მთავარი პოლიტიკა ძია სემის ნაკვალევი ცხინვალში

ძია სემის ნაკვალევი ცხინვალში

1264
გააზიარეთ
სააკაშვილი და ბუში

2008 წლიდან მოყოლებული, ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში, ამერიკულ მედიაში ყოველთვის ჩნდება რამდენიმე სტატია, რომლებიც შემდეგი მოსაზრების გამყარებას ემსახურება: “შეერთებულ შტატებს საქართველოში ომის დაწყებასთან არანაირი კავშირი არ აქვს”. გამონაკლისი არც აგვისტოს ომის მეათე წლისთავი გამოდგა.

ამჯერად “ამერიკის ხმამ” შემოგვთავაზა ინტერვიუ პრეზიდენტ ბუშის (უმცროსის) ყოფილ მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში _ სტივ ჰედლისთან, რომელმაც 2008 წლის მოვლენებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მაგალითად, რონალდ ასმუსი თავის გახმაურებულ წიგნში “პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო” აღწერს 2008 წლის 11 აგვისტოს თათბირს, რომელშიც ჯორჯ ბუში და დიკ ჩეინი მონაწილეობდნენ და რომელზეც როკის გვირაბზე ამერიკული ავიაციის მიერ იერიშის მიტანის საკითხი განიხილებოდა. ასმუსი აღნიშნავს, რომ განხილვის ინიციატორი სწორედ ჰედლი იყო, რადგან მას სურდა, გამოეწვია “ღია განხილვა და აეძულებინა ჩეინი და სხვები, პროტოკოლისთვის განცხადებები გაეკეთებინათ”. კონდოლიზა რაისი თავის მემუარებში წერს: შეხვედრა, ცოტა არ იყოს, რთულად სამართავი იყო. რუსების გამო ბევრი გულში მჯიღს იცემდა. ერთ მომენტში სტივ ჰედლი ჩაერია, რასაც იშვიათად აკეთებდა ხოლმე. ამ დროს იმაზე ლაპარაკობდნენ, თუ რით შეიძლება დაიმუქროს აშშ. “ერთი შეკითხვა მინდა დავსვა, _ თქვა ჰედლიმ თავშეკავებით, _ მზად ვართ იმისთვის, რომ საქართველოს გამო რუსეთს ვეომოთ?” ხმაური ჩაწყნარდა და მან ადგილი დაუთმო კონსტრუქციულ საუბარს, რის გაკეთება შეგვეძლო რეალურად”.

იმ ინტერვიუდან, რომელიც სტივ ჰედლიმ “ამერიკის ხმას” წელს მისცა, საქართველოში ყურადღება მიაპყრეს შემდეგ მონაკვეთს: “მახსოვს, ომამდე სააკაშვილის ვიზიტი თეთრ სახლში და ბუშთან შეხვედრა ოვალურ კაბინეტში. შეხვედრის შემდეგ მედიასთან პრეზიდენტმა ბუშმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა. როცა მედიის წარმომადგენლები ოთახიდან გავიდნენ და შეხვედრა მთავრდებოდა, პრეზიდენტი ბუში სააკაშვილთან მივიდა, მკერდზე თითი მიადო და უთხრა: რუსეთი არ გააღიზიანო, რუსეთს თავს ვერ გაართმევ, მე რუსეთისგან ვერ დაგიცავ გეოგრაფიის გამო”.

ახალი აქ, ალბათ, მხოლოდ “მკერდზე თითის მიდებაა”, თორემ მსგავსი შინაარსის განცხადება ადრეც არაერთ ამერიკელ მაღალჩინოსანს გაუკეთებია. კონდოლიზა რაისი, მისი თქმით, სააკაშვილს ასე მიმართავდა: რაც უნდა მოხდეს, არ მისცეთ რუსებს თქვენი პროვოცირების საშუალება. გახსოვდეთ, პრეზიდენტი ბუშიც ამბობდა, რომ მოსკოვი შეეცდება, სისულელე ჩაგადენინოთ. არ ჩაითრიოთ რუსეთის შეიარაღებული ძალები. ვერავინ დაგეხმარებათ და თქვენ დამარცხდებით”, _ ვუთხარი მე მკაცრად”.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ _ მეთიუ ბრაიზამ 2013 წლის ინტერვიუში თქვა: შეერთებული შტატები უწყვეტად, გარკვევით და მკაცრად ეუბნებოდა საქართველოს, რომ თბილისმა აზრადაც კი არ უნდა გაივლოს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება. ეს გზავნილი იყო მკაცრი და ზოგჯერ უხეშიც კი”. იმავეს ამბობენ პროცესში ჩართული ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნებიც, მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილი: “როდესაც 2005 წლის მაისში პრეზიდენტ ბუშს შევხვდით, ჩვენ პირდაპირ გვითხრეს: ნუ ჩაერთვებით სამხედრო კონფრონტაციაში. ჩვენ ვერ დაგეხმარებით სამხედრო გზით (ეს განცხადება 2008 წლის სექტემბერში გაკეთდა).

