Home რუბრიკები საზოგადოება ჯუმბერ პატიაშვილი: მიწათმონაცვლეობის რუკა, რომელზეც საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრები ცვლილებებით იყო დატანილი,...

ჯუმბერ პატიაშვილი: მიწათმონაცვლეობის რუკა, რომელზეც საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრები ცვლილებებით იყო დატანილი, წლების შემდეგ საპატრიარქოს გადავეცი

6273
ჯუმბერ პატიაშვილი

გასული კვირაში ერთერთი აქტუალური თემა იყო დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა, უკვე მერამდენედ, უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გადაკეტეს და ამკრძალავი ნიშნები დადგეს. ცოტა ხანში საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან მოილაპარაკეს და პრობლემა ამ ეტაპზე ამოწურულია, თუმცა არავინ იცის, რა ხნით.

მკითხველს შევახსენებთთ, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს დავითგარეჯის ტერიტორიის საკითხი აზერბაიჯანთან თითქმის მოგვარებული იყო. რამ შეუშალა ხელი პროცესის ბოლომდე მიყვანას და რა პერსპექტივა აქვს დღეს ამ საკითხის მისაღები ფორმით გადაწყვეტას, გვესაუბრება საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი, რომლის მმართველობის პერიოდშიც მიმდინარეობდა ზემოხსენებული პროცესები.

ჯუმბერ პატიაშვილი ამბობს, რომ დავითგარეჯი მტკივნეული და საფრთხილო თემაა, რომელსაც არასამთავრობოები და სამოქალაქო აქტივისტები კი არა, ორი ქვეყნის ხელისუფლება უნდა წყვეტდეს. ეს თემა არც წასაყრუებელია და არც გასაზვიადებელი

_ ბატონო ჯუმბერ, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო აგორებული ეს ტალღა, რომელიც 1988 წელს დაიწყო, არახალია ქართველებისთვის. იქნებ გაიხსენოთ, როგორ დაიწყო ყველაფერი?

_ 1988 წელს სიტუაცია ნელ-ნელა დაიძაბა, რაც უმართავ პროცესებში გადაიზარდა და ბოლოს 9 აპრილით დასრულდა.

ამ ყველაფერს, ბუნებრივია, თავისი წინაპირობა ჰქონდა: ერთი მხრივ, პატიმრობიდან გათავისუფლებულმა და გადასახლებიდან დაბრუნებულმა დისიდენტებმა ჯერ ერთად დგომა, შემდეგ კი ე.წ. ეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბება და საზოგადოების დიდი ნაწილის ამ მოძრაობაში ჩართვა შეძლეს; მეორე მხრივ კი აფხაზურმა სეპარატიზმმა იჩინა თავი.

ამ ყველაფერს “ლოგიკურად” მოჰყვა მოვლენების ესკალაცია და რესპუბლიკის ხელმძღვანელობა იძულებული შეიქნა, ძალისხმევა დესტაბილიზაციის თავიდან აცილებასა და საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისკენ მიემართა.

დედაქალაქში პირველი სტუდენტური მღელვარება დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე განლაგებულმა პოლიგონმა გამოიწვია. გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია ოდითგან დაუსახლებელი იყო. უდაბნოში გზის მშენებლობა ურთულეს პირობებში მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ არა მხოლოდ გზა, არამედ სასმელი წყალი და საწრყავი არხებიც გავიყვანეთ და ოთხასკომლიანი სოფელიც ავაშენეთ, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვასახლეთ ხალხი და გარეჯობის დღესასწაულიც დავაარსეთ.

ამ ყველაფერს იმიტომ ვიხსენებ, რომ ბევრს დღესაც ჰგონია, თითქოს გარეჯა ღვთისა და კაცთაგან მიტოვებული ტერიტორია იყო და მისი “აღმოჩენაცა” და მასზე მეურვეობაც ე.წ. ეროვნული მოძრაობის დამსახურებაა.

