Home რუბრიკები პოლიტიკა წინ მკვეთრი მოსახვევია!

წინ მკვეთრი მოსახვევია!

ქართველებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთს ეომებიან, ომი საქართველოში მოაქვთ!

732

საქართველოს მიერ დასავლური კურსის გაგრძელება აფხაზეთისა და ცხინვალის საბოლოოდ დაკარგვას ნიშნავს!

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

მეთორმეტე გამოშვება

“Главная историческая и стратегическая цель осетинского народа, народа разделенного – объединение в рамках одного государства. Это государство – Российская Федерация. Я считаю, что объединение с Россией – наша стратегическая цель, наш путь, чаяние народа, и по этому пути мы будем двигаться. Соответствующие юридические шаги мы сделаем в ближайшее время. Республика Южная Осетия будет в составе своей исторической Родины – России”._ ეს სიტყვები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს ეკუთვნის. სანამ ამ განცხადების შესახებ ჩემს აზრს მოგახსენებთ, გაგაცნობთ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის რეაქციას ამ საკითხზე:

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე: “არანაირ რეფერენდუმს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. აქამდეც იყო მცდელობები და ასეთი სახის მიმართვები, მაგრამ მას არანაირი სამართლებრივი შედეგი, რა თქმა უნდა, არ აქვს”.

გია ვოლსკი, პარლამენტის ვიცესპიკერი: “რუსეთის ფედერაციისთვისაც კი საკმაოდ მძიმე იქნება ასეთი დონის საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა”.

ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: “ვინმეს თუ ჰგონია, რომ ამ პროვოკაციის გამო ჩვენ ისეთ პროვოკაციულ ნაბიჯს გადავდგამთ, რომ რუსეთს უფრო დიდი პროვოკაციის საშუალება მივცეთ საქართველოში, ამას არ გავაკეთებთ”.

თინა ბოკუჩავა, “ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენელი: “რუსეთის მხრიდან ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაზე საუბარი გასაკვირი არ არის. დარწმუნებული ვარ, უკრაინა ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს და ამ გამარჯვების ნაწილი გახდება საქართველოც”.

გიორგი ვაშაძე, “სტრატეგია _ აღმაშენებელისლიდერი: “ეს ბიბილოვის პოზიციაა თუ რუსეთის?! ღირსეული, პრინციპული პოზიცია მოგვიტანს შედეგს. სხვა შემთხვევაში ასეთ პასუხს მიიღებ რუსეთისგან”.

იაგო ხვიჩია, ახალი პოლიტიკური ცენტრიგირჩი”: “ჩვენ ამას უნდა ვუპასუხოთ დასავლეთთან მართლა მჭიდრო და გულწრფელი ინტეგრაციით”.

ინებეთ: აგერ _ ხელისუფლება და აგერ _ ოპოზიცია. საკითხის მიმართ მათ დამოკიდებულებაში იოტისოდენა განსხვავებაც არ არის. არადა, საკითხი უმწვავესია. საქართველოს ყოფნა-არყოფნაზეა საუბარი, ვინაიდან ტერიტორიებდაკარგული და დაჩეხილ-დაფლეთილი საქართველო აღარ არის საქართველო. ხელისუფლება და ოპოზიცია კი რას გვთავაზობენ? იმას, რაც ამ შემთხვევაში ყველაზე კარგად იაგო ხვიჩიამ ჩამოაყალიბა: “ჩვენ ამას უნდა ვუპასუხოთ დასავლეთთან მართლა მჭიდრო და გულწრფელი ინტეგრაციით”. დააკვირდით: რუსეთთან პოლიტიკის შეცვლით, მასთან საერთო ენისა და საერთო ინტერესების გამონახვით კი არა, “დასავლეთთან მართლა მჭიდრო და გულწრფელი ინტეგრაციით”-.

