ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიება თანამედროვე ადამიანისთვის აქტუალური საკითხია. ახლახან რუსეთმა განაცხადა, რომ აპირებს წყალბადის ენერგიის მიღებასა და მის ექსპორტს. ანალოგიური განზრახვა აქვთ, ევროკავშირს, აშშ–ს, იაპონიასა და სხვა ქვეყნებს. ჰიდროელექტროსადგურების, მზის პანელებისა და ქარის ენერგიის გარდა, ზოგიერთ ქვეყანაში არის ენერგიის უჩვეულო წყაროები, რომლებსაც ქვემოთ გაგაცნობთ.
- ელექტროსადგური, რომელიც შოტლანდიურ ვისკიზე მუშაობს
კომპანია Helius Energy-მ ააგო მსოფლიოში პირველი ელექტროსადგური, რომელიც შოტლანდიური ვისკის დისტილიზაციის თანმდევ პროდუქტებზე მუშაობს. ამ პროცესის მიმდინარეობისას გამოიყოფა ნახშირწყალბადის დიდი მასა, რომლის დაწვით შეიძლება ენერგიის მიღება.
პროექტში პარტნიორის სტატუსით ჩართულია Rotles Whisky-ის მწარმოებელი კორპორაცია.
- ფეხბურთის ბურთი Soccket–ი
კომპანია Soccket.Inc-მა შექმნა ფეხბურთის ბურთი, რომელიც პატარა ელექტროსადგურიცაა. ის ენერგიას გამოიმუშავებს იმ მომენტებში, როცა ფეხბურთელები მას ფეხს ურტყამენ. რამდენიმესაათიანი თამაშის შემდეგ მთელი საღამოს განმავლობაში დიოდური ნათურის მუშაობა უზრუნველყოფილია. იდეალური ვარიანტია მიყრუებულ ადგილას გამოსაყენებლად.
- OTEC_ ელექტროსადგური ჩინეთის სანაპიროსთან
უკვე რამდენიმე ათეული წელია, შექმნილია ტექნოლოგია, რომელიც ოკეანის ზედაპირისა და სიღრმის ტემპერატურების სხვაობის საფუძველზე ენერგიის გამომუშავების შესაძლებლობას იძლევა. ორიოდე წლის შემდეგ კი ჩინეთის ნაპირთან გამოჩნდება OTEC-ის (Ocean tearmal energy comersion) ტექნოლოგიით მომუშავე მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტროსადგური, რომელსაც ცნობილი ფირმა Lockhad Martin-ი ააგებს.
- ტურბინა სისხლძარღვებში
შვეიცარიის დედაქალაქ ბერნის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს მინიატურული ტურბინა, რომელიც, თუ ადამიანის სისხლძარღვში მოათავსებენ, გამოიმუშავებს ენერგიას ელექტრო კარდიოსტიმულატორისთვის.
- VolcanElectric Mask_ ცათამბჯენი, რომელიც ენერგიას ვულკანისგან მიიღებს
კონკურს eVolo 2013-ზე ჩინელი არქიტექტორის ჯგუფმა წარადგინა პროექტი ცათამბჯენ VolcanElectric Mask-ისა, რომელიც უნდა აიგოს ვულკანის ფერდობზე. ნაგებობა მუშაობისთვის საჭირო ენერგიას მიიღებს დედამიწის ზედაპირზე ამოხეთქილი გავარვარებული მაგმიდან.
- VW Bio-Bug–ი, ფეკალიებზე მომუშავე ავტომობილი
ბრიტანულმა კომპანია Geneco-მ შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, ადამიანის ფეკალიებისგან მიიღონ მეთანი.
სწორედ ამ ტექნოლოგიაზე მუშაობს კომპანიის ავტომობილი VW Bio-Bug-ი.
- ენერგია ტურნიკეტების საშუალებით
იაპონურმა კომპანია East Japan Railway Company-მ, რომელიც მგზავრების გადაყვანის მიხედვით ლიდერია ამომავალი მზის ქვეყანაში, გადაწყვიტა, თავისი თითოეული ტურნიკეტი აღეჭურვა ელექტროენერგიის გენერატორებით. ასე რომ, მგზავრები, რომლებიც ტურნიკეტს გაივლიან, ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ.
- Bio Wawe_ წყალქვეშა დინებების ენერგია
ავსტრალიური კომპანია Pio Power Sistems-ის სპეციალისტებმა ყურადღება მიაპყრეს ავსტრალიის გარშემო წყალქვეშა დინებებს და შექმნეს ელექტროსადგურ Bio Wawe-ს პროექტი. ეს ელექტროსადგური წყალქვეშა დინებებს გამოიყენებს ელექტროენერგიის შესაქმნელად.
- საქანელა, რომელიც ელექტროენერგიას აწვდის ლამპიონს
Giraffe Street Lamp_ ეს არის საქანელა, რომლით ქანაობითაც თითოეულ ადამიანს შეუძლია გარემო გაანათოს. საქმე ის არის, რომ ეს საქანელები, ამასთანავე, არის გენერატორებიც ქუჩის ლამპიონებისთვის. ლამპიონებს ენერგიის სხვა წყაროც აქვს, რომელიც მაშინ ირთვება, როცა საქანელა გაჩერებულია.
- სახლი წყალმცენარეების ენერგიაზე
2020 წელს ჰამბურგში ექსპლუატაციაში შევიდა მსოფლიოში პირველი შენობა, რომელიც ენერგიას იღებს მიკროსკოპული მწვანე წყალმცენარეებისგან. რომლებიც იზრდება კედლებსა და ფანჯრებზე. ამ არქიტექტურული ნაგებობის თითოეული ფანჯარა პატარა ბიორეაქტორია, რომლებიც ფოტოსინთეზით გამოიმუშავებს ელექტროენერგიას.
მოამზადა ნიკა კორინთელმა