Home რუბრიკები საზოგადოება “წერთ იმაზე, რასაც ყველა განიცდის, ქართველთა სათქმელს ამბობთ!” _ ასე შეხვდნენ კახელები...

“წერთ იმაზე, რასაც ყველა განიცდის, ქართველთა სათქმელს ამბობთ!” _ ასე შეხვდნენ კახელები “საქართველო და მსოფლიოს” შემოქმედებით ჯგუფს

3910
კახეთი

არა თავისა თვისისათვის მხოლოდ, გინა ბედნიერებისათვის ვჰმუშაკობ, არამედ სიყვარულისთვის მამულისა, რათა ევროპამან ოდესმე ჰსცნას ივერია საშუალებითა წერილითა სარწმუნოთა”, – წერდა სოლომონ დოდაშვილი, დიდი ქართველი პედაგოგი.

ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გვასწავლიდნენ, რომ ის, რაც მნიშვნელოვანია, ჟურნალისტმა საინტერესოდ და სათანდოდ უნდა გადმოსცეს და წარმოაჩინოს. ჟურნალისტიკა არის ამბის თხრობა, რომელსაც თავისი მიზანი აქვს. ეს მიზანი კი ხალხისთვის ინფორმაციის საინტერესოდ და გასაგებად მიწოდებაა. ისე უნდა მიაწოდო ინფორმაცია, რომ ხალხმა მოგისმინოს…  სწორედსაინტერესოდ და სათანადოდ გადაცემული ამბებისდაფასება იყო 25 მაისსსაქართველო და მსოფლიოსშემოქმედებით ჯგუფთან მკითხველთა შეხვედრა კახეთის ორ ქალაქში _ გურჯაანსა და თელავში. “გინა ბედნიერებისათვის ვჰმუშაკობ, არამედ სიყვარულისთვის მამულისა”, _ ამ სიტყვების შინაარსი გონებითა და გულით შევიგრძენით ამ შეხვედრისას. ყველანაირ ზემოქმედებას გაუძლო _ გაგვძარცვეს, დაგვარბიეს, ლამის ქვეყნის მტრებადაც შეგვრაცხეს, მაგრამ ჩვენი შრომასიყვარულისთვის მამულისაკახეთში შეკრებილი ხალხის თვალებში დავინახეთ. გურჯაანში გაზეთის ერთგულ მკითხველთა ჯგუფი დაგვხვდა. მათ ჩვენი გაცნობა და თავიანთი გულისნადების გადმოცემა სურდათ.

ნუგზარ ნიკოლაიშვილი
ნუგზარ ნიკოლაიშვილი

მთავრობას, რომელიც ყველაფერს უცხოელებს უთანხმებს, მთავრობა არ ჰქვია

ნუგზარ ნიკოლაიშვილი, გურჯაანის მკვიდრი:

_ მოხარული ვარ “საქართველო და მსოფლიოს” წარმომადგენლებს რომ გხედავთ. ხალხის სათქმელს ამბობთ, სიმართლეს ღაღადებთ, მხოლოდ თქვენ ახერხებთ, თქვათ ის, რის თქმასაც ბევრი ვერ ბედავს.

გიყურებთ და ვხედავ, რომ კარგი ქართველები ხართ, თამამები, თქვენ იმას ამბობთ, რასაც ხალხი ფიქრობს. თქვენ და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ იმ გზაზე დგახართ, რომელსაც ქვეყნის გადარჩენა შეუძლია.

მოქმედი პოლიტიკური ელიტა მოსაშორებელია, არც ერთი პოლიტიკოსის დანახვა აღარ უნდა ხალხს. თუკი ვინმე გონებაგახსნილი და ქვეყნის მოყვარული გამოჩნდება, ხალხი მას აუცილებლად დაუდგება მხარში.

ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის ფულმა დაღუპა. ჩვენ ივანიშვილის ფულის მძევლებად ვიქეცით. საქართველოს არ ჰყავს განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკოსები, ოპოზიცონერები, რომლებიც იტყვიან, რომ სოციალიზმი კარგია, რომლებიც ნატოს, ამერიკას, არასამთავრობოების მითითებებს არ დაემორჩილებიან. 200 პარტიაა და ყველას ერთნაირი პროგრამა აქვს. ოპოზიციონერად იმას ჩავთვლი, ვინც იტყვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა ქვეყანაში არსებულ უამრავ პრობლემას მოაგვარებს, მათ შორის _ წართმეული ტერიტორიების. არ გვინდა ნატო, ევროკავშირი, ამერიკა! არ ვეთანხმები მათ, ვინც იტყვის, რომ თურქეთი ჩვენი მეგობარია! საქართველოს მთავრობა არ ჰყავს. მთავრობას, რომელიც ყველაფერს უცხოელებს უთანხმებს, მთავრობა არ ჰქვია. შევარდნაძისდროინდელი გახრწნილი პოლიტიკოსები არაფერში არგიან ქვეყანას… სააკაშვილმა ისე გააფუჭა ყველაფერი, 100 წელი ვეღარ გავსწორდებით წელში. ივანიშვილმა ხომ მთლად დაგვამხო თავზე ქვეყანა. მხოლოდ ფულზე ფიქრობს ყველა. რაც ახლა ქვეყანაში ხდება, ყურო, ნუ გაიგონებ

სააკაშვილის ცუდმა საქმეებმა ხალხს მოთმინების ფიალა აუვსო. სწორედ ამიტომ მშვიდად, რევოლუციის გარეშე გაუშვეს და მის ადგილზე მოიყვანეს ივანიშვილი, რომელსაც სწრაფად გააკეთებინეს ყველაფერი. ივანიშვილი კარგი კაცის სახელით შემოიყვანეს, რაც წინასწარ იყო გათვლილი. მათ, ამ ქვეყნის ნამდვილ მმართველებს, სურდათ, ბიძინა ნამდვილ ქართველად შეგვერაცხა და მიგვეღო, როგორც გადამრჩენი. ჩვენც ავირჩიეთ და რა შეგვრჩა ხელში? _ სააკაშვილის შემცვლელი. თუ კვლავ უცხოელის იმედად დავრჩებით, ყოველთვის შეეცდებიან, თავიანთი ინტერესების გამტარებელი დაგვასვან თავზე ისე, როგორც ეს ბოლო არჩევნებზე გააკეთეს, როცა პაატა ბურჭულაძის შემოგდებას შეეცადნენ…

თანამოაზრეები ბევრი გვყავს, ბევრნი ვართ, მაგრამ ჩვენ ვინ გვისმენს?! ქვეყანას სჭირდება კაცი, რომელიც ახალ იდეას შემოიტანს და თანაც გასვრილი არ იქნება. გურჯაანში ბევრია ისეთი, ვინც ფიქრობს, რომ ახალი ძალაა საჭირო.

გურჯაანში ჩამოსვლა გთხოვეთ “საქართველო და მსოფლიოს” თანამშრომლებს, თქვენი გაცნობა და თქვენთან საუბარი გვინდოდა მიმდინარე პროცესებზე, გულის გადაშლა. მადლობა, რომ ამ მძიმე პერიოდში, მძიმე პოლიტიკურ სიტუაციაში სიმართლის თქმის არ გეშინიათ. თქვენი ვალია, წეროთ სიმართლე; ჩვენი ვალია, მოვისმონოთ და შევიგნოთ. მას შემდეგ, რაც კახეთში ეს გაზეთი გამოჩნდა, ბევრი ადამიანის ცნობიერება შეიცვალა.

ბორის კაკაბაძე
ბორის კაკაბაძე

ბღავილის, ღრიალის, წივილკივილის, ზარების დარისხების დროა!”

ბორის კაკაბაძე, პენსიონერი:

