ნიკოლოზ ტიხონოვი რამდენიმეჯერ სტუმრობდა საქართველოს, მოიარა სვანეთი, დაღესტნიდან კახეთში გადასულა. როცა სიღნაღში მაღლიდან ალაზნის ველისთვის გადაუხედავს, თბილისში ჩამოსვლისას აღტაცებით ყვებოდა თურმე ამაზე.
უყვარდა თბილისში მეგობრებთან ყოფნა, რომლებიც სულით და გულით ხვდებოდნენ. დადიოდა თეატრებში, მუზეუმებში, ეცნობოდა თბილისის გარეუბნებს. იგი მონაწილეობდა მრავალ წამოწყებაში, დღესასწაულში, იყო ქართველი ხალხის ჭირისა და ლხინის თანაზიარი. 1937 წელს ლენინგრადში მოეწყო ტიციანის პოეზიის საღამო. ამ საღამოს ორგანიზატორი, ხელმძღვანელი და სულის ჩამდგმელი სწორედ ტიხონოვი გახლდათ. საღამოს გახსნისას მან წარმოთქვა თბილი სიტყვა, რომელიც შემდეგ შევიდა ნინო ტაბიძის მოგონებათა კრებულში “ტიციანი და მისი მეგობრები”.
“არ შეიძლება, ილაპარაკო ქართულ პოეზიაზე და არ შეიძლება ჩასწვდე მას, თუ თქვენ სრულყოფილად არ იცნობთ საქართველოს, _ აღნიშნავს ტიხონოვი. _ ეს საუცხოო ქვეყანაა. ის ადამიანს ისე პოეტურად გადაეშლება ხოლმე, როგორადაც ლექსებში, სინამდვილეში იხსნება სახე. როცა ერთხელ ერთ მოხუც მოგზაურს ვესაუბრე, ცენტრალური და შუა აზიის ერთ-ერთ შესანიშნავ მკვლევართაგანს, ამ მოხუც კაცს არწივივით უფართოვდებოდა თვალები, როცა ყვებოდა ახალგაზრდობაში პრჟევალსკისთან ერთად დაწყებულ მოგზაურობებზე. იგი ლაპარაკობდა მწვერვალებზე, რომლებზედაც ადამიანი სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა დადგეს. მოხუცი ერთ უღელტეხილს ასახელებდა, რომელსაც კაცი მონღოლეთიდან ტიბეტში გადაჰყავდა. იგი ამბობდა: “მთელი ტიბეტი თქვენ ფეხქვეშაა, ეს ისეთი სურათია, რომელიც სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა იხილო”.
მესმის ამ კაცის ექსტაზის. მესმის მისი და გარწმუნებთ, თუ გომბორის უღელტეხილზე დადგებით, გლორიას თავდაღმართზე, ან ლატბარის უღელტეხილზე, იქიდან იხილავთ ბუნების ისეთ უჩვეულო ქმნილებებს, რომელიც სამუდამოდ აგიფორიაქებთ სულსა და გულს.
მე ვიცნობდი ადამიანს, რომელსაც დრო არ ჰქონდა დიდი მოგზაურობებისათვის, მაგრამ იგი მიდიოდა ლატბარის უღელტეხილამდე, იქ ორ საათს იდგა და უკანვე ბრუნდებოდა მოსკოვში. მას მეტი დრო არ ჰქონდა და ესეც ჰყოფნიდა. მე გეტყვით, თქვენც გეყოფათ.
…როცა თქვენ სამეგრელოში მიდიხართ, მთიდან დაშვებისას, ხედავთ ამ მხარის ბარაქიან მშვენიერებას. როცა თქვენ ტიციან ტაბიძის სამშობლოში ჩადიხართ, ორპირის უკიდეგანო ველებზე, როცა ხედავთ მთიან მწვერვალებს და ზესტაფონის ფერომანგანუმის ქარხანას, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქარხნისაგან განსხვავებით, უჩვეულო, ჯერარნახული ფრესკები აქვს, რადგან ისინი კედლებზე არაა მიხატული, იქ არ არის ფანჯრები, მის ნაცვლად უზარმაზარი სიცარიელეებია და მათ მიღმა თქვენ ხედავთ მთიანი ქედების პეიზაჟებს _ მშვენიერს, სრულიად განსაცვიფრებელს.
