Home რუბრიკები საზოგადოება ანზორ დანელია: ადამიანები, რომლებმაც მთელი ცხოვრება შრომაში გალიეს, წამალსა და პურს ვერ...

ანზორ დანელია: ადამიანები, რომლებმაც მთელი ცხოვრება შრომაში გალიეს, წამალსა და პურს ვერ ყიდულობენ, შიათ და წყურიათ. ამის შემდეგ ეს სახელმწიფოა?

1238
ანზორ დანელია

9 მაისს დიდ სამამულო ომში გამარჯვებიდან 75 წელი გავიდა. ამ თარიღის აღსანიშნავად სამამულო ომის მონაწილეებსა და ომში დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადასცეს. ეს დახმარება უმნიშვნელოა სამშობლოს წინაშე მათ დამსახურებასთან შედარებით, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში, რომლის წარმომადგენლებმაც ფაშიზმი დაამარცხეს, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება და სამამულო ომის ხსენება აკრძალულია, ეს ჟესტი ხელისუფლების მხრიდან მაინც დადებითი იყო. საქართველოს უახლოეს ისტორიაში, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, რამდენიმე ომი გადაგვხდა თავს. ერთერთი იყო ომი აფხაზეთში, რომელმაც რამდენიმე ათასი ქართველი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა

რამდენიმე დღის წინათ გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციას დაუკავშირდა ერთგული მკითხველი და მეგობარი, მხცოვანი ადამიანი, რომლის ორი ვაჟის სიცოცხლეც შეიწირა აფხაზეთის ომმა. ეს კაცი გახლავთ ბატონი ანზორ დანელია: “ჩემი ორი ვაჟი დაიღუპა აფხაზეთის ომში, მართალია, ისტორიამ გვიჩვენა, რომ ეს ძმათამკვლელი ომი შეცდომა იყო, მაგრამ აფხაზეთის ომში დაღუპულმარად ჭაბუკებსშვილები დარჩათ, ზოგიც უშვილძიროდ წავიდა იმქვეყნად, ისინი ოჯახის მარჩენლები იყვნენ, დღეს მათ ოჯახებს უჭირთ”, _ გვითხრა მან.

ჩვენ დავინტერესდით, რა დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან ომებში დაღუპულთა ოჯახები ან ვეტერანები.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ და ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ კანონი წლების განმავლობაში იცვლებოდა.

კანონში მთავარი ცვლილება 2005 წელს შევიდა, რომლის თანახმად დახმარებას იღებდა მხოლოდ შრომისუუნარო მშობელი, მეუღლე და ასევე 18 წლამდე შვილი. დახმარება კი, რომელიც სახელმწიფოსგან ერგებოდათ დაღუპულთა ოჯახის ამ კრიტერიუმში მოხვედრილ წევრებს, 55 ლარი იყო.

1999 წელს მიღებული კანონის თანახმად, დახმარება გაიცემოდა მშობლებზე (მიუხედავად ასაკისა), მეუღლეებზე (რომლებიც მეორედ არ დაქორწინებულან), არასრულწლოვან, აგრეთვე, მოსწავლე და სტუდენტ შვილებზე, ასევე, ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული პირის კმაყოფაზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებდნენ მარჩენლის პენსიას.

დაღუპულთა ოჯახის სოციალური დაცვის პუნქტებიც მნიშვნელოვნად შეიცვალა. შეღავათები, რომლებითაც 2005 წლამდე სარგებლობდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები, გაცილებით მეტი იყო, ვიდრე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2005 წელს ხელმოწერილი კანონით.

მაგალითად, თუ 1999 წლის კანონის მიხედვით, დახმარებათა ჩამონათვალი 22 პუნქტს მოიცავდა, ცვლილების შემდეგ მათი რაოდენობა 4-მდე შემცირდა.

ამჟამად მოქმედებს შემდეგი დებულებები: სახელმწიფოს მიერ დაღუპულის გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯების გაღება; პენსიით უზრუნველყოფა; გადასახადებისთვის გამოყოფილი 44-ლარიანი დანამატი.

44-ლარიანი დანამატი 2007 წელს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა. მანამდე ვეტერანის ოჯახი თავისუფლდებოდა საყოფაცხოვრებო-კომუნალური გადასახადისგან.

კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ გაუქმდა ისეთი შეღავათები, როგორიცაა მედიკამენტებით ოჯახის უზრუნველყოფა, აგრეთვე, სამედიცინო-სანიტარული მკურნალობა, ტრანსპორტით სარგებლობის შეღავათიანი პირობები, სამუშაოზე შემცირებისას უპირატესობაში ყოფნა, მიუხედავად მისი სტაჟისა, მიწის გადასახადისგან გათავისუფლება და სხვ.

გვესაუბრება ანზორ დანელია:

_ სულ ტყუილად გვქონდა ბიძინა ივანიშვილის იმედი, აშკარაა, რომ “ქართული ოცნება” უარესია, “ნაციონალურ მოძრაობაზე” უარესი.

ხშირად მახსენდება ივანიშვილის პირველი მიტინგი, 2012 წლის 30 მაისს ჩატარებული. მახსენდება, რას გვპირდებოდა, რამდენი პუნქტი იყო და როგორ ედებოდა გულს მალამოდ მისი სიტყვებიახლა ვფიქრობ: ვინ ექაჩებოდა ენაზე ამ დალოცვილს?! რატომ დაგვპირდა იმას, რის გაკეთებასაც ვერ შეძლებდა?! ან მე რატომ მჯეროდა კაცის, რომელიც თურმე მიშა სააკაშვილს აფინანსებდა?!

