Home რუბრიკები საზოგადოება ხეპრეთა გაბრძოლება

ხეპრეთა გაბრძოლება

975
ხეპრეთა გაბრძოლება

ოქრუაშვილსა და მისთანებზე ყურადღების გამახვილება დიდი პატივია მათთვის, მაგრამ, ვინაიდან ქართულ პოლიტიკას ეხებიან, გაუმაძღარ თვალს ადგამენ მას და სრულიად საქართველოზე გავლენის მოპოვებას ცდილობენ (პარტიის სახელწოდებაც ხომ ამაზე მიგვანიშნებს), იძულებული ვარ, ვთქვა ის, რაც ოქრუაშვილის ტელეეკრანზე გამოჩენამ, მისმა დაპატიმრებამ გამოიწვია ჩემში და ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოებაში.

ომარ მარგველაშვილი

ჩათრევა თუ ჩაყოლა

საკმაოდ დიდია წრე პატიოსანი, მშრომელი ადამიანებისა, რომლებიც ოპოზიციაში, თანაც არაკონსტრუქციულში, მატყუარასა და კრიმინალურში (ნაცები მყავს მხედველობაში, “ევროპული საქართველოს” სახით) ქვეყნის გადამრჩენებს ვერ ხედავენ. მათი მიზანია ქვეყნის კიდევ ერთხელ დანგრევა, აწიოკება, ადამიანებისთვის ქონების ჩამორთმევა, უკანონო დაპატიმრებები, ცოცხების ტრიალი, უსამართლობა, მეზობელ ქვეყნებთან (განსაკუთრებით _ რუსეთთან) ისედაც გაუარესებული ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავება… მოკლედ, ყოველივე ის, რაც, სამწუხაროდ, ბედკრულმა საქართველომ ნაცების ხელში გაიარა.

სხვა დანაშაულებს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ 2008 წლის ცხინვალის ომი რად ღირს _ ტერიტორიების დაკარგვა და ყოფილი ავტონომიების მოსახლეობასთან ურთიერთობის ისე გაუარესება, ქართველის ხსენებაზე ცუდად რომ აჟრიალებთ.

ბოდიში მკითხველთან, მაგრამ იძულებული ვარ, შევახსენო, ვინაიდან ნაცების პროპაგანდით გაბრუებული ზოგიერთი ადამიანი დღესაც დაჟინებით იმეორებს, რომ 2008 წლის ომი, სააკაშვილმა და მისმა ხროვამ კი არა, რუსეთმა დაიწყო. და, თუ შეეკამათები, თითქოს შეღავათს გიწევენ, ისე დაგეთანხმებიან: ომი სააკაშვილმა დაიწყო, მაგრამ მანამდე არაერთი პროვოკაცია მოაწყო რუსეთმა და ამ ომში ჩაგვითრიაო.

ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა მოსწრებულად თქვა წითელსოფელში ბომბის ჩამოგდებაზე: ესენი (სააკაშვილის ხელისუფლება) თვით იბომბავენ თავს, რომ შემდეგ რუსეთს დააბრალონო.

რაც შეეხება “ჩათრევას”, ეს ტერმინი სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებზე ითქმის, როცა უფროსკლასელები ცუდ საქმეში ითრევენ, მაგალითად. ვიღაცისთვის პანღურის ამორტყმაში, წვრილმან ქურდობაში და ა.შ., მაგრამ პოლიტიკაში, რომელსაც ზრდასრული ადამიანები აწარმოებენ, ასეთი რამ არ ხდება.

ის, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო, დაამტკიცა ევროკავშირის სპეციალურმა კომისიამ დიპლომატ ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოში, და გაერომ, რომელმაც არა მხოლოდ ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა სააკაშვილი, არამედ აკრძალული “კასეტური ბომბების” გამოყენებაშიც.

რას ამბობენ დამნაშავე ნაცები? _ ცხადია, საწინააღმდეგოს, რაშიც დაარწმუნეს კიდეც საზოგადოების ნაწილი, რომელიც რუსოფობიით არის დაავადებული. ვურჩევ მათ, მოიძიონ გაეროს დასკვნა (ამონარიდი “საქართველო და მსოფლიოშიც” დაიბეჭდა) და ყურადღებით გადაიკითხონ. არა მგონია, აზრი შეიცვალონ, მაგრამ გულში ხომ მაინც იტყვიან, _ ვინ არის მტყუან-მართალი, საჯაროდ კი ისევ განაგრძობენ ტყუილის ტირაჟირებას.

ბოლო პერიოდში ნაცებს, მათ მომხრე წვრილ პარტიებსა და არასამთავრობოებს სიმართლისადმი უცნაური დამოკიდებულება დასჩემდათ: თუ სიმართლე არ მოსწონთ, უმალ იწყებენ ათასი სისულელის როშვას. ასეთი რამ მოხდა ტელეკომპანიარუსთავი 2”-ის მიმართ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო. ნაცებსა და მათ გულშემატკივრებს, ისევე, როგორც ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტებსა და საზოგადოების ნაწილს, არ მოეწონათ ტელეკომპანიისთვის გამოტანილი განაჩენი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ პუტინისა და ბიძინა ივანიშვილის ზეწოლას მიაწერეს. თითქოს მათ აიძულეს (ცხადია, მოქრთამვით) ევროსასამართლო, “რუსთავი 2”-ისთვის არასახარბიელო გადაწყვეტილება გამოეტანა.