_ “საქართველო და მსოფლიოს” უდიდესი წვლილი მიუძღვის საზოგადოების გამოღვიძებაში. ვისაც სწორი აზრის მოსმენა სურს, ყველამ უნდა წაიკითხოს “საქართველო და მსოფლიო”. დარწმუნებული ვარ, ამ გაზეთის გამოსვლას ბევრი ქართველი ელოდება და ჩვენ უნდა შევძლოთ გაერთიანება, ერთად დგომა, საქართველოს მტრებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. “საქართველო და მსოფლიოს” შემოქმედებითი ჯგუფი ყოველდღიურად იბრძვის, რათა სიმართლე სააშკარაოზე გამოიტანოს. დარწმუნებული ვარ, დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ. გაზეთი მიგვითითებს სწორი გზისკენ და ერთმანეთთან გვაკავშირებს, მას მეტი არაფერი შეუძლია. ახლა ჩვენ უნდა ვივაჟკაცოთ, ავიყოლიოთ ხალხი. ჩვენ გენში გვაქვს ძალა, რომლითაც გადარჩენას შევძლებთ. ლიდერიც გამოჩნდება ისეთი, როგორიც საჭიროა _ პატრიოტი, ვაჟკაცი და საქმის მცოდნე. არიან ამ ქვეყანაში ასეთები, მაგრამ მათ დესტრუქციული ძალები ბლოკავენ, ანტიქართველებს კი ხელს უწყობენ. ერთი შეხედვით, საზოგადოება თითქოს მზად არის, ქუჩაში გამოვიდეს და გააპროტესტოს ქვეყანაში გაუსაძლისი ყოფა, მაგრამ ხანდახან მეჩვენება, რომ ადამიანები უარესის მოლოდინში არიან. იმაზე უარესს კი, რაც ახლა ხდება, ეს ქვეყანა ვეღარ გადაიტანს, წელში გავწყდებით. ბღავილის, ღრიალის, წივილკივილის, ზარების დარისხების დროა. შინ არ უნდა ვისხდეთ და მშვიდად არ უნდა ვუყურებდეთ ამ ყველაფერს. მტერი ძლიერია, მაგრამ ჩვენც უნდა გავძლიერდეთ, დრო აღარ ითმენს. არადა, ხალხი თითქოს საღათას ძილშია. მოვიდა ახალი ხელისუფლება, იმედი გვქონდა, რაღაცას შეცვლიდა, მაგრამ უფრო მომწამვლელ ბანგად გვექცა. ძლიერ ძალად უნდა ჩამოვყალიბდეთ. შესაცვლელია ჰიმნიც და დროშაც, დღეს ჩვენი, ქართველების, არაფერი არ არის. ერთად დავდგეთ და შევძლებთ, მსოფლიოს ჩვენი ძალა დავანახვოთ.

დავით მხეიძე
დავით მხეიძე

ეს არის ტრიბუნა ყველა ქართველისა, რომლებიც საღად აზროვნებენ”        

დავით მხეიძე, პუბლიცისტი:

_ საქმე იქამდე მივიდა, რომ ქართველ ერს ფიზიკურ გადარჩენაზე უწევს ფიქრი. წარსულზე საუბარი არაფრის მომტანია, ყველამ იცის, ვინ ვინ არის და რა გზა გამოვიარეთ. ყველას გვესმის და ფაქტია, რომ სისტემა შესაცვლელია. ახალგაზრდები შემოიკრიბეთ, გაზეთი კი შეძლებისდაგვარად დადგება თქვენ გვერდით. ჩვენ ისედაც ვდგავართ ამ ქვეყნის სადარაჯოზე. პუბლისცისტისთვის სასიამოვნო მოსასმენია ის, რასაც ახლა თქვენგან ვისმენ. ასეთ შემთხვევაში ფიქრობ, რომ შენს საქმეს შედეგი მოაქვს. ჩვენს გაზეთს ხშირად ესხმიან თავს, უამრავ სალანძღავ სიტყვას გვკადრებენ. ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში “საქართველო და მსოფლიოს” ერთი საათი ჰქონდა დათმობილი, მაგრამ დახურეს ეს გადაცემა, აგრეთვე, დახურეს ჩემი გადაცემა “ავი მუსაიფი”. ეს გაზეთი არის ყველას ტრიბუნა, ყველა ქართველის, რომელიც საღად აზროვნებს. ყველას ვაძლევთ საშუალებას, გულისტკივილი გამოთქვას ჩვენი გაზეთის ფურცლებზე.

საქართველო და მსოფლიოსგამოსვლას ველოდებით და მერე ხელიდან ხელში გადადის

გუგული ყოინაშვილი, გურჯაანის მკვიდრი:

_ “საქართველო და მსოფლიოს” გამოსვლას ველოდებით და მერე ხელიდან ხელში გადადის, ასე ვაგებინებთ ინფორმაციას ერთმანეთს. პურის ფული გვიჭირს, შვილო, და გაზეთს, როგორი საინტერესოც უნდა იყოს, ყოველთვის ვერ ვყიდულობთ.

