ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელიც სოჭში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, განაცხადა, რომ განზრახული აქვს, რუს კოლეგას აჩვენოს “ზოგიერთი დოკუმენტი” რეის Ryanair–ის გარშემო შექმნილი ვითარების შესახებ.
ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ამ მოვლენის მიმართ რეაქცია მიუთითებს ბელარუსში ვითარების დესტაბილიზაციისა და 2020 წლის აგვისტოს მდგომარეობამდე მიყვანის მცდელობაზე. ლუკაშენკო განცვიფრებულია ევროკავშირის მოქმედებებით მომხდარის შემდეგ.
“რისთვის დასაჯეს “ბელავიას” შრომითი კოლექტივი? იმისთვის, რომ მათ კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში ათასობით ევროპელი გადაიყვანეს თავიანთ ქვეყნებში? აი მათი სახე!” _ აღშფოთებას ვერ მალავდა ლუკაშენკო.
ბელარუსის პრეზიდენტმა გაიხსენა 2020 წლის პერიოდი, როცა ინფექციის გავრცელების გამო სახელმწიფოებმა დაიწყეს თავიანთი მოქალაქეების ევაკუაცია უცხო ქვეყნების კურორტებიდან, რადგან “იმხანად ყველაფერი ჩაიკეტა”.
“მინსკში ერთი აეროპორტი მუშაობდა. მათ (დასავლეთის ქვეყნებმა _ გ..გ.) ყველაფერი დახურეს და თავიანთი მოქალაქეების გადაყვანა “ბელავიას” სთხოვეს. და ჩვენმა ავიაკომპანიამ გადაიყვანა ათასობით ადამიანი. შვედები, გერმანელები, პოლონელები, ლიტველები, ამერიკელები მოჰყავდათ მინსკში, ვინაიდან იქ იყო ერთადერთი აეროპორტი, რომელიც მუშაობდა. შემდეგ მინსკიდან ეს ადამიანები ან ამერიკელებს გადაჰყავდათ, ან ჩვენ ვასრულებდით რეისებს. ვერ წარმოიდგენთ, გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში როგორ გვემადლიერებოდნენ ჩვენ, “ბელავიას” კოლექტივს, ადამიანების სამშობლოში დაბრუნებისთვის, გადარჩენისთვის”, _ აღნიშნა ლუკაშენკომ.
რუსეთის ლიდერმა, თავის მხრივ, გაიხსენა ინციდენტი, რომელიც 2013 წელს შეემთხვა ბოლივიის პრეზიდენტ ევო მორალესს:
“ბოლივიის პრეზიდენტის თვითმფრინავი იძულებით დასვეს. პრეზიდენტი გადმოიყვანეს თვითმფრინავიდან და… არაფერი. სიჩუმე”, _ თქვა პუტინმა.
ეს შემთხვევა თვითმფრინავის იძულებით დაშვების ყველაზე ხმაურიანი მაგალითია. ამის მიზეზი იყო ხმები, რომ თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა აშშ-ის სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი აგენტი ედვარდ სნოუდენი, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლება სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებაში ადანაშაულებს.
23 მაისს ათენიდან ვილნიუსში მიმავალი ლაინერი RYANAIR–ი მინსკის აეროპორტში დაეშვა მას შემდეგ, რაც ეკიპაჟს აცნობეს, რომ თვითმფრინავი დანაღმული იყო, რაც საბოლოოდ არ დადასტურდა. ამ რეისით მიფრინავდა პოლონეთში მცხოვრები რომან პროტასევიჩი _ ბელარუსში ექსტრემისტულ არხად აღიარებული TELEGRAM არხ NEXTA–ს დამფუძნებელი. დოკუმენტების შემოწმებისას ჟურნალისტი დააკავეს და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლით აღძრეს. ამ მუხლებს შორისაა მასობრივი არეულობების ორგანიზება. პროტასევიჩს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
დასავლეთის ქვეყნებმა გააკრიტიკეს მომხდარი _ განაცხადეს, რომ მინსკმა თვითმფრინავის ეკიპაჟი აიძულა, გამოგონილი საბაბით დაშვებულიყო. ბელარუსი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და ამტკიცებს, რომ ეკიპაჟის მეთაურმა თვითონ მიიღო მინსკის აეროპორტში დაშვების გადაწყვეტილება.
ria.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