რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ხატოვნად თუ ვიტყვით, “ხელის ერთი მოსმით” დაამთავრა აზერბაიჯან–სომხეთს შორის გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომი, რომელსაც 44 დღის განმავლობაში ორივე მხრიდან ათასობით სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა _ ზუსტად რამდენია ეს “ათასობით”, არავინ იცის, რადგან ზუსტ ინფორმაციას ორივე მხარე მალავს, მაგრამ დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტები ამტკიცებენ, რომ 44-დღიან ომში დაახლოებით იმდენი სამხედრო და “მშვიდობიანი” მოქალაქე დაიღუპა, რამდენიც თავის დროზე სსრკ–მა 10 წლის განმავლობაში დაკარგა ავღანეთში?! რატომ წინწკლებში “მშვიდობიანი”? _ ამ ომის უცნაურობის ხაზგასასმელად.
მიუხედავად ზემომოყვანილი საზარელი ციფრებისა, ამ ომში სამხედრო ტყვეები, როგორც ასეთი, ორივე მხრიდან, პრაქტიკულად, არ არსებობენ, რაც ერთი შეხედვით საკვირველია, მაგრამ, თუ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა ხოცვა-ჟლეტას გავიხსენებთ, როცა თურქმა იანიჩრებმა და ასკერებმა მილიონ-ნახევარი სომეხი ერთ ღამეში დიდიან-პატარიანად ამოჟუჟეს, მაშინ არც ტყვეების არარსებობა გაგვიკვირდება _ როგორც ამბობენ, აზერბაიჯანელებიც და სომხებიც ტყვედ ჩავარდნილებს, უბრალოდ, ხვრეტდნენ და ახლა, როდესაც რუსების წყალობით მთიან ყარაბაღში ჯერჯერობით ყოველგვარი საომარი ქმედებები შეწყდა (ჯერჯერობით, რადგანაც 99%-ანი ალბათობით ეს ამბები ასე “მარტივად” ვერ და არ დამთავრდება, თუმცა ამაზე ქვემოთ), ორივე მხარე მხოლოდ დაღუპულთა გვამების გაცვლა-გამოცვლით არის დაკავებული, რადგან (რუსული სიტყვების გამო ქართველ რუსოფობებს ჩემი პიონერული სალამი! მით უმეტეს, რომ სამშობლოსა და მშობლიური ენის ამგვარი “ღალატი” ქვემოთაც მომიწევს), როგორც დიდმა სტალინმა განაცხადა 1941 წლის ნოემბერში (ანუ, როდესაც გერმანელი ფაშისტები უკვე მოსკოვის გარეუბნებს უტევდნენ) მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურში გამართულ მიტინგზე განაცხადა: “Это война на уничтожение”…
ამ ორი ეთნოსის შერიგება, მით უმეტეს გვერდიგვერდ მშვიდობიანი ცხოვრება (როგორც ეს გენიალური სტალინის მიერ აშენებულ სსრკ-ში იყო) დღეს და, ვფიქრობ, შორეულ ისტორიულ პერსპექტივაშიც კი, პრაქტიკულად, გამორიცხულია.
სომხებისა და აზერბაიჯანელების “მეგობარი” ევროკავშირი თუ ცალკეული სუპერსახელმწიფოების პირველი პირები, ერთი მხრივ, აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტს, მარაზმატიკ ჯო ბაიდენს, მისალოც დეპეშებს უგზავნიდნენ და, მეორე მხრივ, კავკასიაში ომის მონაწილეების მიმართ ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტაზე არაფრის მაქნის მოწოდებებს აკეთებდნენ, რუსეთის პრეზიდენტს კი ჯო ბაიდენისთვის არ მიულოცავს (ამან ლიბერასტული მსოფლიოს აღშფოთება გამოიწვია), რადგან აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯერჯერობით მარცხი არ უღიარებია. რუსეთის პრეზიდენტი კონკრეტული საქმით იყო დაკავებული _ პუტინმა კაბინეტიდან გაუსვლელად მოახერხა ფაშინიან–ალიევის დათანხმება ყარაბაღში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე და მსოფლიომ შესაბამის დოკუმენტზე მხარეთა ხელმოწერის ამსახველი კადრები იხილა. ეს ყველაფერი ვლადიმერ პუტინმა ევროკავშირისა და აშშ–ის მონაწილეობის გარეშე მოახერხა.