მეტი “მართლა” და “გულწრფელი”, არ მესმის, რა უნდა იყოს. ოცდაათი წელიწადია, რაც დასავლეთს თავიანფეხებიანად ჩავბარდით. მათი ყოველი სიტყვა ჩვენთვის მხოლოდ კანონის ძალას კი არ იძენს, რწმენად, მორალად და რელიგიად გვექცა. ნატო და ევროკავშირიაღთქმულ მიწადშევრაცხეთ, ნებისმიერი ევროპარლამენტარი დემოკრატიის ქურუმად მიგვაჩნია, ნებისმიერი სენატორი თუ კონგრესმენი თავისუფლებისა და ჭეშმარიტების მოციქულად ვაღიარეთ, ნებისმიერი პრეზიდენტი, ბუში იქნება, ობამა, ტრამპი თუ ბაიდენი, ღმერთად დავსახეთ და მეტი რა უნდა ვქნათ, რომ დასავლეთმა მის მიმართ ჩვენი მონური მორჩილებამართლადაგულწრფელადმიიჩნიოს?! რით ვერ უნდა მივხვდეთ, რომ დასავლეთი არც საქართველოს, არც უკრაინას და არც სხვა რომელიმე ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკას, სახელმწიფოდ და ერად კი არ განიხილავს, რუსეთის თავის ტკივილად და მასთან ბრძოლის პლაცდარმად იყენებს. ოცდაათი წელიწადი დასავლეთის ამ ბინძური პოლიტიკისთვის თავის კანტურში გავატარეთ, რითაც საკუთარ სამშობლოს მრავალი გამოუსწორებელი ზიანი მივაყენეთ. ახლა ვითარება რადიკალურად იცვლება. რუსეთი სიტყვიერი პროტესტიდან სამხედრო ქმედებებზე გადავიდა. ნუთუ, ეს არაფერს გვეუბნება? ნუთუ ეს საკმარისი არგუმენტი არ არის საიმისოდ, რომ ჩვენს მიდგომებში რაღაცა შევცვალოთ? ინტენსიურად გაისმის მოწოდებები, რომ, სანამ რუსეთი უკრაინაში ომს აწარმოებს, ჩვენ დაკარგული ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ. პოლიტიკასა და საერთაშორისო ცხოვრებაში შესაფერისი დროის შერჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს საკუთარი შესაძლებლობების სწორი შეფასების აუცილებლობისგან გვათავისუფლებს? რუსეთს აფხაზეთსა და ცხინვალში იმაზე გაცილებით მეტი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს, რამდენიც ჩვენს მოგერიებას დასჭირდება. ასე რომ, ვითომ სწორად შერჩეული დრო ვერაფერს გვიშველის. ეს განცხადებები კი ძალიან ცუდ სამსახურს გვიწევს. სწორედ ამ უპასუხისმგებლო განცხადებების პასუხად თქვა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბიბილოვმა, რომ “ცხინვალი მზად უნდა იყოს საქართველოსგან მოსალოდნელი პროვოკაციებისგან თავის დასაცავად”. ბიბილოვის ის განცხადებაც, რომლითაც ეს სტატია დავიწყეთ, ჩვენს პოლიტიკაზე, ჩვენს საგარეო კურსსა და ორიენტაციაზე რეაქციაა. ბიბილოვის მიერ ადრე ნათქვამიც გავიხსენოთ: “სანამ საქართველო ნატოს ფრთის ქვეშ იმყოფება და ცდილობს რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილ სახელმწიფოთა ორბიტაში მოხვედრას, სამხრეთ ოსეთისთვის საფრთხე მუდმივად არსებობს”. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შემადგენელი და განუყოფელი ნაწილები სხვადასხვა გეოპოლიტიკური მიმართულებით ისწრაფვიან. კი, უმცირესობა უმრავლესობას უნდა ემორჩილებოდეს, მაგრამ უმრავლესობას (ანუ ქართველებს) ძალი თუ არ შესწევს ქადილისა, ეს პრინციპიც ირღვევა. აკი მოგახსენეთ, აშშ და ნატო არ იცავენ საქართველოს ინტერესებს. მათ ეს საქართველოშიც დაამტკიცეს და უკრაინაშიც ამტკიცებენ. აშშ და ნატო საკუთარ ინტერესებს იცავენ და ეს ინტერესები რუსეთსა და ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს შორის მტრობისა და ომების გაღვივებაში მდგომარეობს და არა მშვიდობისა და ჰარმონიის ჩამოყალიბებაში.

გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდეთ, რასაც ახლა მოგახსენებთ: ჩვენს აკვიატებულ სწრაფვას ევროკავშირისა და ნატოსკენ მსხვერპლად ეწირება საქართველოს ისტურიული კუთხეები _ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ხომ არ დადგა დრო დაფიქრებისა, ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გამო ღირს ამ უზარმაზარი მსხვერპლის გაღება? თუ არ ღირს, ასეთ შემთხვევაში, ისიც უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოს მიერ დასავლური კურსის გაგრძელება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საბოლოოდ დაკარგვას ნიშნავს.

ვიმეორებ: საქართველოს მიერ დასავლური კურსის გაგრძელება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საბოლოოდ დაკარგვას ნიშნავს. აქ სხვა თეორიული შანსიც კი არ არსებობს. ალბათ, მეტყვით, ახლა ნატოზე უარის თქმა ავტომატურად საქართველოს ტერიტორიულ გამთლიანებას არ ნიშნავსო. ჯერ ერთი, არ უნდა მიგვეყვანა საქმე ამ მდგომარეობამდე. თავის დროზე უნდა გვეფიქრა, რა ქმედებას რა შედეგი მოჰყვებოდა, მაგრამ წარსულში კორექტივს ვერ შევიტანთ, რაც ჩავიდინეთ, ჩავიდინეთ. ახლა მაინც ხომ უნდა ვცადოთ ჩვენ მიერვე გაფუჭებული საქმის გამოსწორება. იმ გზის გაგრძელებით, რომელი გზითაც აქამდე ვიარეთ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს უნდა დავემშვიდობოთ. ნატოზე უარის თქმის შემთხვევაში კი მცირეოდენი შანსი კიდევ რჩება იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება მოვახერხოთ. რა გამოდის, დასავლეთის მიმართულებით სიარულის შემთხვევაში, თუ არც ნატოს წევრობის შანსი გვაქვს და არც დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების, ხოლო ნატოზე უარის თქმის შემთხვევაში ჯერ კიდევ რაღაც შანსი მაინც რჩება იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ხელი არ ჩავიქნიოთ და ამ მიმართულებით ახალი გზები ვეძებოთ, როგორ მოვიქცეთ, რა ვქნათ, ამ შანსზეც უარი ვთქვათ? გვაქვს ამის უფლება ან საკუთარი თავის, ან სამშობლოს, ან წინაპრებისა და შთამომავლობის წინაშე? ბიბილოვის ლანძღვა და პუტინის წყევლა-კრულვა პატრიოტიზმი არ არის, წყალწაღებულებისთვის გულის მოოხების საშუალებაა მხოლოდ. შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძებნაა პატრიოტიზმი. უკრაინის მოვლენების დაწყების მერე France 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტი ზურაბიშვილი აცხადებს: “ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენს კონსტიტუციაშია ასახული, მაგრამ ის ასევე ასახულია ჩვენი ხალხის გულებში, რომლებიც ფიქრობენ, რომ ისინი უფრო არიან ევროპელები, ვიდრე თავად ევროპელები”. გულისამრევად პროვინციული განცხადებაა, ევროპელებისთვის ევროპის სიყვარულით თავის მოწონების უბადრუკი მცდელობაა, მაგრამ ყველაფერ ამას თავი რომ დავანებოთ, თავისთავად აბსურდული მსჯელობაა. რას ნიშნავს უფრო ევროპელობა ან ნაკლები ევროპელობა _ ასეთი ცნება, ასეთი გაგება ან ევროპაში, ან სადმე სხვაგან არსებობს? უფრო აზიელი, უფრო აფრიკელი ან უფრო ავსტრალიელი გაგიგიათ ოდესმე?

როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, პრეზიდენტის ამ განცხადებაში ევროპის სიყვარულზე მეტად რუსეთის სიძულვილი ჩანს. ამ უგერგილო ნათქვამში რუსეთის მიმართ ღვარძლის გადმონთხევისა და მისთვის ნიშნის მოგების სურვილი უფრო იკითხება, ვიდრე სამშობლოს ბედის გამო წუხილი ან ევროპის მიმართ პატივისცემა და სიყვარული. არავითარი მინიშნებების ძებნა არ დაგვჭირდება პრეზიდენტის ამ ინტერვიუს ბოლომდე თუ გავეცნობით: “რუსეთი ვერ გადაახვევინებს ვერც საქართველოს და ვერც უკრაინას დასავლეთში ინტეგრაციის გზიდან”. ჯერ ერთი, სხვა სახელმწიფოს პრეზიდენტის მიერ უკრაინის სახელით ასე ხმამაღალი განცხადების გაკეთება, რბილად რომ ვთქვათ, არადიპლომატიურია; მეორეც, რუსეთის მისამართით ზედმეტად თამამი ნათქვამი გამოუვიდა ქალბატონ პრეზიდენტს. რუსეთმა არამხოლოდ განაცხადა, რომ ვერც უკრაინა და ვერც საქართველო ნატოს წევრები ვერ იქნებიან, არამედ ამ საკითხის გადასაწყვეტად, თვეზე მეტია, ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას ატარებს უკრაინაში. ამ ოპერაციის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ნატოს გზიდან გადახვევა და სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებაა. ამ ფონზე იმის თქმა, რომ რუსეთი საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციის გზიდან ვერ გადაახვევინებს, უსაფუძვლო ტრაბახია და სხვა არაფერი. ისე გადაახვევინებს, რომ, როგორც იტყვიან, მზე მაღლა იქნება. საქართველოს გადაახვევინებს კი არა, თვითონ ნატოს დაახევინებს უკან ამერიკა-ევროპასთან ერთად. ამ შემთხვევაში ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პოზიცია კი არ არის საინტერესო. მას, მისი აღზრდიდან და ბიოგრაფიიდან გამომდინარე, სხვა თვალსაზრისი და დამოკიდებულება არც უნდა ჰქონდეს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ქალბატონი სალომე ამ თვალსაზრისს არა მისი ბიოგრაფიიდან, არამედ თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს სახელით აკეთებს. საქართველოს სახელით კი ასეთი არაკომპეტენტური განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს, ახლა ის ვითარება არ არის, როდესაც ვინმე რამეს წაუყრუებს ან ვინმე რამეს გაპატიებს. ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რომ ზურაბიშვილის სწორედ ეს ნათქვამი არ უდევს საფუძვლად ბიბილოვის იმ განცხადებას, რომელმაც ასე ააფორიაქა მთელი საქართველო. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის იმ გადაწყვეტილებასაც გადაასხა ცივი წყალი, რომლის მიხედვითაც საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს: “არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს განცხადება. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი”.

რუსეთი საქართველოშიც თუ არ დაიწყებს სამხედრო ოპერაციას, ეს შესაძლებელია სწორედ პრემიერმინისტრის პოზიციის დამსახურება იყოს, მაგრამ, თუ საქართველოს გონს მოყვანა მაინცდამაინც სამხედრო ჩარევით იქნება აუცილებელი, ეს უკვე პრეზიდენტის პოზიციის შედეგი იქნება. აი, ასეთი უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს დღეს თითოეულ სიტყვას და თითოეულ ნაბიჯს.

