Home რუბრიკები საზოგადოება ხელისუფლებამ ის გააცნობიეროს, რომ 77 ათასი ბავშვი ახალ წელსაც მშიერი იქნება

ხელისუფლებამ ის გააცნობიეროს, რომ 77 ათასი ბავშვი ახალ წელსაც მშიერი იქნება

3007
ხელისუფლებამ ის გააცნობიეროს, რომ 77 ათასი ბავშვი ახალ წელსაც მშიერი იქნება

გსმენიათ, ალბათ, ციფრები არასოდეს ტყუიანო. მართლაც, ძნელია, ციფრებში ტყუილი გააპარო. მოკლედ, გასულ კვირას ოპოზიციამ ხელისუფლებას ბრალად ისიც წაუყენა, რომ ქვეყნის სათავეში დარჩენის მორალური უფლება აღარ გაქვთ, რადგან საქართველოში ნახევარი მილიონი ბავშვი შიმშილობსო. ხელისუფლებამ ოპოზიცია ტყუილში ამხილა, _ ყველა კვლევის მიხედვით, საქართველოში, ნახევარი მილიონი კი არა, მხოლოდ 77 ათასი ბავშვი შიმშილობსო. როგორია? “მხოლოდ 77 ათასი ბავშვი?!” ლოგიკას რომ გავყვეთ, 73 მაჟორიტარი ხომ გვყავს და გამოდის, რომ მოშიმშილე ბავშვების რაოდენობა თითო მაჟორიტარულ ოლქში თითო სკოლას გაავსებს, ანუ თითოეულ ოლქში იმდენი ბავშვი შიმშილობს, რამდენიც ერთ სკოლაში დადის (სულ ცოტა, რადგან ათასბავშვიანი სკოლები რეგიონებში დიდი იშვიათობაა).

წლევანდელი წელი რომ ავიღოთ და ხელისუფლებას დავუჯეროთ ეკონომიკურ წინსვლასა და უმუშევრობის შემცირების დონეზე ნათქვამი, იქნებ გვითხრან კონკრეტული მაგალითი იმისა, რა გააკეთეს ამ ერთი წლის განმავლობაში საიმისოდ, რომ ეს 77 ათასი თუნდაც ათასით შემცირებულიყო. მე გეტყვით _ არაფერი! სხვათა შორის, თბილისის მერია თავს იმით იმართლებს, რომ თავშესაფრებში ადგილები აქვთ, მაგრამ ბავშვები იქ არ ჩერდებიან. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი მიუსაფარი ბავშვი დედაქალაქშია და ყველაზე მეტიც სწორედ აქ შიმშილობს. იქნებ მერიამ იმაზე იფიქროს, რომ რაღაც არ არის კარგად იმ თავშესაფრებში, რომლებსაც ბავშვებს სთავაზობენ. ესეც არ იყოს, მოზარდებს ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებათ მაგ დროს, თორემ გარეთ ყოფნას რომ არის მიჩვეული, ძნელია, მერე დახურულ სივრცეში გაჩერება, თუ არ აუხსნეს, თუ არ დააჯერეს, რომ ეს მისთვის არის უკეთესი. თუმცა, ეს ტექნიკური მხარეა და იმას კი არ ვამბობთ, თავშესაფრები გინდათ თუ არა, უფრო კეთილმოწყობილი გახადეთო, არამედ იმას, რომ ხელისუფლებამ იმდენი ქნას, ბავშვთა თავშესაფრების რაოდენობა შემცირდეს. სხვაგვარად, ძალიან სასაცილოა თავის მართლება, რომ თურმე ოპოზიცია იტყუება და, ნახევარი მილიონი კი არა, 77 ათასი ბავშვი შიმშილობს. ისე, ეჭვი გვაქვს, უკეთესი მაჩვენებელი არც წინა ხელისუფლების პერიოდში იქნებოდა, მაგრამ მაშინ ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობდა, რადგან არ შეიძლებოდა, სააკაშვილის საქართველოში გეშიმშილა, ამას ხმამაღლა ვერ იტყოდი, შიმშილით ჩუმად უნდა მომკვდარიყავი.