“ობიექტივს” ვუყურებდი. ბოლო პერიოდში ვხედავ, რომ ნატოს რეკლამას უშვებენ. დავურეკე წამყვან მერაბ ჭიქაშვილს და ვუთხარი, _ თვალებში “მაზოლები” გამიჩნდა ამ რეკლამით, არ იცით, რა გველის ნატოში რომ შევიდეთ-მეთქი? პასუხი არ გამცა. ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ, თუ ამ გზით განვაგრძობთ სიარულს, ქართველები სამშობლოში უმცირესობა ვიქნებით.

ირაკლი უბილავა
ირაკლი უბილავა

“2020 იქნება ცვლილების წელი

ირაკლი უბილავა, პოლიტოლოგი:

_ საქართველოში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყოველ 9 წელიწადში ხელისუფლება იცვლება. ეს ხან რევოლუციით ხდება, ხან _ ნახევრად რევოლუციით. ერთი სიტყვით, ნეგატიური მუხტი გროვდება და ამას ცხრა წელიწადი სჭირდება, ამიტომ 2020 იქნება ცვლილების წელი, რისთვისაც მზადება ცოტა ადრე დაიწყება. თქვენ აშკარად მესამე ძალას ითხოვთ. მაქვს ასეთი შეკითხვა _ 2019 წელს, როდესაც ხელისუფლების შესაცვლელად დაიწყება მოძრაობა, კახეთში არსებობს რესურსი, რომ ახალ, ეროვნულ ძალას რეალურად ამოუდგეს მხარში? ამ შეკითხვას იმიტომ ვსვამ, რომ ახალი ცრუ ეროვნული პარტიები შეიქმნება და კვლავ შეეცდებიან ხელისუფლების ჩანაცვლებას.

მერაბ ზურაბაშვილი
მერაბ ზურაბაშვილი

მხოლოდ რუსეთს შეუძლია ჩვენი გადარჩენა, სხვა აზრი მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს

მერაბ ზურაბაშვილი, გურჯაანის მკვიდრი:

_ ხალხი იმედგაცრუებული და დაბნეულია, დარაზმვა სჭირდება. ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა დროის მოთხოვნაა, მოთხოვნაა ისიც, რომ ძალა, რომელიც გამოჩნდება, ქართული სულის მქონე და მკვეთრად ანტიდასავლური უნდა იყოს. გლეხი კაცი ვარ და კარგად ვიცი გლეხკაცის გასაჭირი. ჰაერივით გვჭირდება ბაზარი. ყოველ წელს ვყრი მოყვანილ მოსავალს. აწარმოეთო, _ გვეუბნებიან, დარგეთ, დათესეთომუშაობა არავის ეზარება, უბრალოდ, სად გავასაღოთ, არ ვიცით.

საქართველო რომ აღორძინდეს, სოფლის მეურნეობა უნდა აღდგეს. ყიდვა-გაყიდვით დოვლათი არ იქმნება. ქვეყნის გადასარჩენად ახალი ძალაა საჭირო. ყველა რაიონში უნდა ვიპოვოთ თანამოაზრეები, არ გვეზარება, წავალთ, შევხვდებით, გაზეთსაქართველო და მსოფლიოსმივაწვდით, თვალს ავუხელთ. თქვენგან, ქალაქელებისგან, კი ვითხოვთ, რომ თავკაცი მოვძებნოთ, აღმოვაჩინოთ. ასეთი ადამიანები არსებობენ.

რეალობას ჩავხედოთ თვალებში. გვიტევენ ყველა მხრიდან, სურთ, პირუტყვებად გვაქციონ, მხოლოდ ეროვნულ ძალას შეუძლია ჩვენი გადარჩენა, სხვა აზრი მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს.

* გურჯაანიდან თელავში გავემგზავრეთ. საოცრად ლამაზი ადგილი შეერჩიათ ჩვენს დასახვედრად _ მეფე ერეკლეს ძეგლთან, მისი სასახლის ახლოს. ეს ადგილი თელავის ცენტრშია, იქ, სადაც უამრავი ადამიანი დადის, მათ შორის, ტურისტები. სიდინჯით გამორჩეულმა კახელებმა ჩვენი იმ ადგილას დახვედრით გამვლელგამომვლელის ყურადღება მიიქციეს. ტურისტებმა კი ჩვენთან ერთად ფოტოების გადაღება მოისურვეს

ივანე ბუჩუკური
ივანე ბუჩუკური

ქართველების სულიერი და კულტურული გენოციდი მიმდინარეობს ცრუ ღირებულებების თავსმოხვევით

ივანე ბუჩუკური, თელავის მკვიდრი:

_ დიდებული გაზეთიასაქართველო და მსოფლიო”, ქართულ, ეროვნულ საწყისებზე დაფუძნებული და სიმართლეს ქადაგებს. განაგრძეთ ამ გზით სიარული. ვამაყობ, თქვენთან ერთად რომ ვსხედვართ ერეკლე მეფის ძეგლთან და მინდა, ამ დიდებული კაცის გზით ვიაროთ.

