Home რუბრიკები საზოგადოება ხუთი ქართველი, სამი აფხაზი და ერთი უკრაინელი საახალწლო სუფრაზე სოხუმში

ხუთი ქართველი, სამი აფხაზი და ერთი უკრაინელი საახალწლო სუფრაზე სოხუმში

443

ეეჰ, ნეტავი, იმ დროს!

გვიანი შემოდგომა და ზამთარი აფხაზეთში ცივი და წვიმიანია, დეკემბრის მეორე ნახევარში ხშირია დიდთოვლობაც. ამბავი, რომელსა მოგითხრობთ, 1979 წლის 31 დეკემბერს მოხდა.

ახალ წელს, ტრადიციულად, ოჯახი თბილისში ვხვდებით. დედაქალაქში უკვე გავგზავნე მეუღლე და ქალიშვილი, თავად კი 31 დეკემბერს საღამოს რეისით სოხუმიდან უნდა გავფრენილიყავი. დღის მეორე ნახევარში ამინდი მკვეთრად გაუარესდა, დაიწყო ინტენსიური თოვა და გაფრენის შანსიც შემცირდა. აეროპორტში საინსტიტუტო მეურნეობის დირექტორ ვიქტორ ხიშბას მანქანით წავედი. სადეპუტატო დარბაზში შესულს, სოხუმის პედინსტიტუტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ანჩაბაძე შემხვდა, ისიც თბილისში მიემგზავრებოდა. მე და ბატონი ზურაბი სოხუმში ერთ სადარბაზოში ვცხოვრობდით და დროდადრო ვსტუმრობდით ერთმანეთს. იგი აფხაზი თავადების (მგონი, მთავრებისაც) შთამომავალი და ფრიად განათლებული კაცი იყო. სპეციალობით ისტორიკოსი, ქართულ-აფხაზური ურთიერთობის კარგი მცოდნე და მკვლევარი გახლდათ.

_ ნაპოლეონ, შენც, ალბათ, თბილისში, ხომ? _ მკითხა და განაგრძო, _ ახლახან აეროპორტის უფროსი, ხაინდრავა, იყო აქ და განაცხადა, რომ თვითმფრინავი ჯერ თბილისიდანაც არ გამოფრენილა და, ალბათ, რეისიც გადაიდებაო.

_ კი მაგრამ, აეროპორტში საფრენი ბილიკის გასაწმენდი ტექნიკა ხომ აქვთ?! _ შევეპასუხე მე.

_ თოვა ისეთი ინტენსიურია, რომ ტექნიკა ვეღარ მუშაობს, არის ხილვადობის პრობლემაც, _ მიპასუხა მან.

ჩვენი საუბრისას დარბაზში ისევ გამოჩნდა აეროპორტის უფროსი და ჩვენკენ გამოემართა.

_ ბატონებო, ვწუხვარ, მაგრამ დღეს ფრენა აღარ იქნება, რეისი დილისთვის გადაიდო. დილით თავად დაგირეკავთ, მდგომარეობას გაცნობებთ, _ გვითხრა მან.

უნებურად საათს დავხედე, საღამოს 8 საათი და 30 წუთი იყო.

_ მე მანქანა მოსვლისთანავე გავუშვი, იმედია, შენი ჯერ კიდევ აქაა, _ მითხრა ანჩაბაძემ. რაღას ვიზამდით, მანქანაში მოვკალათდით და სოხუმის გზას დავადექით. ცოტა ხნით ჩემს ინსტიტუტში შევიარეთ, რომელიც კელასურში იყო განთავსებული და ოჯახებს მდგომარეობა შევატყობინეთ.

_ სამწუხაროდ, სახლში პურიც კი არ მაქვს, _ შემომჩივლა ბატონმა ზურაბმა.