როდესაც ნაბიჯებზე ვლაპარაკობთ, შეუძლებელია, არ ვახსენოთ ის ქართველები, რომლებიც დღეს უკრაინელი ნაცისტების მხარდამხარ იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ. რა უნდათ მათ ან რა შედეგი მოჰყვება მათ ამ ნაბიჯს საქართველოსთვის? მათი დახმარება უკრაინელ ნაცისტებს რომ ვერ იხსნის გასამართლებისგან, ფაქტია, მაგრამ, ამ ნაბიჯით ისინი ომს უკრაინიდან საქართველოში რომ ეპატიჟებიან, ესეც ფაქტია. რუსეთში ხედავენ, რომ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულებს საქართველოში სამხედრო პატივით კრძალავენ. განა ეს იმის უტყუარი დასტური არ არის, რომ რუსეთის წინააღმდეგ მეომარი ქართველები კერძო პირები კი არ არიან, საქართველოს სახელმწიფოს წარმოადგენენ?

წარმოუდგენელია უფრო ცუდი სამსახურის გაწევა საქართველოსთვის, ვიდრე უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაა. ეს ხაზგასმით უნდა ითქვას, რათა ანაზღაურებას ან სახელსა და გმირობას დახარბებულ ახალგაზრდებს გულმა უკრაინისკენ არ გაუწიოს და ამით საქართველოს დიდ უბედურებაში გახვევას არ შეუწყონ ხელი.

ზემოთ ვთქვით, რომ დასავლეთი ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს სახელმწიფოებად კი არ განიხილავს, რუსეთის თავის ტკივილად და მასთან ბრძოლის პლაცდარმად იყენებს. ასეთ შემთხვევაში რა უნდა ქნას რუსეთმა? იგი იძულებული იქნება, რომ აშშისა და დასავლეთის მიერ პროვოცირებულ რესპუბლიკებს გასცეს პასუხი და არა პროვოკატორ ამერიკელებს, ვინაიდან ამას სხვა მასშტაბის უბედურება და სხვა გლობალური კატასტროფა მოჰყვება. ამერიკელთა გათვლა სწორედ ამას ეფუძნება. რუსეთი (ისევე, როგორც ამერიკა) გლობალურ ომზე ვერ წავა, მაგრამ ამერიკული პერმანენტული პროვოკაციების პირობებში, ლოკალურ ომებს თავს ვერ დააღწევს, რაც, საბოლოო ჯამში, რუსეთისა და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების დაქანცვადასუსტებას იწვევს.

გამუდმებული წინააღმდეგობებითა და ომებით დაღლილი რეგიონი ადვილი დასამორჩილებელი იქნება. რუსეთი იმ ძალისა და მასშტაბების მქონე სახელმწიფოა, რომ მისი გამოყენებით აშშ არამხოლოდ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების, არამედ მთელი მსოფლიოს დასუსტებასაც მოახერხებს, ამ ფაქტორს გონივრულად, უფრო სწორად, ვერაგულად თუ გამოიყენებს და ხან კავკასიის, ხან ახლო აღმოსავლეთის, ხან პოსტსაბჭოთა სივრცისა და ხან კიდევ ევროპის წინააღმდეგ აამოქმედებს. იყენებს კიდეც. აი, მთელი სტრატეგია და გეოპოლიტიკური ფილოსოფია აშშ-ისა და კოლექტიური დასავლეთისა რუსეთისა და დანარჩენი მსოფლიოს მიმართ.

