აშშ–ის ისტორიაში 2020 წლის არჩევნები გამორჩეული იქნება. ქვეყანაში ღრმა საზოგადოებრივი განხეთქილებაა. სარეკორდო უმუშევრობა, ეკონომიკის დაცემა, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ დაწყებული არეულობები და დარბევები საარჩევნო კამპანიას სამოქალაქო ომის წინა პერიოდის ვითარებას ამსგავსებს.
ეს არჩევნები ყველაზე ბინძური იქნება აშშ-ის ისტორიაში. ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქ სამამიშში პოლიციამ გზის ნაპირას იპოვა საფოსტო ყუთებიდან მოპარული ფოსტით ხმის მისაცემად შევსებული ბიულეტენების შეკვრები. ქალაქ ჯეფერსონში (კენტუკის შტატი) იპოვეს 112 ბიულეტენი. ნიუ-იორკის შტატში პოლიციამ დააპატიმრა ფოსტის თანამშრომელი, რომელმაც ნაგვის ურნაში ჩაყარა 1875 საფოსტო გზავნილი, მათ შორის 99 ბიულეტენი, რომლებიც ხმის მისაცემად იყო განკუთვნილი. ანალოგიური მიზეზით ფოსტის ორი თანამშრომელი დააპატიმრეს პენსილვანიის შტატში.
კოლორადო–სპრინგსში დაიწყეს საფოსტო ყუთებიდან ბიულეტენების მოპარვა. ვიდეოკამერებმა აღბეჭდა, როგორ მიდიან შავ სედანში მსხდომი პირები საფოსტო ყუთებთან და იპარავენ ბიულეტენებს. მოგვიანებით ეს ბიულეტენები რამდენიმე მილის მოშორებით იპოვეს.
ალეგენის (პენსილვანიის შტატი) საარჩევნო ოლქის საარჩევნო კომისიამ ფოსტით კენჭისყრისთვის განკუთვნილი 29 ათასი ბიულეტენი არასწორ მისამართებზე გაგზავნა. ოჰაიოს შტატის ფრანკლინის ოლქის საარჩევნო კომისიამ კი _ 49 669 ბიულეტენი.
ფილადელფიაში მოიპარეს ლეპტოპი და ბიულეტენების მისაღებად ელექტრონული მანქანების დასაპროგრამებელი (voting machines) მეხსიერების ბარათები, ადგილობრივი საარჩევნო კომისია კი შეეცადა, დაემალა ქურდობის ფაქტი იმის შიშით, რომ “პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მოკავშირეები ამას გამოიყენებდნენ ქალაქში არჩევნების პატიოსნად ჩატარებაში ეჭვის შესატანად”.
ყველაზე დიდი სკანდალი ორეგონის შტატში ატყდა. ფორუმ 4chan-ის მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი საარჩევნო კომისიის ხმის დამთვლელ სისტემაში სუსტი ადგილი იპოვა:
“ორეგონი მცირეთაგან ერთ-ერთი შტატია, რომელშიც ამომრჩევლები ხმას ფოსტის მეშვეობით აძლევენ. ხმის დამთვლელი სისტემის დაცვა ისეთი სუსტია, რომ, თუ იცი ამომრჩევლის სახელი, გვარი და დაბადების თარიღი, შეგიძლია შეცვალო მისი სარეგისტრაციო მონაცემები. შეიძლება შეიცვალოს მიცემული ხმაც, შემდეგ ამობეჭდო ეს დოკუმენტი და ჩააბარო ნებისმიერ სასამართლოს პიროვნების დამდასტურებელი საბუთის გარეშე. თუმცა, სასამართლოში რომც არ მიიტანო, ხმა უკვე განულდება”, _ დაწერა ფორუმის მომხმარებელმა. იმის დასამტკიცებლად, რომ მის მიერ აღმოჩენილი მეთოდი მუშაობს, მომხმარებელმა გატეხა შტატის სახელმწიფო მდივნის, ბევერლი კლარნოს, ანგარიში და მისი სახელით ხმა მისცა დონალდ ტრამპს.
იმის გათვალისწინებით, რომ წლის დასაწყისში ქსელში გაჟონა 650 ათასი ორეგონელის მონაცემებმა, ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორი გრანდიოზული შეიძლება იყოს აშშ-ში არჩევნების ფალსიფიკაციის მასშტაბი.
ცოტა ხნის წინათ “ანტიფას” ერთ–ერთ პორტალზე გაჩნდა “რევოლუციური მანიფესტი”, რომელშიც მოცემულია მოქმედების სტრატეგია 3 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების დასრულებისთანავე იმ შემთხვევაში, თუკი გაიმარჯვებს დონალდ ტრამპი. “ანტიფას” განზრახული აქვს დარბევებისა და არეულობების მოწყობა, რათა შეაშინოს პოლიცია, არმია, მასმედია, კონგრესი და აიძულოს ისინი, არჩევნებში გამარჯვებულად ბაიდენი აღიარონ. მანიფესტში მოცემულია “თეთრი რასის უპირატესობის მომხრეთა შეიარაღებულ რაზმებსა და სხვა ბოროტმოქმედებთან” დაპირისპირების ტაქტიკა. ნათქვამია, რომ “შავების, ღარიბების, მკვიდრი ხალხების, ჰომოსექსუალების, ტრანსგენდერებისა და სხვა მარგინალების” ბრძოლა სამართლიანობისთვის არ მთავრდება აშშ–ის პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ის დიდხანს გაგრძელდება. ხელისუფლება ძალიან შეშფოთებულია. პოლიციის ნიუ–იორკის დეპარტამენტმა გამოსცა მემორანდუმი, რომელშიც ნათქვამია: “3 ნოემბერს ჩატარდება საკამათო საპრეზიდენტო არჩევნები. არის დიდი ალბათობა იმისა, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ვერ გამოვლინდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ უნდა მოვემზადოთ საპროტესტო აქციებისთვის, რომელთა მასშტაბი მოიმატებს არჩევნების ინტენსიურობის შესაბამისად და შეიძლება 2021 წელსაც გაგრძელდეს”.
