მთავარი ეკონომიკა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ პირველ მტრად გამოაცხადეს ქვეყანა, რომლიდანაც ხორბლის 90 პროცენტი შემოგვაქვს

ხელისუფლებამ და ოპოზიციამ პირველ მტრად გამოაცხადეს ქვეყანა, რომლიდანაც ხორბლის 90 პროცენტი შემოგვაქვს

2947
გააზიარეთ
ხელისუფლებამ და ოპოზიციამ პირველ მტრად გამოაცხადეს ქვეყანა, რომლიდანაც ხორბლის 90 პროცენტი შემოგვაქვს

პანდემია მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანას შეეხო. საზღვრების ჩაკეტვამ, მრეწველობის გაჩერებამ, პროდუქტების გაძვირებამ დიდი სახელმწიფოები მილიარდობით დოლარით დააზარალა, პატარები _ შედარებით ნაკლებად, თუმცა მათ მყიფე ეკონომიკის პირობებში რეალურად გაცილებით მეტი ზარალი მიადგათ.

2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16,8 პროცენტით ნაკლებია. ექსპორტი 1,23 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (16,2 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი _ 2,97 მლრდ-ს (17,0 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-მაისში, საბოლოო ჯამში, 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41,2 (!) პროცენტია. ამ ციფრებიდანაც კარგად ჩანს, რა დაემართა საქართველოს ეკონომიკას და, სავარაუდოდ, წინ უმძიმესი პერიოდი გველის. სამწუხაროდ, ეს არ არის რამდენიმეთვიანი კრიზისი, ეს გრძელვადიანი პროცესი იქნება. საქართველოს საგარეო ვალმა მაისში 767 842 000 ლარით მოიმატა, ანუ, თითქმის მილიარდი ლარი ვისესხეთ უცხოელებისგან. სხვა საკითხია, სად წავიდა ეს თანხა და რისთვის ხარჯავს ხელისუფლება. იმედია, წლის ბოლოს მაინც გვეტყვიან.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო ქვეყანა რუსეთი იყო. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 157.1 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტი 336.882 მლნ იყო. რუსეთიდან შემოტანილ პროდუქტებს შორის პირველი ადგილი ნავთობს უკავია, მეორე _ ხორბალს. ძაღლის თავიც სწორედ აქ არის დამარხული. როგორც უნდა ვატრიალოთ, დღევანდელი მონაცემებით, ექსპორტის მიხედვით, საქართველოს პარტნიორ ტოპ-სამ ქვეყანას შორის რუსეთი მეორეა. პირველ ადგილზე ჩინეთი გახლავთ, ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერ სხვა განვითარებად ქვეყანაში. ჩინური საქონელი ცუდი, მაგრამ იაფია და ამიტომ განვითარებადი ქვეყნები მას უფრო ეტანებიან. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩინეთიდან შემოტანილ პროდუქციაში, პრაქტიკულად, არ არის საკვები, იქიდან მზა პროდუქცია (რეზინები, სათამაშოები, ხელსაწყოები) შემოგვაქვს, ხოლო საქართველოდან ფერადი ლითონები დაღვინო გადის. სხვა სიტუაციაა რუსეთის მიმართ. საკვები პროდუქტების მხრივ თითქმის მთლიანად რუსეთზე ვართ მიბმული და მათ შორის პირველ ადგილზე ხორბალია. პური, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, 90%-იანი სიზუსტით, რუსული ხორბლისგანაა დამზადებული. არ დაგვავიწყდეს, რომ 1 ივლისამდე ევრაზიული კავშირის არაწევრ ქვეყნებზე რუსეთი ხორბალს აღარ ყიდის. თუ ეს გადაწყვეტილება 1 ივლისის შემდეგ არ შეიცვლება, ხორბლის გარეშე დავრჩებით; თუ შეიცვლება, სხვა ქვეყნებისთვის და მათ შორის ჩვენთვისაც, სპეციალური ფასი იქნება, ანუ იმაზე ძვირი, ვიდრე ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნებისთვის ღირს. ახლა ისე არ გაიგოთ, ევრაზიულ კავშირში გაწევრებას ვთხოვდეთ მთავრობას, მაგრამ, რასაც ვთხოვთ და მოვითხოვთ, ეს არის ქვეყნის ხორბლით მომარაგების უზრუნველყოფა. ხელისუფლებაში ყველაზე კარგად იციან, რომ რუსეთს იქით საშველი არ არის, რომ არც ერთი ქვეყანა თანახმა არ იქნება, ძველ პარტნიორებს უგანოს და საქართველოში დაიწყოს ხორბლის ექსპორტი იმ ოდენობით, ჩვენ რომ გვჭირდება და თუ დაიწყებენ, ფასი რუსულთან შედარებით სამმაგი მაინც იქნება. ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ პირველ მტრად სწორედ რუსეთი გამოაცხადა, ქვეყანა, რომლისგანაც საქართველოს მოსახლეობა ხორბლის 90 პროცენტს ღებულობს.

სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, გავიხსენოთ, რომ საქართველო საშველს მტკნარი წყლების გაყიდვაში ეძებს. ამბობენ კიდეც, გლობალური დათბობის პირობებში სასმელ წყალს ნავთობზე მეტი ფასი დაედება და საქართველო ამ მხრივ ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანააო. ჰოდა, საქართველოდან ექსპორტირებული მინერალური და მტკნარი წყლების 41,3% რუსეთზე მოდის. 2020 წლის იანვარმაისში რუსეთში 17.702 მლნ დოლარის ღირებულების 31 082 ტონა წყალი გავიდა. მეორე ადგილზე 18 ათასი ტონა წყლითა და 8-მილიონიანი შემოსავლით უკრაინაა. არ გაინტერესებთ, ჩვენი პარტნიორი ამერიკა და ევროპის სხვა დიდი ქვეყნები რომელ ადგილზე არიან, ანუ როგორ ეხმარებიან ქართულ ეკონომიკას, როგორ უწევენ პოპულარიზაციას იმას, რაც მართლა კარგი და ხარისხიანი გვაქვს? ამერიკა ამ მხრივ მეშვიდე ადგილზეა 762 ათასი დოლარით, ევროპა კი… ლიეტუვა მესამე ადგილზეა, ბულგარეთი _ მეოთხეზე, შემდეგ კი საბჭოეთის ყოფილი რესპუბლიკები მოდიან _ ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა. ათეულში, საბჭოთა კავშირის ქვეყნების გარდა, მხოლოდ ამერიკა, ისრაელი და ბულგარეთი არიან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართული პროდუქციისთვის საუკეთესო ბაზარი სწორედ პოსტსაბჭოთა სივრცეა, რომელშიც ჩვენს პროდუქციას იცნობენ, მაგრამ ჩვენ ხომ ევროპა და ამერიკა გვირჩევნია, ამიტომ იქ ვამტვრევთ დახურულ კარს და ღია კარში შესვლა ცოცხალი თავით არ გვინდა.

გასულ კვირას ოპოზიციამ 20 ივნისი იზეიმა, სწორედ რომ იზეიმა. აქაოდა, დამოუკიდებლობის ათვლა სწორედ შარშან დავიწყეთო. უფრო მეტიც, ლევან ბერძენიშვილმა ისიც თქვა, შარშან პირველად მოხდა, რომ ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობა დაარბიაო და ნაციონალებს 7 ნოემბერი ცალკეგაუპრავა”, ცალკე _ 26 მაისი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ 20 ივნისის აქციის მონაწილეებს მერიის სამსახურები ეხმარებოდნენ _ წყალს ურიგებდნენ, პირბადეებს, სადეზინფექციო ხსნარს. იმ სტიკერების დაკვრაშიც დაეხმარნენ, რომლებსაც თითქოს დისტანციის დაცვაში უნდა შეეწყო ხელი აქციის მონაწილეებს შორის, სტიკერებზე კი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სახე იყო გამოსახული და მთავარი მიზანიც ეს იყო _ ვლადიმერ პუტინის სახეს ფეხით უნდა შემდგარიყვნენ.

პირველ რიგში, ის გვაინტერესებს, რატომ იყიდა მერიამ წყალი და პირბადეები 20 ივნისის აქციის მონაწილეებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან. დედაქალაქის ბიუჯეტი ჩემი და თქვენი გადასახადებით რომ ივსება, არ უნდა ეკითხათ: ხალხო, იმ ასი, ორასი თუ სამასი კაცის პროტესტის გამო თქვენს ფულს ვხარჯავთ და წინააღმდეგი ხომ არ ხართო? რატომ უნდა დალიოს ვიღაცამ ჩემი ფულით ნაყიდი წყალი და თანაც იმან, ვისაც არც მხარს ვუჭერ, არც ვიცნობ და, საერთოდ, მგონია, რომ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა?! გამოდის, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ ნავში სხედან და ნიჩბებსაც ერთნაირი მონდომებით უსვამენ, მაგრამ რამე რომ მოხდეს, ოპოზიცია ხელს მაშინვე ხელისუფლებას შეაწმენდს და თითსაც გაიშვერს: ჩვენ ვაფრთხილებდით, მათ კი არ დაგვიჯერესო.

