მთავარი პოლიტიკა ხატი დაიმსხვრა, დაფიცება უაზრობაა

ხატი დაიმსხვრა, დაფიცება უაზრობაა

216
გააზიარეთ
ხატი დაიმსხვრა, დაფიცება უაზრობაა

იმ საერთაშორისო ვითარებას, რომელიც დღეს მსოფლიოშია შექმნილი, ერთადერთი სახელი მოეძებნება _ ქაოსი. კოსმოგონიისა და კოსმოლოგიის კატეგორიაა, სამყაროს თავდაპირველი მდგომარეობა, მატერიისა და სივრცის უფორმო ერთობლიობა. მითიური დროჟამი. ჩვეულებრივ ყოფაში _ უწესრიგობა, არეულობა. მოკლედ, “ბარდაკი”. თუმცა, როგორც ამბობენ, ყველაზე მოწესრიგებული ვითარება სწორედბარდაკშია”, ანუ ბორდელში. მაგრამ არა პოლიტიკურ საროსკიპოში. პოლიტოლოგებს რომ უსმინო, ასე გამოდის. ამაში დასარწმუნებლად ერთერთი ტელეარხის თოკშოუს საგაზეთო ვერსიისთვის თვალის გადავლება ვცადოთ.

თემა: დასავლეთის _ აშშ-ის _ ამბიციურობა, რომელმაც ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მსოფლიოს მართვა მოინდომა ძველებურად, ერთპოლუსიან სივრცეში საერთაშორისო სამართლის შეცვლით, რომელიც ვიღაცის მოგონილ წესებზეა დაფუძნებული და გაუგებარ ენაზეა დაწერილი, განსაკუთრებული მთარგმნელი რომ სჭირდება, ისეთზე: რადგან ერთი და იმავე სიტყვები სხვადასხვა მნიშვნელობითაა ნახმარი. მაგალითად, მიიჩნევენ, რომ, თუ რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზე თავისი შეიარაღებული ძალების ნაწილებს გადააადგილებს, ამით კოლოსალურ საშიშროებას უქმნის სხვა ქვეყანას, მაშასადამე, მოქმედებს აგრესიულად და, საერთოდ, მისი აგრესიული ბუნება პრობლემურია უწინარესად ამერიკისთვის.

როგორც ყოველთვის, ანუ უფრო ზუსტად, როგორც ნახევარი საუკუნის წინათ საბჭოთა კავშირი თავის მოუგვარებელ პრობლემებს აშშ-ის აგრესიულობით ხსნიდა.

ან წარსულის გადმონაშთად მიიჩნევდა.

ასე იყო.

დღეს საპირისპირო მიმართულებით შებრუნდა გლობალური პროპაგანდის ბორბალი და მსოფლიო პრესის მატრიცაზე სხვა სურათი დაიწნეხა: ჩრდილოატლანტიკური ბლოკის სამხედრო ხარჯმა 2020 წლისთვის სამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, რომელიც შარშანდელზე 7,4 პროცენტით მეტია და პერსპექტივაში იმატებს. მსოფლიო თავდაცვის ხარჯი 1,8 ტრილიონიდან 1,93 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.

სხვა ქვეყნებისა _ 0,8 ტრილიონი დოლარია.

ამასთან შედარებით რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი მიზერულია.

ნატო ოფიციალურად აცხადებს, რომ სამხედრო კავშირია და არა პოლიტიკური ბლოკი, რომლითაც ადრე თავს იწონებდა.

ზოგიერთი მკვლევარი, მათ შორის, სერგეი კურგენიანი, ფიქრობს, რომ ქვეყნების დემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოებად დაყოფა გაცილებით შემაშფოთებელია, ვიდრე დღეს მიიჩნევენ. ჯერ ერთი, იდეოლოგიურ ეპოქაში დაბრუნებას ნიშნავს ერთგვარი ტომობრივი დაპირისპირების ფორმით, ანუ “ცივი ომის” ურთიერთობების აღორძინებას.

მაგრამ არავითარი დიქტატორული რეჟიმი, როგორც ისინი უწოდებენ, სინამდვილეში კი ეროვნული სახელმწიფოები, ძლიერი ლიდერებით, აშშ-ს არ სჭირდება. ცუდი რა ხდებოდა, მაგალითად, მუბარაქის ეგვიპტეში? თვალებში შესციცინებდნენ ამერიკელებს _ ყველაფერს ისე შევასრულებთ, თქვენ როგორც გვიბრძანებთო. ასადის ოჯახიც თითქოს არასოდეს ყოფილა ანტიდასავლური განწყობით დატვირთული. კადაფიც ძალიან ცდილობდა, ბოლო დროს თავი მოეწონებინა დასავლეთისთვის.

მაგრამ მოიცილეს.

რატომ?