ვიმეორებ: ეს უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის უმაღლესი დონის მრავალსაათიანი მოლაპარაკებები, მხარეთა ფიზიკური კონტაქტის გარეშე, ვიდეორანდევუს რეჟიმში მიმდინარეობდა და ამავე რეჟიმში, მხარეთა საკუთარი კაბინეტებიდან გაუსვლელად (მოლაპარაკებების, მით უმეტეს ასეთი ისტორიული მნიშვნელობის მსგავს ფორმატში ჩატარება, ჩემი აზრით, დღემდე უპრეცენდენტო რამ იყო) მოხდა დოკუმენტზე ხელმოწერა.
რუსეთის პრეზიდენტის სიტყვა და საქმე რომ ერთია, ეს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ვლადიმერ პუტინმა გაოცებულ მსოფლიოს _ ხელმოწერილ დოკუმენტზე მელანი ჯერ გამშრალი არ იყო, რომ იმავე დღეს, გამთენიისას, რუსეთის სამშვიდობო ძალების ყარაბაღში გადასროლის ოპერაციის პირველი ეტაპი დაიწყო _ რუსეთის გიგანტური სამხედრო სატრანსპორტო 20 თვითმფრინავი აიჭრა ცაში და მთიან ყარაბაღში ჩაყვანილმა, უახლესი ტექნიკით აღჭურვილმა სამხედროებმა მყისიერად დაიწყეს პირველი ე.წ. ბლოკპოსტების მოწყობა-განლაგება და ეს პროცესი დღეს უკვე დასრულებულია. რაც მთავარია, მას შემდეგ ტყვია არ გავარდნილა…
ერთი მხრივ, ომის გამო ყარაბაღიდან დევნილი სომხების საკუთარ საცხოვრებლებში უსაფრთხოდ დაბრუნება დაიწყო და, მეორე მხრივ, 30 წლის წინათ სომხებისგან დევნილი მილიონამდე ადამიანის დაბრუნების პროცესიც უნდა დაიწყოს ყარაბაღის გარშემო სომხების მიერ ოკუპირებულ შვიდ რაიონში, რომლებიც, ზემოხსენებული დოკუმენტის თანახმად, ერევანმა ნოემბრის ბოლომდე უნდა დაუბრუნოს ბაქოს.
მაგრამ სად უნდა დაბრუნდნენ აზერები, როდესაც ათეული წლების მანძილზე დიდ-პატარა ლოკალური შეტაკებების შედეგად, აზერბაიჯანისთვის გადასაცემი რაიონები თითქმის მთლიანად მიწასთანაა გასწორებული, ხოლო გადარჩენილ თუ 30 წლის განმავლობაში უკვე სომხების მიერ აშენებულ სახლებს თავად სომხებივე წვავენ, რათა იქ მათი ისტორიული მტრები, აზერები, არ შესახლდნენ!