ბოლო პერიოდში რატომღაც წესად დამკვიდრდა, რომ პოლიტიკურ სპექტრში ყველამ ერთხმად უნდა აგინოს რუსეთს, შეურაცხყოს ამ ქვეყნის პრეზიდენტი, სანაცვლოდ კი რუსეთმა ხმა არ უნდა ამოიღოს. ქართველმა პოლიტიკოსებმა საჯარო მოწოდებები უნდა გააკეთონ, რუსეთის პირველმა პირებმა კი დაიჩოქონ მათ წინაშე (?!) და სანაცვლოდ იქიდან ჩვეულებრივად უნდა მოგვაწოდონ ყველა პროდუქტი, რომლებსაც ამჟამად ვიღებთ, და იმათაც ჩვეულებრივ უნდა იყიდონ ყველაფერი, რასაც ყიდულობდნენ. ეს რატომ არავის აწუხებს? იმიტომ, რომ შეგვრჩა ერთხელ, ორჯერ, ათჯერ… თუ მოხდა ისე, რომ პოლიტიკოსების განცხადებებით შეურაცხყოფილმა რუსეთმა გადაწყვიტა ჩვენთვის სანქციების დაწესება, რომ არც ხორბალი მოგვყიდოს, არც ქართული პროდუქტები შეუშვას თავის ბაზარზე და, საზოგადოდ, ჩვენთან ვაჭრობა აკრძალოს, გამოსავალი აქაც ნაპოვნია _ მაშინვე ვიყვირებთ, რომ რუსეთი მტერია, მეზობელი ქვეყანა შიმშილისთვის გაიმეტაო. მერე შემოვა ბათუმის ან ფოთის პორტში ამერიკული გემი, ჩვენ გაგვიხარდება, იქიდან გადმოტვირთავენ წყალს და პამპერსებს (სიტუაციის შესაბამისად, პირბადეებსაც), დაგვამშვიდებენ, შემოგვძახებენ აბა, ჰეს და აბა, ჰოს დადა არც არაფერი, საერთაშორისო სანქციებს დაუწესებენ რუსეთს, თანაც საბაბად ჩვენ გამოგვიყენებენ, ანუ ხელს ისევ ჩვენ შეგვაწმენდენ: თქვენ გამო ვსჯით, თორემ ჩვენ ინტერესი არ გვაქვსო.

საპარლამენტო არჩევნები მოდის და უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ რუსეთის ხელისუფლება თურმე ამ არჩევნებში არ უნდა ჩაერიოს. უფრო მეტიც, თაკო ჩარკვიანმა ისიც თქვა, არჩევნებზე პუტინმა არც ერთი ხმა არ უნდა მიიღოსო. მაჟორიტარად ჯერ არ დაუსახელებიათ პუტინი და, თუ დაასახელებენ, აი, მტკიცებით ფორმაში ვიტყვით, რომ ჩარკვიანზე მეტ ხმას ნამდვილად აიღებს. მანამდე კი, არჩევნებში ჩაურევლობას თუ ითხოვთ, ეს დასავლელ ელჩებს მოჰკითხეთ, ჩარევას კი არა, კონსტიტუციას, როგორც სურთ, ისე რომ გვაწერინებენ და გვეუბნებიან, მომდევნო წლებში როგორ უნდა ვიცხოვროთ. პრინციპში, ეგ ჩარევაც აღარ არის, როდის იყო, მონათმფლობელი მონის საქმეში ერეოდა, ის, უბრალოდ, ბრძანებდა, მონა _ ასრულებდა.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. რუსების N1 მტრად მოხსენიება თავდაპირველად დაიწყეს და დაამკვიდრეს 80–იანი წლების ეროვნული მოძრაობის უტვინო და ურაპატრიოტმა ლიდერებმა. ყველას გვახსოვს – დამოუკიდებლობის პაქტზე ხელმოწერებს მელანი ჯერ კიდევ არ შეშრობოდათ, როდესაც “პირველი პრეზიდენტი” დაუკავშირდა ჯოხარ დუდაევს და დაიწყო მთელი კავკასიის ქვეყნების დარაზმვა რუსეთის წინააღმდეგ. ისიც ხომ გვახსოვს, როგორ მოუწყო რუსეთს ეკონომიკური ბლოკადა სამტრედიაში “დიდმა პატრიოტმა” ზვიად ძიძიგურმა და უკან გააბრუნა იაფი და მაღალხარსხიანი სურსათით დატვირთული მატარებელი ?! რა უხეში შეცდომები დაუშვეს და უვიცობა გამოავლინეს საშინაო, საგარეო, საკადრო პოლიტიკასა და დიპლომატიაში, რაც უმოკლეს დროში კატასტროფით დამთავრდა მათთვისაც და ქვეყნისთვისაც. დადგა დრო ეს მწარე სიმართლე ვუთხრათ ქართველ ხალხს და დავიწყოთ დაშვებული შეცდომების გამოსწორება. ეს კი ყველაზე კარგად თქვენ ხელგეწიფებათ. ბ–ნო ბესო.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here