Home რუბრიკები პოლიტიკა ჰიროსიმადან სირიამდე: 1945 წლიდან დღემდე ვაშინგტონის პოლიტიკამ 20 მილიონზე მეტ ადამიანს მოუსწრაფა...

ჰიროსიმადან სირიამდე: 1945 წლიდან დღემდე ვაშინგტონის პოლიტიკამ 20 მილიონზე მეტ ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე 37 ქვეყანაში

1637
ჰიროსიმა. 1945 წლის აგვისტო

1945 წლის 6 აგვისტოს აშშმა, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, გამოიყენა ატომური ბომბი _ ამერიკულ ბომბდამშენ B-29 EnolaGayდან 19 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტის ატომური ბომბი ჩააგდეს იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში. სამი დღის შემდეგ კი, 9 აგვისტოს, მეორე ატომური ბომბით ამერიკელებმა პირისგან მიწისა აღგავეს იაპონიის მეორე ქალაქი ნაგასაკი. უშუალოდ აფეთქების შედეგად დაიღუპა 200 ათასზე მეტი ადამიანი, სულ კი 1945-2013 წლებში რადიაციის ზემოქმედებით გამოწვეული დაავადებებით ჰიროსიმასა და ნაგასაკიში დაღუპულია 450 ათასი.

მხოლოდ 1945 წლიდან დღემდე აშშ-მა მოკლა, დაასახიჩრა, უსახლკაროდ დატოვა 20 მილიონზე მეტი ადამიანი 37 ქვეყანაში.

1945 წლიდან დღემდე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩადენილი ყველაზე აღმაშფოთებელი დანაშაულების სია (არასრული) საინფორმაციო რესურსმა Global Research-მა გამოაქვეყნა.

აშშის მიერ ჩადენილი მასობრივი მკვლელობები

* ტოკიოს დაბომბვა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს. ამერიკული ბომბდამშენების მიერ შექმნილ ცეცხლის ქარიშხალში დაახლოებით 100 ათასი იაპონელი ცოცხლად დაიწვა;

* ჰიროსიმაში ერთადერთი ბომბით, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა ისტორიაში ყველაზე დიდებული საგანი უწოდა, დაიღუპა 146 ათასი ადამიანი, კიდევ 80 ათასი _ ნაგასაკიში. აშშ-მა ეს არასაჭირო, სასტიკი და დანაშაულებრივი აქცია მაინც განახორციელა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსანი სამხედროების განცხადებით, იაპონია მზად იყო კაპიტულაციისთვის;

* 1950-1953 წლებში, აშშ-ის ძალისხმევით, კორეაში 4 მლნ ადამიანი დაიღუპა, მიზეზი: არ დაეშვათ ქვეყნის გაერთიანება სსრკ-ის მხარდაჭერილი მემარცხენე ძალების მიერ;

* “სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ჯვარზე გაკვრა” (ტერმინი ეკუთვნის ცნობილ მეცნიერსა და პოლიტოლოგს _ ნოამ ჩომსკის). აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა 1962-1975 წლებში სიცოცხლეს გამოასალმეს დაახლოებით 3 მლნ ვიეტნამელი, კამბოჯელი და ლაოსელი. მხოლოდ ერთი ოპერაციის _ “ფენიქსის” _ შედეგად სიცოცხლე მოუსწრაფეს 40 ათასი ვიეტნამელს;

* ირანული რეისი #655. 1988 წლის 3 ივლისს ამერიკული სამხედრო ხომალდი Vincennes-ი შევიდა ირანის ტერიტორიულ წყლებში და ჩამოაგდო სამოქალაქო თვითმფრინავი. დაიღუპა 290 ადამიანი, Vincennes -ის მეთაურმა კი აშშ-ის ხელისუფლებისგან მიიღო ჯილდო “ღირსეული სამსახურისთვის”;