რუსეთის მთავარი ამოცანა შესრულებულია _ რამდენიმე დღეში კი არა, შეიძლება რამდენიმე საათში აზერბაიჯანელები, რომლებმაც გაიმარჯვეს სომხებთან ომში, მთიან ყარაბაღს სრულად აიღებდნენ, რადგან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისას ბრძოლები სტეფანაკერტიდან 4-5 კილომეტრში მიმდინარეობდა, რომ არა პუტინის მიერ გაკეთებული, როგორც რუსები იტყვიან, “Ход конём” (ვისაც ჭადრაკი ოსტაპ ბენდერის დონემდე მაინც ესმის, მისთვის გასაგებია, რაც იგულისხმება საჭადრაკო ფიგურა “მხედრის” სვლაში. ხოლო ვისთვისაც ჭადრაკი ჩინურია, მათთვის მცირე განმარტებას გავაკეთებ _ საჭადრაკო დაფაზე მხედრის უცნაური, ზიგზაგური სვლები ხშირად ისეთ მოულოდნელ ვითარებას ქმნის, რომ მოჭადრაკეს დანებების მეტი არაფერი დარჩენია…).
ვლადიმერ პუტინმაც, თუ ისევ ჭადრაკის ენით ვიტყვით, თავისი მხედრით ე.წ. ჩანგალი გააკეთა. ერთი მხრივ, ყარაბაღის ის ნაწილი შეუნარჩუნა სომხეთს, რომლის შენარჩუნებაც დღევანდელი მოცემულობით იყო შესაძლებელი, ხოლო, მეორე მხრივ, თურქეთის ჯარების ყარაბაღში შესვლა გახადა შეუძლებელი და ერდოღანი სიმწრით კბილების კრაჭუნით რუსეთ-თურქეთის ერთობლივი დამკვირვებლის სტატუსს დასჯერდა. ამ დამკვირვებლების სათავო ოფისი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იქნება განთავსებული…
ვლადიმერ პუტინის “Õრლ კრნჰს”-ის გამო ყარაბაღში ომი შეწყდა და იქ ხალხი აღარ იღუპება, რაც, ვფიქრობ, ამ ეტაპისთვის საკმარისზე მეტიცაა და მეორე _ რომ არა რუსეთის პრეზიდენტის დროული ძალისმიერი პოლიტიკური “ჭადრაკი”, დღეს მთიან ყარაბაღს მთლიანად აზერბაიჯანელთა შეიარაღებული ძალები დაიკავებდნენ და იქ სომეხთა ალი-კვალი სამუდამოდ წაიშლებოდა…
მთიან ყარაბაღის კონფლიქტი მშვიდობის დამყარებისთვის, ყოველგვარი ირონიის გარეშე, რუსეთის პრეზიდენტს ნობელის პრემია ეკუთვნის მშვიდობის დარგში, მაგრამ ბოლო პერიოდში ნობელის პრემიით ომების გამჩაღებელი და ფერადი რევოლუციების მომწყობი აშშ-ის პრეზიდენტებს აჯილდოებენ, რაც, უსამართლობასთან ერთად, ენით აუწერელი ცინიზმია.
სიტყვამ მოიტანა და აქვე ვიტყვი _ იმ ქვეყნებმა, რომლებშიც სოროსისტულმა ძალებმა ე.წ. ფერადი რევოლუციის მოწყობა შესძლეს _ სერბეთმა, საქართველომ, არაბულმა სახელმწიფოებმა _ ტერიტორიები დაკარგეს (აყვავებული იუგოსლავია ნატოს “ჰუმანიტარული დაბომბვების” შედეგად ხომ მარტივ მამრავლებად დაიშალა?!) და ესეც არ იკმარეს _ მსოფლიო ლიბერასტული ძალების (წაიკითხე აშშ) მიერ ქვეყნების სათავეში ე.წ. გავლენის აგენტების დასმის “წყალობით” მართლმადიდებელმა სერბეთმა კოსოვო, რუსეთის მართლაც მოძმე მართლმადიდებელმა უკრაინამ ყირიმი, დონბას-ლუგანსკი, საქართველომ სოხუმ-ცხინვალი, დიდი ალბათობით, სამუდამოდ დაკარგეს და აგერ სომხეთი _ რომ არა რუსეთის პრეზიდენტის მოულოდნელი “Ход конём”, სოროსის გველის წიწილი მთიანი ყარაბაღის იმ ნაწილსაც ჩააბარებდა ბაქოს, რომლის გადარჩენაც შეძლო ვლადიმერ პუტინმა.
