Home რუბრიკები პოლიტიკა ძველი გვარდიის ახალი თავგადასავლები

ძველი გვარდიის ახალი თავგადასავლები

2922
ძველი გვარდიის ახალი თავგადასავლები

ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და დაპირისპირებული ძალები ცდილობენ, მომხრეების მაქსიმალური მობილიზება უზრუნველყონ. “ნაცმოძრობისმთავარი ამოცანა იმ ამომრჩევლების უმტკივნეულო გადაბირებაა, რომლებმაც პირველ ტურში დავით ბაქრაძეს მისცეს ხმა. ეს არც ისე იოლია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. “ქართული ოცნებისთვისკი ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია იმედგაცრუებული მხარდამჭერების კონსოლიდაცია. ივანიშვილის გახმაურებული მიმართვა და თანმდევი ღონისძიებები სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.

სულ რაღაც ერთი თვის წინათ გიგი უგულავამ ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილს: “ვინც მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის, ის სამუდამოდ დაკარგავს მას. ისტორიას კი გაუთავებელ “მე, მე, მე, მე”-ს შემოუნახავთ, როგორც ექსპონატს ადამიანური და პოლიტიკური დეგრადაციის”. ეხლა კი, როდესაც გასულ კვირას ერთმანეთს ფინეთის დედაქალაქში შეხვდნენ, ეს ეპიზოდი არ გახსენებიათ და ყველანაირად ცდილობდნენ ხაზი გაესვათ იმისთვის, რომ “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით გამოდიან.

მათი მოწინააღმდეგეებისთვის გასაკვირი ამაში არაფერია. ისინი ყოველთვის ამბობდნენ, რომ ეს ორი პარტია “ერთი და იგივეა”, ხოლო მათი გაყოფა _ პოლიტიკური თამაში, მაგრამ იმ (თითქმის) 175 ათას ხმას შორის, რომელიც დავით ბაქრაძემ პირველ ტურში მიიღო, არის იმ ამომრჩევლების ხმებიც, რომლებსაც არ სურთ “ნაცმოძრაობასთან”, გრიგოლ ვაშაძესა და მის წარსულთან საერთო ჰქონდეთ. მათი ნაწილი ლიბერალური ორიენტაციის ე.წ. შუაშისტია, ნაწილმა კი თავის დროზე დაპირისპირება “ნაცმოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის სრული სერიოზულობით აღიქვა. ის ხშირად “მოდელირებულ” ხასიათს ატარებდა და, უპირველესად, “ევროპულ საქართველოს” სჭირდებოდა, რათა საკუთარი თავის, როგორც დამოუკიდებელი ძალის, პოზიციონირება მოეხდინა, მაგრამ მყისიერმა “ჩახუტებამ” “ევრონაციონალების” რიგებში მაინც გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია.

“ევროპული საქართველოს” გორის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა და გორის საკრებულოს წევრმა _ ზვიად საბანაძემ, ათამდე სხვა აქტივისტთან ერთად, პარტიის რიგები დატოვა: ჩემთვის ცნობილი იყო, რომევროპულ საქართველოსარანაირი კავშირი აღარ ჰქონდანაციონალურ მოძრაობასთან”, მაგრამ ყველაფერს ფარდა აეხადა. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მიუღებელიანაციონალურ მოძრაობასთანერთად მუშაობა და ვტოვებთევროპულ საქართველოს”. ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ეპიზოდია, მაგრამ, საბანაძის გარდა, ასე შეიძლება სხვებიც ფიქრობდნენ და ეს ამა თუ იმ ფორმით ვლინდება კომენტარებში, რომლებიც მედიასა და სოცქსელებში კეთდება.

“ევროპული საქართველოს” ლიდერებმა ბევრი დრო და რესურსი დახარჯეს იმის დასამტკიცებლად, რომ მათი პარტია “ნაცმოძრაობისგან” განსხვავებული ძალაა. “ჩახუტების პოლიტიკა” ამ მხრივ სადღაც უკან, დაახლოებით 2017 წლის პირველ ნახევარში, აბრუნებს, როდესაც მათ პარტიას “ცალკე მოვლენად” არ აღიქვამდნენ. ამიტომ ისინი გამუდმებით იმეორებენ, რომ ალიანსი “ნაცმოძრაობასთან” დროებითია და ღირებულებებზე უარის თქმას არ გულისხმობს. გასულ კვირას ბოკერიამ თქვა, რომ მათი მთავარი მიზანი არის “მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება, რომელსაც საარჩევნო რეფორმა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უნდა მოჰყვეს, რათა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდეს ისეთი ძალაუფლება, როგორიც ჰქონდა “ნაციონალურ მოძრაობას” “ვარდების რევოლუციის” შემდეგ და, მით უმეტეს, ივანიშვილს დღეს. ეს თქვა გიგი უგულავამ და ეს პოზიცია არაერთხელ დავიკავეთ საჯაროდაც. ამის შემდგომ “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა” კვლავ ოპონენტები იქნებიან, ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ და შემდეგ ქართველი ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ _ ოპოზიციაში”.