აქ შეიძლება გაჩნდეს კითხვა: თუ ბუში, რაისი და სხვა მაღალჩინოსნები აფრთხილებდნენ სააკაშვილს, რამ გაათამამა ის ასე? რატომ შეიქმნა სიტუაცია, რომელსაც მეთიუ ბრაიზა ასე აღწერს: “ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვიცი: ომის დროს ზოგიერთ ქართველ მაღალჩინოსანს არ სჯეროდა, რომ ჩვენ სამხედრო დახმარებას არ აღმოვუჩენდით”. მართალია, სააკაშვილი მენტალურად არასტაბილური პიროვნება იყო და, სავარაუდოდ, დღესაც არის, მაგრამ შეუძლებელია, მთელი ხელისუფლება ილუზიებში ცხოვრობდეს და მცირეოდენი ეჭვი არ გაუჩნდეს მოვლენების შესაძლო განვითარებაზე. სწორედ ამის გამო ომის დასრულების შემდეგ საქართველოში გაჩნდა ვარაუდი, რომ ამერიკელები რაღაცას მალავენ.

“შემაკავებელ განცხადებას” მხოლოდ პირველი პირები როდი აკეთებდნენ, მაგალითად, 2006 წლის 9 თებერვალს, აშშ-ის ელჩმა ეუთოში _ ჯული ფინლიმ მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, სიფრთხილით მოეკიდოს შერეული სამშვიდობო ძალების ეფექტიანობის საკითხის გადაწყვეტასთხოვნამ სამშვიდობო ძალების გაყვანის თაობაზე მათი ჩანაცვლების გარეშე შეიძლება დესტაბილიზაცია გამოიწვიოს”. იმავე წლის 1 ივნისს მეთიუ ბრაიზამ გააფრთხილა საქართველოს ელჩი აშშ-ში _ ვასილ სიხარულიძე, რომ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს ემოციური და კონფრონტაციული რეზოლუცია აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების შესახებ, თორემ არც აშშ, არც მეგობართა ჯგუფი და არც გაერო საქართველოს მხარს არ დაუჭერს (სიხარულიძის წერილი საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ 2013 წლის მარტში გია ვოლსკიმ გაასაჯაროვა). იმავე წლის სექტემბერში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის _ პიტერ სემნების თქმით, დასავლელმა პარტნიორებმა სააკაშვილისგან მოითხოვეს, რომ გაეროს გენასამბლეაზე გამოსვლისას ზომიერება გამოევლინა და რუსული სამშვიდობო ძალების გაყვანის კონკრეტული ვადები არ დაესახელებინა.

მსგავსი რამ არა მხოლოდ 2006, არამედ 2007 და 2008 წლებშიც ხდებოდა და ბუშის ადმინისტრაციას, ერთი შეხედვით, 100%-იანი, საბუთებით გამყარებული ალიბი აქვს. რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, 2008-ში მოსკოვმა არაერთგზის მიანიშნა ამერიკელების დესტრუქციულ როლზე, ეს თემა არაერთ სტატიაში თუ კომენტარში გაიშალა, თუმცა შემდგომ, “გადატვირთვისპერიოდში, კრემლმა ის დღის წესრიგიდან მოხსნა. 2013 წლის აგვისტოში კორესპონდენტის კითხვას _ “იყო ეს საერთო ქართულ-ამერიკულ გეგმა თუ საქართველოს პრეზიდენტის პირადი ავანტიურა?” _ რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ასე უპასუხა: “არ ვიცი, მაგრამ გამოვდივარ იქიდან, რომ აშშ დიდი, ძალიან მძლავრი სახელმწიფოა, რომელიც მსოფლიოში ატარებს თავის ინტერესებს. არ მგონია, რომ აშშ-ის ინტერესებს პასუხობდა ასეთი ერთობლივი, სწორხაზოვანი პარტია სააკაშვილთან, რომელიც ასე სამარცხვინოდ დასრულდა. ერთია, გარკვეული მდგომარეობა, როდესაც ყველაფერი ბოლომდე არ ითქმის, და სხვაა სიტუაციის გათამაშება ერთობლივი თამაშის რეჟიმში. ვფიქრობ, რომ ეს, სულ ცოტა, “შემსრულებლის ექსცესია”.

