აბანოთუბანი (აბანოების უბანი) თბილისის ერთ–ერთი უძველესი უბანია მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს.
აბანოების უბანი თბილისის უძველესი ნაწილია. ამ ადგილზე წარმოიშვა, სავარაუდოდ, “საკუთრივ ტფილისის” პირველი დასახლება. აბანოების უბანში და მის მიმდებარე “სეიდაბადში” შუასაუკუნეებში უმეტესად სპარსელები სახლობდნენ. უბანი სახელგანთქმული იყო ცხელი წყლის წყაროებით, რომლებმაც აქ მრავალი აბანოს გაჩენა განაპირობა.
ქალაქის დაარსების შესახებ ლეგენდა გადმოგვცემს, რომ ნადირობისას მეფე ვახტანგ გორგასალმა მას შემდეგ გადაწყვიტა ამ ადგილას დედაქალაქის გადმოტანა, რაც იხილა, რომ წყალში ჩავარდნილი ნანადირევი ხოხობი მოხარშულიყო. ქალაქის სახელწოდება თბილისიც სიტყვა “თბილი”-დან წარმოდგება და ასევე ამ ფენომენს უკავშირდება.
X საუკუნის არაბი გეოგრაფი იბნ ჰაუკალი “გზათა და სამეფოთა წიგნში” აღნიშნავს: “ქალაქში არის ტიბერიადის აბანოების მსგავსი აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხლოდ დუღს”. ისტორიული ცნობებით XIII საუკუნეში თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. თბილისის აბანოებზე ცნობებს გვაწვდიან XIII-XIV საუკუნეების ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო, XVIII საუკუნის ერთი რუსი ვაჭარი, ასევე ვახუშტი ბაგრატიონი.
აბანოების სახელები ხშირად მათი მფლობელების სახელებთან ან მათ თავისებურებასთან იყო დაკავშირებული: XVII-XIX საუკუნეებში თბილისში იყო ერეკლეს, ბებუთას, მელიქის, მეითრის (სუმბათოვის), გოგილოს, ორბელიანთა, თბილელის, მირზოევის, ხოჯას, “გრილი” (შიოევის), “ჭრელი” და სხვა აბანოები.
ვახუშტი ქალაქში ექვს აბანოს ითვლიდა. როგორც ჩანს, ზოგიერთი მათგანი აღა-მაჰმად-ხანის შემოსევებს შეეწირა, რადგან 1800 წლის გეგმაზე მხოლოდ ოთხი აბანოა ამ უბანში აღნიშნული. XIX საუკუნის შუა ხანის თბილისის გეგმაზე კვლავ ექვსი აბანოა დატანილი. საინტერესო ცნობებს ვპოულობთ მეფე გიორგი მეთორმეტის ერთ-ერთ სიგელში, სადაც, სხვათა შორის, მეითარისა და ბებუთას აბანოების ერთგვარი ლოკალიზაციაა მოცემული. ბებუთას აბანო მეითარის აბანოს დასავლეთით, თაბორის მხარეს ყოფილა. როგორც XIX საუკუნის გეგმებიდან ირკვევა, ციხის კართან ყველაზე ახლოს თბილისის (სიონის) აბანო იყო განლაგებული. მას გვიან ერეკლეს აბანოსაც უწოდებდნენ. მის დასავლეთით, ოდნავ მოშორებით კი მელიქის აბანო მდებარეობდა. ძველ აბანოთაგან, ერეკლეს აბანოს გარდა, აღნიშნულია მეითარის (XVII საუკუნის პირველი ნახევარი), ენალას (XVII საუკუნე), გრილი აბანო (XVII საუკუნე), ბებუთასი (XVII საუკუნე). მეითარის აბანოს სუმბათოვისა ეწოდა. გრილ აბანოს, რომელიც მტკვრის სიახლოვეს მდებარეობდა, შიოევის აბანოსაც უწოდებდნენ. აბანო იყო ციხის გალავნის შიგნითაც “ხოჯას აბანო”, ეს ის აბანოა, სადაც აღა-მაჰმად-ხანს განკურნება უცდია და შეცბუნებულს მისი დანგრევა უბრძანებია.