სიტყვა “პირადად” იმის ხაზგასასმელად გამოვიყენე, რომ, ჩემი აზრით (იმედია, არა მხოლოდ ჩემი), რუსეთის პრეზიდენტი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე გავლენიანი, ავტორიტეტული და “უშიში, ვითარცა უხორცო” პრეზიდენტია და უფრო მეტიც, საზოგადოდ, კონსერვატიულ-ტრადიციულ ღირებულებათა შეუვალი დამცველი. აქედან გამომდინარე, “დაჩმორებული” დასავლეთის ქრისტიანულ-ტრადიციულ ღირებულებათა მიმდევარი მოსახლეობის (რომელიც დასავლეთის ნებისმიერ ქვეყანაში უმრავლესობაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მცირე რაოდენობის ლიბერასტების მიერ ყოველმხრივ შევიწროებული და მართული) ერთადერთი იმედიცაა _ ეს ყველაფერი ვლადიმერ პუტინის მიმართ დითირამბების აღვლენა კი არა, უეჭველი ფაქტია, თუმცა ამაზე ქვემოთ. ახლა ისევ წინამდებარე წერილის მთავარ თემაზე:
სოროსისტების, გნებავთ, ე.წ. ლიბერალების გავლენის აგენტი ნიკოლ ფაშინიანი ორი წლის წინათ სომეხი ხალხის უმრავლესობამ, რომ იტყვიან, “ხელში ატატებული” შეიყვანა პარლამენტის შენობაში და პრემიერის სავარძელში ჩააბრძანა (ზუსტად ისე, როგორც ქართველებმა აშკარად შეურაცხადი სააკაშვილი ე.წ. ვარდების რევოლუციისას ავიტაცეთ ხელში).
ნიკოლი და მიშიკო გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს, რადგანაც ორივეს ერთი პატრონი, გნებავთ, მბრძანებელი ჰყავთ აშშ-ის ლიბერალური ძალების სახით და ამიტომ ორივემ ერთი დავალება მიიღო _ თავიანთ ქვეყნებში აღვირახსნილი რუსოფობიის გაღვივება და, აქედან გამომდინარე, რუსეთის გავლენის სფეროდან გასვლა აშშ-ის სასარგებლოდ!
სააკაშვილმა, საბჭოური ტერმინის მიხედვით, პირველი ხუთწლედის გეგმა გადაჭარბებით შეასრულა _ რესტორნებში რუსული სიმღერები აკრძალა და ამ ტაბუს დარღვევისთვის პატიმრობაც არ იყო გამორიცხული. რაც მთავარია, პოლიტიკურმა სიამის ტყუპმა “მთავარი დავალება” უნაკლოდ შეასრულა _ ერთმა სოხუმ-ცხინვალი გაყიდა, მეორემ _ მთიანი ყარაბაღი…
ნიკოლ ფაშინიანმა, პირველი, რაც გააკეთა იყო ის, რომ დიდ სამამულო ომში გამარჯვების აღსანიშნავი “გოიმური” 9 მაისის დღესასწაული, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების აღსანიშნავი უფრო “სვეტსკი” 8 მაისით ჩაანაცვლა; მასობრივად დახურა რუსული სკოლები; სკოლებიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან გაყარა პრორუსულად, ანუ ეროვნულად მოაზროვნე პედაგოგები; ძალოვანი სტრუქტურებიდან დაითხოვა მეტ-ნაკლებად პრორუსული (წაიკითხე, ეროვნული) კადრები; დააპატიმრა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი და ა.შ. ყველაფრის ჩამოთვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ, რადგან, სამწუხაროდ, ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს 17-18 წლის წინათ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (უნდა ვაღიარო, რომ მათ შორის მეც ვფიქრობდი _ შევარდნაძეზე უარესი, რა უნდა იყოს-მეთქი, მაგრამ) მიშა-მიშას ბღაოდა.