_ არა უშავს, რაღაცას მოვიფიქრებთ, _ მივუგე და სადარბაზოსთან გაჩერებული მანქანიდან საახალწლო ნობათის გადმოტვირთვით დაკავებულ ვიქტორ ხიშბას შევეშველე. ბატონმა ზურაბმა გაიღიმა, ნობათით დატვირთულ ყუთებს გადახედა და ჩაილაპარაკა: _ როგორც ვატყობ, კარგი საღამო გვექნება. ბინაში შესულებს ჩვენი კოლეგაც შემოგვიერთდა, რომელსაც მოესწრო ტანსაცმლის გამოცვლაც და სუფრის გაშლაც. ჩემი ბინიდან კარგად მოჩანდა რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ საყვარელიძის, სამუშაო კაბინეტის ფანჯრები, რომლებიც გაჩახჩახებული იყო.

_ საღამო მშვიდობისა, ავთანდილ, რა გეგმები გაქვს საღამოსთვის? _ ვკითხე ტელეფონით.

_ რა გეგმები უნდა მქონდეს?! აგერ, ვსხედვართ მე და მოსკალენკო (აფხაზეთის პარტიის საოლქო კომიტეტის მდივანი _ ნ.ქ.) და ველოდებით, იქნებ, ვინმე შეგვეხმიანოს, _ მიპასუხა მან.

_ როგორც ვხედავ, კარგ დროს გირეკავ. გელოდებით, ჩემთან არის ზურაბ ანჩაბაძე, დავურეკავ გოგი ჟორჟოლიანსაც (პარტიის სოხუმის ქალაქკომის პირველი მდივანი _ ნ.ქ.). იმხანად ბატონ გოგისთან ცნობილი აფხაზი პოეტი, კარგი მოქართულე და ჩვენი საერთო მეგობარი მურმან ნაყოფიაც იყო. ცხადია, ისიც მოვიწვიე. შემოგვიერთდა ჩემი კარის მეზობელიც, პარტიული ფუნქციონერი გალაკტიონ ნაჭყებია _ განათლებული, მსოფლიო ლიტერატურის კარგი მცოდნე და, რაც მთავარია, იუმორის დამფასებელი და თავადაც კარგი მთხრობელი. სტუმრები მალე მოვიდნენ და 1979 წლის 31 დეკემბერს სუფრასაც მივუჯექით ხუთი ქართველი, სამი აფხაზი და ერთი უკრაინელი.

თამადობა, ტრადიციულად, ბატონმა ავთანდილმა “მიისაკუთრა”. იგი ნაკითხი, ქართული და რუსული ლიტერატურის კარგი მცოდნე, იუმორის დამფასებელი და, რაც მთავარია, ბრწყინვალე თამადა იყო. მან მიმავალი 1979 წელი შეაფასა, გაიხსენა გაკეთებული საქმეები: “ბევრი რამ ვერ გავაკეთეთ, მაგრამ, რაც გაკეთდა, ხარისხიანად გაკეთდა. ლიძავაში აშენდა ახალი დასასვენებელი კომპლექსები, მოქანდაკე ზურაბ წერეთელმა დაამთავრა მოზაიკური პანორამა…” კიდევ ბევრი რამ თქვა საინტერესო და დიპლომატიურად ცენტრალურ ხელისუფლებასაც “გაჰკრა კბილი”. თამადამ გაიხსენა ქალაქ ნოვოსიბირსკში უნივერსიტეტის გახსნა და მის რექტორად ილია ვეკუას დანიშვნა, რომლის მოწოდებასაც მთელი ქვეყნიდან გამოეხმაურნენ ცნობილი მეცნიერები, მიატოვეს “აწყობილი” ცხოვრება და გაემგზავრნენ იმ უნივერსიტეტში სამუშაოდ, რომლის ლექტორიც მათთვის (და არა მხოლოდ მათთვის) ავტორიტეტი გახლდათ. მოგვიანებით ნოვოსიბირსკი, ფაქტობრივად, გახდა რუსეთის მესამე სამეცნიერო ქალაქი მოსკოვისა და ლენინგრადის შემდეგ. საქართველოშიც ძნელბედობის ჟამს ყოველთვის გამოჩნდებოდა ავტორიტეტი, რომლის ირგვლივაც ირაზმებოდნენ სხვები. კიდევ ბევრი რამ გაიხსენა საქართველოს ისტორიიდან ავთანდილმა.