რუსეთის მიმართ ხშირად გაიგონებთ საყვედურებს იმის გამო, რომ იგი დასავლეთის პროვოკაციაზე წამოეგო, როდესაც ამერიკელების მიერ სააკაშვილის ხელით განხორციელებულ ავანტიურას აჰყვა და 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ძალით შემოიჭრა. იგივე შეცდომა დაუშვა ახლაც, როდესაც უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. ეს ყველაფერი ამერიკელთა მიერ დაგებულ მახეში გაბმა და მათ ნაღმებზე აფეთქებაა, _ აცხადებენ რუსული პოლიტიკის ოპონენტები. ამ პოზიციაში არის ჭეშმარიტების მარცვალი, მაგრამ, საკითხს მეორე მხრიდან თუ შევხედავთ, სხვა სურათს ვიხილავთ. ვთქვათ, არ აჰყვა რუსეთი ამ ბინძურ თამაშს და მის წინააღმდეგ წამოწყებულ ყველა პროვოკაციას წაუყრუა. რა მოხდება ასეთ შემთხვევაში? ასეთ შემთხვევაში მოხდება ის, რაც ამერიკელებს სურთ. ისინი, როგორც მოესურვებათ, ისე ითარეშებენ რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებში. ყველა მხრიდან მიუახლოვდებიან რუსეთის საზღვრებს და თავიანთი რაკეტებისთვის რუსეთის სტრატეგიულ ქალაქებამდე და ობიექტებამდე მისაფრენ დროსა და მანძილს კატასტროფულად შეამცირებენ. აი, ეს მოხდება, აქედან გამომდინარე ყველა დამანგრეველი შედეგით რუსეთისთვის. რუსეთის არჩევანი პროვოკაციას აყოლასა და არ აყოლას შორის გადის, სადაც პირველი გადარჩენის შანსს შეიცავს, მეორე კი დასავლეთის წინაშე სამარცხვინო კაპიტულაცია იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთს არჩევანი პრაქტიკულად არ აქვს. მას ერთადერთი გზა რჩება _ მიიღოს დასავლეთის ეს ყოვლად უსინდისო გამოწვევა და კიდეც უნდა გაუმკლავდეს მას. რუსეთმა, რა თქმა უნდა, ეს გზა აირჩია და ამაში მისი გამტყუნება შეუძლებელია. აშშ და კოლექტიური დასავლეთი ამ დაპირისპირებაში ბოლომდე თუ წავლენ, ასეთ შემთხვევაში გლობალური კატასტროფა გარდაუვალია, რადგან რუსეთი ხელმძღვანელობს პრეზიდენტ პუტინის ლოგიკით: “А зачем нам такой мир, если там не будет России?!”

ამ ლოგიკასთან კამათი ძნელია. ის მსოფლიო და კაცობრიობა, რომელიც ამერიკელთა უზნეო პოლიტიკასაა აყოლილი და რუსეთის განადგურების მომხრედ გამოდის თუნდაც იმით, რომ ერთმნიშვნელოვნად არ უჭერს მხარს რუსეთს, დანაშაულს სჩადის. ეს ის დანაშაულია, რომელიც აშშ, ამ სიცრუისა და ჯოჯოხეთის იმპერიას, შესაძლებლობას აძლევს, მთელ პლანეტაზე შეუზღუდავად იპარპაშოს. ასეთი მსოფლიო და ასეთი კაცობრიობა რუსეთის მხრიდან მხოლოდ იმ პასუხს და იმ მიდგომას იმსახურებს, რომელიც პუტინის ამ ფორმულაშია გაცხადებული.