კაჭრეთი

არადა, როგორც უკვე გითხარით, გარეჯისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა და განაშენიანება შევარდნაძის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნობის პერიოდში დაიწყო, ჩემი პირველი მდივნობის პერიოდში დასრულდა და არავისგან, მათ შორის, არაფორმალებისა და არც სტუდენტებისგან მითითებები, მით უფროზეწოლა”, არ მჭირდებოდა.

რაც შეეხება გარეჯის უფრო ადრინდელ ისტორიას:

საქართველოს გასაბჭოებისას, 1921 წელს დადგენილი საზღვრებით, 70 ჰექტარზე მეტი მიწა და ბერთუბანი თავისი უძველესი, უნიკალური ფრესკებით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოხვდა.

ეს იყო რეალობა, რომლის შეცვლა მხოლოდ გარკვეული დათმობებით, კერძოდ, ტერიტორიების მონაცვლეობით იყო შესაძლებელი, ამიტომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ინტენსიურ მოლაპარაკებას ვაწარმოებდით და ბერთუბნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის სანაცვლოდ ანალოგიური ფართობის 70 ჰექტარ მიწას ივრის პირას ვთავაზობდით.

ამ საკითხზე ქართველი ისტორიკოსები და არქეოლოგები მუშაობდნენ, მათ ახალი საზღვრების მიხედვით რუკა შეადგინეს, ჩაუტანეს აზერბაიჯანელ კოლეგებს, მათგან თანხმობაც მივიღეთ, მაგრამ ორი რესპუბლიკის შეთანხმება ამ საკითხის გადასაწყვეტად საკმარისი არ აღმოჩნდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები იყო განლაგებული და, ბუნებრივია, მიწათმონაცვლეობასა და რესპუბლიკებს შორის ახალი საზღვრების დადგენა საკავშირო თავდაცვის სამინისტროს უნდა განეხილა და დაემტკიცებინა.

ჯუმბერ პატიაშვილი

სამწუხაროდ, ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანა 9 აპირილის მოვლენების დრამატულად განვითარების შემდეგ აღარ დამცალდა. უფრო სამწუხაროა ის, რომ, აგერ უკვე თითქმის ოცდაათი წელიწადია, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ აღარც გარეჯა და აღარც ბერთუბანი აღარავის გახსენებია; მათ შორის, არც იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ ასპარეზზე სწორედ ხმამაღალი განცხადებებით გამოვიდნენ და პოლიტიკურ კარიერაშიც პირველი ნაბიჯები გარეჯის თემაზე სპეკულირებით გადადგეს.

რაც შეეხება სამხედრო პოლიგონს, მისი 90 პროცენტი _ აზერბაიჯანის, 10 პროცენტი კი საქართველოს ტერიტორიაზე იყო განლაგებული.

როდესაც გარეჯის თემა სტუდენტების მხრიდან პროტესტის გამოხატვისა და მიტინგების გამართვის საფუძველი შეიქნა, ბუნებრივია, საკავშირო თავდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკების წარმოება დავიწყეთ.

ისინი აცხადებდენ, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დაზიანება სამხედრო პოლიგონით არ იყო გამოწვეული, რადგან წვრთვნებსა და სამხედრო მანევრებში სამხედრო ტექნიკა ჩართული არ იყო და აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ სროლა მიმდინარეობდა.

საკავშირო თავდაცვის სამინისტროს განცხადება სტუნდენტებსა და არაფორმალებს არადამაჯერებლად მიჩნდათ და მოვლენების დრამატიზირებაც სწორედ აქედან დაიწყო.

_ თქვენ რა მოიმოქმედეთ ვითარების განსამუხტავად? პრობლემა ხომ მართლაც რეალური იყო

_ იმხანად თბილისში წარმოშობით თბილისელი აკადემიკოსი ევგენი პრიმაკოვი იმყოფებოდა, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობდა და მიხეილ გორბაჩოვთან მეგობრობდა. როდესაც ჩემთან სტუმრად მყოფ პრიმაკოვს დავითგარეჯის გარშემო შექმნილი სიტუაციის შესახებ ვუამბე, მან ჩემი თანდასწრებით ჩემივე კაბინეტიდან ტელეფონით დაურეკა გორბაჩოვს და ჯერ დეტალურად აუხსნა პრობლემის არსი, ხოლო საუბრის დასასრულ სთხოვა:

_ მიხაილ სერგეევიჩ, გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ქართველ ახალგაზრდებს და ჯუმბერ პატიაშვილს.

