მთავარი პოლიტიკა ჯამბაზი და მისი ხელის ბიჭი

ჯამბაზი და მისი ხელის ბიჭი

1929
გააზიარეთ
ჯამბაზი და მისი ხელის ბიჭი

აღარ ახსოვს სააკაშვილს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხსსარკო, სარკორომ აძახებინა და ნამდვილი ჯამბაზობა მოაწყო?

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ რამდენიმე თვის წინათ განაცხადა: საქართველოსა და უკრაინას ნატოში შესვლის არანაირი შანსი არ აქვთ და დროა, ამ ორმა სახელმწიფომ იზრუნოს ახალი კავშირის შექმნაზე, რომელშიც თვითონ გაერთიანდებიანო. ეს თქვა ადამიანმა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტობისას საჯაროდ ამბობდა, რომ უკრაინაც და საქართველოც ერთ ნაბიჯში არიან ნატოში ინტეგრაციიდან. რას ნიშნავს ეს? ორმაგ თამაშს? არა, ბატონებო, სარკოზიმ, როგორც კი მოეხსნა ვალდებულება, უბრალოდ, სიმართლის თქმა გადაწყვიტა. საზოგადოდ, საფრანგეთის ექსპრეზიდენტმა სხვაც ბევრი ილაპარაკა მსოფლიოს პრობლემებზე, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანას თვალი აუხილა და დადგა დრო იმისა, რომ ისედაც გაშავებული მუსიე ნიკოლა ბოლომდე გაეშავებინათ. ანუ, ამერიკასა და ევროპას არ სჭირდებათ ადამიანი, რომელიც გამოვა და საჯაროდ დაიწყებს იმის უარყოფას, რასაც თვითონ ამერიკა და ევროპა, აგერ უკვე ათეული წლებია, ამტკიცებენ. ამ სისტემის ნაწილი იყო სარკოზიც და, როგორც კი სისტემას ჩამოშორდა, მაშინვე ალაპარაკდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ევროპული ქვეყნის ლიდერმა სიმართლე სახეში გაგვაწნა.

ისე არ გაიგოთ, თითქოს სარკოზი ანგელოზია და დანაშაული არ მიუძღვის იმ ყველაფერში, რაც ხდებოდა, მაგრამ ის, რომ მან ხმა ამოიღო და, პრაქტიკულად, მოგვიწოდა, ტყუილში ნუ ცხოვრობთო, ფაქტია. ისიც გემახსოვრებათ, 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ თუ ევროპამ სწორედ სარკოზიზე რომ ჩამოკიდა ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარება და მერე რაც მიიღეს, იმას დაუწყეს დაწუნება. იმხანად სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ენაგადმოგდებული დასდევდა. მაშინ იყო სწორედ, მიშამ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერისა და ტელეკამერების წინ გორის მიწაზე რომ იფორთხა; მაშინ გამოჩნდამამაცისააკაშვილის რეალური სახე და სრულიად მსოფლიომ დაინახა, როგორი მთავარსარდალი გვყავდა. სავარაუდოდ, იმის შიშით, რომ სარკოზის მასზეც არ წამოსცდენოდა კულუარული ამბები, ანუ იმაზე უარესი, რაც ნანახი გვაქვს, სააკაშვილი გადმოდგა და პირველმა დაიწყო ყოფილი ფრანგი კოლეგის კრიტიკა.

სარკოზი ჯამბაზივით იქცეოდა. ის იყო ძალიან არაკომპეტენტური. სარკოზის წყენა ამერიკის მიმართ, აღმოსავლეთ ევროპელების მიმართ ნიშნავდა, რომ იგი ამერიკელების როლის დაქვეითებას ცდილობდა. ამერიკელებს არ სურდათ, რომ ეს მისია მას შეესრულებინა. სარკოზიმ, ფაქტობრივად, მოახერხა და ამერიკელები დიპლომატიური პროცესისგან ჩამოაშორა და ორმაგი თამაში ითამაშა. მოდი ვთქვათ, რომ ამ მისიის კარგი, პოზიტიური მხარე რუსეთისთვის ჯარის გაყვანის დავალდებულებაა, თუმცა მეორე მხრივ იმდენი ცუდი შედეგი მოჰყვა: ამერიკელების ჩამოშორება, რუსეთისთვის უსაფრთხოების ზონების მიცემა, მათთვის გარკვეული ლეგიტიმური როლის მინიჭება. სარკოზის საქციელის ყველაზე ცუდი ნაწილი კი ის იყო, რომ მან ეს შეთანხმება რამდენიმე თვეში დაივიწყა. მან ის მისტრალებში გაცვალა”, _ განაცხადა სააკაშვილმა და იმასაც ვერ მიხვდა, რომ ამ სიტყვებით მუსიე ნიკოლას დიდი პლუსი დაუწერა, ანუ აღიარა, რომ კრიტიკულ მომენტშიც კი საფრანგეთის პირველი პირი, სააკაშვილისგან განსხვავებით, საკუთარ ქვეყანაზე ფიქრობდა.

