Home რუბრიკები საზოგადოება წმინდა დიდმოწამე ბარბარე

წმინდა დიდმოწამე ბარბარე

1395
წმინდა დიდმოწამე ბარბარე

უსჯულო კეისარ მაქსიმიანე გალერუსის (რომის კეისარი 295 წლიდან, იმპერატორი 305-311 წლებში, იმპერატორ დიოკლეტიანეს სიძე) დროს იმპერიაში დაიწყო ქრისტიანთა დევნა. ღმრთისმოძულე ხელისუფალმა ჯილდოები აღუთქვა ყველას, ვინც ქრისტიანებს გასცემდა და სამსჯავროზე წარადგენდა. დაიწყო დასმენები.

ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში (სირიის ტერიტორია) ცხოვრობდა ერთი მდიდარი, წარჩინებული გვარის კაცი, სახელად დიოსკორე. იგი წარმართი იყო და თაყვანს სცემდა კერპებს. დიოსკორეს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, ბარბარე, რომელსაც თავს ევლებოდა, ანებივრებდა და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა. ბარბარე რომ გაიზარდა, ისე დამშვენდა, ვერავინ შეედრებოდა სილამაზით. დიოსკორეს მიაჩნდა, რომ მდაბიო, უზნეო ადამიანები ღირსნი არ იყვნენ მისი ხილვის, ამიტომ მაღალი კოშკი ააგო, გოგონა შიგ ჩაკეტა და ერთგული მსახურები მიუჩინა.

კოშკში დამწყვდეული ბარბარე შვებას მხოლოდ ბუნების ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტაში ჰპოვებდა. იგი გრძნობდა, რომ შემქმნელი ამ არაჩვეულებრივი მშვენიერებისა უნდა ყოფილიყო ყოვლისშემძლე არსება, რომელსაც ვერავინ აღემატებოდა სიბრძნით… ანუ თავად ღმერთი, რომელიც “შორს როდია თვითოეული ჩვენგანისაგან”, გახდა მისი მოძღვარი და დამრიგებელი.

ქალწული თანდათან ივსებოდა უფლის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა, მის გულში ერთი სიყვარული ენთო, ჭეშმარიტი სიყვარული _ უფლის სიყვარული და არ ფიქრობდა მიწიერ კეთილდღეობაზე, მაგრამ დიოსკორეს ძალიან უნდოდა ქალიშვილის გათხოვება. ამასობაში წმინდა ბარბარეს მშვენიერების შესახებ ქალაქში ხმა გავრცელდა და უამრავი ჭაბუკი გამოჩნდა მისი ხელისა და გულის მაძიებელი. დიოსკორემ ასულს შესთავაზა, მთხოვნელთა შორის თავად აერჩია საბედო, რაზეც წმინდანმა მკაცრად მიუგო, რომ ის გათხოვებას არ აპირებდა.

ბარბარესაგან მტკიცე უარი რომ მიიღო, მამამ გადაწყვიტა, მისთვის შედარებით მეტი თავისუფლება მიეცა, იმ იმედით, რომ უცხო ადამიანებისა და მათი ცხოვრების წესის გაცნობის შემდეგ იგი მოინდომებდა გათხოვებას. დიოსკორემ ბრძანა, ბარბარესთვის მდიდრული აბანო აეშენებინათ, რომელსაც მზისა და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად ორი სარკმელი ექნებოდა.

ცოტა ხანში დიოსკორეს საქმის გამო შორს გამგზავრება მოუხდა. თავისუფლად მყოფმა ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი ქალწულები, რომელთაგან გაიგო იესო ქრისტეს სახელი, მისი მოძღვრება, სასწაულები, ჯვარცმა და აღდგომა. გულით მოიწადინა ბარბარემ ქრისტიანი გამხდარიყო და აი, ღვთის ნებით, ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ხუცესი ჩავიდა, რომელიც მან თავისთან მოიწვია, გულახდილად ესაუბრა, გულით აღიარა ქრისტიანული სწავლება და მოინათლა.

ამის შემდეგ ბარბარე მუდამ მარხვასა და ლოცვაში იყო, მან სიწმიდისა და ქალწულობის აღთქმა დადო და ღმერთს შესწირა თავი. ერთხელ ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც მამამისის ბრძანებით აბანოს აშენებდნენ. წმინდანმა აბანოს მარმარილოთი მოპირკეთებულ შესასვლელში თითით ჯვარი გამოსახა, ქვის საფეხურზე კი მისი ტერფის ანაბეჭდი ამოიკვეთა, საიდანაც წყარომ ამოხეთქა და შემდგომში უკვე მრავალი სასწაულებრივი კურნება აღასრულა. დიოსკორეს ბრძანების მიხედვით, აბანოს ორი სარკმელი უნდა ჰქონოდა _ მზისა და მთვარის ნიშნად, ბარბარემ კი მშენებლებს მესამე სარკმლის გამოჭრაც სთხოვა, ნიშნად წმინდა სამებისა.

