მთავარი პოლიტიკა ჯანელიძე, ჯონჯოლი და დასაქმება

ჯანელიძე, ჯონჯოლი და დასაქმება

1471
გააზიარეთ
მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს მთავრობამ ვიზალიბერალიზაციის თემაზე საგანგებო თათბირი გამართა და სამოქმედო გეგმა დასახა ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შესამცირებლად. პრემიერის განცხადებით, თავიდან უნდა ავიცილოთ გართულება იმ ქვეყნებთან, რომლებშიც ეს პრობლემა რეალურად დგას.

დღის წესრიგშია საკითხი, რომ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევისთვის სანქციები გამკაცრდეს, დაწესდება ფულადი ჯარიმაც. დეპორტირებული მოქალაქე დეპორტაციის ხარჯებს თვითონ გადაიხდის, გართულდება გვარის შეცვლის პროცედურებიც. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა დავალება საგანგებო თათბირზე მიღეს. საკანონმდებლო ცვლილებებზე მინისტრთა კაბინეტი მუშაობს. სანქციების გამკაცრება დღის წესრიგში ევროკომისიის დასკვნის შემდეგ დადგა. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 10 თვის შემდეგ საქართველომ პირველი გაფრთხილება მიიღო. მთავარ გამოწვევად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მატება დასახელდა. პრობლემად დასახელდა ორგანიზებულ დანაშაულში ქართველების მონაწილეობაც. რადგან ხელისუფლებამ ამ საკითხზე საგანგებო თათბირი მოიწვია და კანონის გამკაცრებაზე საუბრობს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება დიდი პრობლემის წინაშე დგას და, სავარაუდოდ, ვითარება გაცილებით რთულია, ვიდრე ეს საზოგადოებისთვისაა ცნობილი.

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, მის უწყებას იდენტიფიცირებული ჰყავს გარკვეული ჯგუფები, რომლებთანაც დაიწყება მუშაობა ევროპაში თავშესაფრის ძიების საფრთხეებზე ინფორმაციის მიწოდების კუთხით.

როგორც საგარეო ურთიერთობებისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, გამოიკვეთა ორი კატეგორიის ადამიანები, რომლებიც ევროპაში თავშესაფარს ეძებენ.

“ჩვენ გვაქვს გარკვეული მონაცემები, მაგრამ მეტი კვლევა და მეტი ანალიზია საჭირო. ძირითადად იკვეთება ორი ჯგუფი: პირველი _ ვინც აზიანებს გარემოს და ხელს უწყობს სტატისტიკის ზრდას. ესენი არიან, პირველ რიგში, ისინი, ვინც თავშესაფარს იყენებს კრიმინალური აქტივობისთვის და ეს არის შემაწუხებელი, მიუხედავად იმისა, რომ ციფრები დიდი არ არის; მეორე ჯგუფი კი არის ის, რომელიც სოციალური საჭიროების დასაკმაყოფილებლად ცდილობს თავშესაფრის მიღებას. ამ შემთხვევაში ისინი კიდევ უფრო დიდი რისკისა და პრობლემის წინაშე აყენებენ საკუთარ თავს. მაგალითისთვის _ შვედეთის სტატისტიკით, თავშესაფრის მოთხოვნის დაახლოებით 1000-მდე განაცხადი იყო შესული და შარშან არც ერთი დაკმაყოფილდა. გამოდის, რომ ეს ადამიანები იმ მწირ რესურსსაც კარგავენ, რომელიც მათ აქვთ, ზოგ შემთხვევაში წასასვლელად სახლებსაც კი აგირავებენ და სესხულობენ თანხას და ამასაც კარგავენ, რადგან თავშესაფრის მოთხოვნის უდიდესი ნაწილი არ კმაყოფილდება”, _ განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, იდენტიფიცირებულია სამიზნე ჯგუფები, რომლებთანაც დაიწყება მუშაობა საფრთხეების კუთხით.

“სამიზნე ჯგუფები გარკვეულწილად იდენტიფიცირებული გვყავს და გვსურს, კამპანიის ფარგლებში ჩვენ ამ ჯგუფებამდე მივიტანოთ ინფორმაცია, თუ რა საფრთხეების წინაშე დადგებიან ისინი, როდესაც ბოლო შესაძლებლობას გამოიყენებენ წასასვლელად, მაგრამ იქ ვერ მიიღებენ იმას, რასაც ელიან. არც ვიზალიბერალიზაცია და არც თავშესაფარი არ ემსახურება სოციალური პირობების დაკმაყოფილებას. ძალიან კარგად მუშაობს ასევე რეადმისიის შეთანხმება და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვიბრუნებთ, ვცდილობთ, გვქონდეს შესაბამისი პროგრამები რესოციალიზაციისთვის. გვინდა, საჯარო სამსახურების ვაკანსიები ხელმისაწვდომი გავხადოთ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რათა მათ არ მოუწიოთ იქ დარჩენა და სამუშას ძებნა საზღვარგარეთ”, _ განაცხადა ჯანელიძემ.

“ქართული ოცნების” არაადეკვატურობა ყოველგვარ ზღვარს რომ სცდება, არახალია, თუმცა არაადეკვატურობა და არაპროფესიონალიზმი _ ეს რბილი შეფასებებია საგარეო საქმეთა მინისტრის მისამართით, რომელმაც ვიზალიბერალიზაციის გარშემო შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლად ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სახელმწიფო სამსახურებში დასაქმება შემოგვთავაზა. სახელმწიფო სამსახურების მიერ გამოცხადებული ვაკანსიით დასაქმება ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის რომოცნების სფეროა”, ესეც საყოველთაოდ ცნობილია და არც არავის აქვს ილუზია, რომ გამოცხადებული ვაკანსიით სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმდეს, მაგრამ ჯანელიძე ამ გზით აპირებს უცხოეთში გადახვეწილი საქართველოდან მოქალქეების უკან დაბრუნებას. აინტერსეოა, სახელმწიფო სტრუქურებში რამდენი ემიგრანტი შეიძლება დასაქმდეს, რომ ამით პრობლემა მოაგვაროს “ოცნების ხელისუფლებამ”. 100 ქარხნის აშენებას რომ ჰპირდებოდა “ქართული ოცნება” ამომრჩეველს, იქნებ, იმ ქარხნებში შესათავაზონ დასაქმება ოჯახის გამოსაკვებად უცხოეთში გადახვეწილ თანამოქალაქეებს? ქვეყანაში დასაქმების პერსპექტივა რომ მხოლოდ საჯარო სამსახურია, ეს, ალბათ, “საოცნებო მეოთხე წელიწადის” შედეგია. და, რადგან ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თავიდან ასაცილებლად უფრო გონივრული გამოსავალი არ აქვს, ალბათ, არც ის უნდა გაუკვირდეს არავის, რომ მოკლე დროში საქართველოსთვის შენგენის ქვეყნებში ვიზალიბერალიზაცია შეჩერდება, რა თქმა უნდა, თუ უკვე შეჩერებული არაა…

P.S. საგარეო საქმეთა მინისტრზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს კაცი მართლა ჯონჯოლივითააროგორც იტყვიან, თუ ჯონჯოლი სუფრაზე არ დევს, არც არავინ მოიკითხავს. ასეა ჯანელიძის საქმეც _ სანამ რამე სისულელეს არ იტყვის, მისი არსებობაც არავის ახსენდება.

გიორგი გელაშვილი

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here