ამის შემდეგ გორბაჩოვმა ჩემთან გააგრძელა საუბარი და მითხრა, რომ მოსკოვში პერსონალურად მისთვის ჩამეტანა გარეჯის შესახებ არსებული წიგნები და ისტორიული მასალა.

ჯარისკაცები და მამაო

რასაკვირველია, მეორე დღესვე დავინტერესდი ისტორიული წყაროებით. ისტორიის ინსტიტუტიდან მომიტანეს ჩუბინიშვილის მიერ გამოცემული წიგნი, რომელშიც ქართულ ისტორიულ ძეგლებზე, მათ შორის, გარეჯზეც იყო საუბარი. წიგნი და მისი გარეკანი საკმაოდ შელახული იყო.

მოსკოვში გამგზავრებამდე უნივერსიტეტში სტუდენტებს შევხვდი და პირობა მივეცი: თუ გარეჯის საკითხი დადებითად არ გადაწყდებოდა, მაშინ მეც მათ პოზიციას დავიკავებდი.

უნივერსიტეტში შეხვედრის პარალელურად აღმოჩნდა, რომ სტუდენტების გარკვეული ჯგუფი, რომელმაც უნივერსიტეტში ჩემთან შეხვედრა ჩემთვის დღემდე გაურკვეველი მიზეზით არ ისურვა, თემურ ქორიძესთან ერთად მაშინდელ კიროვის პარკში მართავდა შეკრებას. ამ შეკრებაზე მხოლოდ გარეჯის კომპელქსზე არ უსაუბრიათ, არც ჩემს კრიტიკასა და ლანძღვას მორიდებიან. თემურ ქორიძეს პირადად არ ვიცნობდი. ბუნებრივია, დავინტერესდი, ვინ იყო ან რატომ იყო ასე მოწადინებული ჩემი დისკრედიტაციით. მითხრეს, ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობსო.

მალევე დამიკავშირდა ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კრიტიკოსი გიორგი ციციშვილი და მითხრა, რომ ქორიძეს ბოდიშის მოხდა სურდა, რაც წერილობით გამოხატა კიდეც.

გვერდნახევრიან წერილში ქორიძე ბოდიშს მიხდიდა, მწერდა, რომ მისი გამოსვლა არაობიექტური და არაკორეკტული იყო და იქვე დასძენდა, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე ამას საჯარო გამოსვლაშიც იტყოდა.

ჩემთვის ნათელი შეიქნა, რომ გარეჯის კომპლექსი და იქ განთავსებული პოლიგონი საზოგადოებისა და სტუდენტების ერთ ნაწილს მართლაც გულწრფელად აღელვებდა, მაგრამ არსებობდნენ ისეთებიც, ვინც მოკლებული იყო ყოველგვარ საერო აზროვნებას: მათთვის გარეჯის პოლიგონი საკუთარი მერკანტილური ინტერესებისპოლოგონსწარმოადგენდა, რასაც იყენებდნენ კიდეც საზოგადოებრივ ასპარეზზე დამკვიდრებისა და მოვლენათა ესკალაციისთვის.

28 სექტემბერს მოსკოვში ჩავედი. გორბაჩოვს შევხვდი და ჩუბინიშვილის წიგნიც გადავეცი. გორბაჩოვმა წიგნი გადაათვალიერა და მთხოვა: დამიტოვეთ, უკეთ გავეცნობიო. ამის შემდეგ კი ჩემი თანდასწრებით თავდაცვის საკავშირო მინისტრ იაზოვს დაურეკა. დიალოგი ჩემთვის და, ალბათ, იაზოვისთვისაც სრულიად მოულოდნელი კითხვით დაიწყო:

_ დიმიტრი ტიმოფეევიჩ, თქვენ მართლმადიდებელი ქრისტიანი ხართ? როგორც ჩანს, იაზოვმა დაუდასტურა, რადგან ამის შემდეგ გორბაჩოვმა უთხრა:

_ ძალიან კარგი. მაშინ ახლა თქვენთან მოვა საქართველოს ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი და საკითხი დადებითად გადაუწყვიტეთ.

