თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი არავის დაეკითხება, იყიდოს თუ არა რუსეთისგან საზენიტო–სარაკეტო სისტემა C-400. ამის თაობაზე განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
“ჩვენ შეთანხმება გავაფორმეთ რუსეთთან C-400-ის შესყიდვაზე და ზოგიერთს ეს საკითხი აწუხებს. მაპატიეთ, მაგრამ არავის დავეკითხებით და არავის ვთხოვთ ნებართვას, შევისყიდოთ თუ არა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემა”, _ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. 31 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ თურქეთი მოკლე პერიოდში იმედოვნებს რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა C-400-ის მიღებას, მიუხედავად აშშ-ის მხრიდან ზეწოლისა.
2017 წლის 12 სექტემბერს რუსეთის მხარემ დაადასტურა C-400-ის გაყიდვის შესახებ თურქულ მხარესთან კონტრაქტის გაფორმება. თურქეთი ნატოს პირველი წევრი სახელმწიფო იქნება, რომელიც საზენიტო-სარაკეტო სისტემა C-400-ით შეიარაღდება.
აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ თურქეთმა, როგორც ნატოს წევრმა, რუსეთისგან საზენიტო სარაკეტო სისტემა C-400 არ უნდა შეისყიდოს.