განსაცვიფრებელი ამბავია. ამერიკელები დაუფარავად აცხადებენ, რომ რუსეთის დაშლა და განადგურება აქვთ განზრახული, რუსეთი კი, თურმე, ამას უნდა შეეგუოს. ამერიკელთა ვერაგობა უსაზღვრო აღმოჩნდა. რუსეთთან ბრძოლის საქმეს ისინი თვალის დაუხამხამებლად სწირავენ ყველას, ვის გამოყენებასაც საჭიროდ ჩათვლიან. რუსეთთან პრობლემების შექმნის შემთხვევაში დასავლეთისა და ნატოს დახმარება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის მათ შეგულიანებასა და რუსეთთან საომრად მიშვებაში გამოიხატება, რაც გაწირვას ნიშნავს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ასე მოიქცნენ ისინი 2008 წელს საქართველოში და ასე იქცევიან 2022 წელს უკრაინაში. ესაა დახმარება და პრობლემის გადაჭრა?! კიდევ კარგი, რომ რუსეთს ამ რესპუბლიკებთან (საერთოდ, გარე სამყაროსთან) დამოკიდებულებაში ამერიკასავით ბოროტი ზრახვები არ ამოქმედებს. რუსეთი მტრულად განწყობილ სახელმწიფოთა მიმართ განეიტრალების პოლიტიკას მიმართავს და ამის იქით აღარ მიდის. ის, რაც რუსეთმა 2008 წელს საქართველოში გააკეთა, შეადარეთ ამერიკელთა ნამოქმედარს ავღანეთში, იუგოსლავიაში, ერაყში, ლიბიაში, სირიაში. რუსეთმა ომი ცხინვალში შეჭრილი ქართული არმიის იქიდან გამოძევებით დამთავრდა. უკრაინაში, გასაგები მიზეზების გამო, ოპერაცია შედარებით მეტ ხანს გაჭიანურდა, მაგრამ იგი აუცილებლად დამთავრდება ნაცისტური ხელისუფლებისა და მისი არმიის განეიტრალებით, რაც უკრაინელი ხალხის გათავისუფლება იქნება და არა _ მოსპობა. ვიღაცა ფიქრობს, რომ უკრაინაში ომის გაჭიანურება ნაცისტური ხელისუფლების სიმტკიცეზე მეტყველებს, რაც მას ვითომ გამარჯვების შანსს აძლევს. ასე ფიქრი საბედისწერო შეცდომაა, ვინაიდან უკრაინას ეს მეტი მსხვერპლისა და მეტი ნგრევის გარდა ვერაფერს მოუტანს. ძნელია, უკრაინელ ხალხს აუხსნა, რომ აშშ და ნატო, რომლებიც ამ ომში მათ შეიარაღებას აწვდიან და სიტყვიერადაც მხარში უდგანან, გაცილებით უფრო დიდი მტრები არიან, ვიდრე რუსეთი, რომელიც სამხედრო ოპერაციას აწარმოებს და უკრაინის ნაცისტური ხელისუფლების სამხედრო-სტრატეგიულ ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას ბომბავს. ამის გაგება შეუძლებელიც კი არის, თუკი მხოლოდ ქცევის მიხედვით განსჯი და ქცევის მოტივს ვერ ჩასწვდები. ამერიკელები უკრაინის ნაცისტურ ხელისუფლებას იმიტომ კი არ აიარაღებენ, რომ ისინი გამარჯვებამდე მიიყვანონ, რაც, პრაქტიკულად, გამორიცხულია, არამედ იმიტომ, რომ რუსებსა და უკრაინელებს რაც შეიძლება დიდხანს და დაუნდობლად ახოცვინონ ერთმანეთი, რათა ორივე ისე დაასუსტონ, რომ ადვილად მოსანელებელ ლუკმად აქციონ. რუსები კი, მათი სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, იძულებულნი არიან, ამერიკელების მიერ სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების გზით უკრაინის ხელისუფლებაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მოყვანილი ნაცისტური ხელისუფლება გაანეიტრალონ და უკრაინელი ხალხი მათი დიქტატისგან გაათავისუფლონ. ესაა აშშ-ისა და რუსეთის მიდგომებს შორის არსებული პრინციპული განსხვავება, რომლის გათვალისწინების გარეშე, მოვლენათა შეფასების თვალსაზრისით, სწორ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ. სწორ დასკვნებს ვერც იმ თვალსაზრისით გავაკეთებთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ შექმნილ ვითარებაში. საქართველო მკვეთრ მოსახვევს მიუახლოვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ სიარულის შემთხვევაში უფსკრულში გადაჩეხვა არ აგვცდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here