Home რუბრიკები პოლიტიკა “ჯაველინებთან” ჩახუტებული და აზიურ ფაროსანასთან მებრძოლი ერი

“ჯაველინებთან” ჩახუტებული და აზიურ ფაროსანასთან მებრძოლი ერი

როცა საქართველო მხოლოდ თბილისი დარჩება, ნატოს წევრობა უფრო გაიოლდება

2362
ლევან იზორია, ბენ ჰოჯესი

საქართველოს ჯერჯერობით არაოფიციალურად, მაგრამ მაინც შესთავაზეს ნატოში შესვლა, თუმცა, სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, ორ განცხადებას გაგაცნობთ: ერთი გენერალლეიტენანტ ბენ ჰოჯესს ეკუთვნის. ეს კაცი უბრალო ვინმე არ გეგონოთ, ის ევროპაში შეერთებული შტატების არმიის მთავარსარდალი იყო, დღეს სამხედრო საკითხების ექსპერტია და ამერიკის პრეზიდენტის იდეოლოგად ითვლება. ჰოდა, ამ პატივცემულმა გვამმა ძალიან საინტერესო რამ განაცხადა:

“საქართველოსთვის “ჯაველინების” მიყიდვა მნიშვნელოვანია. საქართველოს საჰაერო ძალები ან შეიარაღების დიდი სისტემები, რომელთა შენახვაც ქვეყანას გაუჭირდება, არ სჭირდება. ამის ნაცვლად, მან უნდა იფიქროს იმაზე, რომ თავის დაცვა შეძლოს იქამდე, სანამ მეგობრები დასახმარებლად ჩავლენ. ყველამ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ საქართველოს მხარში ვუდგავართ და რომ მზად ვართ ასეთი მოქმედებისთვის, თუ ამის საჭიროება ოდესმე შეიქნა. ასევე გვინდოდა იმის გარკვევა, რა დრო დასჭირდებოდა გარკვეულ მოქმედებებს. შარშან საქართველოსთან ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს ქვეყანას რუსეთის შესაძლო თავდასხმაზე და, მოგეხსენებათ, ამის გამორიცხვა არ შეიძლება. როგორ შეიძლება ლანდშაფტის, იარაღის სისტემების, წინაღობების, ნაღმებისა და მსგავსი მეთოდების გამოყენება იმისთვის, რომ რუსეთს საკმარისი ტკივილი მიადგეს და საქართველო მისთვის მოუნელებელი ლუკმა იყოს. იყიდეთ ისეთი იარაღი, რომ რუსეთისთვის მოუნელებელი ლუკმა გახდეთ”.

“სახელფასო ხარჯების 53% 2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტით მიემართება მხოლოდ ხელფასებსა და სოციალურ დახმარებებზე, რაც ნატოს სტანდრატია. თუ 2015 წელს ეს იყო 66%, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ 53% გახდა. ამის შედეგად მეორე მნიშვნელოვანი სტანდარტი დავაკმაყოფილეთ, კერძოდ, მივმართეთ თანხები შეიარაღებაზე. თქვენ იცით, რომ თავდაცვის ბიუჯეტი უნდა აკმაყოფილებდეს მთლიანი შიგა პროდუქტის 2%-ს, რასაც ვაკმაყოფილებთ და მეტიც, შეიარაღებისთვის ნატო ითხოვს, რომ ამ ბიუჯეტიდან 20% იყოს გათვალისწინებული, რასაც ვაჭარბებთ, რაც არის ისტორიული მოვლენა. ისტორიული მოვლენაა სწორედ ის, რომ წელს შევიძინეთ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, საუბარია “ჯაველინის” სისტემებზე. წელს ვასრულებთ საფრანგეთთან ანტისაჰაერო სისტემის შეძენას, რომელიც პირველი ფაზით იყო გათვალისწინებული და გადავდივართ მეორე ფაზაზე. ეს ყველაფერი კეთდება იმ მიზნით, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს, ნატოს სტანდარტებს დაუახლოვდეს და თითოეულმა მოქალაქემ თავი იგრძნოს უფრო დაცულად”, _ ეს განცხადება კი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ეკუთვნის.

ახლა რაც შეეხება შეთავაზებას. ნატო მზად არის თავის რიგებში ასე ნანატრი და ათასგზის დაპირებული მაპ-ის გარეშე მიგვიღოს, ანუ პირდაპირ გაგვიღოს კარი და ერთ დღეს ნატოს წევრ ქვეყანაში გაგვეღვიძოს, თუმცა ამ შემოთავაზებას, როგორც ახასიათებთ ხოლმე ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, მდოგვი გადაუსვეს და იქვე გვითხრეს: ნატოს წევრი თუ გახდებით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარის თქმა მოგიწევთო; უფრო კონკრეტულად კი: გაწევრების შემთხვევაში, ნატო საქართველოს მიმართ არ აამუშავებს მეხუთე პუნქტს, რომელშიც წერია, რომ ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა განიხილება მთელ ალიანსზე თავდასხმად და ნატოს წევრ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს სადავო ტერიტორიაო.

