მთავარი დაიჯესტი ცრუ უფლისწული, რომელიც აბითურებდა უმდიდრეს ადამიანებს და ცნობილ პიროვნებებს, 18 წლით ციხეში...

ცრუ უფლისწული, რომელიც აბითურებდა უმდიდრეს ადამიანებს და ცნობილ პიროვნებებს, 18 წლით ციხეში ჩააყუდეს

306
გააზიარეთ
ცრუ უფლისწული, რომელიც აბითურებდა უმდიდრეს ადამიანებს და ცნობილ პიროვნებებს, 18 წლით ციხეში ჩააყუდეს

შარვალგამოხეული ღატაკი გრანდიოზული აფერებით ზღაპრულად გამდიდრდა.

უცნაური გზავნილები, რომლებიც ელექტროფოსტით გვაცნობებს, რომ უთვალავი სიმდიდრის პატრონი გავხდით, ბევრ ჩვენგანს მიუღია. წლების განმავლობაში ამსასიამოვნო შეტყობინებებითდაკავებული იყო ერთი კონკრეტული კაცი. გაგიკვირდებათ, მაგრამ ერთი თაღლითი ახერხებდა მიამიტი ადამიანების (რომლებიც ინტერნეტისპარალელურ რეალობაშიატარებენ ცხოვრების უმეტეს ნაწილს) გაბითურებას 30 წლის განმავლობაში. ეს კაცი ამხილეს, დააპატიმრეს და პასპორტის წარდგენა უბრძანეს (როგორც იმ ოდესელ წიწილას, რომელსაც უნდოდა დიდხანს ცხოვრება, მაგრამ შეწვამოხარშვისთვის იყო განწირული). ამ დღეებში განაჩენიც გამოუტანეს.

მარკ ტვენის ცნობილ რომანში “უფლისწული და ღატაკი” ორი მთავარი გმირი მოქმედებს, რომლებიც, ავტორის ნებას დამორჩილებულები, როლებს შეიცვლიან. ჩვენს ამბავში კი საოცარი ტრანსფორმაცია ერთადერთმა პერსონაჟმა განიცადა, რომელიც ღატაკ კოლუმბიაში დაიბადა და _ მისი სამეფო უდიდებულესობა, უფლისწული ჰალიდ ბინ ალ-საუდი გახდა. ამ სახელით მსოფლიოში გაიფორმა მრავალმილიონიანი კონტრაქტები, წამოიწყო კოსმოსური მასშტაბის პროექტები, მუქთად ჭამდა და სვამდა საუკეთესო რესტორნებში, დასრიალებდა ლუქსის კლასის ავტომანქანებით, რომლებსაც დილერები უფასოდ მიართმევდნენ.

ამასთანავე, როგორც შინაურებს, ისე ურეკავდა ბილ გეიტსს, ბარაკ ობამასა და ბილ კლინტონს. და უკმაყოფილოდ ჩაიბუზღუნებდა ხოლმე თეთრ სახლში ტრამპის მორიგ მიწვევაზე _ გამიჭირა საქმეო.

თავისი ლამაზი ცხოვრების შესახებ ანგარიშს “ინსტაგრამში” აქვეყნებდა.

ჩვენი გმირის ამალაში შედიოდა პირადი მცველებისა და უნიფორმაში გამოწყობილი მომსახურე ქალების რაზმი, რომლებსაც ეკრძალებოდათ დაჯდომა, თუ იმ დროს მათთან იმყოფებოდა “მისი უდიდებულესობის” საყვარელი, ჩიხუახუას ჯიშის ძაღლი სახელად ფოქსი. ეს შობელძაღლი ბრილიანტებით მოკაზმული საყელურით იყო დამშვენებული და ძაღლების სამგზავრო კომფორტული პერსონალური გალიით გადაადგილდებოდა სეირნობის ჟამს. ეს გალია 2690 აშშ დოლარად იყიდება.

