Home ახალი ამბები საქართველო წამმზომი ჩაირთო!

წამმზომი ჩაირთო!

267

”გაუმარჯოს ერთიან საქართველოს!” – ასე დაასრულა თავისი გამოსვლა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გორში 2024 წლის 14 სექტემბერს. ამ სიტყვების ექო არა მხოლოდ ცხინვალს, არამედ ბრიუსელსა და ვაშინგტონსაც მისწვდა. რა თქმა უნდა, მისწვდა მოსკოვსაც. ეს სიტყვები ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში, რადგან სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს ტერიტორიული გამთლიანებისკენ მიმავალი დროის ათვლა ანუ წამმზომი ჩაირთო. ბუნებრივია, დაგაინტერესებთ,  რას ვეყრდნობი, როდესაც ასე კატეგორიულ განცხადებას ვაკეთებ. რა არის საფუძველი ასეთი მტკიცე რწმენისა? – მკითხავთ თქვენ. –  ეპოქალური მნიშვნელობის ის გეოპოლიტიკური ძვრები, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობს, – გიპასუხებთ მე. ეს – ზოგადად,  კონკრეტულად კი…

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე  ჯერ კიდევ 2007 წელს განაცხადა: ”ერთპოლუსიანმა მსოფლიომ ვერ გაამართლა. ვერ გაამართლა იმიტომ, რომ, როგორც უნდა ალამაზონ ეს ტერმინი, საბოლოო ჯამში, იგი მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს. იგი არის ერთი სიუზერენის, ერთი ბატონის მსოფლიო, რომელიც საბოლოოდ დამღუპველია არამხოლოდ მათთვის, ვინც ამ ჩარჩოშია მოქცეული, არამედ თვითონ სიუზერენისთვისაც, რადგან ანგრევს მას შიგნიდან. ამას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან!”

ამ დღეს დაიწყო აშშ-ის ყოვლად უსამართლო და უზნეო ჰეგემონიის დასასრული. ეს იყო ამერიკელთა ბატონობისგან არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მსოფლიოს ხალხთა განთავისუფლების დასაწყისი. ამ პროცესს იმდენად დიდი დრო დასჭირდა, რომ იგი დღემდე არ არის ბოლომდე მისული, თუმცა ის კი ფაქტია, რომ ერთპოლუსიანი მსოფლიო უკვე წარსულის კუთვნილებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთპოლუსიანი მსოფლიოს ვითარებაში ჩამოყალიბებულმა სისტემებმა, რომლებიც იმ ეპოქისა და გეოპოლიტიკური ვითარების გამოძახილია, ისეთივე ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს, როგორსაც თვითონ ერთპოლუსიანი მსოფლიო განიცდის. ეს წინააღმდეგობაა, ბრძოლაა და ჭიდილია; ეს ომია, რომელმაც შესაძლებელია, გლობალური ხასიათიც კი მიიღოს, მაგრამ, თუ საპლანეტო კატასტროფა არ მოხდა, ისტორიულ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს.