მიხეილ სააკაშვილს არასოდეს მოსწონდა, რომ მას კლინიკურ იდიოტად წარმოაჩენდნენ, რომელსაც არ ესმოდა, რას ეუბნებოდნენ ამერიკელი პარტნიორები. 2013 წლის გაზაფხულზე, როდესაც დაპატიმრების პანიკურმა შიშმა შეიპყრო, სააკაშვილმარუსთავი 2”- ძალიან უცნაური ინტერვიუ მისცა, რომელშიც ოფიციალური ამერიკული ვერსიის საპირისპირო განცხადებები გააკეთა. მაგალითად, მან თქვა შემდეგი რამ ამერიკულ ხომალდზე, რომელიც, ვაშინგტონის განცხადების თანახმად, საქართველოში ჰუმანიტარული მისიით შემოვიდა: მართლა წყლის ჩამოსატანად ხომ არ ჩამოსულა, ხო?” “მითხრა მე ჩეინიმ, რომელიც ჩამოვიდა მერე, შენ ხომ იცი, რომ ამ იმაზე სასმელი წყალი არ ყოფილა (სტილი დაცულია). იქვე იყო ჩეინის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო მონაკვეთი, სააკაშვილმა თითქოს სთხოვა, გაეხსენებინა 11 აგვისტოს (ასმუსის მიხედვით) თათბირი და აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ბუნდოვანი პასუხი გასცა: “როგორც ვიხსენებ, ალბათ, ასეაო და მე ვუთხარი, თუ შეიძლება, მაშინ კარგად გაიხსენეთ კიდევ და კარგი იქნება, რომ მემუარებში ან სადმე საჯაროდ ახსენოთ”. კომენტატორების ნაწილმა ამ ინტერვიუში შანტაჟის ნიშნები დაინახა _ სააკაშვილმა თითქოს მიანიშნა ამერიკელებს, რომ აგვისტოს ომში მათ როლზე შეიძლება გაცილებით სკანდალური რამ თქვას, იმ შემთხვევაში, თუ არ დაეხმარებიან, ქართულ მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს.

დიკ ჩეინის ფიგურა აგვისტოს ომის კონტექსტში ერთ-ერთი საკვანძოა, ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სწორედ მისგან ან მისი გარემოცვიდან მოდიოდა სიგნალები, რომლებმაც სააკაშვილი ჭკუიდან გადაიყვანა და შეუსაბამო მოლოდინები შეუქმნა. როგორც განაცხადა ერთ-ერთმა საუკეთესო სპეციალისტმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების საკითხებში _ ლინკოლნ მიტჩელმა “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში, მათ რეალურად შეეძლოთ, მოეძებნათ ვაშინგტონში ადამიანები, რომლებისგანაც შეიტყობდნენ იმას, რის გაგებაც სურდათ. ალბათ, ასეც იყო. რა დონეებზე იყვნენ ისინი, ვინც ასეთ სიგნალებს იძლეოდა, არ ვიცი. იყო ეს აშშის ვიცეპრეზიდენტი დიკ ჩეინი? _ არ ვიცი. იყო ვინმე დიკ ჩეინის აპარატიდან? _ შესაძლებელია. იყო რომელიმე ეროვნული უშიშროების საბჭოდან? _ ესეც შესაძლებელია. იყო ეს კონდოლიზა რაისი? _ არა. იყო ეს ჯორჯ ბუში? _ არა. იყო ეს მაშინდელი ელჩი საქართველოში _ ჯონ ტეფტი? _ არა”. ამაზე უფრო მკაფიო მინიშნებას დოკუმენტური მტკიცებულებების გარეშე მიტჩელი, ცხადია, ვერ გააკეთებდა. ამ კომენტარისადმი შეიძლება ერთი საინტერესო კითხვა გაჩნდეს: ეს ადამიანები სააკაშვილმა იპოვა ვაშინგტონში თუ პირიქით _ მათ იპოვეს სააკაშვილი, დაეხმარნენ ხელისუფლებაში მოსულიყო, შემდეგ კი არაადეკვატური მოლოდინები შეუქმნეს?

ფაქტია, რომ 2007 წლის მიწურულს სააკაშვილი უკვე ალტერნატიულ რეალობაში იყო გაჭრილი: “შემდეგ ზამთარს უფრო თბილი კლიმატის პირობებში გავატარებთ, ჩვენ შინ დავბრუნდებით, მე ამას გპირდებით და ამის გარანტიას ვიძლევი, არასოდეს აქამდე ასე კონკრეტულად არაფერი მითქვამს” (2007 წლის 28 ნოემბერი, შეხვედრა დევნილებთან).

“5 იანვარს ყველაფერი კარგად ჩაივლის და ჩვენ, ყველანი, მივიღებთ ბილეთს თბილისისოხუმის მატარებელზე (2007 წლის 1 დეკემბერი, წინასაარჩევნო კონცერტი ვარკეთილში). “ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი და დარწმუნებული ვარ, 5 იანვრის არჩევნების კარგად ჩატარების შემთხვევაში, ეს არის მართლა კვირებისა და თვეების საკითხი. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, ამაზე ზუსტი ინფორმაცია მაქვს”, “რუსებს წამოსცდათ რამდენჯერმე, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებთ. ეს მათ წამოსცდათ” (2007 წლის 4 დეკემბერი, შეხვედრა სტუდენტებთან).

საქართველოს უდიდესი ტრაგედია არის ის, რომ საზოგადოებას არ შეუძლია, დანამდვილებით დაადგინოს, რა იყო მის თავს დატრიალებული უბედურების მთავარი მიზეზი _ არაადეკვატური პოლიტიკოსის ილუზია თუ გაცილებით გამოცდილი ადამიანების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის განსახორციელებლად სპეციალურად შეარჩიეს სუსტი ფსიქიკის მქონე პიროვნება, რათა პასუხისმგებლობა მისთვის დაეკისრებინათ.

ლუკა ნემსაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here