ქართველი პოეტები ვერ იარსებებდნენ, რომ სიტყვა “პოეზია”, რომ შეგრძნება, რომელსაც ჩვენ პოეტურ განცდად და მის აზრად ვნათლავთ, ამ ქვეყნის ბუნებასა და ამ ხალხის სულში არ ცოცხლობდეს.
დიახ, ჩვენ გვგონია, რომ ვიცით, ვინ არის ქართველი თამადა, მაგრამ სინამდვილეში არ ვიცით! ქართველ თამადას რომ იცნობდე, ამისთვის ხალხში გასვლაა საჭირო, გლეხთან ერთად სმაა საჭირო და, როცა ქართველ გლეხს დაინახავ, კაცს, რომელიც სადღეგრძელოს საუკუნეების განმავლობაში არსებული თამადობის წესით წარმოთქვამს, ამ ბუნებასთან შეზრდილი კაცის სიბრძნით, თქვენ მისი გშურთ, გშურთ იმიტომ, რომ იგი ლექსს იქვე ამბობს და არც იწერს. მას ცის, მთების, ტბების განსაკუთრებული განცდა ძალუძს. იგი ამბობს: შევსვათ ამ ცის სადღეგრძელო, სეტყვას რომ გვიგზავნის. ჩვენს ვენახს რომ სეტყვავს; ამ მთების, ჩვენთვის ასე საჭირო წვიმას რომ აკავებს, სულერთია, მათი დღეგრძელობისა შევსვათ.
მახსოვს ასეთი შემთხვევა _ ჩვენ სწრაფად ვეშვებოდით ერთი მთიდან, დაბლა რაღაც სახლი მოჩანდა, იქვე კაცი იდგა. ვერ გაარჩევდით, რას აკეთებდა, ჩვენ ძალიან მაღლა ვიყავით. როცა დაბლა დავეშვით, დავინახეთ, რომ კაცი წიგნს კითხულობდა. იგი მარტო იყო, წინ ძაღლი ეჯდა. როცა მივუახლოვდით, გაირკვა, რომ ხმამაღლა კითხულობდა ლექსებს. ეს მედუქნე იყო, იგი სტუმართმოყვრულად შეგვეგება. ვკითხეთ, რას კითხულობდა. მან თქვა, რომ ეს ბრწყინვალე ლექსებია ძაღლზე. ეს ჩემი ძაღლია და ლექსებს ვუკითხავო. როცა გულწრფელობისა და გულალალობის ასეთი შეგრძნება ცოცხლობს ხალხში, შესანიშნავია. თანაც ხალხი საოცრად განსაცვიფრებელია. მას უკიდურესად მძიმე ისტორია აქვს, წარსულში ცუდი დღე ადგა. მან, როგორც არავინ, გაუძლო იმდენ გაჭირვებას, რამდენიც სხვა ხალხს ქედს მოახრევინებდა, მაგრამ ამ ერმა უჩვეულო ხალხი გამოზარდა. ამავე ხალხმა შექმნა, რა თქმა უნდა, ის პოეზია, რომელთანაც მჭიდრო კავშირში ცხოვრობენ ქართველი პოეტები.
