ჰერჩინსკის ტყუილები და დასავლეთის  უხეში ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში

    საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ტყუილების რეკორდი მოხსნა და კარგი იქნება, თუ მას ქართული მხარე გინესის რეკორდების სერთიფიკატზე წარადგენს

    არჩევნებამდე რამდენიმე  დღე დარჩა. როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს,  რიგითი არჩევნები კი არა,  რეფერენდუმია იმისა, რა გვინდა და როგორ გვინდა. გამარჯვებაში ორივე მხარე დარწმუნებულია და ისე ჩანს, მარცხის აღიარება არათუ გაუჭირდებათ, არამედ  არც აპირებენ… ევროპელებმა  და ამერიკელებმა დაივიწყეს დიპლომატიური  ეტიკეტი, უხეშად ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში  და  დაუფარავად გვეუბნებიან: გინდათ თუ არა, ხელისუფლება უნდა შეცვალოთო. ამისთვის კი  ტყუილის თქმას არ ერიდებიან და თანაც ისე მშვიდად ცრუობენ, გეგონებათ, „ნაცარქექიას“ ზღაპარს უკითხავენ ბავშვებს. პრინციპში,  რასაც ისინი ამბობენ, სწორედ  ზღაპარია, მაგრამ ვაი, რომ ამ ზღაპრის ბევრს სჯერა.

    საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ტყუილების რეკორდი მოხსნა და კარგი იქნება, თუ მას ქართული მხარე გინესის რეკორდების სერთიფიკატზე  წარადგენს.ჰერჩინსკიმ  მშვიდად თქვა, –  ევროკავშირის 27-ვე ლიდერი საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მხარს არ უჭერს და შესაბამისი განცხადებები უკვე გაკეთდაო. ჯერ ერთი, განცხადებები, ლიდერებმა კი არა, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის  თავმჯდომარე მაიკლ როთის დონის პოლიტიკოსებმა გააკეთეს და მეორეც – შეუძლია ჰერჩინსკის, გვითხრას, სად და რა ისაუბრეს სლოვაკმა ან უნგრელმა პოლიტიკოსებმა? თუ სლოვაკეთი და უნგრეთი ევროკავშირის წევრები აღარ არიან?

    „არავის სურს ადამიანების დასჯა, მაგრამ ჩვენ რეაგირება უნდა მოვახდინოთ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე, განცხადებებსა და გადაწყვეტილებებზე“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ. არის თუ არა ეს პირდაპირი მუქარა?  თურმე ევროპას არ აქვს „ადამიანების დასჯის სურვილი“, მაგრამ  „რეაგირება უნდა ჰქონდეთ“, ანუ უნდა დაგვსაჯონ?

    „გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩატარდება, მაგრამ  იმ შემთხვევაში, თუ ასე არ მოხდება, მზად ვართ, წარმოვადგინოთ ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა ვარიანტი. ეს არ არის მუქარა, ეს მარტივი რეალობაა. მსგავსი მაგალითები წარსულშიც ყოფილა, როცა არ გვქონდა სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ გაგვეტარებინა სხვადასხვა ზომა, მათ შორის სანქციები. სანქციების დაწესება მარტივი არ არის, რადგან მოითხოვს ევროკავშირის ყველა წევრის ერთობლივ გადაწყვეტილებას, მაგრამ, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ მოითხოვს ერთსულოვან გადაწყვეტილებას“, – ეს ჰერჩინსკის მორიგი მუქარაა.