მეორე მხრივ, საინტერესოა, რას ეძახის ხელისუფლება (გნებავთ, ოპოზიცია) შიმშილობას. საერთაშორისო სტანდარტით, თუ ორ დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს ადამიანს, ის სიღატაკის ზღვარზეა, ანუ შიმშილობს კი არა, შიმშილით სიკვდილისთვის არის განწირული. ჩვენს პენსიონერებს დღევანდელი კურსით რომ დავუჯამოთ შემოსავალი, დღეში 2,20 დოლარი გამოსდით, ანუ საერთაშორისო სტატისტიკასა და სიღატაკით შიმშილს 0,20 ცენტი აშორებთ. დაახლოებით 60 თეთრი წყვეტს იმას, ღატაკი და შიმშლისთვის განწირული დაერქმევა საქართველოში ყველა პენსიონერს თუ როგორაა საქმე? ახლა იტყვის ხელისუფლება, _ პენსიებს კიდევ ვუმატებთო და თარიღიც გამოცხადებული აქვთ, მომავალი წლის ზაფხული. მანამდე იმის იმედად უნდა ვიყოთ, რომ ლარი კიდევ რამდენიმე თეთრით არ გაუფასურდება და მსოფლიოს თვალში ქართველი პენსიონერები შესაწირ ზვარაკად არ გამოჩნდებიან.

ისევ ჩვენს მოწინავე ეკონომიკას დავუბრუნდეთ. ჰო, მოწინავეს, რადგან ხელისუფლება ამტკიცებს: წელს რეგიონში ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდა გვექნება და გაისად უფრო წინ წავალთო. თუ დავუჯერებთ, გამოდის, რომ გაისად უფრო მეტად გაუჭირდება ხალხს, რადგან ეკონომიკური ზრდის სიკეთე წელს სხვანაირად ვიგრძენით. სხვანაირად კი იმას ნიშნავს, რომ გაძვირდა პროდუქტი, არნახულად გაძვირდა თამბაქო, ეროვნული ვალუტა ისე გაიქცა, ექსპერტები პროგნოზის გაკეთების წინ კურსს ამოწმებდნენ, _ კიდევ რამდენით გაუფასურდა, არ შემეშალოსო. ციფრები რომ არ ტყუიან, ხომ გითხარით უკვე და ისევ ციფრებს მივუბრუნდეთ.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გასული წლის 10 თვეში საქართველომ რუსეთისგან 74,6 მილიონი კილოვატი ენერგია იყიდა. წელს ათ თვეში რუსეთისგან შესყიდული ენერგიის რაოდენობა 392,2 მილიონი კილოვატია, ანუ შარშანდელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 425%-ით არის მომატებული. ეს იმ პირობებში, როცა მაქსიმალურად შევეცადეთ რუსეთის გაღიზიანებას და ჩრდილოელ მეზობელს მარტივად შეეძლო ეთქვა უარი. უარის შემთხვევაში, 1990-იანი წლები რომ დაგვიბრუნდებოდა, უშუქობის სერიოზული პრობლემა რომ იქნებოდა, ადვილი მისახვედრია. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ, ასევე ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ექსპორტზე ყველაზე მეტი პროდუქტიისევ რუსეთში გავიტანეთ. ეს იმ პირობებში, როცა საჰაერო ფრენა აიკრძალა და, ამის მიუხედავად, რუსეთის ბაზარი მაინც პირველ ადგილზეა. მიმდინარე წლის ათ თვეში რუსეთში ექსპორტიდან საქართველომ 409,8 მილიონი დოლარი მიიღო. საინტერესოა, ყველაზე მეტად რომელ ქართულ პროდუქციას მოიხმარენ ჩვენი მეზობლები. ღვინის ექსპორტის შედეგად რუსეთიდან ქართულმა კომპანიებმა 107 მილიონი დოლარი მიიღეს, ამდენივე მიიღეს ფერადი ლითონების გატანით, 50 მილიონ დოლარამდე მინერალურ წყლებზე მოდის, 30 მილიონამდე _ ალკოჰოლურ სასმელებზე