ესეც არ იყოს, საეჭვოა, სააკაშვილს ვერ დაენახა, როგორ იქცეოდა სარკოზი, მაგრამ მაშინ ხმა არ ამოუღია. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ტანკის ლულა ჰქონდა მიშვერილი და მზად იყო, საკუთარი ტყავის გადასარჩენად ყველა და ყველაფერი გაეწირა? და თუ ახლა ამბობს მიშა, რომ სარკოზი ჯამბაზივით იქცეოდაო, 2008-ში რატომ დადიოდა მის ჭკუაზე? როცა ჯამბაზის ჭკუაზე დადიხარ, ვინ ხარ იმ მომენტში? _ ჯამბაზის ხელის ბიჭი! ის აღარ ახსოვს სააკაშვილს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხსსარკო, სარკორომ აძახებინა და ნამდვილი ჯამბაზობა მოაწყო? თუ მაშინ ასე იყო საჭირო, უნდა გვეჯამბაზა, ევროპული ქვეყნის ლიდერისთვის კუდი გვექიცინებინა და შემდეგ, როცა ეს ლიდერი გადმოდგებოდა და იმ უმსგავსობაზე საჯაროდ სიმართლეს იტყოდა, გვეთქვა, რომ ყველაფერი მასხარაობა იყო?!

სხვათა შორის, პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ სარკოზის წინააღმდეგ საფრანგეთის პროკურატურამ არაერთი საქმე აღძრა და მაშინ სააკაშვილი კბილებით იცავდა ძველ მეგობარს, _ აქაოდა, როგორ გაბედეთ ასეთი კარგი კაცის წინააღმდეგ საქმის აღძვრაო. მაშინ მიშას თავისიც ეწვოდა, რადგან მის წინააღმდეგ საქართველოში მიდიოდა გამოძიება, მაგრამ საბოლოოდ მოხდა ისე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე _ დასავლეთის ინტერესების გამტარებელი ლიდერები ხელშეუხებლობით სარგებლობენ და ამიტომ არის დღეს თავისუფალი ერთიცა და მეორეც, თორემ, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სჯერა, რომ სააკაშვილი ციხეში უნდა იჯდეს, ისე იციან საფრანგეთის მოქალაქეებმა, რომ სარკოზის ადგილი ციხეშია, მაგრამ ძლიერი ქვეყნების პოლიტიკური ნება ხალხის ნებაზე უზენაესია. ასე იყო მუდამ და, სავარაუდოდ, მომავალშიც ასე იქნება. ისიც ვთქვათ, რომ ჯამბაზ სარკოზის სააკაშვილმა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა _ ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო; სარკოზისგან კი საფრანგეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო _ ლეგიონის ორდენი მიიღო. ჯამბაზობდნენ და ერთობოდნენ ჩვენს ხარჯზე ქვეყნის ლიდერები და, რაც მთავარია, ყველას ერთად გვატყუებდნენ. ისე, მიუხედავად იმისა, რომ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი ლამის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა, ის ისეთ ადამიანებსაც დაჰკიდა მიშამ, როგორებიც არიან დათა ახალაია, ერეკლე კოდუა, ზურაბ ნოღაიდელი, ალექსანდრე ლომაია, კოტე კუბლაშვილი და სხვ.