* “სიკვდილის გზა”. 1991 წელს ამერიკულმა თვითმფრინავებმა გაანადგურეს ტყვედ დანებებული ათიათასობით ერაყელი ჯარისკაცი. ლიბანური წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი ჯოის ჩედიჩი, რომელიც ამ ამბავს შეესწრო, წერდა: “ამერიკელი სამხედროები მანამდე ბომბავდნენ გზაზე მიმავალ ტყვე ერაყელებს, სანამ ყველა არ დახოცეს. გზის თავზე იმდენი თვითმფრინავი ირეოდა, რომ ავიადისპეტჩერებს ეშინოდათ, საჰაერო აპარატები ერთმანეთს არ დაჯახებოდა… ეს იყო მკვლელობა ათიათასობით ადამიანისა, რომლებსაც წინააღმდეგობის გაწევის არანაირი საშუალება არ ჰქონდათ;

* ფელუჯა. 2004 წლის აპრილში აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა რადიოაქტიური საბრძოლო მასალების გამოყენებით ქიმიური შეტევების სერია განახორციელეს ერაყის ამ დიდ ქალაქზე;

* ბოლა ბოლუქი _ ავღანეთის სოფელი, რომელიც 2009 წლის მაისში დაბომბეს ამერიკელებმა. დაიღუპა 113 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის _ ათეულობით ბავშვი;

* ნოამ ჩომსკიმ ზუსტად აღწერა უპილოტო საჰაერო აპარატების ამერიკული სამხედრო პროგრამა და მას “თანამედროვეობის ყველაზე სასტიკი ტერორისტული კამპანია უწოდა”. პროგრამა, რომელიც ამერიკელებმა 2001 წელს აამოქმედეს, ამჟამადაც ხორციელდება. ჟურნალისტური გამოძიების ლონდონური ბიურო იუწყებოდა, სულ ცოტა, 3447 ავიადარტყმაზე, რომელთა შედეგადაც 10 ათასი ადამიანი დაიღუპა. მას შემდეგ, რაც ბიურომ მონაცემების შეგროვება დაიწყო, ამერიკული დრონების დარტყმებით 1427 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში, პაკისტანში, სომალისა და იემენში;

* იემენელები იყვნენ პირველები, რომელთა სისხლიც დონალდ ტრამპმა დაღვარა პროვინცია ბაიდაში. იქ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცრაზმმა მოაწყო რეიდი, რომელიც დაგეგმილი იყო ობამას ადმინისტრაციის მიერ. შედეგად დაიღუპა 25 მშვიდობიანი მცხოვრები, მათ შორის _ 10 ბავშვი, ერთ-ერთი იყო 8 წლის გოგონა ნავარ ალავლაკი, შვილი ისლამისტი მოძღვრის _ ანვარ ალავლაკისა, რომელიც 2011 წლის სექტემბერში, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ბრძანებით, გამოასალმეს სიცოცხლეს. სპეცოპერაციისას, აგრეთვე, მოკლეს ანვარის უფროსი ძმა და მისი 16 წლის ვაჟი _ აბდულრაჰმანი.

ხოცვაჟლეტა შუამავლების დახმარებით

როგორი შემაშფოთებელიც უნდა იყოს იმპერიული სასაკლაოს ეპიზოდები, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უფრო მეტი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს თავისი კლიენტებისა და შუამავლების მეშვეობით.

პატრის ლუმუმბა
პატრის ლუმუმბა

* 1960 წელს აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ მოკლა კონგოს სახელმწიფო მეთაური, ანტიკოლონისტური მოძრაობის ლიდერი პატრის ლუმუმბა. მისი ადგილი კი, აშშ-ის მხარდაჭერით, დაიკავა სისასტიკით განთქმულმა ჯოზეფ მობუტუმ, რომელმაც წიაღისეულით მდიდარ ამ ქვეყანაში 3 მლნ-ზე მეტი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. აშშ, აგრეთვე, აფინანსებს და ყველანაირად ეხმარება რუანდის დიქტატორ პოლ კაგამეს, რომლის სინდისზეც ათიათასობით ადამიანის მკვლელობაა;

* 1965-1966 წლებში აშშ-მა დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიასთან ერთად მხარი დაუჭირა და დააფინანსა დემოკრატიულად არჩეული ინდონეზიის მემარცხენე მთავრობის დამხობა. ქვეყანაში დაიწყო არეულობები, რომელთა შედეგად მილიონამდე ინდონეზიელი გლეხი, მუშა და ინტელექტუალი დაიღუპა. გენერალი სუჰარტო, რომელიც ხელმძღვანელობდა სახელმწიფო გადატრიალებას, თავისი ავტორიტარული მმართველობის 30 წლის განმავლობაში აშშ-ისგან იღებდა სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას;