იმიტომ, რომ ე.წ. ავტორიტარული სახელმწიფოები, ანუ ძლიერი ეროვნული სახელმწიფოები შეიძლება იყვნენ იმ ქვეყნების მოდერნიზაციის სუბიექტები, რომლებმაც ცხოვრების ასეთი ტიპი აირჩიეს. მაშასადამე, საჭირო არ არის პერიფერიული მოდერნიზაცია.

როგორც კი ახლო აღმოსავლეთისა და დედამიწის სხვა ნაწილებში ქრება ასეთი “ავტორიტარული სახელმწიფოები”, ანუ იქ, სადაც სურთ მოდერნიზაცია, ჩამორჩენის დაძლევა, უცებვე ვითარდება არქაიკა თავისი ნეგატიური მრავალფეროვნებით.

კოტდივუარის პრეზიდენტმა ერთხელ განაცხადა, რომ შეასრულა ამერიკელების მოთხოვნა და მთელი თავისი მოღვაწეობა მიუძღვნა ტომებს შორის მტრული დამოკიდებულების აღმოფხვრას, შედეგად კი მივიღეთ ტომებს შორის განხეთქილება დემოკრატიის სახითო. ასე მოხდა ყველგან: არ არის ერთიანი ლიბია, არ არსებობს ერთიანი სირია, აღარასოდეს იქნება ერთიანი ერაყი. დაბრუნდა არქაიკა, რომელმაც ერთმანეთთან დაპირისპირებული სახელმწიფოები ჩამოაყალიბა.

ვინ დარჩება მოგებული ასეთ მსოფლიოში? უთუოდ ევროპის მოდერნისტული ხელისუფლება, რომელსაც ძალაუფლების შენარჩუნება შეეძლება საკმაოდ მკაცრი ღონისძიებების განხორციელებით. თუ ვერ შეძლებს, “ძმები მუსლიმები” ჩაენაცვლებიან, რომლებიც ხალიფატს მოისურვებენ და შექმნიან კიდეც. ვინ არიან ეს “ძმები მუსლიმები”? მათი პირველი მეჩეთი ააგო ლორდმა კრომელმა სუეცის არხის ზონაში…

ეს ფიქტიური ისლამიზმი ყოველთვის იმართება სხვა ძალების მიერ. ლაგამი აქვს ამოდებული და მავანს მიუქსევენ, როცა დასჭირდებათ. ზოგჯერ იგი თავს აიწყვეტს, როგორც 2001 წელს მოხდა. როგორც კი იტყვიან, რომ ავტორიტარული სახელმწიფოები მტრებია, უცებვე ამოუშვებენ ქაოსს, როგორც ჯინს ბოთლიდან, ე.ი. სჭირდებათ ქაოსი.

მართული არეულობა.

ვის დაცვაზე ამბობს უარს ერდოღანი? თითქოს პაკისტანთან მეგობრობს, მაშასადამე, ჩინეთსაც უნდა ემეგობროს. იუგურები კი ცუდები არიან. ჩვენ უნდა დავიცვათ იუგურელი ძმები. ეს კი ნიშნავს, რომ უნდა ავაფეთქოთ ჩინეთის სტაბილურობა.

გამოდის, რომ თუნდაც მხოლოდ ეს თეზისი, რომ ვმოძრაობთ ავტორიტარიზმის სამყაროს წინააღმდეგ, დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ, არის დაბრუნება ბინარულ იდეოლოგიურ მსოფლიოში, ე.ი. “ცივი ომის” მსოფლიოში. ეს კი ნიშნავს ამ მოძრაობაში რუსეთისა და ჩინეთის ჩათრევას, რომლებიც ამის წინააღმდეგნი არიან.

ამერიკელები ამბობენ, რომ ისინი აკეთებენ იმას, რაც სურთ, ხოლო რუსეთი ავტორიტარულ სახელმწიფოდ დანიშნეს და ასეთად დარჩება, რადგან შეერთებულ შტატებს რუსეთის ფედერაცია მეორე იდეოლოგიურ პოლუსად სჭირდება. როგორადაც უნდა მოიქცეს რუსეთის ხელისუფლება, როგორი მანევრებიც უნდა განახორციელოს მისმა პოლიტიკურმა სისტემამ, აშშ მას მოაქცევს ზუსტად იქ, სადაც თავად სურს და როგორადაც აქვს ნავარაუდევი, ანუ ეს მსოფლიო ბინარულ-იდეოლოგიურია.

ეს კი ნიშნავს იალტის გადაწყვეტილებების თანდათანობით გაუქმებას, იმ მსოფლიო მოწყობაზე უარის თქმას, რომელშიც არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მისი უშიშროების საბჭო.

ანალიტიკოსთა ამ ჯგუფის აზრით, ეს ნიშნავს ერთგვარ ულტიმატუმს, რუსეთისთვის წაყენებულს, რომელიც მოკლედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: თქვენ (რუსეთი) იმოქმედებთ, როგორც საჭიროა, ჩვენ (ამერიკელები) ვიმოქმედებთ ისე, როგორც გვსურს.

ერთი ვირეშმაკული ფორმულაც შემოაგდეს ამერიკელებმა ნატოსთან დაკავშირებით. თუ აქამდე ნატოს წევრი ვერ გახდებოდა ვერც ერთი ქვეყანა მოუგვარებელი საშინაო კონფლიქტით, ამჟამად კარს უღებენ, მობრძანდითო! აქცენტს აკეთებენ იმ ქვეყნებზე, რომელთა საშინაო კონფლიქტებში რუსეთია ჩარეული, ან მიაწერენ ჩარევას.

ამერიკელების პოზიცია ასე შეიძლება ტრანსლირდეს:

_ ჩვენ (აშშ) ნატოში მივიღებთ ამგვარ ქვეყნებს და მაშინ აღმოჩნდება, რომ თქვენ (რუსეთს) ოკუპირებული გაქვთ ნატოს ტერიტორიის ნაწილი.

უმარტივესი ლოგიკაა: ნატოსკენ საქართველოს სწრაფვა, აღფრთოვანება იმით, რომ ხვალ თუ არა ზეგ აუცილებლად ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში გაგვაწევრებენ, ნიშნავს რუსეთთან ომის ყულფში საკუთარი ნებით თავის გაყოფას, მოლაპარაკების გზით საქართველოს ტერიტორიულ გაერთიანებაზე უარის თქმას საკუთარი ნებით.

ვერ ვიხსენებ, რომ საქართველოს “პირველი დიპლომატი”, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამ თემაზე ლაპარაკით დაღლილიყო სატელევიზიო ეთერში გამოსვლით ან სპეციალური პრესკონფერენციის მოწყობით ჩიტაძის ქუჩაზე.

ამერიკელები ცდილობენ, მსოფლიო წარმოგვიდგინონ, როგორც ამერიკულ-ცენტრისკენული ერთობა; სამყარო, რომლის ცენტრში აშშ-ის ინტერესებია. სხვა ყველაფერი მაქსიმალურად მეორეხარისხოვანია.

ანალიტიკოს ოლეგ მოროზოვის აზრით, ყველაფერი, რაც დღეს ხდება, ამერიკული ლიდერობის გლობალური კრიზისის პროდუქტია.

პესიმისტები ამჟამინდელ მდგომარეობას მსოფლიო ომისწინა მდგომარეობას უწოდებენ, რეალისტები _ პოლუსებგარეშეს, ოპტიმისტები _ მრავალპოლუსიანს.

თუ წარმოვიდგენთ, რომ დღეს ომისწინა მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვინ იგულისხმება მთავარ ობიექტად? რა თქმა უნდა, რუსეთი. რატომ მაინცდამაინც რუსეთი და არა ჩინეთი, რომელიც მსოფლიოში მეორე ეკონომიკაა?

რუსეთი აშშ-ის მთავარი რეალური კონკურენტია სამხედრო თვალსაზრისით.

ასე მიიჩნევენ აშშ-ში.

ამიტომ ამერიკის ლიდერობის დაბრუნება კოლოსალურ ზემოქმედებად შემოუბრუნდება რუსეთს ყველა მიმართულებით.

ამერიკელების ლიდერობის დაბრუნება ისე, როგორც მათ წარმოუდგენიათ, შეუძლებელია, მაგრამ, ცდას რომ არ დააკლებენ, ცხადზე უცხადესია. გასაგებია, რომ ბაიდენის პრეზიდენტობის ოთხწლედი ამ ნიშნით წარიმართება.

რუსეთის წინააღმდეგ ეს ლაშქრობა, ექსპერტების აზრით, ფრიად ძლიერი და დამანგრეველი იქნება, რომელსაც შესაბამისი წინააღმდეგობა დახვდება.

იქნება ომი. არა ისეთი, როგორიც მეორე მსოფლიო ომი იყო, არც ისეთი, როგორც “ცივი ომი”, რომელმაც საბჭოთა სისტემას საძირკველი შეურყია.

* * *

დასკვნა, რომელიც, გამორიცხული არ არის, კრემლის საგარეო პოლიტიკის კვინტესენციის ერთგვარი თავისუფალი ტრანსკრიფცია იყოს, ასე ყალიბდება:

დროა, მსოფლიო პოლიტიკაში გადავიდეთ პრაგმატიზმზე: რაც მომგებიანია, უნდა ვაღიაროთ და მივიღოთ; რაც მომგებიანი არ არის, იმაზე უარი ვთქვათ; უნდა ვისწავლოთ. მთელი მსოფლიო დღეს პრაგმატული და ცინიკური წესებითაა მოწყობილი. რატომ უნდა ვიცხოვროთ აბსოლუტურად დანგრეული, განადგურებული საერთაშორისო სამართლის წესებით?!

ხატი დაიმსხვრა, დაფიცება უაზრობაა.

მიმოხილვა მოამზადა არმაზ სანებლიძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here