დანაშაულობანი, რომლებიც გამოსაძიებელია

2008 წლის აგვისტოს ომის პრელუდია 2004 წელს იყო, როდესაც ოქრუაშვილმა გააუქმა ერგნეთის ბაზრობა და მოინდომა ცხინვალის დაჩოქება, მაგრამ საბოლოოდ დაჩოქილი ქართველი სამხედროები აღმოჩნდნენ. დაჩოქილ ქართველთა შორის ოქრუაშვილი არ იყო.

დაჩოქების ვიდეოკადრებმა ყველა ქვეყნის ტელეეთერები მოიარა და მსოფლიომ უნამუსო ოქრუაშვილი კი არ აიგდო მასხრად, არამედ საქართველო.

ამას წინათ გაზეთმა “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ-მაიორ გივი იუკურიძის ინტერვიუ. აი რას ამბობს იგი: “2004 წლის ცხინვალის კონფლიქტში ჩვენი თავდაცვის სამინისტროს 11 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა; შინაგანი ჯარის 50 სამხედრო მოსამსახურე ვანათის სკოლაში დაატყვევეს ოსებმა და შემდეგ მსოფლიომ დაინახა, ეს ტყვედ ჩავარდნილი სამხედროები როგორ იყვნენ დაჩოქილი ოსური ქვედანაყოფების წინ. ეს, რა თქმა უნდა, იყო სირცხვილი. ცხადია, არავის ჰქონდა უფლება, ასე უაზროდ გაეწირა ის 11 სამხედრო”.

და გაწირა ვინ? _ თავდაცვის იმჟამინდელმა მინისტრმა ოქრუაშვილმა სააკაშვილთან შეთანხმებით. დღესაც მახსოვს ტრაბახა ოქრუაშვილის დაპირება _ ახალ წელს ცხინვალში შევხვდებითო. ძვირად დაუჯდა ქვეყანას ოქრუაშვილის როყიო ნათქვამი რუსეთში ღვინის ნაცვლად ფეკალიების გაგზავნის თაობაზე _ ეკონომიკური სანქციები დაგვიწესეს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახელთან დაკავშირებული ბევრი გახმაურებული, დანაშაულებრივი საქმე ჯერაც არ არის გამოძიებული. და დაუსჯელობის სინდრომით გათავხედებული ოქრუაშვილი სატელევიზიო გამოსვლაში (დაჭერამდე რამდენიმე დღით ადრე) თავმომწონედ ამბობდა, რომ ის იყო “ნაციონალური მოძრაობის” დამფინანსებელი, “ვარდების რევოლუციის” ორგანიზატორი ფინანსების განხრით და არა სოროსი ან ივანიშვილი; რომ მინისტრობის დროს მასთან მიჰქონდათ მილიონობით დოლარი და ისიც ამ თანხებს ნაცების ყულაბაში დებდა; რომ სეიფში 10 მილიონ დოლარზე მეტს ინახავდა და ა.შ.

ამ დანაშაულებს ამაყად გვიყვებოდა ე.წ. იურისტი, მაღალი რანგის ყოფილი სახელმწიფო მოხელე. ოქრუაშვილის აღიარებამ კიდევ ერთხელ ახადა ფარდა სააკაშვილის კრიმინალურ ხელისუფლებას, რომელსაც ასე თავგამოდებით იცავენ ნაცები და მათზე მიტმასნილი საზოგადოების ნაწილი. აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის რუსეთთან “გარიგების” დამდგენ კომისიას, რომელსაც მიულერი ხელმძღვანელობდა, სახელმწიფომ ორწლიან გამოძიებაში 25 მილიონი დოლარი გადაუხადა. აქ კი ვიღაც ოქრუაშვილს სეიფში 10 მილიონი ჰქონდა გადანახული (?). ოქრუაშვილი სატელევიზიო გამოსვლაში გამხელილი კრიმინალური ფაქტებისთვის არ დაუსჯიათ, ის ამბოხის მოწყობისთვის (20-21 ივნისი) დააკავეს. წინასწარ ძნელია იმის თქმა, რა განაჩენს გამოუტანს სასამართლო, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ სამართალი ამჯერად მაინც იზეიმებს.

ახია ივანიშვილზე სანიკიძის შეკედლებისთვის

ოქრუაშვილის დაპატიმრებამ განარისხა მისი თანაპარტიელები, განსაკუთრებით _ გუბაზ სანიკიძე და კონსტანტინე კემულარია, რომლებიც უშვერი სიტყვებით ლანძღავენ ივანიშვილსა და რუსეთს. ისე, კაცმა რომ თქვას, ახია ივანიშვილზე სანიკიძის შეკედლებისთვის.