* 1975 წელს სუჰარტო ვაშინგტონელი სპონსორების დახმარებით შეიჭრა აღმოსავლეთ ტიმორში და დაიწყო ამ ქვეყნის ანექსია. შედეგად დაიღუპა 180 ათასი მშვიდობიანი მცხოვრები;

* 1973 წელს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობით ხუნტამ დაამხო ჩილეს პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე და მის ადგილას დასვა მარიონეტი აუგუსტო პინოჩეტი, რომლის რეჟიმმაც აშშ-დან იმპორტირებული ეკონომიკური პოლიტიკის ცხოვრებაში გატარებისას სიცოცხლეს გამოასალმა 30 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე;

* 1970 წლის ბოლოსა და 1980-იან წლებში აშშ-მა, საუდის არაბეთმა და პაკისტანმა დააარსეს ექსტრემისტული ისლამურ-ვაჰაბიტური მოძრაობა, რომელიც შემდეგ გარდაიქმნა “ალ ქაიდად” და “თალიბანად”. ეს გააკეთეს იმისთვის, რომ დაემარცხებინათ საბჭოთა კავშირი ცივ ომში და გამოეწვიათ პროსაბჭოთა რეჟიმის დესტაბილიზაცია ავღანეთში. ამ სუნიტი ჯიჰადისტების სამხედრო შენაერთებმა ასიათასობით ადამიანს მოუსწრაფეს სიცოცხლე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ახლო აღმოსავლეთში;

სირია
სირია

* რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ის მიერ დაფინანსებულმა ავტორიტარულმა რეჟიმებმა ცენტრალურ ამერიკაში მოკლეს 300 ათასზე მეტი ადამიანი. გვატემალაში, სალვადორსა და ჰონდურასში ადამიანებს ხოცავდნენ და ასახიჩრებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოითხოვდნენ სამუშაო და სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და მიწის სამართლიანად განაწილებას;

* 1980-1988 წლებში აშშ მხარს უჭერდა ერაყს ირანთან ომში. ამ საშინელმა კონფლიქტმა, სულ ცოტა, მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დღესაც კი უამრავი ადამიანი იტანჯება ერაყის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად. ეს ქიმიური იარაღი კი ერაყელებმა აშშ-ის დახმარებით შექმნეს;

* სხვადასხვა შეფასებით, ამერიკის მიერ დაფინანსებულმა ისრაელის მთავრობამ სიცოცხლეს გამოასალმა ასიათასობით პალესტინელი. ისრაელი პალესტინელების მიმართ აპარტეიდის პოლიტიკას ატარებს, მიუხედავად ამისა, კვლავინდებურად იღებს აშშ-ისგან სამხედრო დახმარებას;

* 1999 წელს აშშ-მა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა განსაკუთრებული სისასტიკით დაბომბეს იუგოსლავია (ძირითადად, სერბეთი), დაიღუპა 1700-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის _ 400 ბავშვი. სერბეთს ჩამოაჭრეს მისი ძირძველი მიწა კოსოვო და იქ დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნეს;

* 465 ათასი სირიელი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა ამ ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომში, რომელსაც დასასრული არ უჩანს. და ეს გამოწვეულია აშშ-ისა და მისი მოკავშირეების, მათ შორის, საუდის არაბეთის ინტერესებით;

* საუდის არაბეთის ხელისუფლება ყველაზე რეაქციულია მსოფლიოში, მან ათიათასობით სხვაგვარად მოაზროვნე გაანადგურა ამერიკული იარაღითა და ამერიკელების დიპლომატიური მფარველობით. ეს ქვეყანა სუნიტურ-ვაჰაბიტური იდეოლოგიის ბუდეა, რომელიც მხარს უჭერს “ალ ქაიდასა” და “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებულ ჯიჰადისტებს. მათ საუდის არაბეთი აფინანსებს;

* ცივი ომის ეპოქაში ასიათასობით შავკანიანი აფრიკელი დაიღუპა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი აპარტეიდის რეჟიმის გამო სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკაში.

ნიკა კორინთელი

მომზადებულია Global Researchის მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here