ჯამბაზი და მისი ხელის ბიჭი

სააკაშვილის განცხადებებში საინტერესოს იშვიათად ნახავ, რადგან შაპიტოს წამყვანივით უფრო იქცევა, ვიდრე ყოფილი პრეზიდენტივით, მაგრამ სარკოზის მისამართით მის მიერ ნათქვამი ფრაზა “მისტრალებში” გაგვცვალაო, ძალიან მრავლისმეტყველია. არაერთხელ დაგვიწერია, რომ საქართველო ამერიკასა და ევროპის ძლიერ სახელმწიფოებს მხოლოდ ერთადერთი მიზნისთვის სჭირდებათ _ ევაჭრონ რუსეთს და, როგორც კი ამის შანსი მიეცემათ, დაგვახურდავონ. “მისტრალიიქნება, სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, რუსულ ბაზარზე შესვლა თუ სხვა რამ, ჩვენ ისე იოლად გვიმეტებენ ხურდად, როგორც ბოლომდე ჩაფერფლილი სიგარეტის ნამწვს. ჰო, “ბიჩოკივითმოგვისვრიან და მზად არიან, მშვიდად უყურონ, როგორ გაგვსრესს ჩრდილოელი მეზობელი, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ მოახერხეს, ვერ შეაზიზღეს ჩვენი თავი რუსეთს იმ დონეზე, რომ გაგვსრისოს. პირიქით, ყოველი ასეთი ნაბიჯის შემდეგ რუსეთის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან ისმის მოზომილი კომენტარი და მოწოდება დიალოგისკენ, რასაც არ ვაკეთებთ. ანუ, რუსეთის უმაღლეს წრეებში იმედი აქვთ, რომ არაერთი მწარე გაკვეთილიდან ერთხელ მაინც ვისწავლით რამეს და ნაღმზე არ ავფეთქდებით, მაგრამ 30 წელიწადია, ევროპა-ამერიკის მიერ დანაღმულ ველზე დავნავარდობთ, ვფეთქდებით კარგ შემთხვევაში წელიწადში ერთხელ, მაგრამ ისევ იქ გვირჩევნია ნავარდი. რატომ? იმიტომ, რომ ამისგან ზარალი რეალურად ქვეყანას და რიგით ადამიანებს ადგებათ, თორემ ცალკე ხელისუფლება და ცალკე ოპოზიცია სწორედ ამერიკაევროპისგან მიღებული ტრანშებით აგროვებენ იმდენს, რომ მათი შვილები და შვილიშვილები კი არა, 7-8 თაობა უზრუნველად იცხოვრებს. და მაშინ, როცა არაერთხელ გამოგვიტანია სააშკარაოზე თუნდაც იმ გრანტების რაოდენობა, თუნდაც ის, როგორ ინაწილებენ ამ გრანტებს არასამთავრობოები, რომლებიც შემდეგ ნარკოტიკების ლეგალიზებასა თუ ლგბტ თემის პოპულარიზაციის პროპაგანდას ეწევიან, არაერთხელ გავმხდარვართ კრიტიკის ობიექტები. ჩვენკენ მომართული ისრების შინაარსი, ძირითადად, ერთია: ჩვენ რუსეთის მოკავშირეობაში გვდებენ ბრალს და ერთხელაც არავის უფიქრია, რომ იქნებ ის გვინდა, რომ ქვეყანამ ჩაკეტილ წრეზე სიარული დაასრულოს და იმ მხარეს დადგეს, რომლიდანაც ახალი ფურცლის გადაშლაა შესაძლებელი, მაგრამ ამას არ გვანებებენ. ჩვენ კი არა, ქვეყანას არ ანებებენ, რადგან ასეთ შემთხვევაში, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ურთიერთობების დალაგება თვითონ დავიწყოთ, რომ აღარ დაგვჭირდეს შუამავლები, რომ პირველი პირებისგან გავიგოთ მათი ნააზრევი და არა შეფუთულშელამაზებული ტყუილი. ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ კლანჭებიდან არ გვიშვებს ამერიკა და ევროპა, მაგრამ, როგორც კი დასჭირდებათ, დაუფიქრებლად, ყოყმანის გარეშე, ხურდა ფულად ხან საქართველოა, ხან _ უკრაინა, ხან _ მოლდოვა…