სანიკიძე სატელევიზიო გამოსვლებში სალანძღავ სიტყვებს არ იშურებს ივანიშვილის მიმართ: თურმე ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ჩაბარება რუსეთისთვის. ისიც თქვა, პარლამენტის სპიკერის სავარძელში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის, გავრილოვის ჩაჯდომა ივანიშვილ-პუტინის გეგმის ნაწილი იყო, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა საქართველოს რუსეთისთვის მიერთება, რის წინააღმდეგაც გაილაშქრეს პატრიოტულმა ძალებმა (20-21 ივნისს) და წინ აღუდგნენ “მზაკვრული” გეგმის განხორციელებასო.

პარლამენტის წინ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის გამართულ ბრძოლაში ვმონაწილეობდით ყველა და ოქრუაშვილიც”, _ თქვა გუბაზ სანიკიძემ.

რას არ გაიგებ კაცი, მაგრამ მსგავსი ზღაპარი, სიცრუესა და უგუნურებაში გადასული, არ მსმენია. ოთხი მოწვევის პარლამენტარმა “გუბაზ ბრძენმა” ისიც ბრძანა, რომ მოსკოვთან აქვს კავშირი და იცის, რომ იქ 28 ივლისს გაიმართებოდა მილიონიანი ანტისახელისუფლო მიტინგი, რომელიც ბოლოს მოუღებდა პუტინის რეჟიმს, ისე, როგორც თბილისში გამართული მიტინგები ბოლოს მოუღებს ივანიშვილის ბატონობას.

28 ივლისს მოსკოვში მართლაც გაიმართა არასანქცირებული მიტინგი, რომელშიც არა მილიონმა, არამედ “ოდნავ” ნაკლებმა, 3500 კაცმა, მიიღო მონაწილეობა. მომიტინგეებმა შეტევა მიიტანეს პოლიციაზე და ტოქსიკური ნივთიერებაც კი შეასხეს პოლიციელებს თვალებში, რომ აღარაფერი ვთქვათ ნაგვის ურნებსა და ასფალტის ნაგლეჯებზე, რომლებიც პოლიციელებს დაუშინეს.

პოლიციამ ათასზე მეტი სამართალდამრღვევი დააკავა, რასაც დიდი ყაყანი მოჰყვა უცხოეთში. ქართულმა ტელევიზიებმაც ფართოდ გააშუქეს “პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ” გამოსული მომიტინგეების “დარბევა”. მაშინ, როდესაც ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება “პატრიოტთა ალიანსის” თაოსნობით ბათუმში გამართულ 30 000-იან მიტინგს, რომელზეც მოითხოვეს რუსეთთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიალოგის დაწყება, ურთიერთობების მოგვარება.

ნუთუ ვინმეს სჯერა სანიკიძის, კემულარიასა და ოქრუაშვილის ცრუ განცხადებების, რომელთა მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა?! იქნებ ახლა მაინც გამოფხიზლდეს “ოცნება” და საკადრისი პასუხი გასცეს, როგორც “ნაციონალურ მოძრაობას”, ისე ამ პარტიის მხარდამჭერებს. ხალხი ელის სამართლიანობის აღდგენას!

ანაკლია _ განხეთქილების ვაშლი

რაც შეეხება ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, დაველოდოთ სასამართლოს. ამ ორ ბანკირზე ისეთი ხმაური ატეხა “ნაცმოძრაობამ” და მისმა მხარდამჭერმა მედიამ, თითქოს მზე და მთვარე ამოსდიოდეთ მათზე. ისე, როგორც ყველა შემთხვევაში, ადანაშაულებენ ივანიშვილსა და პუტინს.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის _ გიორგი ქობულიას თქმით, რუსეთს ოფიციალურად არსად უთქვამს, რომ არ სურს ანაკლიის პორტის აშენება, მან ისიც აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტს არ აქვს ეკონომიკური გათვლები და ამ გათვლების გარეშე პორტის მშენებლობა შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს საქართველოსო.

მე, როგორც მშენებელმა ინჟინერმა, კარგად ვიცი, რომ ეკონომიკური გათვლების გარეშე მშენებლობის დაწყება დანაშაულია, მით უმეტეს ისეთი გრანდიოზული კომპლექსის, როგორიც ანაკლიის პორტია. რაც შეეხება რუსეთს, მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის მუშაობაში, ტვირთების გადაზიდვის სახით. განა ასე არ ხდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე?! აზერბაიჯანი და თურქეთი შეუთანხმდნენ რუსეთს ამ ქვეყანაში ტრანზიტად გამავალი ტვირთების ნაწილის აღნიშნულ რკინიგზაზე გადმოსასროლად. და, თუ რუსეთი ამას გააკეთებს, წაადგება ყველას, ვინც პროექტში მონაწილეობს, ე.ი. ჩვენც.

ეკონომიკას ხელს არ უნდა უშლიდეს პოლიტიკა. სამწუხაროდ, ეს მარტივი ჭეშმარიტება არ იციან ქართველმა პოლიტიკოსებმა, ექსპერტებმა, ჟურნალისტებმა, არასამთავრობოებმა, პარტიებმა, რასაც ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის.

ომარ მარგველაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here