მთავარი პოლიტიკა ხელისუფლება ქვეყნის ბიუჯეტს არა მოსახლეობის საჭიროებისამებრ, არამედ იმის მიხედვით ხარჯავს, რა აძლევს...

ხელისუფლება ქვეყნის ბიუჯეტს არა მოსახლეობის საჭიროებისამებრ, არამედ იმის მიხედვით ხარჯავს, რა აძლევს ხელს “დასავლელ პარტნიორს”

დასავლეთის მიერ გამოწერილი რეცეპტი _ ყოველწლიურად ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი მხოლოდ ვალის პროცენტებში უნდა გადავიხადოთ

703
გააზიარეთ
ხელისუფლება ქვეყნის ბიუჯეტს არა მოსახლეობის საჭიროებისამებრ, არამედ იმის მიხედვით ხარჯავს, რა აძლევს ხელს “დასავლელ პარტნიორს”

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ის ფერმერები, რომლებიც მიწას ამუშავებენ, სახელმწიფოსგან ერთ ჰექტარ მიწაზე მიიღებენ 200 ლარს, პლუს 150 ლიტრ დიზელს შეღავათიან ფასად _ ერთი ლარით იაფად იმასთან შედარებით, რაც ბაზარზე ღირს. ერთი შეხედვით, ეს ძალიან კარგია, ხელისუფლება სოფლის მეურნეობას ეხმარება, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. დავიწყოთ თავიდან.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დაპირება იყო ის, რომ თითოეული სოფელი ხუთ მილიონ ლარს მიღებდა და წელში გაიმართებოდა. ეს არ იყო უტოპიური გეგმა. საქართველოში 3700-მდე სოფელია (უფრო კონკრეტულად _ 3 668) და ამ სოფლებისთვის ეტაპობრივად რომ გამოეყოთ წელიწადში ნახევარი მილიონი ლარი, წლიურად ორ მილიარდამდე დაჯდებოდა. ვიღაცისთვის ეს ძალიან ბევრია, მაგრამ გავიხსენოთ, რომ სწორედ ორი მილიარდი ლარი გაისროლა (სხვა სიტყვას ვერ დავარქმევთ) სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად ხელისუფლებამ და შედეგი მიიღო ნული. ეს იმიტომ, რომ არ არსებობდა გეგმა, არ არსებობდა სტრატეგია, არ არსებობდა ამ ფულის სწორი მიმართულბით ხარჯვის სურვილი და, რაც მთავარია, არ არსებობდა სოფლის მეურნეობის აღორძინების ნება. ჰო, ნება არ არსებობდა იმისა, რომ საქართველოში სოფელი მოძლიერებულიყო, ამაზე ცოტა ქვემოთ. მანამდე იმ დახმარებაზე ვთქვათ, რომლის გაცემაც ხელისუფლებამ დააანონსა. 200 ლარი და პლუს საწვავი იმას ნიშნავს, რომ ფული ისევ წყალში გადაიყრება. ჯერ ერთი _ ვერავინ გააკონტროლებს, გლეხი იმ 200 ლარს კონკრეტულად იმ ერთ ჰექტარ მიწას მოახმარს და იმ დიზელს სწორედ მის დამუშავებაში დახარჯავს თუ სხვა რამეში; მეორე _ იმავე სოფლის მეურნეობის წარმოების საზომებით, თანხა ძალიან ცოტაა, ანუ ეს იმისთვის არის, მერე რომ თქვან, _ სოფლის მეურნეობას რამდენიმე ათეული მილიონით დავეხმარეთო, რეალურად კი ეს რამდენიმე ათეული მილიონი ისე იქნება დაქუცმაცებული, ზღვაში წვეთიც არ გამოვა.

რაც შეეხება, საზოგადოდ, სოფლის მეურნეობას, ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში გაერომ, ანუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა (თუ ვინმეს სჯერა, რომ გაერო დამოუკიდებელი გაერთიანებაა, გავატარებთ) საქართველოს ე.წ. განვითარებადი ქვეყნის სტატუსი მიაკუთვნა. იმხანად ძალიან გაგვიხარდა (ბევრს ახლაც უხარია), _ ევროპაამერიკიდან დახმარება წამოვაო, მაგრამ რეალურად ეს სტატუსი ნიშნავს იმას, რომ განვითარებად სახელმწიფოს აკრძალული აქვს რამდენადმე მნიშვნელოვანი ოდენობით საკუთარი პროდუქციის წარმოება, საკუთარი ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის წამოწევა. .. განვითარებადმა სახელმწიფომ უნდა მოიხმაროს დიდი ქვეყნების მიერ წარმოებული პროდუქცია, ანუ ის, რასაც მისთვის გაიმეტებენ და სწორედ ამიტომ არის საქართველოში შემოსული უცხოური პროდუქტის უმრავლესობა საკვებად უვარგისი და ნიტრატებით გაჯერებული. ანალოგიურ მდგომარეობაში არიან აფრიკის ქვეყნები, ზუსტად იგივე პრობლემა უდგათ მათაც.