დღეს ქართველი სამშობლოში დაჩაგრულია. სამაგიეროდ, ხარობს თურქი, არაბი და სხვა უცხოტომელი. საუბრობენ დაკარგული მიწების 20%-ზე, მაგრამ არ ახსენებენ დანარჩენ 80%-ს, რომელსაც ცხვირწინ გვართმევენ. დღეს ქართველების სულიერი და კულტურული გენოციდი მიმდინარეობს ცრუ ღირებულებების თავსმოხვევით.

რუსეთი მართლმადიდებელი ქვეყანაა. დიდი ხნის ჩაგვრის შემდეგ ქართულმა სულმა სწორედ რუსეთთან ურთიერთობით წამოიწია წინ, სწორედ იმხანად გაჩდნენ ამ ქვეყანაში დიდი ადამიანები, მაშინ შეძლეს ქართველმა გენიოსებმა შექმნა შედევრებისა, რომლებით დღესაც ვამაყობთ.

ისიც სათქმელია, რომ ერეკლე მეფის წმინდანად შერაცხვა მოვითხოვეთ და თავს გვარიდებენ, პასუხს არ გვცემენ…

გიორგი პაატაშვილი
გიორგი პაატაშვილი

მთავრობას ფულს რატომ ვუხდით ჩვენი ჯიბიდან, თუ ის სხვის დაკრულზე ცეკვავს?”

გიორგი პაატაშვილი, თელავის მკვიდრი:

_ “საქართველო და მსოფლიო” არაჩვეულებრივი გაზეთია. სასიხარულოა, ეს გაზეთი რომ გამოდის ამ სიცრუით სავსე გარემოში _ არ გეშინიათ, ხამამაღლა თქვათ, რამ ჩაგვაგდო ამ საშინელ დღეში. ხმამაღლა ლაპარაკობთ იმაზე, რომ საგარეო კურსი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აიღო, დამღუპველია და გადარჩენის შანსი ცოტა გვაქვს. თქვენ წერთ იმაზე, რასაც ყველა განიცდის, გულს ფხანთ მკითხველს, ქართველთა სათქმელს ამბობთ.

გაგვაყიდვინეს ყველაფერი, დაგვაჯერეს, რომ ასე სჯობდა. კილოგრამ საფერავში ლარს გვიხდიან, თვითონ კი 55 დოლარად ყიდიან. დოვლათი როგორ შევქმნათ? სოფლის მეურნეობის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია? ან ევროპაში შესატანი რა გვაქვს, ან ჩვენ ვინ შეგვატანინებს რამეს? ხელოვნურად ჩაგვიკლეს ყველაფრის სურვილი. თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, რომ მიწები უცხოტომელებისთვის მიეყიდათ. გაგვაბრიყვეს, გაგვანადგურეს.

საბანკო პოლიტიკაც გადასახედია, მოსასპობია. მოსახლეობის დიდი ნაწილი უსახლკაროდ დარჩა ბანკის მიზეზით. იმ ოჯახის შვილები ნორმალურები იქნებიან? ქვეყნიდან გააქციეს ადამიანები, მილიონიღა დავრჩით, ქართველს ვგულისხმობ და არა გვარგადაკეთებულებს.

27 წელიწადი დაგვჭირდა, მივმხვდარიყავით, რომ წყობა, რომელშიც ვცხოვრობდით, გადასაგდები არ იყო.

მიყვარს თქვენი გაზეთი და ამის მიზეზი ჟურნალისტებისა და პუბლიცისტების უნიკალურ წერილებთან ერთად სტალინის შესახებ მასალებიც არის. უდიდესი პიროვნების სახელის განადგურების უფლება მივეცით ქვეყნის მოღალატეებს, ვერ დავიცავით დიდი ქართველი, ქართველი, რომელიც მსოფლიოს აზანზარებდა. სტალინის საქართველო ახლა ყველას ხელწამოსაკრავია. კაცობრიობის ისტორიაში პირველად გამოჩნდა კაცი, რომელმაც მუშასა და გლეხს აგრძნობინა, რომ ადამიანები იყვნენ. დღეს ვხვდებით ჩვენს შეცდომას, მაგრამ გვიანია. ქართული მიწის გამყიდველი მღვდელი იქნება, ხელისუფლების წარმომადგენელი, ბიზნესმენი თუ ვინც გნებავთ, ყველა დახვრეტილი ეყოლებოდა სტალინს და მართალიც იქნებოდა.