ახლა ნახეთ, რა ხდება: ნატო ამერიკითა და ევროპის წამყვანი სახელმწიფოებით ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ამას განუწყვეტლივ გვიმეორებს და, როცა საქმე საქმეზე მიდგა, შემოგვითვალეს: კი ვაღიარებთ, მაგრამ თქვენ გამო ომის დაწყებას არ ვაპირებთო…

ბევრი ვიფიქრე და ვერ მივხვდი, როგორ უნდა გვითხრან ამერიკამ და ევროპამ უფრო გასაგებად, _ ბოლომდე მკიდია საქართველოს ტერიოტრიული მთლიანობა, აწმყოც და მომავალიც, მთავარია, როცა დამჭირდება, ტერიტორია _ პოლიგონად, ხალხი კი საზარბაზნე ხორცად გამოვიყენოო?! ამაზე მეტი რა და როგორ უნდა თქვან, მართლა ვერ ვხვდები. და რაც ყველაზე საინტერესოა, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ამისგაპრავებითარიან დაკავებულნი და იმას ამბობენ, ამერიკამ და ევროპამ შანსი მოგვცა, ოფიციალურად დავთმოთ აფხაზეთი და ოსეთი, და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთო.

ეს ჩვენი თავდაცვის მინისტრი კიდევ გაბადრული სახით გაიძახის: ყველა ვალდებულებას ვასრულებ, აგერ, ბიუჯეტის 20% შეიარაღებაზე მივმართეო. არადა, იმის თქმა დაავიწყდა იზორიას, ხელქვეითებს ხელფასები რომ შეუმცირა და ზედა რგოლი პრემია-დანამატებს რომ არ იკლებს. ისიც დაავიწყდა იზორიას, შეიარაღება კი არა, ლუკმაპური რომ უჭირს მოსახლეობის ნახევარზე მეტს და ნებისმიერი მინისტრის მხოლოდ ერთი დღის სახარჯ ფულს ათასობით ოჯახი მთელი თვის განმავლობაში რომ იზოგავს. ხანდახან მგონია, რომ ჩვენ სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხელისუფლება _ სხვა სამყაროში. იზორიაზე ნაკლები სისულელე კი არ თქვა პრემიერმა, როცა განაცხადა, 500 ათას ლარზე ნაკლები ბრუნვა თუ არ ექნება მცირე მეწარმეს, გადასახადებს შევუმცირებთო. და იქვე დააყოლა: დაახლოებით 200 ათასი მცირე მეწარმე იგრძნობს შვებასო. ბატონო გიორგი, ფიქრობთ, რომ 200 ათას ოჯახს საქართველოში მცირე საწარმო აქვს და, შესაბამისად, სულ ცოტა მილიონამდე ადამიანი უზრუნველად ცხოვრობს? ანუ ისე ცხოვრობს, რომ წელში გამართულად ითვლება?! ამ სისულელეზე _ სხვა დროს და იმ სხვა დროს ზუსტ ციფრებსაც მოგაწვდით, ახლა ისევ ნატოს და მის შემოთავაზებას დავუბრუნდეთ.