გამოვედი თუ არა გორბაჩოვის კაბინეტიდან, მისაღებიდანვე დავუკავშირდი იაზოვს, რომელმაც შეხვედრა მეორე დღეს, 29 სექტემბერს, სამ საათზე დამინიშნა.

იმ დროისთვის სეულში ოლიმპიადა მიმდინარეობდა. იმ დღეს კი საბჭოთა კავშირისა და ბრაზილიის ნაკრების ფინალური საფეხბურთო მატჩი უნდა გამართულიყო. საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში გელა კეტაშვილი თამაშობდა და ამ მატჩს განსაკუთრებული ინტერესით ვუყურე, რადგან ქართველებს სპორტის ყველა სახეობაში გვყავდა ოლიმპიური ჩემპიონი, ფეხბურთის გარდა. თამაში საბჭოთა კავშირის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა და საკმაოდ ამაღლებული განწყობით მივედი იაზოვთან დანიშნულ შეხვედრაზე.

შეხვედრის პირველივე წუთებიდან ვიგრძენი, რომ იაზოვს არც გორბაჩოვის დავალება ჰქონდა კარგად გააზრებული და არც გარეჯის პოლიგონთან დაკავშირებული პრობლემის არსი.

_ პოლიგონი ძვირად ღირებულია, მისი გადატანა შეუძლებელია, მაგრამ მაშინაც კი, თუ ამ შეუძლებელს შევძლებთ, სანაცვლოდ საქართველომ ათი ათასი ჰექტარი მიწა უნდა გამოყოს ახალი პოლიგონისთვის, _ მითხრა იაზოვმა.

_ საქართველო ყველაზე მცირემიწიანი რესპუბლიკაა და გამორიცხულია, პოლიგონისთვის ამხელა ფართობის გამოყოფა შევძლოთ, _ ვუპასუხე არანაკლები კატეგორიულობით და იქვე შევახსენე, რომ მას, როგორც საკავშირო თავდაცვის მინისტრს, ქვეყნის პირველი პირისგან დავალება ჰქონდა მიღებული და კეთილი უნდა ენება, ეს დავალება შეესრულებინა.

ამის შემდეგ დიალოგი აღარ გამიგრძელებია.

სათქმელი აღარაფერი მქონდა. უკმაყოფილომ და გაღიაზიანებულმა დავტოვე იაზოვის კაბინეტი, თუმცა იგი უკან გამომყვა, ლიფტამდე მიმაცილა და შეეცადა, კეთილგანწყობით დავშორებოდით ერთმანეთს.

თბილისში დაბრუნებულს, ორი-სამი დღის შემდეგ როდიონოვი დამიკავშირდა და მითხრა:

_ დღეს დილის ათი საათვისთვის იაზოვი საქართველოში ჩამოვა, პოლიგონი უნდა დავათვალიერებინოთ.

იაზოვი როდიონოვსა და საკმაოდ სოლიდური წარმომადგენლობის გენერალიტეტთან ერთად მართლაც ჩამოვიდა თბილისში. ბუნებრივია, ასეთი ფართომასშტაბიანი და მნიშვნელოვანი ვიზიტი ტელევიზიასაც უნდა გადაეღო, თუმცა თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოსული იაზოვის პირველი სიტყვები იყო:

_ უბერიტე ტელევიდენიე!

რა გაეწყობოდა. ტელეკამერების გარეშე წავედით ბერთუბანში. კოკისპირულად წვიმდა. იაზოვს საცალფეხო ბილიკზე ფეხი დაუცურდა და ძლივს გადაარჩინა დაცვამ.

უხმოდ, უსიტყვოდ დაათვალიერა ყველაფერი.