სოფლის მეურნეობის წამოწევასა და საკუთარი პროდუქციის წარმოებაზე საუბარი ჯერ სააკაშვილმა დაიწყო და გააჩერეს (გახსოვთ, ალბათ, “მამალი ძროხები”, “ფოთის ბაყაყები” და “შავი მოცვი გადაგვარჩენს”), მერე _ ივანიშვილმა (ასი საწარმოს დაპირება) და ისიც გააჩერეს. ახლაც, როცა კრიზისი დაიწყო მსოფლიოში, პირველი, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, სოფლის მეურნეობის წამოწევის პროგრამა იყო. ხელისუფლება მიხვდა, რომ საკუთარი პროდუქციის გარეშე მსოფლიო კრიზისის ფონზე არსებობა ძნელი იქნება, მაგრამ ეს საუბარი მალევე შეწყდა. შეწყდა მას შემდეგ, რაც კონსულტაციები გაიმართა მსოფლიო ბანკთან. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებას თითი დაუქნიეს: რა სოფლის მეურნეობა და პროდუქციის წარმოება, ტურიზმს მიაწექით, მომსახურების სფეროსო (თქვენ ჩვენი მსახურის ფუნქცია გაქვთო), და მთავარი აქცენტიც სწორედ ტურიზმზე გაკეთდა.

თანაც, ეს არ არის ჰუმანიტარული დახმარება, ეს ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი კრედიტია, ანუ სახელმწიფომ კვალავ აიღო საგარეო ვალი, ვალს ვალი დაამატა, რაც იმას ნიშნავს, რომსტრატეგიული პარტნიორებისტრატეგიულად სწორად მოქმედებენ და გაჭირვების ჟამს სწორედ ჩვენზე აკეთებენ ფულს. ისე, ეს რომ კრედიტია, გაკვრით თქვა ერთხელ რომელიღაც მაღალჩინოსანმა, დანარჩენები აღარ ამბობენ, იმიტომ, რომ მოსახლეობაში განწყობა მაშინვე შეიცვლება და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ბევრს ეს სამი მილიარდი გულითადი დახმარება ჰგონია.

მოკლედ, მოისმინეს დასავლელმა პარტნიორებმა მთავრობის სტრატეგიული გეგმა, მიხვდნენ, რომ მათ მიერ შეთავაზებულ მიმართულებას დათანხმდა საქართველო და თანხების მოცემას ისევ გვპირდებიან. ჰოდა, ახლა ტურიზმზე ვიმსჯელოთ. საშუალო ფენის წარმომადგენლებს, გნებავთ, ევროპაში და გნებავთ, რუსეთში, საიდანაც ტურისტების ჩამოსვლას უკვე მიესალმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, აქაოდა, მათთვის კარი ღიააო, ფული არ აქვთ. უფრო სწორად, იმდენი არ აქვთ, რომ სამოგზაუროდ გაიმეტონ და დასვენებას თავიანთ ქვეყანაში ამჯობინებენ. ეს განსაკუთრებით რუსეთის მოახლეობაზე ითქმის, რადგან პანდემიამ ჩრდილოელ მეზობელს ძალიან შეუტია და საეჭვოა, საერთო კრიზისის ფონზე, ამან ასახვა არ ჰპოვოს ტურიზმზე. ამიტომ, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, სპეციალური განკარგულებაც კი გამოიცა, რომ ადგილობრივ კურორტებს რაც შეიძლება მეტი პოპულარიზაცია და რეკლამირება გაუწიონ. ისიც ვთქვათ, რომ რუსეთს საქართველო ტურიზმისთვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჯერჯერობით არ ჰყავს და, შესაბამისად, თუ ვინმე სადმე წასვლას დააპირებს, ამ გარემოებას ყურადღებას აუცილებლად მიაქცევს. ისე, ჩვენს ხელისუფლებას ცოტა მეტი წინდახედულება რომ გამოეჩინა და დათანხმებულიყო რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინე კოსაჩევის წინადადებას შეხვედრის თაობაზე, ეგებ, სულ მცირე, ტურიზმისთვის ყოფილიყო უკეთესი.