ამერიკელებმა საკუთარი გაბატონებული მდგომარეობის გადარჩენის უპერსპექტივო საქმეს უკრაინა შეწირეს და საქართველოს შეწირვასაც აპირებენ (ამისთვის ამზადებენ სახელმწიფო გადატრიალებას), მაგრამ ესეც ისევე ვერ უშველის მის სულთმობრძავ ჰეგემონიას, როგორც უკრაინის შეწირვამ ვერ უშველა. უბედურება ისაა, რომ ჩვენთვის ეს იმაზე მეტად გამანადგურებელი იქნება, ვიდრე უკრაინისთვის არის. საბედნიეროდ, საქართველოს მართვის ბერკეტები დღეს დასავლეთის სპეცსამსახურების აგენტურის ხელში არ არის. იმიტომ ვერ განხორციელდა უკრაინიზაციის ვერაგული გეგმა საქართველოში, რომ ბიძინა ივანიშვილის ფიგურა კლდესავით აღიმართა მშვიდობის შესანარჩუნებლად. უკრაინის სისხლში ჩახრჩობა კი იმიტომ მოახერხეს ადვილად, რომ იქ ხელისუფლება დღემდე უცხოეთის აგენტურას უპყრია ხელთ. დასავლეთის აგენტურამ უკრაინელი ხალხი, როგორც ამბობენ-ხოლმე, საზარბაზნე ხორცად ანუ იმ მასალად აქცია, რომელიც მათ მიერ რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ ომში უნდა დაიწვას და დაიფერფლოს. ქართველი ხალხი კი ანალოგიურ ხვედრს თუ გადაურჩა, მხოლოდ იმის წყალობით, რომ დასავლეთის ქართული აგენტურა, ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით, თორმეტი წლის წინათ ჩამოსცილდა მართვის ბერკეტებს. დასავლეთში ცოფებს ყრიან და ყველა ღონეს ხმარობენ, რათა თავიანთი აგენტურა კვლავ მოაბრუნონ ხელისუფლებაში, თუნდაც სახელმწიფო გადატრიალების გზით. ამასობაში უკრაინის ველებზე უკრაინელ ფაშისტებსა და დასავლეთიდან შემოსეულ „ბოევიკებთან“ ერთად იწვის დასავლური საბრძოლო მძიმე ტექნიკა და ავიაცია, რომელთა ფრაგმენტები მოსკოვის ცენტრშია გამოფენილი, როგორც უმძიმესი, მაგრამ ამასთანავე უმნიშვნელოვანესი სანახაობა, როგორც თვალსაჩინო და უტყუარი დასტური ამერიკა-ევროპისა და ნატოს გარდაუვალი კრახისა.

ვერც უკრაინაში მიმდინარე უსაშინლესი პროცესი, ვერც საქართველოში დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალება და ვერც სხვა ვერაგული ჩანაფიქრები და პროვოკაციები დასავლეთს მარცხისგან ვეღარ იხსნის, რის აღიარებასაც, დიდი ხანია, მათი ექსპერტების, ანალიტიკოსებისა და ჟურნალისტური წრეების სერიოზული წარმომადგენლები აღარ ერიდებიან. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, უკრაინის კრიზისის გლობალურ ომში გადაზრდაა, მაგრამ აქაც ხომ გარანტირებული დაღუპვა ემუქრებათ და წავლენ ამაზე? არ ვიცი, რამდენად არის მათ ცხელ თავებში მომწიფებული ასეთი სიგიჟე, მაგრამ, ყველა სხვა გზას ისინი მარცხის მიმართულებით რომ მიჰყავს, ნათელია. აღმოსავლეთი არა მხოლოდ იღვიძებს, არამედ ძალასაც იკრებს და მსოფლიო პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური ცენტრის თავისკენ გადაქაჩვას იწყებს. არა, მსოფლიო უკვე ვეღარ დაუბრუნდება ღრმა სისტემურ კრიზისში შესული აშშ-ის დიქტატს, თუნდაც იმის გამო, რომ ამ სახელმწიფოს საამისო რესურსი (არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური, არც სამხედრო და არც იდეოლოგიური) არ გააჩნია. ერთადერთი, რაც მას თავზე საყრელად აქვს, თავხედობაა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის მსოფლიოს დასაპყრობად, ამიტომ მოდის (მოვიდა უკვე) ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც მსოფლიოს ყველა რეგიონს მეტ-ნაკლებად შეეხება, მათ შორის ყოფილ საბჭოეთსაც და, რა თქმა უნდა, ამიერკავკასიასაც. როგორ ფიქრობთ, რუსეთი საკუთარ უსაფრთხოებას უკრაინაში იმიტომ იცავს ომითა  და სისხლით, რომ ნატოს მისი რაკეტები კავკასიის რესპუბლიკებში განათავსებინოს? აბსურდული დაშვებაა! ნატოს არამხოლოდ უკრაინიდან, არამედ მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრციდან და, რაც მთავარია, აღმოსავლეთ ევროპიდანაც მოუწევს წასვლა. რუსეთმა დასავლეთს ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე გასაგებად განუმარტა, რომ ნატო უნდა დაუბრუნდეს 1997 წლის მდგომარეობას, ანუ იგი უნდა გავიდეს ბალტიის რესპუბლიკებიდანაც და ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების სახელმწიფოებიდანაც, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყაჩაღურად მიიტაცა და მიითვისა. ეს მოთხოვნა (თუ გნებავთ, ულტიმატუმი) ძალაშია და იგი აუცილებლად შესრულდება, რადგან რუსეთს ახლა სრულიად გახსნილი აქვს ხელ-ფეხი საკუთარი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის ბოლომდე აღსადგენად და დასაცავად.

