Home რუბრიკები სპორტი “ჭადრაკის მოცარტმა” მეოთხედ დაიცვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული

“ჭადრაკის მოცარტმა” მეოთხედ დაიცვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული

182

ნორვეგიელმა დიდოსტატმა მაგნუს კარლსენმა 10 დეკემბერს დუბაიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონობისთვის მატჩის მეთვრამეტე პარტიაში შავებით დაამარცხა რუსი იან ნეპომნიაშჩი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. 11 პარტიის შედეგების მიხედვით, კარლსენმა მატჩი მოიგო ანგარიშით 7,5:3,5. ნორვეგიელმა მოჭადრაკემ მეოთხედ დაიცვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. პირველი ჩემპიონობა მან 2013 წელს მოიპოვა, როცა დაამარცხა ინდოელი ვიშვანათან ანანდი.

ჭადრაკის მეფის გვირგვინისთვის მატჩის სტარტამდე სპეციალისტები იმედოვნებდნენ, რომ ნეპომნიაშჩი, რომელმაც ბრწყინვალე სტილით განვლო პრეტენდენტთა ტურნირი, ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა ნორვეგირელ დიდოსტატს, მაგრამ მათი იმედი არ გამართლდა _ პირველ პარტიებში ნეპომნიაშჩი ურიგოდ არ გამოიყურებოდა და დიდ პოტენციალს ამჟღავნებდა, მაგრამ ერთ მომენტში გატყდა.

მოჭადრაკეებმა პირველი 5 პარტია ყაიმით დაასრულეს. მეექვსეში კარლსენმა და ნეპომნიაშჩიმ მართლაც საჩემპიონო ბრძოლა გამართეს. ეს პარტია ყველაზე ხანგრძლივი იყო ამ მატჩში, გამარჯვება კი ნორვეგიელმა მოიპოვა. ექსპერტთა აზრით, სწორედ მეექვსე პარტია აღმოჩნდა გადამწყვეტი, რომელიც მაგნუს კარლსენმა მოიგო. რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ ანდრეი ფილატოვის აზრით, “იან ნეპომნიაშჩი მეექვსე პარტიის შემდეგ გატყდა, პირველი წაგების შემდეგ მისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა ძალების მოკრება”.

მომდევნო 5 პარტიაში კარლსენმა 3 გამარჯვება მოიპოვა. მერვე პარტიაში მისი წარმატება ნეპომნიაშჩისთვის ნოკდაუნის ტოლფასი იყო, რომლიდანაც გამოსვლა ვერ შეძლო, მეცხრე პარტიაში რუსმა მოჭადრაკემ უხეში შეცდომა დაუშვა და კვლავ დამარცხდა. დანარჩენ პარტიებში კარლსენს 1,5 ქულა უნდა მოეგროვებინა და ეს ვადაზე ადრე შეძლო. ნორვეგიელმა დიდოსტატმა მატჩი მე-11 პარტიაში დაასრულა _ 7,5:3,5.

მაგნუს კარლსენი, ბევრის აზრით, ჭადრაკის ისტორიაში ყველაზე დიდი ჩემპიონია. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაცვის შემდეგ კარლსენმა ჟურნალისტებთან გულწრფელად აღიარა, რომ არ ელოდა ასეთ სწრაფ გამარჯვებას. “5 პარტია ყაიმით დასრულდა და მე გამარჯვების არანაირი შანსი არ მქონია, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ჩემი გეგმის მიხედვით წარიმართა. მეექვსე პარტია, უბრალოდ, შესანიშნავი იყო _ გააფთრებული ბრძოლა, რომელმაც ყველაფერი გადაწყვიტა. ჯამში, იან ნეპომნიაშჩიმ ვერ აჩვენა თავისი საუკეთესო თამაში. რაღაც მომეტში მომზადებაც კი ვერ გეხმარება და არ იცი, რა უნდა გააკეთო. არ ველოდი, რომ მატჩი ასე სწრაფად დასრულდებოდა. მე ამ მატჩს შევადარებდი ჩემი და ვიშვანათან ანანდის 2014 წლის მატჩს”, _ განაცხადა ნორვეგიელმა დიდოსტატმა.

გარი კასპაროვი და მაგნუს კარლსენი

მაგნუს კარლსენს 31 წელი შეუსრულდა 30 ნოემბერს, იმ დღეს, როცა მეოთხე პარტია ტარდებოდა. ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის სარეიტინგო სიაში ის, კარგა ხანია, პირველ ადგილზეა _ 2013 წლიდან ატარებს ჭადრაკის მეფის გვირგვინს. კარლსენმა ოთხჯერ დაიცვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული: 2014 წელს პირველად ინდოელ ვიშვანათან ანანდთან, მეორედ _ 2016 წელს _ რუს სერგეი კარიაკინთან, 2018 წელს _ ამერიკელ ფაბიანო კარუანესთან და ბოლოს იან ნეპომნიაშჩისთან.

მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მაგნუს კარლსენისა და იან ნეპომნიაშჩის მატჩის საპრიზო ფონდი 2 მლნ ევრო იყო. კარლსენმა მიიღო 1,2 მლნ ევრო, ნეპომნიაშჩიმ _ 800 ათასი.

იან ნეპომნიაშკი და მაგნუს კარლსენი

მაგნუს კარლსენის მიღწევები:

* სვენ მაგნუს კარლსენი დაიბადა 1990 წლის 30 ნოემბერს ქალაქ ტენსბერგში. არის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკის სამ კატეგორიაში: 2013 წლიდან მსოფლიო ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში; 2013-2016, 2019, 2021 წლებში _ მსოფლიო ჩემპიონი რაპიდში (ჭადრაკის სახეობა მოსაფიქრებლად შეზღუდული დროით, თითოეულ მოთამაშეს პარტიისთვის ეძლევა 10 წუთზე მეტი და 1 საათზე ნაკლები); 2014-2015, 2017-2019 წლებში _ მსოფლიოს ჩემპიონი ბლიცში.

* კარლსენმა დიდოსტატის ტიტული 2004 წლის 26 აპრილს მოიპოვა, როცა 13 წლის, 4 თვისა და 27 დღის იყო.

* არის 5 საჭადრაკო ოსკარის მფლობელი _ 2009, 2010, 2011, 2012 და 2013 წლებში.

მარკ ცუჯერბერგი და მაგნუს კარლსენი

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here