8 აგვისტოს 11 წელი გავიდა იმ ომიდან, რომელიც დღემდე განსჯის თემაა. ომი, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება წინამორბედს აბრალებს, წინამორბედი _ რუსეთს. ევროპასა და ამერიკას კი ზუსტად ეს აძლევთ ხელს. ერთიანი პოზიცია რომ გვქონდეს, მაშინვე გამოჩნდება ვიღაც, ვინც არევს ყველაფერს და სხვადასხვა რელსზე გადაიყვანს პოლიტიკურ სპექტრს და რელსების პრინციპით იმოქმედებენ, ანუ ივლიან და ერთმანეთს არასდროს შეხვდებიან, არ დასხდებიან, არ ისაუბრებენ. ჰო, სწორედ ამერიკისა და ევროპის შეგულიანების შემდეგ კიდევ ერთხელ ვაგინეთ საერთაშორისო ტრიბუნაზე თუ სოციალურ ქსელებში რუსეთს და ამით კიდევ რამდენიმე, წლით თუ არა, თვით მაინც გადავწიეთ მოლაპარაკებების დაწყების შანსი. ეს იყო ძირითადი მიზანი ოპოზიციისა თუ ხელისუფლებისა, რომელსაც დაავალეს და მათაც პირნათლად შეასრულეს.

სამწუხაროდ, დასავლეთმა ისიც გაიგო, რომ სატელევიზიო ეთერით რუსეთის პირველი პირის იმ დონეზე შეურაცხყოფა, რა დონეზეც გიორგი გაბუნიამ მოახერხა, ჩრდილოელ მეზობელს ძალიან აღიზიანებს. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ იმისთვის, რომ მალე შეიქმნას ახალი სატელევიზიო პლატფორმა, საიდანაც, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად გაიმეორებენ ანალოგიურ ქმედებას, ისევ აუცილებლად მოხდება ურთიერთობების არევა და, რაც მთავარია, ეს ტელევიზია შეიფუთება დასავლეთისკენ სწრაფვის სახელით, რომლის საფუძველზეც ამერიკული და ევროპული კომპანიები ქართველი სააზოგადოების ძალიან მცირე ნაწილისთვის გრანტების გაცემას არ დაიშურებენ.

სხვათა შორის, დავითგარეჯის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, რომელიც დღემდე გრძელდება, არც ერთ ევროპელ თუ ამერიკელ მაღალჩინოსანს არ გამოუთქვამს აღშფოთება და შეშფოთება. ეს იმიტომ, რომ დავა აზერბაიჯანთან გვაქვს და არა რუსეთთან. ამ თემის რუსეთისთვის მიბმას რამდენიმეჯერ შეეცადნენ, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ანუ, ტერიტორიული მთლიანობა ირღვევა მაშინ, თუ საქმეში რუსეთია, თუ არა _ არა უშავს, ამერიკასა და ევროპას აზერბაიჯანთან პრობლემა არ აქვს და ჩვენ თავში ქვა გვიხლია. ჰოდა, ამ თემაზე არასამთავრობოებიც დუმან, პოლიტიკოსებიც და ის კომისიაც, რომელიც თითქოს საზღვრის დადგენის მიზნით შეიქმნა. მავთულხლართების გაბმა კი არა, პატარა სამხედრო ქალაქი მოაწყვეს ჩვენს ტერიტორიაზე და ვითომც არაფერი, ჩვეულებრივ ამბად აღიქვამს პოლიტიკური ისტებლიშმენტი. ჰო, არასამთავრობოებიც მასში ვერანაირ სარგებელს ვერ ხედავენ, იციან, რომ იქ ყვირილისა და კისრის ძარღვების დაბერვის გამო ფულს არავინ მისცემს და ამიტომ კაბინეტებიდან გამოხატავენ შეშფოთებას.