რა გამოდის? პროდუქტი, რომლის გაყიდვაც გვინდა ევროპაში და არ გამოგვდის, ძალიან კარგად იყიდება რუსულ ბაზარზე. სერიოზული ეჭვი გვაქვს, ის მზარდი ეკონომიკაც, რომელსაც მხოლოდ ხელისუფლება ხედავს, დიდწილად სწორედ ამ ექსპორტზე იქნება დამოკიდებული თუ ჩამოკიდებული. ყველაფრის მიუხედავად, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია ძალღონეს არ იშურებენ იმისთვის, რომ შინაურ თუ საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთი გალანძღონ. იგივე, რაც საქართველოში რუსეთის პირველი პირის მიმართ თქვეს, რუსეთში რომ ეთქვათ ქართველ ლიდერზე, ხომ ხვდებით, რა მოხდებოდა? წავიდოდა მოწოდებები: არც ერთი კილოვატი ელექტროენერგია მტერს! არც ერთი რუსული პროდუქტი ქართულ ბაზარზე!.. და ამ ურაპატრიოტიზმით არაერთხელ წაქცეულ ქვეყანას კიდევ ერთხელ წავაქცევდით. ხომ ვთანხმდებით იმაზე, რომ 425%-ით გაზრდილი ელექტროენერგიის ყიდვა იმას ნიშნავს, რომ უფრო იაფია, უფრო მისაღებია, უფრო სტაბილურია. ეს გვინდა _ გვინდა გავთბეთ, გვინდა შუქი გვქონდეს დაამასთანავე, გვინდა, რომ ბოლო ხმაზე ვაგინოთ რუსეთს და საერთაშორისო ასპარეზზე თითი ვუქნიოთ. არ ჯდება ეს ლოგიკაში, მაგრამ

როგორც წესი, წლის ბოლოს საახალწლო დაპირებები იმატებს ხოლმე და ხელისუფლებაც გვპირდება, რომ მომავალი წელი გაცილებით უკეთესი იქნება. ერთი არგუმენტი მაინც რომ გვქონდეს იმისა, რომ დავუჯეროთ ძლიერთა ამა ქვეყნისათა, ხმას არ ამოვიღებდით, მაგრამ მერვე ახალი წელი მოდის ამ ხელისუფლების პირობებში და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ დაპირებები შეესრულებინოთ და მიმდინარე წელი მომდევნოზე უკეთესი ყოფილიყოს. გამოდის, რომ ხელისუფლება ტრადიციას არც ახლა უღალატებს და მომავალი წელი მიმდინარეზე ცუდი იქნება, რაც საბოლოოდ წელში გაწყვეტს მოსახლეობას. სწორედ ახალი წლის წინ ვამბობთ, რომ, საახალწლო ნობათი კი არა, ძალიან, ძალიან ბევრ ოჯახს საქართველოში 31 დეკემბრის ღამეს პურისა და ყველის პრობლემა ექნება, კუჭის სანახევროდ ავსების პრობლემა ექნება და, რაც მთავარია, ხელისუფლება ამას ან არ ამჩნევს, ან არ იმჩნევს.

მანამდე კი ხელისუფლებამ ის გააცნობიეროს, რომ 77 ათასი ბავშვი (სულ ცოტა) ახალ წელსაც მშიერი იქნება, სხვისი სამზარეულოდან გამოსული საჭმლის სურნელით მოუწევს “გაძღომა” და სხვის მიერ ნასროლ მაშხალებს გააყოლებს თვალს. დარწმუნებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ საახალწლოდ პარლამენტარები, მინისტრები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები ჯიბეს მოიქექავენ, 2-3 გაჭრვებულ ოჯახს დაეხმარებიან და ქულებს ჩაიწერენ ამომრჩევლის თვალში. მათ ის არ იციან, რომ თუნდაც იმ ბავშვებს, რომლებსაც შიმშილი უწევთ, ახალი წელი მაშინ აქვთ, როცა შინ საჭმელი ეგულებათ და სულ არ აინტერესებთ, კალენდარზე რა რიცხვია. მათ არც ის იციან, როგორ იქცევა თოვლის პაპა, რადგან მხოლოდ სურათებზე ჰყავთ ნანახი და მათთან არასდროს მისულა, ანუ თოვლის პაპას საქართველოში, სულ ცოტა, 77 ათასი ბავშვისთვის არ ეცლება.

ეს არის ის მწარე რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რამდენიც უნდა იძახოთ, ქვეყანა წინ მიდისო, არ დავიჯერებთ, რადგან წინ წასულ ქვეყნებში 77 ათასი ბავშვი არ შიმშილობს.

ბესო ბარბაქაძე

P.S. “ჯინგლ ბელზ”, ხელისუფლებავთუ როგორც არის

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here