მისი სადღეგრძელო განაგრძო ზურაბ ანჩაბაძემ:

_ ბატონებო, _ განაცხადა მან, _ პატარა ერებს უფრო სჭირდებათ დიდი და ბრძენი ადამიანები. მე ისტორიკოსი ვარ და კარგად ვიცი ასეთი ადამიანების ფასი. ისტორიულად, დიდი ქართველების გვერდით ძნელბედობის ჟამს ყოველთვის იდგნენ დიდი აფხაზები, _ მან ნათქვამი ისტორიული ფაქტებითაც გაამყარა და განაგრძო, _ ისტორიაში ბევრი მაგალითია, როდესაც საქართველოში მიდიოდნენ აფხაზეთის დასახმარებლად. ჩვენი ვალია ასეთი ფაქტების გამოვლენა და საზოგადოებისთვის მიწოდება. კიდევ ბევრი რამ თქვა ბატონმა ზურაბმა. იგი არა მხოლოდ ცნობილი მეცნიერი იყო, არამედ კარგად განათლებული და აღზრდილიც. იცოდა ფრანგული ენა, ერკვეოდა ხელოვნებაში, მუსიკაში, უკრავდა გიტარაზე და მღეროდა. მის რეპერტუარში რუსული რომანსების გვერდით ყოველთვის იყო დები იშხნელების რეპერტუარიც. ცხადია, იმ საღამოსაც მოვისმინეთ ბატონი ზურაბის შესრულებით რომანსებიც და ქართული ჰანგებიც. ბატონ ზურაბს ალავერდი ივანე თარბამ ჩამოართვა. ისიც შესანიშნავად ფლობდა ქართულ ენას. მის გარემოცვაში ყოველთვის იყვნენ ქართველებიც. დაბა გულრიფშში მისი აგარაკი ნოდარ დუმბაძის აგარაკის გვერდით იდგა და მათ შორის გავლებული ღობის ჭიშკარი თითქმის ყოველთვის ღია იყო. იმ საღამოს ვანომ წაგვიკითხა გალაკტიონის “ლურჯა ცხენები” და მისი აფხაზური ვერსიაც, რომელიც თვითონვე თარგმნა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა არ ვიცოდით აფხაზური ენა, თარგმნის ჟღერადობითა და მუსიკალურობით მივხვდით, როგორი პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ საქმეს ბატონი ივანე. შემდეგ მან რუსულ ენაზე ნათარგმნი თავისი ლექსებიც წაგვიკითხა, რომლებიც ასევე დიდი სიამოვნებით მოვისმინეთ და ავტორიც დამსახურებულად შევაქეთ.

იმ საღამოს გოგი ჟორჟოლიანიც აქტიურობდა. იგი თეატრალი გახლდათ და მეგობრობდა ცნობილ მსახიობებსა და რეჟისორებთან. “თეატრი ისტორიისა და დღევანდელობის ანარეკლია. კარგად დადგმული სპექტაკლი მაყურებელსაც აიყოლიებს და თანამონაწილედ გაიხდისო, ამბობდა. მის გარემოცვაში მინახავს ეროსი მანჯგალაძე, მედეა ჩახავა, რამაზ ჩხიკვაძე, კახი კავსაძე… მახსოვს ლენინგრადში მასთან შეხვედრა, როდესაც იგი გიორგი ტოვსტონოგოვის სპექტაკლის პრემიერაზე ჩამოვიდა. რეჟისორებიდან აღმერთებდა რობერტ სტურუას და თვლიდა, რომ იგი დღევანდელი მსოფლიოს რეჟისორების რეიტინგის პირველ სამეულში იყო.