საზოგადოდ ასეა: დემოკრატიის სახელით ამერიკა და ევროპა სიტუაციას, მხოლოდ კავკასიაში კი არა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ურევს. წლების წინათ არაბული გაზაფხულის სახელით მონათლული რევოლუციების შემდეგ ვერც ერთი არაბული ქვეყანა ვერ დალაგდა (გამონაკლისია მხოლოდ ეგვიპტე და სირია, რომელთა ხელისუფლებმა დახხმარება რუსეთს სთხოვეს და შედეგმაც არ დააყოვნა). და ეს მაშინ, როცა არავინ არაფერს ჩიოდა, განსაკუთრებით _ ლიბიაში, სადაც ყველაფერი (ბენზინი, დენი, გაზი, განათლება, ექიმი, წამალი და ა.შ.) უფასო იყო და იყო იმის გამო, რომ ქვეყანა დამოუკიდებლად ცდილობდა არსებობას და არ დაანებეს. ლიბიელებიც ზუსტად იმ წრეზე წავიდნენ, რომელზეც ჩვენ, ქართველები, დავდივართ, ათეული წლებია და, ძალიან დიდი ალბათობით, ამ წრეზე სიარული დიდ ხანს მოუწევთ. მოუწევთ მანამ, სანამ ეს ქვეყნები კარგი სავაჭრო იქნება მათთვის ისევ რუსეთთან, სანამ რაიმე ინტერესი ექნებათ, შემდეგ კი ზუსტად ისე მოისვრიან, როგორც ჩვენ მოგვისროლეს არაერთხელ და აღარც შეშფოთდებიან. მერე რა, რომ ამ ყველაფერს ათასობით ბავშვის სიცოცხლე შეეწირა; მერე რა, რომ მილიონობით ადამიანმა სახლკარი დაკარგა; მერე რა, რომ მათ დღეს ლუკმაპურის პრობლემა უდგათ ჩვენ განვსხვავდებით მათგან? ჩვენთან არ დაკარგეს სახლ-კარი (ოღონდ მშვიდობიანად, ბანკების მეშვეობით) ადამიანებმა? ჩვენთან არ შიმშილობენ ბავშვები? ამ ყველაფერს დანახვა უნდა, მაგრამ საკმარისია, ხმა ამოიღო, რომ მაშინვე მტერი ხარ, მოღალატის იარლიყი ზედ გაქვს აკრული; ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს იდეა ჩანასახშივე მოკლან. სხვაგვარად, ამ იდეამ განვითარება თუ ჰპოვა, ძალიან დიდია შანსი იმისა, რომ შემდეგ ვეღარც ფულით შეაჩერონ, ვეღარც განცხადებებით და ისეთი ტალღა აგორდეს, რომელიც ამ მოჯადოებულ წრეს გაარღვევს და ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს.

მერამდენე წელია, ერთმანეთს ვუმტკიცებთ, რომ დამოუკიდებლები ვართ და სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ ჩრდილოელი მეზობლის დასუსტება და დაშლა გვაკლია. ჰო, დაშლა, რადგან არიანექსპერტები”, რომლებიც ყოველწლიურად წინასწარმეტყველებენ რუსეთის დაშლას, ეკონომიკურად განადგურებას, მაგრამ ამ პროგნოზებიდან არაფერი გამოდის. გულზე ხელი დავიდოთ და საკუთარ თავთან ვაღიაროთ: რომელ ქვეყანას უფრო პატრიოტი მმართველი ჰყავს _ ჩვენ თუ რუსეთს? გნებავთ, ჩვენ თუ ამერიკას? გნებავთ, ჩვენ თუ ევროპის ნებისმიერ ქვეყანას? პასუხი ყოველთვის ერთია _ ჩვენი ხელისუფლება (წინა თუ მოქმედი) კონკურენციას ვერ უწევს მათ და იცით, რატომ? იმიტომ, რომ პატრიოტიზმი დამოუკიდებლობის თანამდევია და, როგორც კი დამოუკიდებლობის სერიოზული ნიშნები გაჩნდება; როგორც კი დასავლელი პარტნიორები მიხვდებიან, რომ გადაწყვეტილებები, შესაძლოა, მათი დირექტივების გარეშე მივიღოთ, მაშინვე თავში გვხვდება. ამ მოხვედრასაც ყველა ვხვდებით, აღვიქვამთ, მაგრამ ჩვენთან ხომ ასე დამკვიდრდა _ რაც ეპატიება დასავლეთს, ის არ ეპატიება ჩრდილოელ მეზობელს. უფრო კონკრეტულად კი, ჩრდილოელ მეზობელს არაფერი ეპატიება, დასავლეთს _ ყველაფერი.