საქართველომ უნდა იფიქროს იმაზე, რომ თავის დაცვა შეძლოს იქამდე, სანამ მეგობრები დასახმარებლად ჩავლენ. ყველამ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ საქართველოს გვერდით ვუდგავართ და რომ მზად ვართ ასეთი მოქმედებისთვის, თუ ამის საჭიროება ოდესმე შეიქნა”, _ თქვა ბენ ჰოჯესმა და ხბოსავით აღტკინებულმა ქართველმა სარდლობამ (ვუმენ-სტაფმა) ტაში დაუკრა. არავის გაუვლია თავში აზრად მარტივი კითხვა: 2008 წელს რომ გაჩნდა ამის საჭიროება და საქართველომ ხოხვით გაქცეული მთავარსარდლის ფონზე კბილებით იმდენ ხანს იბრძოლა, ჩამოსვლასა და დახმარებას, მეგობრები კი არა, სხვა პლანეტიდან მოასწრებდნენ, სად იყო ამერიკა, ევროპა?! ან როცა მოაღწიეს ჩვენს სანაპიროს, რა მოგვიტანეს, პამპერსებისა და წყლის გარდა?! მაგრამ სიტყვა არავინ შეუბრუნა ჰოჯესს და არ შეუბრუნა იმიტომ, რომ “ჰაერში მოხსნიდნენ” მინისტრს თავის მოადგილეებიანად და უცხოურ ვოიაჟში მინისტრად წასული იზორია ჩვეულებრივ მოკვდავად დაურბუნდებოდა სამშობლოს. ჩვეულებრივი მოკვდავობა კი არავის უნდა, საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე, იმის ხარჯზე, რის გამოც ასიათასობით ქართველი გაწყდა. ამ ყველაფრის პარალელურად, ამერიკულმა გამოცემამ დაწერა, რომ “ისლამური სახელმწიფოს” მხარეს მებრძოლი ტერორისტები საქართველოში ბრუნდებიან. უფრო ზუსტად კი, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც სირიაში იბრძოდნენ, ახლა ისევ სამშობლოში დაბრუნდნენ, რადგან თურმე ამ ეტაპზე “ისლამური სახელმწიფო” დასუსტდა. თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ამაყი ღიმილით (ასეთებიც იცის) განაცხადა, ჩვენი ციფრები “ვაშინგტონ პოსტის” სტატიაში მოყვანილ მონაცემებს დიდი სხვაობით არ ემთხვევა და, გარდა ამისა, ჩვენ პარტნიორი ქვეყნების სადაზვერვო მონაცემებს ვეყრდნობით და ყურადღებას მაქსიმალურად ვაქცევთ იმას, რომ დადგინდეს, “ისლამურ სახელმწიფოში” კონკრეტულად ვინ იმყოფებოდა და ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირი ვის ჰქონდაო. სესიაშვილმა ისიც თქვა, საქართველოდანისლამური სახელმწიფოსმხარეს საომრად წასულიბოევიკებისუმრავლესობა დახოცეს, დანარჩენი კი დაახლოებით 50 კაციაო, ანუ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ არაპირდაპირ, მაგრამ აღიარა, საქართველოში 50 ტერორისტი დაბრუნდაო. არის თუ არა ეს პირდაპირი მინიშნება იმისა, რომ რომელიმე ქვეყანას საქართველოში ტერორისტების ლიკვიდაციის მიზნით სპეცოპერაციის განხორციელების სურვილი გაუჩნდეს, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ სესიაშვილმა მწვანე აანთო, _ მოდით, ტერორისტები გვყავსო. მერე, ალბათ, “ჯაველინების” გამოყენების დროც დაგვიდგება და…

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ძალიან, ძალიან საეჭვოდ შემოგვაჩეჩესჯაველინები”, რომლებიც, თხოვნამუდარის მიუხედავად, ათი წლის განმავლობაში არ მოგვყიდეს და, როცა თვითონ ჩათვალეს საჭიროდ, მაშინ შემოგვაჩეჩეს(!), თანაც 75 მილიონადდა ახლა ხელის ერთი აქნევაღა დარჩა საიმისოდ, რომ იზორიამ, თავის მოადგილეებთან ერთად, ბოლო ხმაზე იყვიროს: “ნატოსთვის, ტრამპისთვის!” და მტერს, ანუ რუსეთს ეკვეთოს. შედეგად, ისევ მოადგება შავი ზღვის ნავმისადგომს ამერიკული ხომალდი და ისევ მოგვიტანენ წყალსა და პამპერსებს. მერე კი, როცა საქართველო მხოლოდ თბილისი დარჩება, ნატოს წევრობა უფრო გაიოლდება მით უმეტეს, თუ დაკარგულის დაბრუნებას არ მოვითხოვთ. და იმაზეც ვიფიქროთ, ამ ყველაფრით სხვა მეზობლებმა არ ისარგებლონ და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაერთიანებამდე აჭარა, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი არ აგვაცალონ ფუკასავით! ამისკენ დიდი ნაბიჯებით მივდივართ და თანაც გვიმტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი კარგი და მისაღებია…

ბესო ბარბაქაძე

P.S. არც ის დაგავიწყდეთ, რომ იმ დევნილებს, რომლებსაც სახელმწიფო ბინებით უზრუნველყოფს, მალე დევნილის სტატუსს ჩამოართმევენ და დევნილებიც აღარ გვეყოლება, აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე პრეტენზია აღარ გვექნება და ვიცხოვრებთჯაველინებთანჩახუტებული და აზიურ ფაროსანასთან მებრძოლი ერიუფრო ზუსტად კი: “საშოვარს გადაგებული, გათითოკაცებული, ყოფილი ერი”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here