ივანიშვილი მაძღარია, ამიტომ მშიერიც მაძღარი ჰგონია და თავისი გადმოსახედიდან უყურებს ყველაფერს. ჩვენი ყოფა ყოფაა? ჩემს ახალგაზრდობაში ხის დიდი სანაგვე ყუთები იდგა თბილისში, იმ ყუთთან ახლოს მდგარს ვერავის ნახავდით, მხოლოდ ნაგავს ყრიდნენ შიგ და ახლოს არ ეკარებოდნენ. ახლა ვხედავ, ნაგვის ურნებში იქექება უამრავი ადამიანი. დიდი სამამულო ომის პერიოდში თითქოს შიმშილობდა ხალხი, მაგრამ ნაგავში საჭმლის მძებნელს ვერავის ნახავდით. ხალხის ფეხებზე დაკიდება არავის შერჩენია და არც ამათ შერჩებათ.

შევარდნაძის მიერ დასავლეთიდან თავსმოხვეული პოლიტიკის გამო აფხაზეთის ომში ორი შვილი დამეღუპა _ ერთი 28 წლის, მეორე _ 21-ის. ერთი შვილიშვილი დამრჩა, ოჯახი შექმნა, შვილი შეეძინა, მაგრამ იმის გამო, რომ თავს ვერ ირჩენდა, საქართველოდან წავიდა. ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ეს ბავშვი და წავიდა, იმიტომ, რომ აქ სამუშაო ვერ იპოვა, ვერ დასაქმდა.

_ როგორც ვიცი, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახებს ხელისუფლება ეხმარება

_ ჩემი დაღუპული შვილების გამო დახმარებას მაძლევენ, მაგრამ ასეთ დახმარებას არავის ვუსურვებ. მოხუცები კაპიკებზე ვცხოვრობთ. ადამიანები, რომლებმაც მთელი ცხოვრება შრომაში გალიეს, წამალსა და პურს ვერ ყიდულობენ, შიათ და სწყურიათ. ამის შემდეგ ამას სახელმწიფო ჰქვია?

უკვე ასაკში ვარ, ჯანმრთელობაც აღარ მიწყობს ხელს, მაგრამ სულ ვცდილობ, რაღაც გავაკეთო. რამდენიმე წლის წინათ ფონდი დავაფუძნე, ჩავთვალე, რომ დადგა დრო, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპულთა ნასისხლარზე მშვიდობიანი, წითელი ყაყაჩოები აბრიალდეს. მინდოდა, მოკრძალებული წვლილი შემეტანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად. ფონდსსანთელიდავარქვი. შემოსული თანხებით დაღუპულთა ოჯახის წევრებს, უმწეოებს დავეხმარებოდით, მათ შვილებს სწავლის მიღებაში ხელს შევუწყობდით, სამკურნალოდ საჭირო თანხებს გადავცემდით, მაგრამ არაფერი გამოვიდა, თითოოროლა კაცმა თუ გამოიჩინა ინიციატივა, ფონდისთვის თანხა შემოეწირა და ისიც უმნიშვნელო. ვის არ მივმართე _ ბიზნესმენებს, ვითომ მეცენატებს, მთავრობას, მაგრამ არავის აინტერესებს.

რამდენჯერმე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსაც მივმართე ღია წერილით… ყველა მეუბნება: ვეტერანთა დეპარტამენტს მიმართე, მათი საქმეაო. ვეტერანთა დეპარტამენტს თავისი თავი გასჭირვებია, ჩვენნაირებისთვის სად სცალიათ. არადა, მართლაც სჭირდებათ დახმარება ძმათამკვლელ ომში დაღუპულთა ოჯახებს, სჭირდებათ სწავლის ფული, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, საზღვარგარეთ სწავლა, მაგრამ ვის აინტერესებს?

ფონდს რომ ვაფუძნებდი, დიდი იმედი მქონდა დახმარების; მეგონა, ამ ქვეყანაში კეთილ ადამიანებს რა გამოლევს-მეთქი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, ვისაც დახმარების სურვილი აქვს, მას ფული არ აქვს, ხოლო ვისაც ფული აქვს, მას დახმარების სურვილი არ აქვს.

ამბობენ, ბიძინა ივანიშვილის შემოსავლები ყოველწიურად მილიონობით იზრდებაო, ცოტა თანხა მაინც გაიღოს ჩვენნაირი ოჯახების დასახმარებლად. თავის დროზე, როდესაც შევიტყვე, რომ მისი ბანკი დააყადაღეს, 10 ლარი გადავრიცხე მის დასახმარებლად, რას უშველიდა ეს ფული, მაგრამ ჩემი თანადგომა გამოვხატე ამით

1956 წლის 9 მარტის შემდეგ სულ ქუჩაში ვარ, სულ რაღაცას ვაპროტესტებ. ახლაც, თუკი სადმე რამე ხდება, იქ ვარ, მაგრამ ამაოდ. მიუხედავად იმისა, რომ მოვხუცდი, მაინც ვერ ვისვენებ, რაღაცას ვცდილობ. მინდა, აფხაზებსა და ოსებთან გართულებული, უფრო ზუსტად, გაფუჭებული ურთიერთობები აღვადგინო. ვცდილობ, დავუკავშირდე ძველ ნაცნობებს, სახალხო დიპლომატია აღდგეს. ისტორიამ დაგვანახვა, რომ ხშირად ჩვენ ვიყავით დამნაშავენი, ჩვენ მივდიოდით მათთან საომრად და არა ისინი ჩვენთან.

სანამ ცოცხალი ვარ, მინდა, ვნახო, რომ ჩემი შვილების სისხლი ამაოდ არ დაღვრილა, რომ ჩემი ვაჟკაცები საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოდნენ და მათი თავგანწირვა დაფასდა.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ნინო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here