ყველაფერს თავისი სახელი რომ დავარქვათ, შემდეგ სხვა სააკაშვილები გამოჩნდებიან, რომლებიც ჩვენ მოგვნათლავენ ჯამბაზებად და არც ის გამორიცხოთ, როგორც თავის დროზე მიშამ შეგვრაცხა კრიმინალ ერად, ახლაც ისე აუწყონ მსოფლიოს, რომ ქართველებს მასობრივი ფსიქოზი დაეწყოთო. ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. რომ გითხრათ, ერსა და ბერს სძინავს-მეთქი, არ იქნება მართალი, მაგრამ საკმარისია, ვინმე სიმართლის მთქმელი გამოჩნდეს, რომ მაშინვე ვიწყებთ მისი წარსული ცოდვების ქექვას. თუ უახლოეს წარსულში ვერაფერს ვიპოვით, ბავშვობაზე გადავდივართ, თუ იქაც ვერ ვნახეთ, ტყუილს შევთხზავთ და დავაბრალებთ. ეს იმ პირობებში, როცა ნაციონალებს, პრაქტიკულად, ერის გენოციდი ვაპატიეთ, ქვეყნის გაწირვა ვაპატიეთ და, თუ ვინმემ ახალგაზრდობაში ქუჩა გადაჭრა არასწორად, ისე შევფუთეთ, რომ საერთაშორისო დონის მოღალატედ გამოვაცხადეთ. გვინდა თუ არა, აქეთ გვიბიძგებენ (ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს, ბევრი ბიძგიც არ გვჭირდება) და ჩვენდა უნებურად პირნათლად ვასრულებთ იმას, რაც ქვეყნის მტრებს სურთ. შესაძლოა, ვინმეს სიტყვა “მტერი” ხმამაღალ ნათქვამად მოეჩვენოს, მაგრამ, როცა დამოუკიდებლობას არ განებებენ, როცა თვითგამორკვევაში ხელს გიშლიან, როცა შენთვის მავნებლურ საქმეებს გაკეთებინებენ, როცა სასიკვდილოდ გიმეტებენ, მათთვის სხვა სიტყვა, უბრალოდ, არ არსებობს.

გავა კიდევ ხუთი თუ ათი წელიწადი, ისევ გამოჩნდება ვინმე, ვინც იტყვის, რომ ჩვენი დარი ქვეყნები დიდ სახელმწიფოებს სათამაშოდ და სავაჭროდ სჭირდებათ და მასაც შერაცხავენ ჯამბაზად. და ეს მოხდება, მიუხედავად იმისა, რამდენი საერთაშორისო ჯილდო თუ მედალი ექნება ამ პიროვნებას და რამდენად სერიოზულ გადაწყვეტილებებში ექნება მონაწილეობა მიღებული. სწორედ იმ გადაწყვეტილებებს წამოაძახებენ შემდეგ, რომელთა მიღების მომენტში ხბოს აღტყინებით ტაში გვაკვრევინეს. თუ არ გჯერათ, სარკოზის მაგალითი თვალწინაა. ხომ იყო მუსიე ნიკოლა მაშველი რგოლი? ხომ იყო ქვეყნის გადამრჩენი და ჩვენი ერთადერთი იმედი? ახლა თურმე ჯამბაზი ყოფილა, თურმე ჯამბაზივით იქცეოდა მაშინაც და რეალურად, როცა ათასობით ადამიანის წინ რუსთაველზე გამოდიოდა და ჭკუას გვარიგებდა, თურმე საცირკო წარმოდგენას ვუმზერდით და, რაც მთავარია, ეს საცირკო წარმოდგენა რომ იყო, ჩვენი ქვეყნის უმაღლესმა ხელისუფალმა იცოდა და ტაშის დაკვრას მაინც გვაიძულებდა.

ილიას ლელთ ღუნია ხომ გახსოვთ? ის დრო სჯობდა, როცა “ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს”-ო. ჰოდა, სანამ ასე არ იქნება, სანამ უცხოელების დაკრულზე ვიცეკვებთ, სანამ ჯამბაზებს ტაშს დავუკრავთ და ჩვენს მაშველ რგოლებად ვაღიარებთ, არაფერი გვეშველება და ერთ წრეზე ვივლით. მერე კი, როცა ჩვენი თავი არაფერში დასჭირდება დასავლეთს, ზუსტად ისე მიუგდებს ნებისმიერ ქვეყანას ფეხქვეშ გასასრესად (უკვე აპირებენ), როგორც სიგარეტის ნამწვს… ჰო, შენობებში სიგარეტის მოწევა აკრძალულია და, სავარაუდოდ, ჩვენი გასრესა საჯაროდ, ქუჩაში მოხდება _ საამისო წინაპირობა უკვე არსებობს…

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ნაცვლად იმისა,რომ ვეძიოთ გადარჩენის გზები,უაზრო ტირილსა და წუნწკულს ვუნდებით.ეს მოთქმა და თავზე ნაცრის დაყრა ჩვევად ხომ არ გვექცა ნეტავი

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here