Home რუბრიკები სპორტი ჭადრაკის მოცარტი

ჭადრაკის მოცარტი

2828
მაგნუს კარლსენი

მაგნუს კარლსენი ერთერთია ყველაზე ახალგაზრდა გროსმაისტერთა (დიდოსტატთა) შორის. ეს ტიტული 2004 წელს მოიპოვა, როცა 13 წლის, 4 თვისა და 27 დღის იყო. ის ყველაზე ახალგაზრდა მოჭადრაკეა, რომელმაც ელოს რეიტინგის 2700 და 2800-პუნქტიანი ზღვარი გადალახა და ყველაზე ახალგაზრდა მოჭადრაკეა, რომელსაც ისტორიაში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს _ 2872 პუნქტი. მესამე მოჭადრაკეა, კარპოვისა და კასპაროვის შემდეგ, ვინც 4-ჯერ მოიპოვა საჭადრაკო ოსკარი. 2013 წელს ჟურნალმა Time კარლსენიმსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანისსიაში შეიყვანა.

სვენ მაგნუს ეენ კარლსენი 1990 წლის 30 ნოემბერს დაიბადა ნორვეგიის ქალაქ ტენსბერგში. მაგნუსის გარდა ოჯახში 3 ქალიშვილი იზრდებოდა. ბიჭი კი ღვთის საჩუქარი აღმოჩნდა მამისთვის, სანავთობე კომპანიის ინჟინერ ჰენრიკ ლარსენისთვის, რომელიც ჭადრაკით არის გატაცებული. სწორედ მან შეასწავლა მაგნუსს ეს დიდებული თამაში.

მაგნუსი ბავშვობიდანვე ავლენდა განსაცვიფრებელ გონებრივ უნარებს: 4 წლისამ ზეპირად იცოდა ნორვეგიის 436-ვე მუნიციპალური ქალაქის სახელი. მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის დედაქალაქები და დროშები.

5 წლის მაგნუსი საჭადრაკო დაფასთან დასვეს. სამი წლის შემდეგ კი ბიჭმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. ინტერნეტში ბლიც-პარტიების წარმატებით თამაშის გამო კომპანია “მაიკროსოფტმა” კარლსენების ოჯახი ერთწლიან ტურნეში გაგზავნა.

ჭადრაკი

2000 წლიდან მაგნუს კარლსენს წვრთნიდა საერთაშორისო ოსტატი ტორბიორნ რინგდალ ჰანსენი _ ნორვეგიის ჩემპიონის, გროსმაისტერ სიმენ აგდესტეინის აღზრდილი, რომელიც მაგნუსს საბჭოთა ავტორების _ მარკ დვორეცკისა და მიხეილ შერეშევსკის წიგნებით ასწავლიდა. ორი წლის შემდეგ კი მაგნუსის გაწვრთნა თვითონ აგდესტეინმა დაიკისრა. 13 წლის მაგნუს კარლსენი ყველაზე ახალგაზრდა გროსმაისტერი გახდა. რეიკიავიკში გამართულ ტურნირზე მან მსოფლიოს მე-12 ჩემპიონი ანატოლი კარპოვი დაამარცხა, კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონ გარი კასპაროვთან კი პარტია ფრედ დაასრულა. სწორედ ამ მომენტიდან იწყება მაგნუს კარლსენის ბრწყინვალე საჭადრაკო ბიოგრაფია.

2005 წელს 15 წლის კარლსენი მსოფლიოს ათ საუკეთესო მოჭადრაკეს შორის მოხვდა.

2009 წელს ნორვეგიულ ვუნდერკინდს კასპაროვი წვრთნიდა. კასპაროვის წყალობით კარლსენის თამაში უფრო ვირტუოზული გახდა. როგორც კასპაროვმა აღიარა, ის განცვიფრებული იყო 19 წლის კარლსენის ნიჭით. ნორვეგიელი თავის ნიჭს წარმოაჩენს ინტუიციით, დამატებითი გათვლების გარეშე. ის გრძნობს ჭადრაკის თამაშის ჰარმონიას ისე, როგორც ვირტუოზი მუსიკოსი, რომელსაც აბსოლუტური სმენა აქვს. ტყუილუბრალოდ არ შეარქვეს მას “ჭადრაკის მოცარტი”.

იმავე 2009 წელს მაგნუს კარლსენმა ითამაშა ჩინეთში გამართულ ტურნირნში და 10 შესაძლებლობიდან 8 ქულა მოაგროვა. ნორვეგიელმა ისტორიაში ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულები დააგროვა და უკან ჩამოიტოვა თავისი მწვრთნელები, მათ შორის გარი კასპაროვიც.