“ევროპული საქართველო”, სავარაუდოდ, არ წავიდოდა მისი იმიჯისთვის საზიანო “ჩახუტებაზე”, გამარჯვებისა და ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი რომ არ ჰქონოდა ზემოთ ჩამოთვლილი სამი ეტაპის გავლის შემდეგ: ა) ვაშაძის გამარჯვება; ბ) პროპორციულ სისტემაზე გადასვლა; გ) საპარლამენტო არჩევნების მოგება. ბოლო შემთხვევაში, სავარაუდოდ, იგულისხმება “ნაციონალური პარტიების” მიერ ხმების 50%-ზე მეტის მიღება, რაც მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას მისცემს. საინტერესოა ბოკერიას განცხადების დასკვნითი ნაწილიც (“ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ _ ოპოზიციაში”). ბოლო პერიოდში ნაციონალები ორივე ბანაკიდან არცთუ იშვიათად, დიდი მონდომებით აღწერენ სოცქსელებში ალტერნატიულ რეალობას “გამარჯვების შემდეგ” და “ფაქტობრივ ორპარტიულობას” “ნაცმოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დომინირებით. ალბათ იგულისხმება, რომ ერთი მემარჯვენე-პოპულისტურ ლოზუნგებს გამოიყენებს, მეორე კი _ ლიბერალურს, ხოლო “ქართული ოცნება” მარცხის შემდეგ დაიშლება. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ ვარიანტს ნაციონალები რეალურად მიიჩნევენ და ვარაუდობენ, რომ “ოცნება” “მოქალაქეთა კავშირის” მსგავსად აორთქლდება, ხოლო სხვა, მათგან დამოუკიდებელ, ძლიერ (განსაკუთრებით კი კონსერვატიულ) პარტიას, უბრალოდ, შექმნისა და გაძლიერების შესაძლებლობას არ მისცემენ. კაცმა რომ თქვას, ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, ნამდვილად არაა გამორიცხული, პროცესი ადრე თუ გვიან ისეთი შედეგით დაგვირგვინდეს, რომელიც ცოტა ხნის წინათ საზოგადოების უდიდეს ნაწილს წარმოუდგენლად მიაჩნდა.

იმ პარტიის ლიდერმა კი, რომელმაც საქმე აქამდე მიიყვანა, გასულ კვირას მოსახლეობას დაშვებული შეცდომებისთვის, ფაქტობრივად, პატიება სთხოვა, მნიშვნელოვანი ცვლილებები დააანონსა და “ძველ გვარდიას” მიმართა, “მათ, ვინც შეუძლებელი შეძლეს 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში”: საქართველოს კიდევ ერთხელ დასჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო გმირობა. მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ”, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ეს განცხადება მიუთითებს იმაზე, რა ძალებზე დაყრდნობას ცდილობს ივანიშვილი და რა მოტივების მიმართ აპელირებს. კარგად ჩანს, რომ ის, უპირველესად, იმ აქტივისტებს მიმართავს, რომლებიც გაღიზიანებული არიან იმის გამო, რომ გამარჯვების შემდეგ პარტიამ ისინი არ დაასაქმა, მატერიალური პრობლემები არ მოუგვარა და არა იმ იდეალისტებს, რომლებსაც ეს არ აინტერესებდათ და სააკაშვილის რეჟიმს მისი არაადამიანური ბუნების გამო ებრძოდნენ. შემდგომმა მოვლენებმა სიტუაცია კიდევ უფრო ტრაგიკომიკური გახადა. თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა: “არასოდეს დამიტოვებია გვარდია!” და ათასობით ადამიანმა, რომელმაც ძველ რეჟიმთან ბრძოლაში თავი არ დაზოგა, ალბათ, გაიფიქრა, რომ ეს რაღაც სხვა გვარდიაა და მასთან საერთო არაფერი აქვთ. ამას დაემთხვა ასპარეზზე გიორგი კვირიკაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის გამოჩენა, დაბალი და საშუალო რგოლის პარტმუშაკების გააქტიურება და ა.შ.