რამდენიმე დღეში დიოსკორე მოგზაურობიდან დაბრუნდა. როდესაც აბანო მოინახულა, მშენებლებს გულისწყრომით ჰკითხა მესამე სარკმლის გაჭრის მიზეზი. მათ კი შიშით მიუგეს, რომ ეს ბარბარეს დაჟინებული მოთხოვნით გააკეთეს. დიოსკორეს გაუკვირდა და ქალიშვილს სთხოვა, აეხსნა, რას გულისხმობდა სამ სარკმელში. წმინდა ბარბარემ აღიარა მამასთან ჭეშმარიტი სარწმუნოება და შეეცადა, დიოსკორეც მოექცია, მაგრამ დიოსკორეს ფერი ეცვალა, განრისხდა, გამძვინვარდა, ხმალი იშიშვლა და ქალიშვილს მოსაკლავად გამოეკიდა. ბარბარემ გაქცევა მოასწრო და ქალაქის უახლოეს მთებს შეაფარა თავი. გაქცეულ ბარბარეს მამაც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. ქალწული დიდ მთას მიადგა და, რადგან გასაქცევიც არსად ჰქონდა, ილოცა და ღმერთს თავშესაფარი სთხოვა. მოულოდნელად მთა გაიპო და წმინდა ბარბარემაც გამოქვაბულს შეაფარა თავი. დიოსკორე ვერც კი მიხვდა, სად გაუჩინარდა მისი ქალიშვილი და დახმარება იქვე მყოფ ორ მწყემსს სთხოვა. ერთი მწყემსი ძალიან კეთილი იყო და არ გასცა ყმაწვილი ქალი, ხოლო მეორემ მდუმარედ უჩვენა გამოქვაბული, რის გამოც უფალმა მყის დასაჯა ბოროტი მწყემსი და ქვის სვეტად აქცია.

დიოსკორე გამოქვაბულში შევარდა და ბარბარე თმით დაითრია, წამოიყვანა, დასისხლიანებული ქალწული ბნელ ოთახში ჩაკეტა და აშიმშილებდა. თვითონ კი იმ ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მივიდა და გონებადაბინდულმა მოახსენა, რომ მისი ერთადერთი ასული ქრისტიანებმა გადაიბირეს, თავის რჯულზე მოაქციეს, რის გამოც სიკვდილს იმსახურებდა.

მარკიანემ ბრძანა, მასთან მოეყვანათ ბარბარე. როდესაც ბარბარემ შეიტყო, რომ მმართველთან მიჰყავდათ, შეწევნა ღმერთს შესთხოვა. ქალწულის სილამაზით გაკვირვებულმა მმართველმა ტკბილი სიტყვით სცადა მისი გადაბირება; ურჩია, მოენანიებინა ღმერთებისაგან განდგომა და მორჩილების ნიშნად მსხვერპლი შეეწირა მათთვის. მარკიანე ქალისგან წინააღმდეგობას რომ წააწყდა, ბრძანა მისი სასტიკად წამება. ტყავის შოლტებით გვემულ ყრმა მოწამეს ნაკადულივით სდიოდა სისხლი, მაგრამ ყველანაირ წამებას ქრისტესთვის სიხარულით ითმენდა. მარკიანეს ეგონა, რომ იგი მოკვდა. შემდეგ შეაგდეს ბნელ საპყრობილეში და მცველები დაუყენეს. დაუძლურებული ბარბარე მხურვალედ ლოცულობდა. შუაღამისას გამობრწყინდა ნათელი, საკანი განათდა, ქრისტე ღმერთი ანგელოზებთან ერთად გამოეცხადა წმიდა ასულს, განკურნა მისი ნაგვემი სხეული, მოურჩინა წყლულები და უთხრა: “ბარბარე, მოწამეო ჩემო, რამეთუ დიდად უხარის ცასა და ქუეყანას დღესასწაული შენი, ხოლო შენ ნუ შეძრწუნდები უსჯულოისა მისგან მსაჯულისა, რომელნი განუძლიერებიეს ეშმაკსა. არამედ მე თანა დაგიდგე და გიხსნე შენ ყოვლისაგან ბოროტისა, რომელ შეგემთხუეოდის შენ”.

ჯანმრთელი და უვნებელი ბარბარე სიხარულით აღივსო, ილოცა და უფალს მადლობა შესწირა. დილით მარკიანემ ბრძანა ქალწულის საკაცით მოყვანა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ბარბარე სიარულს ვერ შეძლებდა. მსახურები მის წამოსაყვანად მივიდნენ და ნახეს, რომ იგი ფეხზე დგას და ლოცულობს. განცვიფრებულებმა ერთხმად შესძახეს: “დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთაი და არა არს სხუაი ღმერთი უდიდეს მისა, რომელმან განაძლიერა ესე”.