15 გენერალი ახლდა, თითქოს შეთანხმებულები იყვნენ, არც ერთი არ იღებდა ხმას. ბოლოს ერთმა მათგანმა გვერდით გამიხმო და ჩურჩულით, მაგრამ მკაფიოდ მითხრა:

_ თუ ეს პოლიგონი გაუქმდება, თქვენ, ქართველები, ამ ტერიტორიაზე ფეხს ვეღარ დაადგამთ.

ნათელი იყო, რასაც გულისხმობდა…

_ რას გულისხმობდა? ასე რატომ თქვა?

_ ადრე ქართველებს იქ საძოვრები გვქონდა, მერე ცხვრის რაოდენობა გაიზარდა და 320 ათასი ჰექტარი მიწა ყიზლარში მოგვცეს, ხოლო ბერთუბნის ტერიტორიის საძოვრები მათ დარჩათ. 100 ათასი ჰექტრიდან ჩვენი 10 ათასი იყო, 90 ათასი ჰექტარი _ აზერბაიჯანის. რუსმა გენერალმა სწორედ ეგ იგულისხმა. ის არ გვემუქრებოდა, რეალობას ამბობდა. თანაც ჩვენ მას ვედავებოდით, რომ პოლიგონი ანგრევდა ძეგლს და მანაც სწორედ ეს თქვა: თუკი პოლიგონი აღარ იქნება, მიწა მაინც ვერ გახდება თქვენიო… თუმცა მოვლენები სხვაგვარად წარიმართა.

_ ამ ვიზიტის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?

_ იაზოვმა და მისმა ამალამ ისე დატოვეს ჯერ გარეჯის და შემდეგ საქართველოს ტერიტორია, რომ კატეგორიული გამომეტყველება ბოლომდე შეინარჩუნეს. მივხვდი, რომ გადაწყვეტილება ადგილზე არ მიუღიათ.

იაზოვმა მხოლოდ ერთი წინადადება თქვა:

_ აქ არ იქნება ისეთი სროლა, რომელიც ისტორიულ ძეგლებს დააზიანებს. აეროპორტიდან გარეჯში, გარეჯიდან აეროპორტში წავიდნენ და იმავე დღეს დატოვეს საქართველო.

ერთადერთი, რაც მათი გადაწყვეტილებიდან ჩვენთვის იმ დღესვე შეიქნა ცნობილი, იყო ის, რომ უახლოს დღეებში გარეჯის ტერიტორიაზე სამხედრო მანევრები ჩატარდებოდა, რომლებშიც სამხედრო ჯავშანტექნიკასა და ავიაციასაც გამოიყენებდნენ.

ამ საცდელ მანევრებს ქართული მხარის წარმომადგენლებიც დაესწრებოდნენ და საკუთარი თვალით ნახავდნენ, აღრიცხავდა თუ არა სპეციალური მოწყობილობა გარეჯში განთავსებული ისტორიული ძეგლების დაზიანების ფაქტს.

საცდელი სამხედრო მანევრები რამდენიმე დღეში მართლაც ჩატარდა. მარნეულის სამხედრო აეროპორტიდან გარეჯში ბომბებით დატვირთული თვითმფრინავები გადაფრინდნენ, ექსპერიმენტში სახმელეთო მძიმე ტექნიკაც ჩაერთო.

პროცესს, როგორც შეთანხმებული იყო, ქართველი სპეციალისტებიც დაესწრნენ. ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ისტორიულ ძეგლებზე სამხედრო მანევრების შედეგად არანაირი დაზიანება არ აღრიცხულა. მთავარი სიტყვა მაინც მთავარსარდალს უნდა ეთქვა.

გორბაჩოვის გადაწყვეტილების მოლოდინში დრო უქმად არ დაგვიკარგავს. აზერბაიჯანთან განვაგრძეთ მოლაპარაკება ტერიტორიათმონაცვლეობის საკითხზე და მარტში მივიღეთ კიდეც მათგან თანხმობა. თუმცა იმ პერიოდისთვის საქართველოში მოვლენები ისე დრამატულად ვითარდებოდა, რომ გარეჯმაც და ბერთუბანმაც უკანა პლანზე გადაინაცვლა. 9 აპრილის შემდეგ კი თანამდებობიდან გადავდექი.

