Home რუბრიკები სპორტი ჯოკოვიჩი რეკორდების მოსახსნელად ემზადება

ჯოკოვიჩი რეკორდების მოსახსნელად ემზადება

“ვცდილობდი, თავი დამერწმუნებინა, რომ ხალხი, როჯერს კი არა, ნოვაკს გაჰყვიროდა”

451
ნოვაკ ჯოკოვიჩი

14 ივლისს უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირის ვაჟთა ფინალში 32 წლის სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უშეღავათო და ხანგრძლივ ბრძოლაში დაამარცხა 37 წლის (8 აგვისტოს გახდება 38 წლის) შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და ამ პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებულის ტიტული მეხუთედ მოიპოვა. ჯოკოვიჩისა და ფედერერის შეხვედრამ 4 საათსა და 55 წუთს გასტანა (ტურნირის რეკორდი) და დასრულდა 5 სეტში ანგარიშით _ 7:6; 1:6; 7:6; 4:6; 13:12. ჯოკოვიჩმა მატჩში გადამწყვეტი ტაიბრეიკის მოგების შემდეგ გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ როჯერ ფედერერს 2 ბურთი აშორებდა გამარჯვებას, მაგრამ სერბმა შეძლო ძალების მობილიზება და მატჩის მოგება, რომლის 4 სეტში შვეიცარიელი აშკარად სჯობდა, ერთში კი ოდნავი უპირატესობა ჰქონდა.

საკვანძო მომენტებში ჯოკოვიჩმა იმარჯვა. მას იმხელა ფსიქოლოგიური უპირატესობა აქვს ფედერერზე, რომ როჯერმა თვითონ დათმო გამარჯვება. ასე მოხდა მესამე სეტის ტაი-ბრეიკში, როცა როჯერი ისეთ ბავშვურ შეცდომებს უშვებდა, მის მოწინააღმდეგეს პირველად რომ სჭეროდა ჩოგანი ხელში, მაინც მოიგებდა ამ ტაი-ბრეიკს.

ნოვაკ ჯოკოვიჩი
ნოვაკ ჯოკოვიჩი

მეოთხე სეტის წინ როჯერის გამარჯვება არარეალური ჩანდა, თანაც ნოვაკი უფრო თავისუფლად ათამაშდა, მაგრამ შვეიცარიელმა მოულოდნელად მოუმატა თამაშს და სერბი ვეღარ ასწრებდა შეტევების მოგერიებას. ფედერერი 5:2-ს იგებდა, მაგრამ აქ ჯოკოვიჩმა კინაღამ გაათანაბრა ანგარიში. მეხუთე სეტში 12:12-ის შემდეგ (იუმბლდონის ტურნირზე ტაი-ბრეიკი თამაშდება 12:12-ის შემდეგ) გამოჩნდა, რომ ნოვაკს უფრო მეტი ძალა შერჩა _ როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური და ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეხუთედ მოიგო უიმბლდონი, საერთოდ, დიდი მუზარადის ტურნირი _ მეთექვსმეტედ. ჯოკოვიჩმა და ფედერერმა, “დიდი მუზარადის” ტურნირებში ხანგრძლივობის მიხედვით, მეორე მატჩი ჩაატარეს. ყველაზე ხანგრძლივი ფინალი კი (თითქმის 6-საათიანი) 2012 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე გაიმართა ჯოკოვიჩსა და ნადალს შორის და მაშინაც ჯოკოვიჩმა იმარჯვა.

ფინალში გამარჯვების შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა:

_ ეს იყო, მენტალური კუთხით, ყველაზე რთული მატჩი, რომელშიც ოდესმე მითამაშია. ფიზიკურად უფრო გამიჭირდა ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ფინალში 2012 წელს, ის მატჩი თითქმის 6 საათს გაგრძელდა, მაგრამ უიმბლდონის ამჟამინდელ ფინალში მენტალობის სხვა დონე იყო. ძალიან მიჭირდა, არ მიმეპყრო ყურადღება გულშემატკივრებისთვის. უიმბლდონზე დამუხტული ატმოსფეროა, ხმაური, განსაკუთრებით გადამწყვეტ მომენტებში. რა თქმა უნდა, როცა შენს მხარესაა მაყურებელთა დიდი ნაწილი, ეს გეხმარება, გაძლიერებს, გმატებს ენერგიას… მაგრამ, როცა ხალხი გაჰყვიროდა “როჯერ”, მე მესმოდა “ნოვაკ”. ეს სულელურად ისმის, მაგრამ ასე იყო. ვცდილობდი, თავი დამერწმუნებინა, რომ ხალხი როჯერს კი არა, ნოვაკს გაჰყვიროდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი
ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი

უიმბლდონის ტურნირის ფინალის წინ ნოვაკ ჯოკოვიჩი ამბობდა: “რა თქმა უნდა, მსურს, გავაუმჯობესო რეკორდები”. 32 წლის სერბი ამჟამად კარიერის ყველაზე პროდუქტიულ მონაკვეთზეა და საკმაო დრო აქვს, საუკეთესოს ტიტული მოიპოვოს ძირითად კატეგორიებში:

* გამარჯვებების რაოდენობა “დიდი მუზარადის” ტურნირებში (ასეთი სულ ოთხია: ავსტრალიის ღია ჩემპიონატი, როლან გაროსი (პარიზი), უიმბლდონი და აშშ-ის ღია ჩემპიონატი). უიმბლდონის შემდეგ ჯოკოვიჩის გამარჯვებების რაოდენობამ “დიდი მუზარადის” ტურნირებში 16-ს მიაღწია. ესპანელმა რაფაელ ნადალმა 18-ჯერ გაიმარჯვა, როჯერ ფედერერმა კი _ 20-ჯერ.

* თუ ჯოკოვიჩი კიდევ ერთხელ მოიგებს როლან გაროსს, ის იქნება ისტორიაში პირველი მამაკაცი, რომელმაც ყველამუზარადიორორჯერ მოიგო, თუმცა ეს შეიძლება ნადალმა უფრო ადრე გააკეთეს, თუ მოიგებს Australian Open-2020-ს.

* უიმბლდონის ჩემპიონის ტიტულების (5) მიხედვით, ის ჩამორჩება ტიმ სამპრასს (7) და როჯერ ფედერერს (8).

* US Openის ტიტულების მიხედვით, ნოვაკ ჯოკოვიჩს (3) უსწრებენ ჯონ მაკინროი (4), ტიმ სამპრასი, ჯიმი კონორსი და როჯერ ფედერერი (5-5).

* სეზონის შედეგების მიხედვით, #1-ად ჯოკოვიჩი (ფედერერიც) დასახელდა 5-ჯერ, ტიმ სამპრასი _ 6-ჯერ.

* ტიტულების საერთო რაოდენობა: ნოვაკ ჯოკოვიჩს 75 აქვს, ნადალს _ 84, ფედერერს _ 102, ამ მხრივ პირველ ადგილზეა ჯიმი კონორსი _ 109.

* გამარჯვებების საერთო რაოდენობა: ჯოკოვიჩმა მოიგო 871 მატჩი, ამ მხრივ პირველია ჯიმი კონორსი _ 1274 გამარჯვება, მეორე _ ფედერერი 1222 მატჩით.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here