მოულოდნელად ხიშბა გადმოიხარა ჩემკენ და წამჩურჩულა:

_ ირაკლიევიჩ, უხერხული ხომ არ იქნება, რომ გავიხსენოთ ჩვენი მოგზაურობა საქართველოშიო, და თანხმობის მიღებამდე დაიწყო:

_ შარშან შემოდგომაზე ბატონმა ნაპოლეონმა შემომთავაზა ენგურს იქით გასეირნება. მე მანამდე საქართველოში, ჩემდა სამარცხვინოდ, არ ვიყავი ნამყოფი. სოხუმიდან წავედით მანქანით. გზად ზუგდიდში მოვინახულეთ ქალბატონი სულიკოს (ჩემი მეუღლე _ სულიკო როგავა) სანათესავო, რომელიც მეგრულად გაგვიმასპინძლდა. მეორე დღეს საუზმის შემდეგ განვაგრძეთ გზა. ქუთაისში დავათვალიერეთ ქალაქის უძველესი ტაძარი და შემდეგ გელათი. ვიყავით ტყიბულის სიონშიც, სადაც ბატონ ნაპოლეონის სანათესავოს შევხვდით და, ცხადია, იქაც დიდებულად მიგვიღეს. თბილისში ორ დღეს დავრჩით. ქალაქი დავათვალიერე, რუსთაველზეც გავისეირნე, ავედით ფუნიკულიორზე და ა.შ. ძალიან შთამბეჭდავი იყო კახეთში სტუმრობა. შემოდგომა იყო და რთველიც ვნახე, ყურძნის დაწურვაც და ჩურჩხელების ამოვლებაც. კახეთში სამ დღეს ვიმყოფებოდით. ჩვენთან ერთად წამოვიდნენ ბატონ ნაპოლეონის მეგობრები, ქუდიც მაჩუქეს, კახური ღვინოც ბევრი დამალევინეს და აფხაზეთშიც გამომატანეს. მე ვარ რუსეთში ნამყოფი, სამხედრო სამსახური იქ გავატარე. ვყოფილვარ ჩეხოსლოვაკიაშიც, სხვაგანაც, მაგრამ ასეთი შთაბეჭდილებებით დატვირთული არსაიდან წამოვსულვარო და ასე შემდეგ. მაგიდის წევრები ვიქტორს ყურადღებით უსმენდნენ, მან კი თავისი გამოსვლა საქართველოს სადღეგრძელოთი დაამთავრა. მერე თქვა, _ ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ამ შემადგენლობით მომავალში ხიშბების მამულში მეწვევით სტუმრადო. აქვე დავძენ, რომ ხიშბებს ხშირად ვსტუმრობდი და მათ შორის იმ ხალხთან ერთადაც, რომლებიც მან იქ გულწრფელად მიიპატიჟა. ბატონი ვიქტორი ადრე წავიდა წუთისოფლიდან. მე მის ოჯახთან კავშირი თბილისში გადმოსვლამდე, ანუ 1990 წლამდე არ გამიწყვეტია…

_ როგორც ვატყობ, ჩემი ჯერიც მოვიდა, _ თქვა მოსკალენკომ და წამოდგა. მეც მინდა შევსვა საქართველოსა და აფხაზეთის სადღეგრძელო. ქვეყნისა, რომელმაც დედასთან ერთად მეც შემიფარა, დამასახლა, უმაღლესი დამამთავრებინა და მომცა შესაძლებლობა, ვიჯდე თქვენთან ერთად სადღესასწაულო სუფრასთან… მან კიდევ ბევრი რამ თქვა, მაგრამ არა როგორც უკრაინელმა, არამედ როგორც საქართველოს მკვიდრმა: მე საქართველოს ჩემს სამშობლოდ ვთვლი და ამით ვამაყობო.

სუფრა დიდხანს გაგრძელდა, მხოლოდ დილის 5 საათზე დავიშალეთ. იმავე შემადგენლობით 1980 წლის პირველ იანვარს, საღამოს შვიდისთვის გალაკტიონ ნაჭყებიას ოჯახში ვუსხედით სუფრას. კარგადაც მოვილხინეთ.

1979 წლის 31 დეკემბერს ჩემთან შეკრებილი ადამიანები ერთმანეთს ღვინის სმაში კი არა, სიყვარულსა და თანადგომაში ვეჯიბრებოდით და დღესაც მჯერა, რომ სუფრის წევრები გამოთქმებში გულწრფელი ვიყავით.

სამწუხაროდ, იმ ადამიანებიდან ცოცხალი მხოლოდ მე დავრჩი…

…ეეჰ, ნეტავი, იმ დროს!

ნაპოლეონ ქარქაშაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here