მხოლოდ პიროვნებების შეცვლა არაფერს გვაძლევს, სისტემა თუ არ შეიცვალა, არაფერი გამოვა. მოვა ვიღაც ახალი, ისიც გაფუჭდება, მტრების იდეოლოგიის გავლენის ქვეშ მოექცევა, რადგან ფულს დახარბდება. ამიტომ სისტემა უნდა შეიცვალოს, საგარეო კურსი. ნატოსა და ევროკავშირის ძახილმა სადამდეც მიგვიყვანა, დავინახეთ, გამოცდილება კარგი მივიღეთ _ გაჭირვებისას პამპერსები და წყალი გამოგვიგზავნეს. დაგვცინიან, მასხრად გვიგდებენ. საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას თავის ჭკუაზე გვაცვლევინებენ, თავს გვახვევენ, თუ რამეს დამოუკიდებლად გადავწყვეტთ. არ მესმის, მთავრობას ფულს რატომ ვუხდით ჩვენი ჯიბიდან, თუ ის სხვის დაკრულზე ცეკვავს?! წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, ის სადისტებიც, ილიას გზაზე ლაპარაკობდნენ და ესენიც. კაბინეტებში ილიას სურათები უკიდიათ გვარგადაკეთებულებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვთ, რას ქადაგებდა ილია…

რუსეთს ვაგინებთ, რისთვის? მეზობელს გამოვცვლით? _ ვერა, ამიტომ ურთიერთობის მოგვარებაზე უნდა ვიფიქროთ. ქვეყანაში უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზებს რომ ვეპატიჟებით, ხომ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ ეს ჩვენს მეზობელს არ მოეწონება? რუსეთი თავს იცავს და ჩვენ ჩვენი ხელისუფლების უგუნურებით აშშ-სა და რუსეთს შუა ვიჭყლიტებით.

თუ რუსეთი მტერია, მით უმეტეს, უნდა დაელაპარაკო, მოყვრად რომ აქციო… თუმცა რა უნდა შეასმინო იმ ქვეყნის ხელისუფლებას, რომელიც ამბობს, ევროკავშირს უნდა ვკითხოთ, რუსეთის პრეზიდენტს დაველაპარაკოთ თუ არაო.

ფუნქცია დაკარგა საქართველომ. უწინარესად, ფუნქცია გვაქვს შესაძენი, თუ ეს ვერ მოვახერხეთ, ვერ ვიარსებებთ. არ ვარ პრორუსი, არც პროევროპელი, მე ქართველი ვარ და ერეკლეს გზას ვადგავარ. მეფე ერეკლეს პერიოდში ცუდი ვითარება იყო ქვეყანაში, მან ყველას მიმართა დახმარების თხოვნით, მათ შორის, ევროპასაც, მაგრამ არავინ დაგვეხმარა რუსეთის გარდა. თითქმის ნახევარი მილიონი ქართველი ვიყავით დარჩენილი, როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატი გაფორმდა. ეს რომ არ მომხდარიყო, ლეკები ტომრებით გაგვიყვანდნენ აქედან. ასე რომ, ერეკლე მეფეზე ჭკვიანური ნაბიჯი ცოტას თუ გადაუდგამს. კომუნისტები რომ წავიდნენ, 5,5 მილიონი ვიყავით… რუსეთმა ორჯერ გაგვაერთიანა, ფიზიკურად გადაგვარჩინა და დღეს ოკუპანტი უნდა დავუძახოთ?! თურქთან ვიმეგობრო და რუსი მტრად შევრაცხო? თურქმა არ შეიძლება მითხრას, დიდგორობა აღვნიშნო თუ კრწანისობა… საქართველოს ხელისუფლებას ან ტვინი არ აქვს, ან გამყიდველია.

მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა “საქართველო და მსოფლიოს”. ძალიან მომწონს თქვენი ყველა რესპონდენტი, თითოეული მათგანი ისე გყავთ შერჩეული, რომ ყველა ქართველის სათქმელს ამბობს, შესანიშნავები ხართ ჟურნალისტებიც, რადგან ზუსტად იმ შეკითხვებს სვამთ, რომლებიც ხალხს გულს ფხანს. გთხოვთ, ყურადღება გაამახვილოთ 1921 წელზე, რა მდგომარეობა იყო იმხანად საქართველოში, როგორ იყო დანაწევრებული. გაციებულ ანგლო-საქსებთან ყოფნა ქართველებს არ გვინდა. ეს ყველამ გაიგოს. დენთის სუნი ტრიალებს ქვეყანაში და კახეთი ყველაფრისთვის მზად არის.

ემოციური საუბრის შემდეგ თელაველებმა სტალინის მამის _ ბესარიონ ჯუღაშვილის _ საფლავის მონახულება შემოგვთავაზეს. საღამო კახური, მადლიანი სუფრით დასრულდა. გვიმასპინძლა საამაყო თელაველმა, აკადემიკოსმა ედიშერ მამუკელაშვილმა. მასთან საუბრისას მივხვდით, ვისი გავლენა იგრძნობოდა გულანთებულ კახელებში, ვინ შთააგონებდა მათ, რა უნდა აკეთონ.

ედიშერ მამუკელაშვილი
ედიშერ მამუკელაშვილი

რა ქართველები ხართ, რა სული გაქვთ, რომ თქვენი სახელმწიფოს ძირითად კანონს სხვას აკონტროლებინებთ?!”

ედიშერ მამუკელაშვილი, აკადემიკოსი:

_ ჩემი ყველაზე დიდი გულისტკივილია საქართველოს მომავალი. საით მიდის საქართველო? ვინ არის ის, ვისაც ხელი ჩაუკიდია და მიჰყავს?

გვეუბნებიან, თავისუფალი ხართო, არადა, ხელისუფლების თქმით, კონსტიტუციას ვერ დაამტკიცებს, თუ ევროპამ არ დაადასტურა მისი სიზუსტე, ვენეციის კომისიამ თუ არ აღიარა. ვეკითხები მათ: რა ქართველები ხართ, რა სული გაქვთ, რომ თქვენი სახელმწიფოს ძირითად კანონს სხვას აკონტროლებინებთ?

არავის სურს, ხალხის ხმას, მისი გულისცემას მოუსმინოს.

მოვლენები შევაფასოთ ისე, როგორც არის, თავისი დადებითი და უარყოფითი მომენტებით. ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსი გვეუბნება, რომ საქართველო რუსეთის კოლონია იყო, მონა. გადავხედოთ 1921-დან 1990 წლამდე განვლილ პერიოდს და სინამდვილე დავინახოთ. დიდ რუსეთს სტალინი მართავდა, ადამიანებზე მაღლა მდგომი ადამიანი. ნუთუ მისი მმართველობის პერიოდში დიდ რუსეთს პატარა საქართველოსთვის რაიმეს გაბედვა შეეძლო?

საქართველოს საკმარისი ბიუჯეტი არასოდეს ჰქონია, ჩვენი ქვეყანა საკავშირო დოტაციაზე იყო, დიდი რუსეთი ინახავდა პატარა საქართველოს, თანაც _ საუკეთესოდ. ყველაფერი ტყუილია, რასაც უცხოელები სტალინზე გვეუბნებიან.

ვის სასიამოვნოდ ქადაგებენ ჩვენი პოლიტიკოსები, რომელ ნატოში შედიან, იქ, სადაც დახმარებისთვის საწევროს ფული უნდა გადავიხადოთ და თან არც ვიცით, დაგვეხმარებიან თუ არა? ჩვენ არ გვაქვს განცდა, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქენი ვართ. დღეს, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

2 COMMENTS

  1. ჩემო ძვირფასო კახელებო

    კახეთის შვილებო გემიდარებით კარგად გამიგეთ სანამ გვიან არ არის ფეხზე დადექით მთელი კახეთი ქუდზე კაცი…თორემ მთლად წაგვართმევენ სამშობლოს..აბა პატარა კახის შვილებო…წარმატებას გისურვებთ თქვენი იმედი ნუ მომიშალოს ღმერთმა. ვიცი თქვენი ალაალმართალი გულების ამბავი და ხმა აღიმაღლეთ სანამ გვიან არ არის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here