ამ ძაღლის პატრონი აცხადებდა, რომ იგი (პატრონი და არა ძაღლი) ჰარვარდის კურსდამთავრებული იყო; ირწმუნებოდა, რომ სწავლობდა კერძო სკოლაში როკფელერებისა და როტშილდების შთამომავლებთან ერთად; ცხოვრობდა პენტჰაუზში, ნუვორიშების საყვარელ ფიშერის კუნძულზე, მაიამის მახლობლად; დროს ატარებდა საკუთარ იახტაზე, “ინსტაგრამში” აქვეყნებდა თავისი უზრუნველი ცხოვრების ფოტოებს.

“როგორ ახერხებდა?” _ იკითხავთ თქვენ.

“უნდა იცოდეთ, როგორ”, _ გიპასუხებთ ჩვენი გმირი.

“საუდის უფლისწულის” ნამდვილი სახელი და გვარია ენტონი ენრიკე ჟინიაკი. დაბადებულია 1970 წელს კოლუმბიის ბოგოტას ერთ-ერთ უღარიბეს რაიონში. ბედმა გაუღიმა ობოლ და უსახლკარო ბიჭს, რომელიც ვიღაც ნაძირალებმა ხუთი წლისა გააუპატიურეს და ექვსი წლის ენტონი, თავის სამი წლის ძმასთან ერთად, ამერიკელების ოჯახმა იშვილა. მალე ოჯახი მიჩიგანში გადასახლდა.

შემდეგ კი თავისი როლი ითამაშა არნახულმა თავხედობამ, რომლითაც ჩვენი გმირი უხვად იყო დაჯილდოებული. მან შეისწავლა ინგლისური და შეძლო თანატოლების დარწმუნება, რომ დედამისი ძვირადღირებული სასტუმროს მფლობელია, მამა _ ცნობილი მსახიობი.

მშობლების გაყრის შემდეგ შანტაჟით აიძულა არაბების ოჯახი, ეკისრა მასზე მეურვეობა; დაარწმუნა, რომ უფლისწულია, რომ მათ ეს უნდა ეღიარებინათ, თორემ საიდუმლო პოლიცია მათ მამას დასჯიდა. მოგვიანებით ენტონიმ ახალი ილეთი აითვისა: ყველას ეუბნებოდა, რომ ჰომოსექსუალური კავშირი ჰქონდა საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრებთან, რომლებისგანაც იღებდა ფულს დუმილის სანაცვლოდ. და რადგან ჰომოსექსუალიზმი ამ ქვეყანაში უმკაცრესად იდევნება, ეს ადამიანები იძულებულნი არიან, მთელი ცხოვრების განმავლობაში მატერიალურად უზრუნველყონ იგი.

დროთა განმავლობაში ცნობილ სახეებს ამოფარებულმა ვირტუოზული თაღლითური სქემები აითვისა: აბითურებდა საერთაშორისო ინვესტორებს; ეშმაკობითა და მოტყუებით არწმუნებდა ბანკების თანამშრომლებს, მიეცათ მისთვის არნახული კრედიტები, რომლებსაც, რასაკვირველია, არასოდეს აბრუნებდა.

არაერთხელ დაპირისპირებია კანონს, მაგრამ სასწაულებრივ გამომძვრალა ხაფანგიდან. ბოლოს 2017-ში დააკავეს. სულელურად ჩავარდა: ვახშმობის დროს რესტორანში შეუკვეთა შაშხი “პროშუტო”, რამაც მომსახურე პერსონალი დააეჭვა _ მუსლიმები ხომ ღორის ხორცს არ ჭამენ. აი, მაშინ გაირკვა, რომ ეს კაცი ცრუ უფლისწული იყო.

2018 წლის მაისში ენტონი ენრიკე ჟინიაკმა აღიარა დანაშაული, მაგრამ მალევე უარყო პირველი ჩვენება და მოითხოვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

ბოლოს განაჩენი გასაჯაროვდა: “საუდის უფლისწული” 18 წელიწადს ციხეში გაატარებს.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here