კოლორადოს შტატში “ანტიფას” მიტინგების ერთ-ერთი ორგანიზატორი კრისტოფერ ჯეკსი დემოკრატიული პარტიის აღმსრულებელი კომიტეტის წევრი აღმოჩნდა. ის რადიკალური მემარცხენე ორგანიზაცია Our Revolution-ის ადგილობრივი ფილიალის ხელმძღვანელია და არეულობებისას თანამებრძოლებს ცნობილი მილიარდერების მკვლელობისკენ მოუწოდებდა არჩევნების დღის დასრულების შემდეგ. მოსაკლავი მილიარდერების სია კი “ამაზონის” მფლობელ ჯეფ ბეზოსით იწყებოდა.
18 ოქტომბერს სან-ფრანცისკოში ანტიფამ ყველას დაანახვა, რომ მზად არის საბრძოლველად. ანტიფას წევრები თავს დაესხნენ სიტყვის თავისუფლების დასაცავად და ლიბერალური ცენზურის წინააღმდეგ გამართულ მიტინგს და სასტიკად დაარბიეს. კვლავ გააქტიურდა მოძრაობა BLM (BLACK LIVES MATTER_ შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია). ამ მოძრაობის აქტივისტები სიეტლში დევნიან პროდუქტების მაღაზიათა ქსელ თრადერ ჟოლს–ის თანამშრომლებს და მათგან მოგების 15%-ის გადახდას ითხოვენ “რევოლუციის საჭიროებებისთვის”. ანალოგიური რამ ხდება ლუისვილშიც (კენტუკის შტატი), სადაც BLM-ის აქტივისტები მეწარმეებისგან ითხოვენ შემოწირულობებს იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც არათეთრკანიანებს ეკუთვნით.
ქალაქ სან-ბერნარდინოში (კალიფორნიის შტატი) პოლიციელმა ესროლა შავკანიანს, რომელიც ავტომობილების სახურავებზე დახტოდა, მეორე პოლიციელებს აუტეხა ჩხუბი და, როდესაც პისტოლეტის ამოღებას შეეცადა, მოკლეს. მეორე დღეს BLM-მა საპროტესტო აქცია მოაწყო და ადგილობრივი პოლიციის გაუქმება და ქალაქზე კონტროლის მათთვის გადაცემა მოითხოვა.
აშშ–ის იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისთვის შედგენილ სამსახურებრივ ანგარიშში აშშ–ის გენპროკურორმა უილიამ ბარმა დაწერა, რომ უკიდურესად მემარცხენე მოძრაობა “ანტიფა” და უკიდურესად მემარჯვენე Boogaloo Boys–ი “ანტისამთავრობო შეიარაღებული ექსტრემისტები არიან, რომლებიც თესავენ ქაოსსა და არეულობებს”.
პარტიზანული ომისთვის ემზადებიან არა მხოლოდ ექსტრემისტები, არამედ რესპექტაბელური პოლიტიკოსებიც. დემოკრატები და ჯგუფ Never Trump-ში გაწევრებული რესპუბლიკელებიც ემზადებიან არჩევნების შედეგებზე ხანგრძლივად საკამათოდ.
ჯგუფი ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსის, ჯონ პოდესტას, ხელმძღვანელობით, რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდა სამხედრო თამაშებს 3 ნოემბრის “განკითხვის დღის” სცენარით.
ტრამპიც არ ჩამორჩა. მან ხელი მოაწერა განკარგულებას “რაშაგეიტის” საქმეზე ყველა დოკუმენტის გასაჯაროების შესახებ. ეს დოკუმენტი, რომელიც ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ წარმოადგინეს, მოწმობს, რომ ჰილარი კლინტონის პიარტექნოლოგებმა შექმნეს მითი ტრამპის კავშირზე რუსეთთან. ეს იცოდნენ ბარაკ ობამამ და, სავარაუდოდ, ჯო ბაიდენმაც. ბაიდენის რეპუტაციას ყველაზე ძლიერად დაარტა მის შვილზე კომპრომატის გამოქვეყნებამ. ამერიკაში სულ უფრო დიდ მასშტაბს იძენს ჰანტერ ბაიდენის სახელთან დაკავშირებული სკანდალი _ მას ნარკოტიკების მიღებასა და პედოფილიაში ადანაშაულებენ. დელავერის შტატში სახელოსნოს მფლობელმა ნოუთბუკში, რომელიც შესაკეთებლად მიუტანეს, იპოვა 12-წუთიანი ვიდეო, რომელშიც ასახულია ნარკოტიკებით გაბრუებული ჰანტერ ბაიდენის სექსუალური ორგიები და შიშველი არასრულწლოვანი გოგონების ფოტოები.
ტრამპის იურისტმა რუდოლფ ჯულიანიმ ეს ნოუთბუკი გადასცა დელავერის შტატის პოლიციას. სწორედ ამ შტატში ცხოვრობს ბაიდენების ოჯახი. და უკვე ყველა ამერიკელისთვის ნათელია, რომ ორი პოლიტიკური ბანაკის მეტოქეობა არ დასრულდება 3 ნოემბერს, ის უფრო დაიძაბება.
Fondsk.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