აი, აქ მივადექით საქართველოს საკითხს. საქართველოსთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების მოწყვეტა რუსეთის სტრატეგიულ მიზნებში არასოდეს ყოფილა. ვითარება, რომელიც დღეს გვაქვს, ამერიკელების შექმნილია. ომი ჯერ აფხაზეთში, მერე ცხინვალის რეგიონში, რომლებსაც ამერიკელებისავე მეცადინეობით გაღვივებული აფხაზური და ოსური სეპარატიზმი ედო საფუძვლად, რუსეთსა და საქართველოს შორის მარადიული სიძულვილისა და მტრობის ჩამოსაგდებად სჭირდებოდათ, რათა დანარჩენი საქართველო ერთხელ და სამუდამოდ მოექციათ საკუთარი გავლენის ქვეშ. ამ მიზანს მათ მიაღწიეს, ოღონდ არა სამუდამოდ, არამედ დროებით. ახლა (უკრაინის განთავისუფლების პარალელურად) დგება ის პერიოდი, როდესაც ამერიკელთა ყოფნას ამიერკავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში საფუძველი ეცლება, ვინაიდან მსოფლიო გეოპოლიტიკური ვითარება რადიკალურად იცვლება. ამერიკელებს თანდათანობით გააძევებენ იმ ტერიტორიებიდან და რეგიონებიდან, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩაყლაპეს, მაგრამ ვერ მოინელეს. ამ სრულიად ახალ რეალობაში რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების არც აღიარება და, მით უფრო, ანექსია და მიერთება აღარ დასჭირდება. ეს მისთვის არათუ სასარგებლო არ იქნება, პირიქით, კონტრპროდუქტიულიც კი გამოვა. დღეს რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება. ამ მიზნისკენ კი ერთადერთი გზა მიდის – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს ის ვითარებაა, როდესაც საქართველოსა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ეს ვითარება საქართველომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვას ხელიდან.

ახლა კი კვლავ მივიდეთ იქამდე, რითაც ეს სტატია დავიწყე – ,,ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შეხვედრა გორში, სადაც ბიძინა ივანიშვილმა ისტორიული სიტყვა წარმოთქვა. ერთი მთავარი ამონარიდი ამ სიტყვიდან ასეთია: ”12 წელი დაგვჭირდა იმისათვის, რომ ნაბიჯნაბიჯ, საფუძვლიანად გამოგვერკვია ყველაფერი და 2008  წლის ტრაგედიისათვის პოლიტიკური შეფასება მიგვეცა. დღეს უკვე ხმამაღლა, ყოველგვარი მორიდების გარეშე ვსაუბრობთ ომის გამჩაღებელნაციონალურ მოძრაობაზე“, რადგან ხელთ გვაქვს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის უამრავი სამტკიცი. ჩვენ კარგად გავაცნობიერეთ, რომ ეს ყველაფერი იყო გარედან კარგად დაგეგმილი პროვოკაცია ქართველი და ოსი ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანი ჩვენი ერთიანობის გახლეჩა, ურთიერთობების განადგურება და დაუსრულებელი, ხელოვნური დაპირისპირების პირობებში არსებობა იყო;  არსებობა და არა თანაცხოვრება, რადგან  ჩვენი ქვეყნის მტრებმა  სწორედ ამ მოცემულობის შექმნა დაისახეს მიზნად, რაც, სამწუხაროდ, წარმატებით შეასრულა პასპორტით ქართველმა, საზრისით და სულით კი უსამშობლო აგენტურამ.

დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი, ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი. პირობას გაძლევთ, რომ ქართული ნიუნბერგის პროცესი ძალიან მალე ჩატარდება, ომელი აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა. ქართველების ერთერთი ღირსება ყოველთვის იყო რეალობისთვის თვალის გასწორების უნარი, როგორი მწარეც  უნდა ყოფილიყო ის.  საქართველოში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის ფონზე კიდევ უფრო ღრმად მწამს, რომ სწორედ საკუთარი შეცდომების აღიარება, ქართველებსა და ოსებს შორის საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის გახსენება იქნება იმ გზის დასაწყისი, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს ნდობის აღდგენის სურვილს გაუჩენს. 26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ, დავალების შესაბამისად, მოღალატენაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები. და რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების, ქრისტიანული რწმენის ერთერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავსმოხვეული ძმათამკვლელი დაპირისპირება ისტორიული ურთიერთპატიებით და გულწრფელი შერიგებით დასრულდება”.

ქრისტიანული ზნეობის საფუძველთა საფუძველი აღსარების თქმა და ცოდვათა მონანიებაა, ამიტომ თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ადამიანურ (თუ გნებავთ, ეროვნულ, რელიგიურ და სახელმწიფოებრივ) ურთიერთობებში ბოდიში ყველაზე ტევადი, ყველაზე მართალი და ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა, რადგან იგი სინანულის, გაფუჭებულის გამოსწორების სურვილისა და სიყვარულის აღდგენის მაუწყებელი ღვთაებრივი ნიშანია. ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად მიაგნო იმ ტონალობას, რომელ ტონალობაშიც ქართველები და ოსები, ქართველები და აფხაზები ერთმანეთს უნდა დაველაპარაკოთ. ეს ბოდიშისა და, როგორც ბიძინა ამბობს, ურთიერთპატიების ტონალობაა, რადგან ჩვენმა საერთო მტერმა, უვერაგესმა დასავლეთმა და მათმა აქაურმა აგენტურამ ორივე მხარე შეცდომებისა და შეცოდების მძიმე გზებით გვატარა.

ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც კარზე გვიკაკუნებს, აქამდე არასწორი ურთიერთობების გზით მიმავალ ხალხს – რუსებს, ქართველებს, აფხაზებს, ოსებს –  გვაფხიზლებს და სინანულის, ბოდიშის, პატიების, შერიგების, სიყვარულის მიმართულებით გვიბიძგებს. ბიძინა ივანიშვილის სიტყვა კი მხოლოდ პატრიოტულ სურვილთა სააშკარაოზე გამოტანად კი არა, ამ ახალი რეალობის ღრმა პოლიტიკურ ანალიზად და მომავლის სწორი ხედვის ბრწყინვალე დოკუმენტად დარჩება ისტორიას, რადგან საქართველოში ოცდაათი წლის წინათ დაწყებული რღვევისა და დაქუცმაცების შემდეგ რეალური შინაარსი პირველად შეიძინა ლოზუნგმა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილმა გორში მისი გამოსვლა დაასრულა: გაუმარჯოს ერთიან საქართველოს!“

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს ამის საწინააღმდეგოდ, დარწმუნებული ვარ, მოვლენები სწორედ ამ ლოზუნგის შესაბამისად განვითარდება. როგორც სტატიის დასაწყისში ვთქვი, საქართველოს გამთლიანების მიმართულებით დროის ათვლა დაიწყო და წამმზომიც ჩაირთო.

ვალერი კვარაცხელია

P. S.ყოფილი ამერიკელი მზვერავი სკოტ რიტერი იუთუბ არხ Dialogue Works -ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს: ”დასავლეთს რუსეთზე ზეწოლის სამხედრო ინსტრუმენტი აღარ დარჩა. ნატოს მთელი ტექნიკა ან ნადგურდება, ან რუსების ხელში გადადის. ჩვენ რატომღაც გვგონია, რომ რუსეთი სუსტია, მაგრამ პირიქით –  დასავლეთს უკვე არაფერი გააჩნია სიტუაციაზე გავლენის მოსახდენად”.

ვ. კ.

                                                                                                             

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here