2011 წელს კარლსენმა დაამარცხა იმხანად მთავარი მოწინააღმდეგე _ რუსი სერგეი კარიაკინი. ორი წლის შემდეგ კი ახალგაზრდა გროსმაისტერი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში მოხვდა. 2013 წელს ნორვეგიელი მოჭადრაკე მსოფლიოს მე-16 ჩემპიონი გახდა ამ ინტელექტუალური სპორტის სახეობაში. მასთან საჭადრაკო პარტიის თამაში დიდ პატივად ჩათვალეს ბილ გეიტსმა და მარკ ცუკერბერგმა. კარლსენმა გეიტსი 9 სვლაში დააშამათა და ამისთვის სულ 11 წამი დასჭირდა. რასაკვირველია, იოლად დამარცხდა ცუკერბერგიც.

სპეციალისტები ნორვეგიელს უნივერსალურ მოჭადრაკედ მიიჩნევენ, ამასთანავე, აღნიშნავენ, რომ ის განსაკუთრებით ძლიერია მიტელშპილსა და ენდშპილში. კარიაკინი ამბობს, რომ მაგნუს კარლსენი “პრაქტიკულად იდეალურად თამაშობს”. ნიდერლანდელი მოჭადრაკის ლუკ ვან ველის თქმით, “იმ პოზიციაში, რომელშიც სხვები ვერაფერს ხედავენ, მაგნუსი თამაშს იწყებს და იგებს, თანაც ზედმიწევნით აფასებს მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას”. ნორვეგიელის ამ ნიჭზე ლეგენდები დადის. ცნობილი საბჭოთა, მოგვიანებით კი შვეიცარიელი მოჭადრაკე ვიქტორ კორჩნოი ამბობდა, რომ კარლსენის წარმატებებს ჭადრაკთან საერთო არაფერი აქვს _ “მაგნუსი, უბრალოდ, ჰიპნოზს უკეთებს მოწინააღმდეგეს”.

კასპაროვი და კარლსენი
კასპაროვი და კარლსენი

2016 წელს ნიუ-იორკში გაიმართა მატჩი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მაგნუს კარლსენსა და სერგეი კარიაკინს შორის. საპრიზო ფონდი 1 მლნ დოლარი იყო (მოგებულს _ 60%, წაგებულს _ 40%). 12 პარტიის შემდეგ ანგარიში იყო 6:6 და გაიმართა ტაი-ბრეიკი შემცირებული დროით. მაგნუს კარლსენმა შეძლო ძლიერი მეტოქის დამარცხება 3:1.

2019 წელს მაგნუს კარლსენმა გაიმარჯვა ვეიკ-ან-ზეეში (ნიდერლანდები) გამართულ ტრადიციულ ტურნირში. შემდეგ ზედიზედ მოიგო ორი სუპერტურნირი. 2019 წლის ივლისში კი გაიმარჯვა Crand Chess Tour-ის მეორე ეტაპის ტურნირში.

2019 წლის განმავლობაში მაგნუსს კარლსენს არც ერთი პარტია არ წაუგია კლასიკურ ჭადრაკში და 2020 წლის იანვარში გამარჯვებების რაოდენობა 111 პარტიამდე აიყვანა.

მარკ ცუკერბერგი და მაგნუს  კარლსენი
მარკ ცუკერბერგი და მაგნუს კარლსენი

პირადი ცხოვრება

ჭადრაკის გარდა, მაგნუსი შესანიშნავად თამაშობს ჩოგბურთს, ფეხბურთსა და კალათბურთს, სრიალებს თხილამურებით. რეკლამას უწევს ცნობილი ნიდერლანდური კომპანია G-StarRAW-ის სამოსს. კარლსენის კოლეგები არიან ლივ ტაილერი და ჯემა არტერონი. სარეკლამო საქმიანობიდან მას ყოველწლიურად მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი აქვს.

სინ კრისტენ ლარსენი და მაგნუს კარლსენი
სინ კრისტენ ლარსენი და მაგნუს კარლსენი

2017 წელს მაგნუს კარლსენმა დაადასტურა, რომ სასიყვარულო ურთიერთობა აქვს გოგონასთან, რომლის სახელია სინ კრისტინ ლარსენი.

კარლსენი და ბილ გეიტსი
კარლსენი და ბილ გეიტსი

მაგნუს კარლსენის მიღწევები:

ისტორიაში პირველი მოჭადრაკე, აბსოლუტური ჩემპიონი სამ კატეგორიაში:

*2013 წლიდან ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში;

*2014-2016, 2019 წლებში მსოფლიოს ჩემპიონი რაპიდში (ჭადრაკის სახეობა, რომელშიც თითოეულ მოთამაშეს ეძლევა 10 წუთზე მეტი, ოღონდ საათზე ნაკლები);

*2014-2015, 2017-2019 წლებში მსოფლიოს ჩემპიონი ბლიცში (ჭადრაკის თამაში, რომელშიც სვლის მოსაფიქრებლად შეზღუდული დროა დაწესებული).

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here