Home რუბრიკები ეკონომიკა არჩილ მორჩილაძე – ოფიციალურად მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, რომ დაიწყოს ერთ-ერთი ჰოსპიტალური ქსელის...

არჩილ მორჩილაძე – ოფიციალურად მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, რომ დაიწყოს ერთ-ერთი ჰოსპიტალური ქსელის მიერ კონკურენციის კანონის დარღვევის ფაქტის შესწავლა

არჩილ მორჩილაძე

– 2019 წელს თორმეტმა სადაზღვევო კომპანიამ ბანკებისთვის სადაზღვევო სფეროში აქტივების ფლობის შეზღუდვა მოითხოვა. ამასთანავეცნობილია, რომ ხშირ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიები ასევე წარმოადგენენ სააფთიაქო ქსელებსა და ჰოსპიტლებსრამდენად აქტუალურია ეს პრობლემა სადაზღვევო ინდუსტრიისთვის?

– ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობის პრობლება ყველასთვის ცნობილია და სამწუხაროდ, ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება ამის შესაცვლელად. რაც შეეხება სააფთიაქო და ჰოსპიტალურ ქსელებს, ბუნებრივია, ესეც მანკიერი პრაქტიკაა. კიდევ უფრო სავალალოა, როდესაც ბანკთან დაკავშირებული კომპანია არის ყველაზე მსხვილი სააფთიაქო ქსელის, ყველაზე დიდი ჰოსპიტალური ქსელის და სამი სადაზღვევო კომპანიის მფლობელი.

ასეთ პირობებში სადაზღვევო ბაზრის კონკურენტული განვითარება ფანტასტიკის სფეროა. სადაზღვევო კომპანიებს არ ეძლევათ კონკურენტულ გარემოში ოპერირების საშუალება, რაც საბოლოო ჯამში მოსახლეობას შეუქმნის პრობლემას, როგორც ფასის ასევე სერვისის ხარისხის მხრივ.

ხომ არ იცით, რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე თავად ფარმაცევტულ ან თუნდაც ჰოსპიტალურ სექტორს?

– ფაქტია, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ’’ პოზიცია ბანკების სასარგებლოდ დააფიქსირა. ფარმაცევტულ კომპანიებს კი, თავის მხრივ, არაერთხელ დაუფიქსირებიათ პოზიცია, რომ მათ გადაწყვეტილება სადაზღვევო ინდუსტრიაში შესვლაზე, სწორედ, საბანკო ექსპანსიისგან თავდასაცავად მიიღეს. ამიტომ არ მგონია, ისინი ამ პროცესის წინააღმდეგი იყვნენ. ვგულისხმობ, კომპლექსურ გადაწყვეტილებას, როდესაც სადაზღვევო აქტივების ფლობა აეკრძალება როგორც ბანკებს, ასევე სააფთიაქო და ჰოსპიტალურ ქსელებს.

რაც შეეხება დიდ ჰოსპიტალურ ქსელებს, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უკვე მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, რომ დაიწყოს ერთერთი ჰოსპიტალური ქსელის მიერ კონკურენციის კანონის დარღვევის ფაქტის შესწავლა, რომელიც ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ განხორციელდა.

კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ეს დარღვევა და რომელ ჰოსპიტალურ ქსელს ადანაშაულებთ კონკურენციის კანონის დარღვევაში?

ამ ქსელის ვინაობას საზოგადოება მალე გაიგებს, ჩვენ ამის შესახებ ვაცნობეთ სადაზღვევო ასოციაციას და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურსაც. ერთი რამ შემიძლია დავაზუსტო, რომ ჩვენდა გასაკვირად ასეთი ტიპის უხეში დარღვევა აქამდე არ ჩაუდენია არცერთ სხვა ჰოსპიტალურ ქსელს, მათ შორის ბანკთან აფილირებულ ყველაზე დიდ ჰოსპიტალურ ქსელსაც კი.

– ჩვენ კონკურენციის სააგენტოს მივაწოდეთ ის დოკუმენტაცია, რითაც ცალსახად სახეზეა ამ ჰოსპიტალური ქსელის და მასთან აფილირებული კომპანიის მიერ განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებები. ისინი ბოროტად იყენებენ რა სამედიცინო ბაზარზე ზოგიერთ რეგიონში მათ დომინანტურ მდგომარეობას, ახორციელებენ ისეთ არაკეთილსინდისიერ ქმედებებს, როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში გამარჯვებულად გამოვლენილი პრეტენდენტის (რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა შემსყიდველს კონკრეტულ მომსახურებაში) საწინააღმდეგოდ ისეთი დოკუმენტაციების შექმნა, რომელიც არამარტო არათანაბარ პირობებში აყენებს პრეტენდენტს სხვა პრეტენდენტებთან მიმართებაში, არამედ პირდაპირ ზიანს აყენებს კონკურენტის ეკონომიკურ საქმიანობას.

რა გამოსავალს ხედავთ, რომ ასეთი რამ მომავალშიც არ მოხდეს?

– პირველ რიგში სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში კონკურენციის სააგენტოს რეაგირება უნდა იყოს ადეკვატური. ამასთანავე, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ის საკანონმდებლო გადაწყვეტილებები, რითაც სადაზღვევო აქტივების ფლობა აეკრძალება როგორც ბანკებს, ასევე სააფთიაქო და ჰოსპიტალურ ქსელებს.

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დამფუძნებელი, არჩილ მორჩილაძე

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here