თუ კონსტანტინე გამსახუდიას დიდებულად ნათქვამის პერიფრაზს გავაკეთებ (რაც წინამდებარე წერილის სათაურადაც გამოვიყენე), გამოვა, რომ მე არც ფაშინიანის მეხოტბე ვარ და არც ალიევის მგალობელი, ამიტომ მხოლოდ უდავო ფაქტებზე დაყრდნობით ვიტყვი სიმართლეს…
სიმართლე კი არის ის, სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, რბილად რომ ვთქვათ, დაპირისპირება არც გუშინ დაწყებულა და არც გუშინწინ, მათ შორის პირველი “სტიჩკა” შორეული 1988 წლის 27 თებერვალს დაიწყო სუმგაითში _ სამ დღეს გაგრძელდა აზერბაიჯანელების მიერ სომეხთა ხოცვა-ჟლეტა, რადგან საბჭოთა ხელისუფლებამ ვერ ან კიდევ უარესი _ არ დაიცვა სომეხი მოსახლეობა.
რატომ დროულად არ ჩაერია სსრკ-ის ხელისუფლება და თავშივე არ ამოძირკვა კონფლიქტი? ჯერ ერთი, ვიღას ჰქონდა სტალინის რკინის ხელი და მეორე: თუ პერესტროიკის სამეულს (გორბაჩოვი, იაკოვლევი, შევარდნაძე) მართლაც წინასწარ ჰქონდა განზრახული სსრკ-ის გაყიდვა-დაშლა, მაშინ სუმგაითიც და შემდეგ 9 აპრილიც, პერესტროიკის მამების წისქვილზე ასხამდა წყალს და ასეთ შემთხვევაში ყველაფერი ნათელი და გასაგებია. ჟარგონით თუ ვიტყვით, სუმგაითის “აბაროტი” სომხებმა გასული საუკუნის დასაწყისში აიღეს, როდესაც სომხებმა მთიან ყარაბაღში მცხოვრები აზერბაიჯანელები დედაბუდიანად გაჟუჟეს, მათ შორის იმ 7 რაიონში, რომლებიც დამარცხებულმა ერევანმა ახლა ბაქოს უნდა გადასცეს.
მოკლედ, ეს ბოლოს თქმული კიდევ ერთი რკინისებური არგუმენტია იმ აზრის სასარგებლოდ, რომ სომეხთა და აზერბაიჯანელთა (წაიკითხე, გნებავთ, თურქეთი) შერიგება და მითუმეტეს “ერთ ჭერქვეშ” მშვიდობიანი ცხოვრება, პრაქტიკულად, გამორიცხულია. წერილზე მუშაობისას უცბად ერთი კანონზომიერება აღმოვაჩინე _ სადაც რუსეთის სამშვიდობო ძალები შევიდნენ და დგანან, იმ ქალაქებსა თუ რაიონებში აღარ ისვრიან…
ასე იყო დნესტრისპირეთში, სადაც რუსეთის ლეგენდარული გენერლის _ ალექსანდრე ლებედის მეთაურობით, მოლდოვა-დნესტრისპირეთის საზღვარზე რუსეთის სამშვიდობოები ჩადგნენ, სადაც გენერალმა ორივე მხარე გააფრთხილა _ ერთი გასროლა “იქედან” თუ “აქედან” და საკუთარ თავს დააბრალეთ, რაც მშვიდობის დამრღვევებს მოგივათო. მას შემდეგ და დღემდე, როგორც რუსები იტყვიან, Òმშტ მ გოთლტ _ ხმა არავის ამოუღია…
ანალოგიური რამ შეიძლება ითქვას რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე არსებულ ცხელ წერტილებზეც, მაგალითად, ბელორუს–უკრაინაზე, სადაც საჭიროების შემთხვევაში ყარაბაღის მსგავსად რუსი სამხედროების გადასასროლად მოსკოვი მზად არის. განსაკუთრებით აშშ–ის შესაძლო ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, მიერ შეგულიანებული უკრაინა “უჩხიკინებს” რუსეთს, რომელმაც არაერთხელ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ბელარუს–უკრაინას არავის დაუთმობს, ხოლო პუტინი რომ სიტყვის კაცია, ზემოთქმულით დავამტკიცეთ.