აქ მნიშვნელოვანია ტერმინოლოგიური ნიუანსი _ ივანიშვილმა არა ძველი ოპოზიციური მოძრაობის, არამედ “ქართული ოცნების” “გვარდიას” მიმართა და სწორედ მისი წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. არადა, კრიტიკული სიტუაცია, ალბათ, მოითხოვდა, იმ ადამიანებისთვის მიემართა, რომლებიც სააკაშვილს “ოცნების” შექმნამდე ებრძოდნენ და ამისთვის გასამრჯელო არ მოუთხოვიათ _ მათი იდეალიზმი გაცილებით წონიანი სამობილიზაციო რესურსია, ვიდრე პარტიული მუშაკების მერკანტილური გათვლები. ზოგიერთმაძველგვარდიელმალამის პირდაპირ ეთერში დაიწყო ივანიშვილთან ვაჭრობა და მიანიშნებდა, რის სანაცვლოდ დაეხმარება მმართველ პარტიას. მთლიანობაში, ეს იყო გასროლა სწორი მიმართულებით, მაგრამ ტყვია მიზანს ასცდა, შესაძლოა იმიტომ, რომ ივანიშვილი დღესაც კი “2012 წლის იდეალისტებს” შიშით და უნდობლობით უყურებს, რადგან გრძნობს, რომ მათ ბოლომდე ვერასოდეს გააკონტროლებს. აღსანიშნავია, რომ 2016-17 წლებში სწორედ ამ ადამიანების კრიტიკამ შექმნა წინაპირობები ხელისუფლების რეიტინგის დაცემისთვის, რადგან “ქართული ოცნების” ძველი ამომრჩეველი არ ენდობოდა “ნაციონალების” პროპაგანდას, მაგრამ უსმენდა მათ, ვისაც თანამებრძოლად თვლიდა.

7 ნოემბერს ჩატარებულმა აქციამ და სხვა ღონისძიებებმა ნათლად აჩვენა, რომ ხელისუფლება პასიური ამომრჩევლების მობილიზებას უპირველესად თბილისში ცდილობს. ადგილობრივ საზოგადოებას, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში, სააკაშვილი არასოდეს მოსწონდა და (არსებითად) მიიჩნევდა, რომ მის მიმდევრებს სოციალური პირამიდის ამოყირავება სურთ. მთავარი გამაერთიანებელი იდეა ამ შემთხვევაში არის არა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა, არამედ მისი კონკურენტის (და სააკაშვილის სასტიკი რეჟიმის რესტავრაციის) შეჩერება. ნაციონალები, როგორც ჩანს, ხედავენ, რომ ხელისუფლების პროპაგანდა ამ მიმართულებით ასე თუ ისე მუშაობს, ამიტომ თითქმის ყოველდღე ირწმუნებიან (ვაშაძე იქნება, ბოკერია თუ სხვა), რომ ძველი რეჟიმი არ დაბრუნდება და ახალ ხელისუფლებას განსხვავებული ფორმატი და მართვის სტილი ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” ამ შემთხვევაში სწორი მიმართულებით მიდის (ამას უნდა დავუმატოთ ახალი სოციალური პროგრამების დააანონსებაც) მთლიანობაში მისი კამპანია კვლავინდებურად მოუქნელია, მას ბევრი შეცდომა ახასიათებს. ვერაფერს ვიზამთ _ ნეპოტიზმით შედუღაბებული კლეპტოკრატიული “ვერტიკალი”, უბრალოდ, ვერ ქმნის კრეატიულ იმპულსებს და უპირატესობის მიღწევას ისევ და ისევ ჭარბი რესურსების ხარჯზე ცდილობს. ძნელია, ამას უწოდო სხვა რამ, პოლიტიკური იმპოტენციის გარდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე “ქართული ოცნების” კანდიდატის შანსები ოდნავ უფრო მაღალი ჩანს, სტრატეგიულად ივანიშვილის პარტია მარცხდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის “ინერციით” საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს მოიგებს, მისი პერსპექტივები პოსტსაარჩევნო კვირებში და საზოგადოდ 2018-20 წლების პერიოდში ფრიად არასახარბიელოდ გამოიყურება.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here