ენალა ქალაქის მელიქი იყო 1655-1672 წლებში. მას ხელახლა აუშენებია აბანო და წყალი დაუთხანის აბანოდან გამოუყვანია. ზოგიერთი მკვლევარი ენალას აბანოდ მე-19 საუკუნეში მირზოევის აბანოდ წოდებულ შენობას მიიჩნევს, რომელიც მირზოევამდე ზუბალაშვილს ეკუთვნოდა.
დღემდე შემორჩენილ აბანოთა უმრავლესობა XVII-XVIII საუკუნეებში ირანული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი და მერმინდელ სეიდაბადშია თავმოყრილი, ბოტანიკური ბაღის აღმართის დასაწყისში. სწორედ ამიტომ ამ ადგილს აბანოთუბანი ეწოდა.
ამ აბანოებს ძველ თბილისში მხოლოდ სამკურნალო დანიშნულება არ ჰქონდა; აქ ხშირად მთელი დღით მოდიოდნენ მოქალაქეები, ბანაობდნენ, ისვენებდნენ და ლხინსაც მართავდნენ. აქვე ამოწმებდნენ სადედამთილოები საპატარძლოს სილამაზეს.
მექისეობა საპატიო პროფესიაა და, როგორც წესი, მემკვიდრეობით გადაეცემა. ქისის საიდუმლო და მექისეობის ხერხები მამიდან შვილზე გადადის.
არსებობენ ქალი მექისეები და მამაკაცი მექისეები _ ორივე თანაბარი რაოდენობით. თუმცა ხანდახან გენდერული დისბალანსიც შეინიშნება, იმიტომ რომ მამაკაც “ძვლების გამსწორებლებზე” უფრო დიდია მოთხოვნა. ქალებიც სარგებლობენ მექისეების მომსახურებით, მაგრამ ძირითადად ევროპელი და სლავი ქალები, უფრო იშვიათად, ადგილობრივებიც.
თურმე ნამშობიარებ ქალს სხვანაირი მასაჟი უკეთდება, ხოლო იმას, ვისაც ბავშვი არ გაუჩენია _ სხვანაირი. ეს იმიტომ, რომ ნამშობიარები ქალის სახსრები გაფართოებულია და მარილების დაგროვების მეტი საფრთხე არსებობს. თუ მექისემ ეს არ იცის, კლიენტის სახსრებსაც დააზიანებს და საკუთარ იმიჯსაც.
აბანოთუბანი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილია ქალაქში. ერთ პატარა მოედანზე ექვსი გოგირდის აბანოა. უხსოვარ ხანაში დაწყებულმა კამათმა, რომელია მათ შორის საუკეთესო, დროთა განმავლობაში სხვა მიმართულება მიიღო და ახლა იმაზე დავობენ, რომელია ამ ექვსიდან უძველესი. არადა, რომელი მათგანის ზღურბლსაც არ უნდა გადააბიჯოთ, ყველგან ფიცით დაგიმოწმებენ: ესაა ყველაზე ადრე, ანუ XVI საუკუნეში აშენებულიო.
ბანაობით მიღებული სიამოვნების აპოთეოზი ჩაია, რომლითაც სტუმრებს ყველა აბანოში უმასპინძლდებიან. ის პატარა, გამჭვირვალე შუშის ჭიქებით მოაქვთ, ზუსტად ისე, როგორც ჩაიხანაში _ შაქრის ნატეხებითა და ლიმონით.
ყველა ადგილობრივი ქალი მეცოდება ვინც ერთხელ მაინც არარის ამ აბანოებში ნამოფი და მითუმეტეს ქისასთან დაბანილი