აღნიშნული მიწათმონაცვლეობის რუკა, რომელზეც საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრები ცვლილებებით იყო დატანილი, წლების შემდეგ საპატრიარქოს გადავეცი.

რაც შეეხება გორბაჩოვსა და მის პოზიციას გარეჯის კომპლექსისა და სამხედრო პოლიგონის მიმართ, იაზოვის ვიზიტიდან ცოტა ხნის შემდეგ მოსკოვიდან ამანათი მივიღე. ამანათში ჩუბინიშვილის ის წიგნი იდო, რომელიც გორბაჩოვს დავუტოვე ძეგლის უკეთ გასაცნობად, მაგრამ განახლებული სამი ეგზემპლარიც ახლდა.

შელახული ორიგინალი განახლებულ ეგზემპლართან ერთად ისტორიის ინსტიტუტში დავაბრუნე, მეორე ეგზემპლარი ცენტრალურ კომიტეტში დავტოვე, მესამე კი _ დღესაც ჩემს საოჯახო ბიბლიოთეკაში ინახება.

ჩუბინიშვილის წიგნის განახლებული ეგზემპლარების საქართველოში გამოგზავნით გორბაჩოვმა ორიგინალური, სიმბოლური ფორმით თქვა თავისი სათქმელი.

_ საკითხი თითქმის მოგვარებული იყო, რატომ არ გადაწყდა საბოლოოდ ეს პრობლემა?

_ მაშინ ვფიქრობდი, რომ საკითხი გადაწყვეტილი იყო და მას მხოლოდ წერტილის დასმა სჭირდებოდა…

ხელისუფლებაში მალე აღარ ვიყავი, მოვლენები როგორ განვითარდა ქვეყანაში, ყველას კარგად ახსოვს. დავითგარეჯის, უფრო ზუსტად, ბერთუბნის პრობლემაზე საფიქრად აღარავის ეცალა. აზერბაიჯანისა და საქართველოს მხარეც დადუმებული იყვნენ.

_ საბჭოთა კავშირიც მალე დაიშალა. როგორ მოხდა, რომ დავითგარეჯის ტერიტორიაზე, საზღვართან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დადგნენ და არა ქართველები?

_ საზღვრები რომ დაიშალა, მერე მართლა არ ვიცი, როგორ ჩადგა იქ აზერბაიჯანის დაცვა. იმხანად აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მდგომარეობა იყო, შესაძლოა, ამის გამოც ჩააყენეს ჯარი, საზღვრებს იცავდნენ. ჩვენთანაც სამოქალაქო ომი იყო და დავითგარეჯა აღარავის ახსოვდა…

_ ვინ იყო აზერბაიჯანის ცეკას პირველი მდივანი იმ დროს, როდესაც ორ ქვეყანას შორის შეთანხმება მოხდა?

_ ჯერ ბაგიროვი იყო, შემდეგ _ ვეზიროვი, რომელსაც ბებია ქარელის რაიონიდან ჰყავდა.

_ დღეს თუ არის შესაძლებელი, მაშინდელი შეთანხმების საფუძველზე გაგრძელდეს მოლაპარაკება?

_ 1988 წლის შეთანხმების გაგრძელება, შეიძლება კი არა, აუცილებელიც არის. ახლახან დამირეკა აზერბაიჯანის მხარის წარმომადგენელმა _ მამედოვმა და ეს ამბები გაიხსენა, ამბობს, რომ ყველაფერი, რასაც ვამბობ, სიმართლეა და ეს ასეც არის. ის წუხს და ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობა არ არის სასურველი და ეს პრობლემა გადასაწყვეტია.

თავის დროზე საპატრიარქოს გადავეცი რუკა, რომლის საფუძველზეც შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება. უნდა შეიქმნას კომისია, რომელშიც პროფესიონალთა ჯგუფი შევა. ისტორიკოსებმა, არქეოლოგებმა, ეთნოგრაფებმა უნდა იმუშაონ.