მარკიანეც ფრიად გაოცებული დარჩა, როდესაც იხილა სასამართლოზე თავისი ფეხით, სხვის დაუხმარებლად მისკენ მიმავალი ბარბარე, ხოლო ხალხი განცვიფრდა მისი მზესავით გაბრწყინვებული სახის ხილვისას. უსჯულო და უგუნურმა მმართველმა ეს სასწაული თავის კერპ-ღმერთთა დიდ მოწყალებას მიაწერა და ურჩია წმიდა ქალწულს, ახლა მაინც შეეწირა მსხვერპლი ღმერთებისათვის, რომელნიც ასე მოწყალედ მოექცნენ მათ მგომებელს და გვემული განკურნეს.

მსახურებმა, რომლებმაც ბარბარე სტანჯეს, ერთხმად შესძახეს: “ჩუნცა გურწამს იესუ ქრისტე ნაზარეველი, რადგან არ არის სხუა ღმერთი მის გარდა”. მარკიანემ ბრძანა, დაუყოვნებლივ თავები მოეკვეთათ მათთვის. მართლაც, გაიყვანეს იგინი ქალაქგარეთ და სიკვდილით დასაჯეს. ამ მოწამეობრივი აღსასრულით დაიმკვიდრეს მათ ზეციური საუკუნო ცხოვრება.

გამძვინვარებულმა მარკიანემ ბრძანა წმინდა ბარბარეს გაშიშვლება და ქალაქში ასე ჩამოტარება, მაგრამ უფალმა არ დაუშვა თავის წმიდა სასძლოს შერცხვენა და წარმოგზავნა ანგელოზი, რომელმაც სპეტაკი სამოსით დაფარა დიდმოწამის სხეული. მთელი ქალაქი გამოეფინა შიშველი ქალწულის სანახავად, მაგრამ მისი სიშიშვლე ვერ იხილა. მარკიანე მიხვდა, რომ სატანჯველმა არაფერი ავნო წმინდა მოწამეებს, და შეეშინდა, რომ ამის მნახველი მრავალი მოქალაქე მოიქცეოდა ქრისტეს სჯულზე. მან წმინდა ბარბარეს დასასჯელად მამამისი დიოსკორე გამოიძახა და უბრძანა, რომ გაეყვანა ქალიშვილი ქალაქგარეთ და მისთვის თავი მოეკვეთა.

დიოსკორემ დასცა მახვილი და წარკვეთა წმიდა ბარბარეს პატიოსანი თავი. ამისთვის დიოსკორემ და მარკიანემ მალევე მიიღეს უფლისაგან კუთვნილი სასჯელი _ მეხის დარტყმით დაიწვნენ.

305-311 წლებში, იმპერატორ მაქსიმიანეს დროს, წამებულ ბარბარეს წმინდა ნეშტი თავდაპირველად ღმრთისმოსავმა ვალენტიანემ დაკრძალა ქალაქ ილიოპოლისში შესაფერისი პატივით და შემდეგ იმ ადგილას ეკლესია ააგო. VI ს-ში წმინდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, სადაც საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა, ხოლო XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენოსის (1081-1118) ქალიშვილმა _ ბარბარემ კიევის დიდ მთავართან სვიატოპოლკ II იზიასლავოვიჩთან ქორწინების შემდეგ ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა. 1108 წელს კნიაზი სვიატოსლავ იზიასლავოვიჩის მიერ ყოფილი დმიტრიევსკის მონასტრის ადგილას წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვანი მონასტერი დაფუძნდა, ხოლო 1108-13 წლებში აშენდა ოქროს გუმბათიანი ტაძარი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კიევის, როგორც მთავარანგენგელოზი მიქაელის მფარველობაში აყვანილი ქალაქისთვის და დიდმოწამე ბარბარეს წმინდა ნაწილებიც მთავარანგელოზის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. ბათო ყაენის შემოსევების დროს წმინდა ნაწილები გადამალეს და მშვიდობიანობის დროს ისევ უკან დააბრუნეს.

1983 წელს საქართველოს კათოლიკოსპატრიარქ ილია II-ის თხოვნით, უკრაინაში ჩასულ ქართველი სამღვდელოების დელეგაციას კიევის მაშინდელმა მიტროპოლიტმა ფილარეტმა საჩუქრად გადასცა წმინდა ბარბარეს ნეკა თითის ნაწილი. აღნიშნული სიწმინდე ამჟამად დასვენებულია თბილისის ქვემო ბარბარეს სახელობის ეკლესიაში. რამდენიმე წლის წინ საქართველოში ჩამოაბრძანეს დიდმოწამე ბარბარეს ხატი, რომელშიც წმინდა ნაწილი იყო ჩაბრძანებული. ეს ხატი საპატრიარქოს შეწირეს და იქ არის დაცული.

წმინდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის.

საქართველოში წმინდა ბარბარეს უძველესი დროიდან სცემენ თაყვანს. მარტო თბილისში მისი სახელობის ოთხი ტაძარია, მათგან პირველი მე-8 საუკუნეშია აგებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here