    ჰერჩინსკის პათოსს იზიარებს  საფრანგეთის პრეზიდენტი  ემანუელ მაკრონი, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინათ  საქართველოს პრეზიდენტს უმასპინძლა და, სავარაუდოდ, სწორედ მაშინ დაიგეგმა, ვის რა და როგორ უნდა ეთქვა. სწორედ მაკრონთან ვიზიტის შემდეგ იყო თამამი მადამ ზურაბიშვილი და ისიც კი გვითხრა, პრემიერობის კანდიდატი ევროპაში შევათანხმე და ახლა თქვენ ხელი ამიწიეთო. ეს ოპოზიციონერებსაც არ მოეწონათ, მაგრამ  ფრთხილობენ, იციან, ერთადერთი ბერკეტი, როგორმე ხელისუფლებაში მოვიდნენ, დასავლეთს უპყრია და მისი გაღიზიანება არ სურთ, მაგრამ ვერც საკუთარ ეგოსა და ამბიციებს ერევიან. როგორი საქმეა, ოპოზიციამ გაიმარჯვოს და ხაზარაძე, გახარია, გვარამია, ბოკუჩავა, ვაშაძე პრემიერობის სკამს მიღმა დარჩნენ?! ყველას ხომ ეს ესიზმრება? ამ დროს კი პრეზიდენტი ამბობს, კანდიდატურა შევათანხმე და ხელი უნდა ასწიოთო. როგორც ჩანს, მადამ სალომეს მიერ დასახელებული პრემიერობის კანდიდატი არც ერთი ოპოზიციური პარტიისთვის არ არის მისაღები და თავს იკავებენ, მაგრამ იმასაც ხვდებიან, რომ, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ქვეყნის მართვის სადავეები, მათ ხელში კი არა, ევროპა-ამერიკის ხელში გადავა. ისინი იქნებიან ეტლში შებმული ცხენები, მეეტლე – დასავლეთი და ისე და იმ მიმართულებით გაიქცევიან, საითაც მეეტლე  მოისურვებს და შოლტს  როგორც გადაუჭერს.

    „საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ვინმე ჰერჩინსკი, ეროვნებით პოლონელი, თბილისში გაშმაგდა. მან თავისი პირდაპირობითა და უხეშობით გამაოცა. თქვა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და არც 2030 წელს არ იქნება, თუ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის სისტემა ჩამოყალიბდება. აღსანიშნავია, რომ ეს ითქვა საპარლამენტო არჩევნების წინ, ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური ბრძოლის ატმოსფეროში. იმის თქმა, რომ ეს დიპლომატიური ეთიკის დარღვევაა, არაფერს ნიშნავს. რეალურად დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეების პირდაპირი შანტაჟი და დაშინება ხდება, მსგავსი რამის მოთმენა კი ქართული სიამაყისთვის სერიოზულ გამოცდას წარმოადგენს“,-განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა  და ატყდა ერთი ამბავი, რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში ერევაო.

    ჯერ ერთი, რა არის კარასინის განცხადებაში ტყუილი და მეორეც – რაში გამოიხატება საშინაო საქმებში ჩარევა? კარასინმა ის ხომ არ თქვა, თუ არჩევნები ისე არ დასრულდება, როგორც ჩვენ გვსურს, საქართველოსთან სავიზო რეჟიმს ისევ შემოვიღებთო? ხომ არ თქვა, ფინანსურ სანქციებზე ვიფიქრებთო? არა, პირიქით –  რასაც გვეუბნებიან, დაგმო და არ მოეწონა. ანუ, მხოლოდ ჩვენ არ მოგვჩვენებია ჰერჩინსკის სიტყვები მუქარად, გამოცდილი დიპლომატებიც ამბობენ, რომ ეს პირდაპირი მუქარა და შანტაჟია. როგორ გგონიათ, ჰერჩინსკიმ არ იცის, რომ არადიპლომატიურად იქცევა,  ქვეყნის საშინაო საქმეებში ერევა და პირდაპირ მითითებებს აძლევს როგორც პოლიტიკოსებს, ისე ამომრჩევლებს და,  თუ პოლიტიკოსებს დახურულ კარს მიღმა ემუქრებიან, მოსახლეობას საჯაროდ  უგზავნიან მუქარის შემცველ მესიჯებს და ზუსტად იციან, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ, რადგან,  თუ ქართველი ხალხი დამოუკიდებლობას აირჩევს, აქედან დასავლეთის ფეხი ერთხელ და სამუდამოდ ამოიკვეთება? დასავლეთმა  ყველაზე კარგად იცის, თუ ნამდვილი დამოუკიდებლობის გემო  გაიგო ხალხმა, მერე მისი დამონება ურთულესი საქმე იქნება.