გარეჯის პრობლემის მოგვარება ერთი და ორი კაცის გადაწყვეტილება არ იყო, არც დირექტივა იყო ვინმესგან წამოსული, იქ პროფესიონალებმა იმუშავეს, ორი ქვეყნის მეცნიერებმა, ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, დღეს ისევ ცოცხალია. რის საფუძველზეც დასკვნა დაიწერა, ეს საფუძველია გამოსაყენებელი და ორი ქვეყნის პირველი პირები უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

5 COMMENTS

  1. სულ სხვის საქმეს როგორ უნდა ვაკეთებდეთ ქართული ხელებით?-რატომ უნდა დათმო რაც შენია?! პატიაშვილს აქვს კიდევ შანსი თავისი სიტყვა თქვას.რას ამოვიჩემეთ,, საბჭოთა გადმონაშთები,,ვინც ცოცხლი ვართ, არაშორეული საბჭოეთიდან მოვდივარ.ვიჩქაროთ! პრობლემას უნდა სასწრაფოდ მოგვარება.რა უბედურებაა ეს შიდა ქაოსი.აი, ნათელი მაგალითი იმისა,თუ რატომ ვიღუპებით უსასრულოდ ,რაც პატიაშვილმა მოყვა.დავეყრდნოთ ავტორიტეტებს, ვინც კომპენტენტურია, თორემ ტალახის სროლის მეტი აღარაფერი დაგვრჩა საამაყო.

  2. ამ საჭირბოროტო თემაზე ბატონ ჯუმბერა არა ერთხელ უსაუბრია,მიუნიშნებია მავანთათვის,რომ ეს საკითხი არ იყო თაროზე შემოსავლები,მაგრამ არ ისმინეს გულჯიგარ გაციებულმა გამყიდველმა სატანაზე სულმიყიდულმა ჩინოვნიკებმა და სავალალოდ დღესაც ესე გრძელდება.აუცილებელია ხალხი,ხალხი უნდა აღსდგეს მათ უნდა დაიწყონ შაგრენის ტყავივით დაპატარავებული ღვთისმშობლის კურთხეული მიწა-წყლის დაცვა.

  3. მეც 9 აპრილის მონაწილე ვარ სულ მიკვირდა და ვფიქრობდი ამ მოვლენების თავშიც დაბოლოშიც პატიაშვილი იყო, საქართველოში თუ რამე ხდებოდა თუნდაც გარჯის ამბავი თუნდაც დღევანდელი ეკლიანი მავთულით შემოღობილი ქართული ტერიტორიები თუნდაც ახალციხე ახალქალაქიდა სხვაც ბევრი, ბევრი პრობლემა, თუ თქვენ და ისტორიკოსები მეცნიერები, საზღვრების მცოდნე ხალხი ხმას არ ამოიღებთ ხვალ საქართველოს აღარ გვექნება და ეს თქვენი , თქვენი რიღაცის გამო გაჩუმებული სპეციალისტების ბრალი იქნება, მადლობა გააგრძელეთ გარეჯისთვის ბრძოლა დაგლეჯილი საქართველო ჩვენი ტკივილია

  4. ეს 320000 ჰექტარი მიწა მოგვცესო რომ ამბობს ბატონი ჯუმბერი, მასინტერესებს, რას გულისხმობს ? ვისი იყო ადრე და ვინ ვის მისცა ? აგერ ამონარიდიც :