საქართველომ საკუთარ თავზე იწვნია, რას ნიშნავს პუტინის სიტყვისკაცობა. მაშინაც აშშ-ის მიერ შეგულიანებულმა სააკაშვილმა, ჯერ რუსი სამშვიდობოები დახოცა და შემდეგ მძინარე ცხინვალს “გრადები” დაუშინა. აშშ-მაც სიტყვისკაცობა გამოიჩინა _ შავ ზღვაში წყლითა და პამპერსებით დატვირთული კრეისერები შემოვიდნენ და… საქართველომ სოხუმ-ცხინვალი, დიდი ალბათობით, სამუდამოდ დაკარგა.
ყარაბაღში გადასხმულ რუს სამშვიდობოებს იმხელა პოტენციალი აქვთ, რომ ძნელად ვინმემ რამე გაუბედოს. სხვათა შორის, ცხინვალის მწარე გაკვეთილიდან გამომდინარე, რუსეთის პრეზიდენტმა მსოფლიო (და, პირველ რიგში, ალბათ, თურქეთი) გააფრთხილა: რუს სამშვიდობოებს თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეთ, იმ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რომელიც რაიმეს დაუშავებს რუს ჯარისკაცებსა თუ ოფიცრებსო. ვლადიმერ პუტინმა ისიც განაცხადა, რომ რუსეთი იწყებს პოსტსაბჭოთა სივრცეზე დაკარგული გავლენის აღდგენას და მთიან ყარაბაღს ამ დაპირების აღსრულების დასაწყისად მიიჩნევენ შეშფოთებული დასავლეთის კომენტატორ-ანალიტიკოსები.
“Руские долго запрегают, но зато быстро скачут” _ არის ასეთი ფრთიანი გამონათქვამი. მისი სიტყვასიტყვით თარგმანი ასეთია: რუსები ცხენს დიდხანს კაზმავენ, სამაგიეროდ სწრაფად მიაჭენებენ. რუსეთის პრეზიდენტო! ხომ არ დადგა სწრაფად ჭენების მომენტი?!
უფრო სწრაფად, ბატონო პრეზიდენტო, რაც შეიძლება სწრაფად, თორემ კვალში ლიბერასტი “შაკლების” ხროვა გიდგას!
დავით მხეიძე
P.S. რისთვის ჩამოვიდა თბილისში თეთრი სახლის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო? მით უმეტეს, რომ დონალდ ტრამპს, დიდი ალბათობით, ოვალური კაბინეტის დატოვება (ნეტა ვცდებოდე) მოუწევს. დონალდ ტრამპი ლიბერალი არ არის და ამიტომ გვირჩევნია მისი მეორე ვადით არჩევა, თორემ დანარჩენში, განსაკუთრებით რუსეთის მტრობის საკითხში, დემოკრატი ვირებიც და რესპუბლიკელი სპილოებიც ერთნი არიან. მაიკლ პომპეოს მოულოდნელი ვიზიტი რუსეთის სამხრეთ კავკასიაში სამხედრო–პოლიტიკურ გააქტიურებას უკავშირდება. რეგიონში აშშ–ის ერთადერთ ყურმოჭრილ მონად საქართველოღაა დარჩენილი. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, აშშ–ს სურს, საქართველოში მძლავრი სამხედრო ბაზა ააშენოს და აი, მაშინ ავშენდებით ქართველები…
უფალო, შენ დაიფარე შენი მშობელი დედის წილხვედრი საქართველო!
ბრწყინვალე სტატიაა ბატონო დავით! დიდი მადლობა.