    ევროპა და ამერიკა აქამდე ტყუილს ისე ამბობდნენ, ფაქტების გადამოწმება რთული იყო. გვპირდებოდნენ ნატოს, ევროკავშირს, ახლა კი ნატოზე  საუბარი საერთოდ აღარ არის, ევროკავშირის წევრობაზე კი, რომელსაც 2030 წლისთვის გვპირდებოდნენ (შარლ მიშელმა თქვა),  გვეუბნებიან, არაფერი იქნება, თუ ხელისუფლებას არ შეცვლითო. ისე, დასავლელი „მეგობრები“ თავს იზღვევენ, რადგან ხვდებიან, რომ ამ ხელისუფლების შეცვლა ხელის ერთი მოსმით  არ გამოვა და ამიტომ ნათქვამში შესწორება შეაქვთ:  ერთპარტიული მმართველობა არ უნდა იყოსო. მერე რა, რომ მრავალპარტიულმა და კოალიციურმა მმართველობამ პრაქტიკულად არსად არ გაამართლა.  ამერიკა ავიღოთ, იქ სულ ორი პარტია და ყოველთვის ერთპარტიული მმართველობაა. ხომ შეუძლიათ, პრეზიდენტი თუ რესპუბლიკელი იქნება, ვიცე-პრეზიდენტი დემოკრატების წარმომადგენელი იყოს (ან პირიქით)? ეს  ხომ ძალიან მარტივია? მაგრამ არა, ბატონებო, ამერიკელებმა იციან, რომ ეს მუდმივი ქიშპობისა და დაპირისპირების კერა იქნება და ამიტომ ამის გაკეთება არ სურთ. სამაგიეროდ ჩვენ გვტენიან მმართველობის ისეთ ფორმას, რომლის პირობებშიც  ნებისმიერ მომენტში მოახერხებენ საბოტაჟს, არეულობის დაწყებას, პოლიტიკური კრიზისის შექმნას.

    დასავლეთს იმ ახალგაზრდების იმედი აქვს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“, ანუ სრული განუკითხაობის პერიოდში ისე პატარები იყვნენ, რომ არ ახსოვთ, მინისტრების ცოლები როგორ აკვლევინებდნენ ქმრებს იმ ბიჭებს, რომლებიც, უბრალოდ, არ მოსწონდათ; რომლებიც მათ ქუჩაში, კაფეში, რესტორანში ფიანდაზად არ გაეგებოდნენ; არ ახსოვთ, რომ ვიღაც ამძუვნებული ქალის გამო თბილისიდან სპეცრაზმელებით დატვირთული ვერტმფრენი მესტიაში მხოლოდ იმიტომ გაფრინდა, რომ ბიჭი, რომელმაც ამ ქალის ვნება  არ დააკმაყოფილა, საშინლად ეცემათ.  ეს იყო ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავი და დასავლეთი ამაზე თვალს ხუჭავდა; მაღალჩინოსნები ქუჩაში აჩერებდნენ ძვირად ღირებულ ავტომობილებს და პატრონებს პირდაპირ ქუჩაში ართმევდნენ, – მომწონს, ახლა ჩემიააო.  ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა, ციხეში 10-15 წლით სვამდნენ. როგორ გგონიათ, ნაციონალების ზეობის ხანაში  23 ათასი პატიმარი რატომ იყო და ახლა რატომ არის მხოლოდ 7-8 ათასი? ერი გამოსწორდა? კრიმინალმა მოიკლო? არა, უბრალოდ, ციხეში უდანაშაულოებს აღარ სვამენ.

    20 ოქტომბერს ე.წ. ევროპული მარში ჩატარდა და ამ მარშს ამაყად შეუერთდა „თბილისი პრაიდი“, ანუ ლგბტ საზოგადოება. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მიეცემათ უფლება, ერთნაირსქესიანებმა ოფიციალურად იქორწინონ, ოფიციალურად აიყვანონ ბავშვი და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები იყვნენ; შევიდნენ სკოლებში, ბაღებში და აგიტაცია აწარმოონ, რომ ეს ყველაფერი, ცუდი კი არა, ძალიან კარგია და ეგებ ამ „სიკარგეში“ მათი მომავალი წარმატების საიდუმლოც კი იყოს. მერე აღარ გამოვა თითზე კბენა და იმის თქმა: „უი, არ ვიცოდი“. ყველამ ყველაფერი იცის და არჩევანიც თქვენი, ჩვენი გასაკეთებელია.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                                      

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here