    “…5 გენერალი ახლდა, თითქოს შეთანხმებულები იყვნენ, არც ერთი არ იღებდა ხმას. ბოლოს ერთმა მათგანმა გვერდით გამიხმო და ჩურჩულით, მაგრამ მკაფიოდ მითხრა:
    _ თუ ეს პოლიგონი გაუქმდება, თქვენ, ქართველები, ამ ტერიტორიაზე ფეხს ვეღარ დაადგამთ.
    ნათელი იყო, რასაც გულისხმობდა…
    _ რას გულისხმობდა? ასე რატომ თქვა?
    _ ადრე ქართველებს იქ საძოვრები გვქონდა, მერე ცხვრის რაოდენობა გაიზარდა და 320 ათასი ჰექტარი მიწა ყიზლარში მოგვცეს, ხოლო ბერთუბნის ტერიტორიის საძოვრები მათ დარჩათ. 100 ათასი ჰექტრიდან ჩვენი 10 ათასი იყო, 90 ათასი ჰექტარი _ აზერბაიჯანის. რუსმა გენერალმა სწორედ ეგ იგულისხმა. ის არ გვემუქრებოდა, რეალობას ამბობდა. თანაც ჩვენ მას ვედავებოდით, რომ პოლიგონი ანგრევდა ძეგლს და მანაც სწორედ ეს თქვა: თუკი პოლიგონი აღარ იქნება, მიწა მაინც ვერ გახდება თქვენიო… თუმცა მოვლენები სხვაგვარად წარიმართა”.

  5. ჯუმბერ პატიაშვილმა მხოლოდ სიმართლის ნაწილი თქვა!
    ის თქვა როგორ გაუყვეს მოღალატე ქართველმა კომუნისტებმა საქართველოს მიწები სხვა რესპუბლიკებს მაგრამ რატომ უნდა მივიჩნიოთ საქართველოს მტრების და მოღალატე ხელისუფლების ეს სრულიად უსამართლო და ძალადობრივი გაყოფა სამართლიანად და ჭეშმარიტად?
    საქართველოს იმ პერიოდში იმდენად ქართველთმოძულე ხელისუფლება ყავდა რომ ანტირელიგიურ სსრკ-ში აჭარის ავტონომია რელიგიური ნიშნით შექმნეს!
    1921 წელს, როდესაც დადგენილი საზღვრებით, 70 ჰექტარზე მეტი ქართული მიწა და ბერთუბანი თავისი უძველესი, უნიკალური ფრესკებით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოხვდა, მაშინ 320 ათასი ჰექტარი მიწა ყიზლარში მოგვცეს, ხოლო ბერთუბნის ტერიტორიის საძოვრები და 10 ათასი ჰექტარი მიწა აზერბაიჯანელებს დარჩათ და დღს იმაზე მეტი მიითვისეს!
    თუ იმ პერიოდის დადგენილი საზღვრებით ვმსჯელობთ, რატომ ყიზლარში იმ 320 ათასი ჰექტარ მიწას არ გვაძლევენ?
    რატომ აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის და კოდორის ხეობის საკითხებზე არ ვრცელდება ეს „უზენაესი სამართალი“?
    მიწების და მითუმეტეს სიწმინდეების საკითხი უფრო სერიოზულად და პროფესიონალურ დონეზე უნდა გადაწყდეს!
    სსრკ-ს დროს მხოლოდ ქართული ეკლესიები დაანგრიეს, გაძარცვეს და მღვდელმსახურები დახოცეს, მაშინ არცერთი სინაგოგისთვოს ხელი არ უხლიათ და არცერთ რაბინისთვის ხმამაღალი სიტყვაც არ უთვამთ!
    ყველა ნაღმი რაზეც დღემდე საქართელო ფეთქდება იმ სსრკ-ს დროსაა ჩადებულლი და ჩვენ მათი გადაწყვეტილებები უზენაეს სამართლად არ უნდდა მივიღოთ!
    დავით გარეჯზე და სხვა მიწებზეც ეს მოღალატე ხელისუფლება არაფერს გააკეთებს და ამისათვის დავით გარეჯში და პარლამენტთან კი არ უნდა მოვაწყოთ უშედეგო, ქართველებისთვის მხოლოდ გულის მოსაფხანი და ხელისუფლებისთვის სასაცილო აქციები!
    აზერბაიჯან-საქართველოს ცენტრალური საგზაო არტერიები უნდა გადავკეტოთ, მაგრამ მხოლოდ ერთადერთი მოთხოვნით, რომ საჯაროდ მოხდეს ყველა მტკიცებილებების განხილვა!
    მხოლოდ საკითხის ძალიან სერიოზული შესწავლის შემდეგ უნდა მივიღოთ მომავალი გადაწყვეტილება!

    სოსო ნატროშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here