სამწუხაროდ, ტურისტების დიდ ნაკადს არც უკრაინიდან უნდა ველოდოთ და არც ბელარუსიდან. ესეც არის, რეგულაციების მიხედვით, ტურისტმა ქვეყანაში შემოსვლის წინ უნდა წარმოადგინოს საბუთი, რომ ორკვირიანი კარანტინი გავლილი აქვს, ან აქ უნდა გაიაროს კარანტინი და, როგორ გგონიათ, რამდენი ადამიანი მოისურვებს ორი კვირით გამოკეტვას იმისთვის, რომ მერე ორი კვირა საქართველოში დაისვენოს?! როგორც ჩვენ ვიყავით გაჩერებული და გამოკეტილი, უარესად იყვნენ ევროპაში, ამიტომ ახლა ყველას თავისი უჭირს, ყველა თავისას ცდილობს და, თქმა არ უნდა, ძალიან რთული იქნება ტურისტების მოზიდვა. ჰოდა, წესითა და რიგით, ამ ფონზე აქცენტი სწორედ სოფლის მეურნეობაზე უნდა გაკეთებულიყო, ზუსტად ისე, როგორც ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა თქვეს, _ ახლა მთავარი პრიორიტეტი ადგილობრივი წარმოებააო, ანუ ისინი ირჩევენ იმას, რაც მათთვის არის უმჯობესი, ჩვენ გვტენიან იმას, რაც ასევე მათთვის არის უმჯობესი.

იმაზე თუ უფიქრია ვინმეს, რატომ არის შემოტანილი პროდუქტი ადგილობრივზე ბევრად უფრო იაფი? იმიტომ, რომ, ძირითადად, ნაგავი შემოგვაქვს, ხახვს ხახვის გემო არ აქვს და ნიორს ნივრის სუნი. არც ხილი ვარგა და არც მწვანილი. აი, ნატურალურად მოყვანილი პროდუქტი ძვირი ჯდება და გლეხიც იძულებულია, ფასი დაადოს, მოსახლეობას კი ფული არ აქვს. ამ 200 ლარის დარიგებისა და საწვავის მიცემის ნაცვლად, ხელისუფლებას რომ გამოეცხადებინა, საქართველოში წარმოებულ პროდუქტზე საგადასახადო შეღავათს ვაწესებ, იყიდეთ იაფად, ხალხო, თქვენც იხეირეთ და ფერმერიც ახეირეთო, სხვა იქნებოდა. აი, ეს მართლაც წაადგებოდა სოფლის მეურნეობას, ან ივანიშვილის მიერ დაანონსებული ასი გადამამუშავებელი საწარმოდან 20 მაინც რომ გახსნილიყო და ქართული პროდუცია სხვადასხვა პროდუქტად აქვე გვექცია, სხვა სიმაღლეებზე იქნებოდა საუბარი, მაგრამ არ აძლევს ხელს ეს დასავლეთს, არა! მერე იქაური ნაგავი არ გასაღდება ჩვენთან და ეს კი მათ ეკონომიკას დაარტყამს.

სამწუხარო რეალობა ასეთია _ ხელისუფლება სოფლის მეურნეობას ოფიციალურად ეხმარება, რეალურად კი ეს ისევ ჰაერში გასროლილი ფულია და ამით სოფლის მეურნეობა წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწევს. ტურისტულ სექტორში გადასროლილი მილიონებიც წყალში გადაყრილი ფულია, რადგან საქართველოში წელს ტურისტული სეზონი, უბრალოდ, არ გვექნება, რადგან მსოფლიო მასშტაბით არის კრიზისი და დასვენებისთვის ახლა ნაკლებად სცალიათ. ესეც არ იყოს, როგორ გგონიათ, კარანტინში ყოფნისას სახლში ჯდომით არ დაიღალა ხალხი? ადამიანებს ახლა სწორედ მუშაობა სჭირდებათ, რათა შეთხელებული ბიუჯეტი შეავსონ და იმის თქმაც გადაჭრით შეიძლება, გაზაფხულზე გაჩერებული საწარმოების ხელმძღვანელები თანამშრომლებს ზაფხულში შვებულებაში არ გაუშვებენ და ისევ არ გააჩერებენ საწარმოს. ის, რაც დაიკარგა, უნდა ამოიქაჩოს, ეს არის აქსიომა.

აქსიომაა ისიც, რომ ხელისუფლება ქვეყნის ბიუჯეტს არა მოსახლეობის საჭიროებისამებრ, არამედ იმის მიხედვით ხარჯავს, რა აძლევს ხელს დასავლელ პარტნიორს. უხეში გაანგარიშებით, ამ სამ თვეში ათი მილიარდი ლარის საგარეო ვალი დაგვემატა და ეს თანხა ჩვენი გადასახდელია. ამიტომ, სანამ ასე ვალებში დავიხრჩობით, სანამ ყოველწლიურად ნახევარ მილიარდ ლარზე მეტს მხოლოდ ვალის პროცენტებში გადავიხდით, მანამ არაფერი გვეშველება და ეს პერსპექტივა უახლოესი ათწლეულის განმავლობაში გამოწერილი რეცეპტივით გვაქვს.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ბ–ნო ბესო, აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით ყველა საკითხში. საქართველოში დიდი ხანია მომწიფდა დრო, რათა საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მკვეთრად გაძლიერდეს სამშობლოს სიყვარულისა და ერთგულების ჩანერგვა ახალგაზრდობაში. ეროვნული ინტერესების რელსებზე უნდა იქნან გადაყვანილი ქართული სატელევიზიო არხები.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ყაზბეგის იაგო. Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here