…სხვა ქვეყნებში პოეზია საზოგადოების კულტურის ნაწილი იქნებოდა, აქ კი ამ ქვეყნის ყოველდღიურობაა. აქ, ქართულ პოეზიაში, ტიციანისეულ ლექსში, ისეთი ჭეშმარიტი საგნები მოიძევება, რომლებიც პოეტური შემოქმედებისა და ძალიან დიდი სივრცეების განცდას გვაზიარებს. უპირველესად, აქ არის ის, რაც ყოველთვის იყო აუცილებელი, აქ არის გულწრფელობა. რა არის ჩემთვის გულწრფელობა? ეს ისტორიასთან კავშირია, ადამიანისა და ქვეყნის ბიოგრაფიის ის აუცილებელი შერწყმაა, რომელშიც იგი ცხოვრობს. ის, რომ თქვენ არ ძალგიძთ, გამოჰყოთ მომენტები, როცა ამბობენ: აი, ეს დაწერილია სხვებისთვის, ეს _ თავისთვის, ეს კი _ გაზეთებისთვის. არა, ეს ყველაფერი ისე მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, რომ ვერ დააცილებ.
ავიღოთ ასეთი რამ: არის კახეთისაკენ მიმავალი გომბორის უღელტეხილი. ყველა ქართველ პოეტს აქვს ამ უღელტეხილისადმი მიძღვნილი ლექსი. ეს შემთხვევითი როდია, და ეს შეჯიბრება არ არის, _ მე იმასვე დავწერ, რაც სხვამ დაწერა, მაგრამ დავწერ სხვანაირად, _ ეს აუცილებლობაა, ეს ამ მხარის განცდაა, ქვეყნის ეროვნული შეგრძნებაა”.
P.S. ნინო ტაბიძისაგან:
…ლენინგრადში ყოფნისას ჩვენ ყოველთვის შევივლიდით ტიხონოვებთან, რომლებიც თავისთან, ვასილევის კუნძულზე, გვეპატიჟებოდნენ. მათ ოჯახში ყველა შინაურულად გრძნობდა თავს. მარიამ კონსტანტინეს ასული ოჯახში ყველას თბილად და ალერსიანად ხვდებოდა. აქ შეხვდებოდით დამწყებ და მთელი ქვეყნისთვის ცნობილ მწერლებს. დრო მხიარულად და ლაღად ილეოდა. მარიამ კონსტანტინეს ასულის დები საუცხოოდ მღეროდნენ. კატაც კი, რომელსაც სათვალეს უკეთებდნენ, თითქოს საერთო მხიარულებაში მონაწილეობდა.
როცა ჩვენ პირველად მივედით ტიხონოვებთან, ნიკოლოზ სიმონის ძე კითხულობდა ტიციანის, გიორგი ლეონიძისა და სხვა ქართველი პოეტების ლექსების საკუთარ თარგმანს. ძალზე საოცარი იყო, რომ ზოგი მათგანი მარიამ კონსტანტინეს ასულმა უკვე ზეპირად იცოდა.
ტიციანის დაღუპვის შემდეგ ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ თბილისსა და მოსკოვში. ერთხელ მწერალთა კავშირში ლიტერატურული საღამოს შემდეგ ტიხონოვი, ლეონიძე და მე ნატო ვაჩნაძესთან წავედით. ნატოსთან იყო ტიციანის გიმნაზიის წლების ამხანაგი, შემდგომ კი ჩემი უახლოესი და მშობლიური მეგობარი, მთარმნელი ფატმა ანტონის ასული თვალთვაძე, ტიხონოვი რაღაც უჩვეულო თბილი ნაღველით იგონებდა ტიციანს, კოლია შენგელაიას (ნატოს ქმარს), მერე კი საქართველოზე თავისი დაუბეჭდავი ლექსები წაიკითხა. ჩვენ მონუსხულივით ვუსმენდით, თვალები ცრემლით გვქონდა სავსე. როცა კითხვა დაამთავრა, მღელვარებისაგან სიტყვის თქმაც კი ვერ შევძელით. დილის ოთხი საათი იყო. მოგონებებით შეპყრობილებმა ბევრი რამ ხელახლა განვიცადეთ და ვერ ვიგრძენით, როგორ გავიდა დრო.
მომზადდა წიგნიდან “ტიციანი და მისი მეგობრები”,
თბილისი, 1985