დიდი ხნის წინათ ლაპარაკობდნენ ახლო აღმოსავლეთში “შემოქმედებითი ქაოსის” პოლიტიკაზე. ამ ქაოსის შექმნა გულისხმობდა რეგიონში ამერიკის ბატონობას ბევრ “შეუმდგარ სახელმწიფოში” არასტაბილურობის შექმნის გზით. უფრო მეტიც _ ამ ტრაექტორიისკენ არის მიმართული ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ეთნიკური, რელიგიური და სამოქალაქო ომები”.
“შემოქმედებითი ქაოსი” ძალიან რბილადაა ნათქვამი. სინამდვილეში ეს ნიშნავს მასობრივ სისხლისღვრას და ადამიანების ფართომასშტაბიან განადგურებას.
ნატოს მიერ მხარდაჭერილი ტერორისტები, ავიადაბომბვები, რომლებსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ახორციელებს, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა–ჟლეტა, ინფრასტრუქტურის ნგრევა, მათ შორის, სკოლებისა და საავადმყოფოების _ ეს ყველაფერი ვნებს ეკონომიკას და ქმნის ქაოსს. ეს არის ის, რაც მათ სჭირდებათ. “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლა არის ცრუ საბაბი. “ისლამური სახელმწიფო” და სირიაში მოქმედი ყველა ტერორისტი მოქმედებენ ნატოს სტრატეგიით _ ახორციელებენ მასობრივ მკვლელობებს.
სამხედრო ოპერაციების შესახებ ყოველდღე გადმოცემული ახალი ამბები ზოგჯერ მალავს საერთო სურათს. “ისლამური სახელმწიფოს” სტრატეგიულ საშუალებად გამოყენების აშკარა მეთოდებზე წერს ჟურნალისტი შარამინ ნარვანი სტატიაში “დაანაწევრებსა თუ არა აშშ სირიას”: “ისლამურმა სახელმწიფომ” დაიპყრო სირიის აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთში ერაყის საზღვართან მდებარე რეგიონები. კოალიცია აშშ–ის ხელმძღვანელობით ამ ტერიტორიებზე რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდა, მაგრამ არაფერი მოუმოქმედებია “ისლამური სახელმწიფოს” დასასუსტებლად. აშშ–ის მიერ მხარდაჭერილი ქურთები საჭირო მომენტში წაიწევენ წინ ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად”.
ნარვანი წერს, რომ ამ ოლქებში ქურთები უმცირესობას წარმოადგენენ და ამიტომ “ისლამური სახელმწიფოს” არსებობა სტრატეგიულ საშუალებად იქცა ქურთებისა და აშშ-ისთვის.
“ამ რეგიონებში “ისლამური სახელმწიფოს” შეჭრა გამოკვეთს ამ ფორმირების მიერ შექმნილ ახალ საზღვრებს და ამცირებს მცხოვრებთა რაოდენობას. ამით ვაშინგტონს შესაძლებლობას უქმნის, მხარი დაუჭიროს ქურთებს, როგორც ძირითად “განმათავისუფლებელ” ძალას ამ ტერიტორიებზე. შემდეგ კი ქურთები შეძლებენ, განაცხადონ თავიანთი უფლების შესახებ ამ მიწებზე”, _ წერს ნარვანი.
“ეს არის დაპყრობა განთავისუფლების ნიღბით”, _ ამბობს ასირიელი მწერალი მაქს ჯოზეფი, რომელიც აღწერს, როგორ არ შეასრულეს დაპირება მოსახლეობის დაცვის შესახებ და როგორ განაიარაღეს ასირიელი ქრისტიანები და იეზიდები პეშმერგას ქვედანაყოფებმა 2014 წლის აგვისტოში, “ისლამური სახელმწიფოს” შეჭრამდე 2 კვირით ადრე, როგორც კი “ისლამურმა სახელმწიფომ” მიაღწია სინჯარსა და ნინევიას.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთიდან ტერორისტებისთვის იარაღის მიწოდებაზე, უკვე მრავალი წელია, არსებობს დოკუმენტები, დასავლეთი მაინც განაგრძობს ამ ფაქტების მიჩქმალვის სტრატეგიას.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში ახლახან ჩატარებული შემოწმების შედეგებმა აჩვენა, რომ ამერიკის არმიამ ვერ მოუარა, ვერ დაიცვა 1 მლრდ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა. ამას აღიარებს თვით არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International -ი, რომელიც, კარგა ხანია, დისკრედიტებულია, რადგან სირიაში მოქმედებდა აშშ-ის იმპერიული ინტერესების დასაცავად.
“თუ გავითვალისწინებთ აშშ-ის ჯარისკაცების ყოფნას მრავალრიცხოვან შეიარაღებულ დაჯგუფებებში, რომლებიც თავს “ისლამურ სახელმწიფოს” უწოდებენ და რომლებმაც ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს ერაყში, ვითარება საგანგაშოა”, _ აღიარებს Amnesty International-ი.
ბუნებრივია, აშშ უარყოფს, რომ “ისლამურ სახელმწიფოსა” და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს იარაღს მიზანმიმარულად აწვდიდა, მაგრამ არსებობს უამრავი პირველწყარო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ტერორისტებს იარაღით დასავლეთი ამარაგებს.
მიუხედავად პროპაგანდისა და სამხედრო ოპერაციებისა, რომელთა ხასიათი და მიზანი გაურკვეველია, ახლა სრულიად გასაგებია, რომ ე.წ. ომი ტერორიზმის წინააღმდეგ არის ტყუილი, რომლითაც დასავლეთი ცდილობს, მიჩქმალოს მძიმე დანაშაულები, ჩადენილი საერთაშორისო სამართლის, ცივილიზაციისა და კაცობრიობის წინააღმდეგ.
აშშ–ის თავდაცვის სამინისტროს ახლახან გასაჯაროებული მასალების მიხედვით, რომლებიც ხელში ჩაუვარდა Amnesty International –ს, ამერიკის არმიას მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღი და აღჭურვილობა დააკლდა ერაყსა და ქუვეითში. 2016 წლის სექტემბერში სახელმწიფო შემოწმებამ გამოავლინა, რომ “პენტაგონს არ აქვს ზუსტი მონაცემები ერაყსა და ქუვეითში ერაყის არმიის შესაიარაღებლად ჩატანილი დიდი რაოდენობით იარაღის ადგილმდებარეობაზე”.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა