Home რუბრიკები საზოგადოება ხალხი, ხალხი ვის ახსოვს?

ხალხი, ხალხი ვის ახსოვს?

405
ხალხი, ხალხი ვის ახსოვს?

ამ ქვეყანაში, წლებია, ისეთი რაღაცები ხდება, რომ წესით, არც არაფერი უნდა გაუკვირდეთ ადამიანებს. არც უკვირთ. ვერც გიორგი გახარიას გადადგომაზე ვიტყვით, გაუკვირდა ხალხსო. ამ ამბავს უფრო მოულოდნელობის ეფექტი ჰქონდა. დიახ, მოულოდნელი და გულსატკენიც იყო გიორგი გახარიას მიერ პრემიერ მინისტრის პოსტის დატოვება, რადგან საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მას ნდობით და იმედის თვალით უყურებდა, ბევრს მიაჩნდა ის ნათელ წერტილად მთავრობაში, მაგრამ მოულოდნელად გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა და ამის მიზეზად “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას, დაკავების თაობაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოება დაასახელაო.

ხალხი, ხალხი ვის ახსოვს?

“იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება არის ყველზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის და ეკონომიკური განვითარების, ყველა რისკის განვითარების”, _ განაცხადა გახარიამ.

“მინდა მჯეროდესო”, ე.ი. არ სჯერა, ისევე, როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეებს ეპარებათ ეჭვი იმაში, ხელისუფლებაში დაპირისპირება და პოლარიზაცია რომ ოდესმე დასრულდება ხალხის სასიკეთოდ და ქვეყანა წინ წავა. ცხადია, წინსვლა შეუძლებელია არეულობების, გამოსვლებისა და აქციების პარალელურად, რომლებიც მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი განაყოფების წისქვილზე ასხამს წყალს.

სწორედ ამას გაუსვა ხაზი ბატონმა გახარიამ: მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელია “გახლავთ ადამიანი, რომელიც 20 ივნისს ჩვენს მოქალაქეებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ”, შესაძლოა, მისმა დაკავებამ “რისკი შეუქმნას მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ან ქვეყანაში პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობა შექმნასო”.

მაგრამ მხარი არ დაუჭირეს.

გახარია წავიდა, ღარიბაშვილი დაბრუნდა. ასე რომ, მოვლენები ისე სწრაფად განვითარდა, რომ პოლიტიკური ჭორების გავრცელება არ დასცალდათ ამ საქმის “სპეციალისტებს”. არ გაუმართლათ. არადა, თავისებურად აგვიწერდნენ, რაც მოხდა _ რამე წახდა ამით თუ პირიქით. ამას როდი დასჯერდებოდნენ, იმასაც გვამცნობდნენ, მომავალში რა მოხდებოდა, როგორ წავიდოდა პოზიცია-ოპოზიციის “მოლაპარაკებების” საქმე, მედიაც მხოლოდ იმაზე იქაქანებდა, რომელმა ვაიპოლიტიკოსმა როდის რა წამოაყრანტალა…

პრემიერის გადადგომიდან სულ მალე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ მმართველ გუნდს “მოლაპარაკებების მაგიდასთან” დაბრუნებისა და ახალი არჩევნების ჩატარების საკითხის განხილვისკენ მოუწოდა.

გახარია წავიდა, ღარიბაშვილი დაბრუნდა
გახარია წავიდა, ღარიბაშვილი დაბრუნდა

ხალხი, ხალხი ვის ახსოვს?

ხომ ახსოვდათ არჩევნებამდე და მერე აქციებზეც ხომ გაჰყვიროდნენ, _ ხალხი მოატყუეს, არჩევნები გაუყალბესო?! სწორედ ამიტომ ვდგავართ ამ სიცივესა და ყინვაში ქუჩაში, თქვენი მოტყუება რომ არ შევარჩინოთ “ქართულ ოცნებასო”. სხვა რაღა გინდათ, ხალხნო, ასე არ იყო წინა ხელისუფლების დროს, იმის წინაც?! ახლა გაგახსენდათ, ადამიანები კი არა, საარჩევნო ხმები რომ ხართ მხოლოდო? _ გვეტყვიან და ღირსნიც ვიქნებით. რამდენი ხანია, ხალხის არც აზრი და არც საფიქრალი აინტერესებს არავის. ასე ადრეც ბევრჯერ ყოფილაო, თქვას იქნებ ვინმემ, დიდი ვაჟა-ფშაველაც სწორედ იმას ამბობს, რომ ხალხმა თვითონ უნდა იზრუნოს საკუთარ თავზე: “ახლა, ერთი ისიც იკითხონ, ჩვენ რაღას ვფიქრობთ ჩვენ თავზე? გვწამს თუ არა ჩვენი თავი, ჩვენი აზრები? _ ოღონდაც რომ გვწამს და კიდეც იმიტომ განვიზრახეთ, სხვანი რომ ყურსა და თვალებს გვარიდებენ, იმდენი ვეცადოთ, ჩვენს თავზე, ჩვენს ფიქრებზე ძალათი მივაქცეინოთ ყურადღება”.

“ჩვენს თავზე, ჩვენს ფიქრებზე ძალათი მივაქცეინოთ ყურადღებაო”, გაიგეთ, ხალხნო? სანამ უნდა ვუსმინოთ ოპოზიცია-პოზიციას, როგორ ლანძღავენ ერთმანეთს და ამასობაში ქვეყანა თავზე გვექცევა _ გვიტევს პანდემია, ეკონომიკა დაეცა, ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, პროდუქტები გაძვირდა, იმატა უმუშევრობამ და შესაბამისად, უსახსროდ დარჩენილი ადამიანების რაოდენობამ… ჩვენ კი, ტელეეთერს მიჯაჭვულები, ვუსმენთ უაზრო ქაქანს, ვინ ვის რა აკადრა, ვინ და რატომ არ შედის პარლამენტში, რომელმა ევროპარლამენტარმა რომელ პოლიტიკურ პარტიას თუ პოლიტიკოსს დაუქნია თითი, ვინ ტყუის _ ხელისუფლება თუ ოპოზიცია…

და დასასრული არ უჩანს ამ ლაყბობას, რადგან “ჯერაც არ გამოლეულა იმისთანა განათლებული, შავს რომ თეთრს უწოდებს და თეთრად მიაჩნია და თეთრი – შავად. საკვირველია ეს ჩემთვის, ვგონებ რომ – შენთვისაც, ჩემო კარგო, მაგრამ არც კი უნდა გვიკვირდეს, დიაღ, არ გაგვიკვირდება, თუ იმ აზრს წავიმძღვარებთ წინ, რომ ყველას ერთნაირი საღი ტვინი და გრძნობა არა აქვს, ყველა ერთნაირს წრეში არ აღზრდილა, ერთს და იმავე პრინციპზე, და მტკიცედ არ დარწმუნებულა, რომ თვითვეულ ჩვენგანის ბედნიერება მთელი ქვეყნის ბედნიერებასთან არის მჭიდროდ დაკავშირებული. აი, სწორედ ამის გამო ხდება ეს ზნეობრივი და გონებრივი სიმახინჯე” (ვაჟა-ფშაველა, “ვინ არის მართალი?”). ამ ქვეყნის მოვლა და მოწყობა კი ღმერთზეა მინდობილი. როგორც ჩანს, ქართველი კაცი ყველაფერს იტანს, გინდ მშიერი იყოს, გინდ მაძღარი, გინდ ნასწავლი, გინდ უსწავლი… აკი ნათქვამიცაა ძველთაგან: სნეულს ქვა მოუხარშეთ, ნახარში წვენი ახვრიპეთ, ქვა აკვნეტინეთ, – მორჩა და გათავდა, საღ-სალამათი დარჩებაო.…

დღევანდელი ცხოვრების ვითარებაც ადასტურებს ამას.

და რას ფიქრობს ხალხი? იქნებ იმას, რომ მთავრობა დამოუკიდებლად რაკი ვერ გვივლის, იქნებ ევროპა-ამერიკამ მის გარეშე მოგვხედოსო? ზოგს სულაც შეჩვეული ჭირი ურჩევნია ახალს და თვალი იქნებ რუსეთისკენ გაურბის? ამათგან ყველა ტყუის? მაშ, ვინ არის მართალი?

“ვინ არის მართალი? _ მხოლოდ ძალა და ძალა, რომელიც აღმართსა ჰხნავს; _ ამოღებული ხმალი, რომელიც დრტვინვაზე, უკმაყოფილებაზე, თავს უპობს, რად დაგებადა წინააღმდეგობის ფიქრიო. ხიშტი, რომელიც უამისოდაც სისხლცრემლიან ადამიანის გულსა ჰგმირავს, _ რადა ხარ უკმაყოფილო; _ რადა სტირი, რადა სჩივიო? _ ბორკილი, დიდი მძიმე ბორკილი, რომელიც უნდა დაედვას ადამიანის ბაგეს, მის ენას, რათა არ გამოაცხადოს თავისი უკმაყოფილება, არა სთქვას ის, რაც უჭირს, რაცა სტკივა, არამედ იყოს ჩუმად, მოკრძალებით, მოწიწებით, მუნჯად, ცოცხალ-მკვდრად _ ჩუუუ! სსსუუუ! სსუუ გრძელი და პრტყელი”, _ აი მწარე სიმართლე.

ჰოდა, ხალხმაც დაიდო ბაგეზე დიდი მძიმე ბორკილი, აღარ აცხადებს თავის უკმაყოფილებას, აღარ ამბობს, რა უჭირს, რა სტკივა და თითქოს ჯადო გაუკეთესო, არის ჩუმად, მოკრძალებით, მოწიწებით, მუნჯად, ცოცხალ-მკვდარი. ჯერჯერობით მხოლოდ მან იცის, რას ფიქრობს.

ვის გაენდოს, ვის გადაუშალოს გული, ვის ენდოს? ვინ “მოსწმენდს ერსა ტანჯვის ცრემლსა”? _ აი კითხვები, რომლებზეც პასუხს ეძებს ფიქრიანი კაცი და იმედია, იპოვის. მანამდე კი ისევ დიდი ფშაველის ეს წერილი წავიკითხოთ, იქნებ რამეში წაგვადგეს.

სპეცრაზმი 7 ნოემბერს
სპეცრაზმი 7 ნოემბერს

და სპეცრაზმი 23 თებერვალს
და სპეცრაზმი 23 თებერვალს

ფიქრიანი

კაცს რომ ფიქრი არა ჰქონდეს, შენი მტერი, რომ კაცის ყოფნა იქნებოდა წუთისოფელში: მაშინ ხომ ვეღარც ენა იენავებდა და დამუნჯდებოდა მთელი კაცობრიობა. სამართლით რომ ვსთქვათ, ენა უფრო ცოდვიანია ფიქრზე; ფიქრს რა ცოდვა აქვს, მანამ საქმედ არ გადიქცევა? არაფერი. შემწყვდეული ერთს ძვლის კოლოფში, ფიქრი ფიქრობს თავისთვის, ჩუმად. კაცის ფიქრი, რასაკვირველია, კოწიწობს, რაღაც კოშკებს აშენებს, მემრე ისევ არღვევს, მაგრამ არც ასაშენებელი მასალის ჩქამი-ჩქუმი ისმის შენების დროს და არც დარღვევის ჩხრიალ-გრიალი. რადგან ენა მყვირალაა, კიდეც იმიტომ არის იმის ყვირილის სამზღვრად გალავნები გაკეთებული: ამას იქით ნუ გადააბოტებ, ენავ, თორემ “დაშავდებისო”. ფიქრისთვის კი ჯერ მიჯნები არავის დაუნიშნავს: ის თავის საქმეს ჩუმ-ჩუმად აკეთებს.… მე კი ღმერთმა დამიხსნას, და ზოგის თავში ეს ფიქრი ხანდახან კვამლად გადიქცევა; ამ კვამლს ოცნებას ვეძახით. თქვენს მტერს, რაც ეს კვამლი იმას, ვის თავშიაც ასტყდება, ავარდება, საქმეს დაჰმართებს: თვალებს უბრმავებს, ყურებში ბამბას უცობს. მე თითონაც მინახავს უსაქმო, ოცნებიანი ადამიანი უზრუნველად ტახტზედ გადაშხლართული, ორივე ხელები კისერზე მოუხვევია და შესჩერებია ჭერსა, იქ აცეცებს ამღვრეულს თვალებს. ნეტავი, ლუარსაბივით ბუზებს მაინცა სთვლიდეს, ეს, რაც უნდა იყოს, საქმეა. არა, ის თუმცა ჭერს უცქერის, მაგრამ თავისივე ფიქრით, თავისს ფიქრს დასჩერებია და ამბობს: იჰ, იჰ, რა ლამაზი ფიქრები მიტრიალებს თავშიო!..

ოცნებიანი თავდაპირველად, უნდა ვსთქვათ, ძლიერ ზარმაცია, ამასთანავე მსუნაგი და უეჭველად ღარიბი. დიაღ, ღარიბია და თავდაპირველად გამდიდრებაზედ ოცნებობს, ანუ, უკეთ რომ ვსთქვათ, იმაზე, თუ რა კარგია სიმდიდრე. ამიტომ თავი და ბოლო ოცნებიანის ფიქრისა – “ახ, ნეტავი” არის. ეს “ახ, ნეტავი” ასულდგმულებს იმას, მანამ ცოცხალია და როცა კვდება, პირველად მაშინ შეიცვლება მისი ფიქრი “ახ, ნეტავისა” ამგვარად: “ახ, რომ ვერაო”. საქმიანს კაცს ოცნებისათვის სადა სცალიან, ან ოცნებას რა ხელი აქვს იმასთან?!

ფიქრიანი და მოსაზრებიანი კაციც ძლიერ უფრთხის ოცნებას, _ უფრთხის იმიტომ, რომ ოცნება _ ჯერ ერთი, ტვინს ულაყებს კაცსა და მეორე _ საქმეს აცდენს. ფიქრიანი კაცი მხოლოდ ფიქრობს და მაგრადაცა ფიქრობს. რას ფიქრობს? _ ჰმ!.. განა ცოტა რამ არის საფიქრებელი ქვეყანაზე!

ნაბიჯს ვერ გადასდგამ, რომ ფიქრი არ იყოს საჭირო. ფიქრიანი კაცი სწორედ ასე იქცევა. რა ქნას: ჰხედავს, რომ მწერიც კი, რომელსაც ბუნებამ დაატყო ტანზე თავი და თავზე თვალები, თავის შესახება ფიქრობს. მოდი და შენ, ადამიანი, გაჩენილი, დაბადებული მეფედ _ ნუ იფიქრებ. სირცხვილიც იქნება! დიაღ, ფიქრიანი, მოსაზრებიანი ადამიანი ყველაფერზე ფიქრობს, რაც კი რამ ცხოვრებაში ხდება: არაფრისათვის არც თვალებს, არც გონებას არ ზოგავს, ოღონდ კი სიმართლე, სინამდვილე შეიტყოს, თავისა და ქვეყნის სასარგებლო რამ გაიგოს; ეძიებს მიზეზს, უკვირდება რა შედეგს. გაღარიბდა ფიქრიანი კაცი. გაიგებს, რადაც გაღარიბდა. გამდიდრდა, _ ამის მიზეზიც ესმის. სოფელს უყვარს ფიქრიანი კაცი, _ ესმის რადაც უყვარს იგი სოფელს და ამიტომ უფრთხილდება თავის ფიქრს _ არ დავკარგო, არ გავასუსტო ჩემის გონების ძაფები, თორემ პატივისცემას დავკარგავ, ეხტიბარი გამიტყდებაო.

შემოვარდა სოფელში ერთი უცხო კაცი მშიერ-ტიტველი, გამართა ვაჭრობა და ორს წელიწადზე გამდიდრდა. ჭკვიანი კაცი უცქერის ამ ამბავს და ფიქრობს, ფიქრობს და ესმის, რაც ამბავია აქა, სწუხს; უფიქრელნი კი ამ ამბავს ისე უცქერიან, როგორც მზის ჩასვლა-ამოსვლას, გათენ-დაღამებას, როგორც მდინარის ქვებზე ჩხრიალს.

დაეცა სოფელს მტერი, დაფთხნენ სოფლელნი, დაანებეს თავი თავიანთ სარჩო-საბადებელს და მირბიან ტყეში დასამალავად. თითო-ოროლა კაციღა თუ დარჩა თავიანთ სახლში და ისინიც ცალკ-ცალკე ებრძვიან მტერსა, ვერ მოუხერხებიათ ერთმანეთს მხარი მისცენ. იტანჯება ფიქრიანი კაცი და იძახის “ვინც გაიქცა, რად გაიქცა, უბედურს თავის ამაგში სიკვდილი არ ერჩივნა?! ან თქვენ, ვინც სოფელში დარჩით, რა ღმერთი გიწყრებათ და ერთმანეთს არ მიეშველებით, ერთად არ იბრძოლებთ! რა დაჰრჩებათ გახიზნულთ ბოლოს სინანულისა და ცრემლის მეტი, ხომ სიმშილი დაჰლევს ბეჩავებს! ერთიც ვნახოთ, მტერმა მოიწონა ჩვენის სოფელის მდებარეობა და მოიწადინა აქ დაბინავება”.

მოვიდა სოფელში დაბეჭდილი ფურცელი. ფიქრიანმა კაცმა ამ ფურცელს ხელი მიატანა: თუ არას მარგებს ამის წაკითხვა, ხომ ვიცი, არაფერს მაწყენსო; მოდი წავიკითხო, რა სწერია შიგ. დაიწყებს გულმოდგინედ, მოსაზრებით კითხვას, თვითვეულს სიტყვას უფიქრდება. კითხულობს ამ დაბეჭდილს ფურცელში იმას, რომ ცხრას ზღვასა და ცხრას მთას იქით თურმე ზღვის ძირში რკინისგზის გაყვანას აპირობენ იქვე, შორს ქვეყანაში, გამოჩენილა ერთი ნასწავლი კაცი, რომელიც უბრალო მასალებიდამ შეაზავებს, გააკეთებს რძეს, წყალს, ერბოს, კვერცხს, პურს, ხორცს. “აბა, ჩვენი სიცოცხლეც სიცოცხლეა რაღა?! _ დასძახის ფიქრიანი კაცი ხალხს: _ აი, რა ამბები ყოფილა იქ, საცა ნასწავლი ხალხია!..” ფიქრიანი კაცი ლაპარაკობს, ხალხი ყურს უგდებს და თვითონაც, თუ დიდხანს არა, ცოტა ხანს მაინც ფიქრზე მოდის და მადლი ემართება იმის გონებას.

_ აი დიდება შენს სახელს, უფალო დამბადებელო… რა ამბები ყოფილა? ჩვენზე უგერგილო და უხეირო ვინ იქნება: ორღობიდამ ტლაპო ვერ მოგვიშორებია, რომ ურემმა მშვიდობიანად გამოიაროს შინამდე. ჩაეფლობა შიგ ურემი და ასი კაცი მოუნდება იმის ამოწვდას. ამ ასმა კაცმა რომ მოიწადინოს კი, ერთს დღეს შეუძლიან გააკეთოს ეს გზა ისე, რომ ფეხიც არას წამოჰკრას კაცმა, განაღამც ლაფში ჩაფლულის ურმისა და საქონლის ზიდვაში მოიწყვიტოს წელი.

ფიქრიანი კაცი არადროს უსაქმოდ არ დადგება: პურის ჭამის დროსაც კი საქმეს აკეთებს: ისეთს რასმე იფიქრებს, რომ უეჭველად, თუ საქმედ აქცია, გამოდგება და ან კი რას არ აქცევს იგი გამოსადეგს ფიქრს საქმედ. მალე, ძალიან მალე სჭამს პურს მადიანად და ჰკიდებს საქმეს ხელს მადლიანად. ცოცხალი, მეტად ცოცხალი კაცი სასიამოვნო სანახავია, ფიქრიანის კაცის საქმის კეთება, იმის საუბარი, იმისი სიარული, ყველაფერი და თუ მათქმევინებთ _ ძილიც. ფიქრიანს რომ სძინავს და ჰნახოთ, მაშინვე ეტყობა, რომ დაღლილს დასძინებია, თვალს ატყუებს და თუ ადგა მადლიანად ადგება, მადლიანად მოიქცევს მარჯვენას; იგი არა ჰგავს იმ უფიქრელს ადამიანს, სიფხიზლის დროსაც რომ სძინავს, თვითონ ძილია, ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ და როცა დაეძინება, ძილს კიდევ მეორე ძილი დაერთვის, დაეთხლაპება თავყურში. გდია ბზის ტომარასავით, გდია დამპალ ყუნჭივით, გდია როგორც ღორი წუმპეში, გდია როგორც ლოქო ლამში, როგორც დათვი სოროში; ერთის სიტყვით, გდია და გდია, გდია და ხვრინავს; ააქვს მაღლა ჭერი, ჩააქვს დაბლა დედამიწა იმის ხრანტალ-პრანტალს, იმის ხვრინვა-გვრინვას; ზარბაზანი რომ ყურებთან დაუცალო, ვერ გაიგონებს უზრუნველი, მაგრამ თავის ხვრინვა ყურებში ესმის და გულზედაც მალამო ესმის, როგორც ნანა დედისა, ცაში ანგელოზის გალობა იმაზე მეტი სასჯელი არა მიერგება რა ფიქრიანს, როგორც ერთს ჭერს-ქვეშ ყოფნა უფიქრელ-უზრუნველთან. მისი სიფხიზლეც აწუხებს, და ძილი ხომ შეაძრწუნებს! დიდხანს ყელში ბრაზმორეული ყურს უგდებს იგი უფიქრელის ხვრინვას; რამდენჯერმე კიდეც ჩასძახებს: “რა არი, რა ამბავია, კაცო! ძილი შეიძლება და მაგეთი?” თუ გაიგონა _ ხომ რა კარგი, თუ არა და წიხლსაც ლამაზად ჩააზელს, რათა აღეხილნეს მისნი მკვდარნი და ზარმაცნი თვალნი და სდუმდეს ხმა მისი უგემური. უფიქრელს, ცოტა არ იყოს, კიდეც ეჯავრება ფიქრიანი, ეჯავრება, რადგანაც იმათი ბუნება ერთმანეთს არ ეგებება, არ ეთანხმება. ხშირად ფიქრიანს უფიქრელი სულელსაც ეძახის; მაგან რა შავი ქვა იცის, ხურმა რა ხილიაო, ამბობს იგი. უფიქრელი _ უნდა არ დავივიწყოთ _ ხანდახან აღიღინდება და მისი ღიღინი ფიქრიანის ვინაობასა სწვდება, იმის კაცობას ეკამათება.

აი რასა ღიღინებს უფიქრელი ცოლის გასაგონად:

რასა ჰბოდავს, რასა ჰროტავს

ფიქრიანი მათიაო,

ფიქრი, ზრუნვა რას მიქვია,

თუ მაქვს ლუკმა მჭადიაო!

შენ რას მეტყვი, დედაკაცო,

კიდევ ძილი მწადიაო;

ამ ვერანას ვერ ვიშორებ,

სულ წამწმებზე მადგიაო.

მე დავწვები და შენ კიდე

საჭამანდი ჩადგიაო.

რას დაღონდი, დედაკაცო,

რასა ჰფიქრობ ამაზედა;

რად ივიწყებ ხომ ერთი  დღის

ფეტვიც გვიდგა ჭალაზედა!

ძალიან კარგი მოსულა,

იმ დღეს ვნახე ჩავლაზედა.

მოდი, კიდევ დავიძინებ,

მეძინება ძალაზედა.

ახლა – ცერცვი და ლობიო,

ჩათესილი ყანაშია;

ერთი ჩაფი ღვინო გვეყო

ამდნის სარჩოს ჭამაშია.

ფიქრიანი რას დადგება ისე, რომ უფიქრელს თვალ-ყური არ ადევნოს: ყურს უგდებს თავისებურად, ჭკვიანურად და უპასუხებს დინჯად, უფიქრელის მოულოდნელად:

რასა ჰბოდავ, შე შავბნელო,

შე ტვინთხელო და შე ბეცა:

მანამ მაგას იფიქრებდი,

თავში რად არ ლოდი გეცა!

მითქვამს, გეტყვი კიდევაცა:

ბევრი მოხან, ბევრი თესე,

თავის დროზე ყანა მომკე,

თავის დროზე ცელი ლესე;

ფხიზლად იყავ, გაიღვიძე,

ტვინზე ფიქრი დააკვესე,

შენთვის გამოსადეგს გირჩევ,

ჩემო ძმაო, ჩემო სესე!

ეს მოულოდნელი პასუხი მოულოდნელად, უცაბედად გამოტყვრენილი, შეარცხვენს, გააწითლებს უფიქრელს; იგი თვალებს დაბლა, დედამიწისაკენ, გააპარებს და დავარდნილ ვირივით ყურებს ძირს დაუშვებს, დაუშვებს ისე, რომ ყურების ბღარტუნის თავი აღარა აქვს, მაგრამ დაფიქრდება კი ლობიოს საჭამანდივით.

1891 წ.

P.S. მიუხედავად იმისა, “ნაცმოძრაობის” წევრები ირწმუნებოდნენ, რომ მმართველ გუნდს მელიას დაპატიმრების უფლებას არ მისცემდნენ, 23 თებერვალს სამართალმა პური მაინც ჭამა.

თუმცა არც ნაცებს შესწევდათ ძალი ქადილისა _ უშვერი სიტყვებითა და მუშტების ბრახუნით, ცხადია, ვერ შეძლეს “ნაცმოძრაობის” ოფისში შესული სპეცრაზმის შეჩერება, რომელმაც ამჯერადაც პირნათლად შეასრულა ხელისუფლების დავალება, ოღონდ 7 ნოემბერს მაშინდელმა სპეცრაზმელებმა ნაციონალების ბრძანებით დუბინკებით, რეზინის ტყვიებით, მხუთავი აირით სამუდამოდ დაასახიჩრეს ადამიანები, ზოგი სასიკვდილოდაც გაწირეს. ამჯერად კი სპეცრაზმელებს თითიც არ გაუტოკებიათ; სამაგიეროდ, ნაცსექტის წარმომადგენლებისგან მოხვდათ მუშტები. თუნდაც ამის შემდეგ განა შეიძლება მიშას რეჟიმის მომსწრე ადამიანმა “ნაცმოძრაობას” დაუჭიროს მხარი?!

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here