მთავარი პოლიტიკა ცივი ომი თუ ცხელი მშვიდობა?

ცივი ომი თუ ცხელი მშვიდობა?

გააზიარეთ
პუტინი-ტრამპი

7 ივლისს ჰამბურგში, სადაცდიდი ოცეულისსამიტი ჩატარდა, ერთმანეთს აშშისა და რუსეთის პრეზიდენტები შეხვდნენ. პუტინისა და ტრამპის საუბართან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გაკეთდა, მათ შორის საქართველოში, რადგან მიჩნეული იყო, რომ ორი ლიდერი ოდნავ მაინც გაფანტავს იმ საშიშ ბუნდოვანებას, რომელიც გლობალურ პოლიტიკაში სუფევს.

ეს შეხვედრა “დიდი ოცეულის” ფორმატს დაუკავშირდა, რომელიც იმთავითვე ანტიკრიზისული იყო. ის 90-იანების ბოლოს შეიქმნა, როდესაც მსოფლიო აზიის ფინანსური კრიზისის ნეგატიური შედეგების მინიმიზაციას ცდილობდა. ზოგიერთმა კომენტატორმა ეს გაიხსენა კიდეც და გამოთქვა იმედი, რომ რუსულ-ამერიკულ შეხვედრას ანტიკრიზისული ხასიათი ექნება, თუმცა მათი ოპტიმიზმი გადაჭარბებული აღმოჩნდა.

ჰამბურგში ჩასვლამდე დონალდ ტრამპი სიტყვით გამოვიდა ვარშავაში გამართულ “სამი ზღვის ინიციატივის” სამიტზე. ეს ფორმატი აღმოსავლეთ ევროპის 12 სახელმწიფოს აერთიანებს _ პოლონეთს, უნგრეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, ლიტვას, ესტონეთს, ლატვიას, სლოვენიას, ხორვატიას და ავსტრიას. ახალი გაერთიანების მთავარი სულის ჩამდგმელი პოლონეთის ხელისუფლებაა, აქტიურობით, აგრეთვე, ხორვატები გამოირჩევიან. ხორვატიის პრეზიდენტ კოლინდა გრაბარკიტაროვიჩის თქმით, მისი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის საკვანძო ელემენტი რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულების შემცირებაა. ხორვატია უკვე ავითარებს ორ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ამ პოლიტიკას ამყარებს _ თხევადი გაზის ტერმინალსა და ახალ ადრიატიკულ გაზსადენს. პოლონელები, თავის მხრივ, ზრდიან თავისი ტერმინალის შესაძლებლობებს ბალტიის ზღვაზე (ჩამოთვლილ 12 ქვეყანას 40 მილიარდი კუბმეტრი გაზი სჭირდება, ზემოთ ნახსენებ ტერმინალებს კი მაქსიმუმ 10 მილიარდის გატარება შეუძლია). იგულისხმება, რომ ეს და სხვა ახალი ტერმინალები “ახალი ევროპის” ჩრდილოეთსა და სამხრეთში ძირეულად შეცვლის სიტუციას რეგიონის ენერგომომარაგებაში.

თხევადი გაზის აქტიური ექსპორტი ტრაპმის ადმინისტრაციის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი სტრატეგია ითვალისწინებს ევროპის ტრადიციული ან პოტენციური მომმარაგებლების იზოლაციას და, შესაძლოა, სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ პრობლემები, რომლებიც ბოლო დროს აშშის მიმართ ტრადიციულად ლოიალურ ყატარს შეექმნა, რუსეთსა და ირანზე რომ არაფერი ვთქვათ.

“სამი ზღვის ინიციატივის” პირველ სამიტში, რომელიც ხორვატიაში გასული წლის სექტემბერში ჩატარდა, მონაწილეობა, ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა, ალბანეთმა, მაკედონიამ, ჩერნოგორიამ, კოსოვომ, თურქეთმა, აგრეთვე, აშშ-მა და ჩინეთმა მიიღეს. ყველაზე მოკლედ და გასაგებად ამერიკული სტრატეგიის არსი მაშინ ევროპაში ნატოს ჯარების ყოფილმა სარდალმა ჯეიმს ჯონსმა ჩამოაყალიბა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება იყენებს ენერგეტიკულ რესურსებს, როგორც ბერკეტს ევროპაზე ზემოქმედებისთვის, ამიტომ ევროპის ჩრდილოეთისა და სამხრეთის ენერგეტიკული ინტეგრაცია, “სამი ზღვის ინიციატივის” ფარგლებში მოწინააღმდეგეს მისივე იარაღით დაამარცხებს.

“სამი ზღვის ინიციატივა” არა მხოლოდ ენერგეტიკული პლატფორმაა, არამედ გეოსტრატეგიული მნიშვნელობის მქონე, ერთგვარი გამყოფი ზღუდე რუსეთსა და “ძველი ევროპის” ქვეყნებს შორის. მისი პერსპექტივები უნდა განიხილებოდეს ერთ კონტექსტში აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ისა და ნატოს სხვა ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერებასთან. ვარშავაში ტრამპის ვიზიტის დროს ხელი მოეწერა თითქმის 8 მილიარდი დოლარის მოცულობის შეთანხმებას პოლონეთისთვის “პეტრიოტის” ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებაზე. გუშინ კი უნგრეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიაზე დაიწყო მასშტაბური წვრთნა “სეიბრ გარდიან 2017”, რომელშიც მონაწილეობდა 25 ათასი სამხედრო 22 ქვეყნიდან, მათ შორის _ ქართული ასეული.

ვარშავაში ტრამპმა ისეთი განცხადებები გააკეთა, რომლებმაც გაფანტა ყოველგვარი ილუზია ახალგადატვირთვისშესაძლებლობაზე, თუკი ასეთი ჯერ კიდევ არსებობდა. “ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობა უკრაინაში და სხვა რეგიონებში, _ განაცხადა მან, _ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მტრულად განწყობილი რეჟიმების, მათ შორის სირიისა და ირანის, მხარდაჭერა”. ამ პრელუდიამ პუტინთან შეხვედრის წინ კონფრონტაციული ფონი შექმნა, თუმცა რჩებოდა რამდენიმე საკითხი, რომელთა გადაწყვეტა პროგრესზე საუბრის შესაძლებლობას შექმნიდა. ასეთად კომენტატორები, უპირველესად, განიხილავდნენ თანამშრომლობას სირიის მიმართულებაზე, სადაც “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციების შესუსტებამ შექმნა წინაპირობები პოლიტიკური დარეგულირების დაწყებისთვის. აქ მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ოპერატიული და სტრატეგიული საკითხები მანამ, სანამ კრემლი დარწმუნებულია, რომ აშშ მის იზოლირებას ცდილობს, ხოლო მხარეთა პოზიციები უკრაინის კრიზისში აბსოლუტურად განსხვავებულია; ვერანაირი, თუნდაც წარმატებული, კონსულტაციები სირიის (ან, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის) თაობაზე ვერაფერს შეცვლის.

საქართველო შორიაევროპული ფრონტისგანდასამი ზღვის ინიციატიავაშიარ მონაწილეობს, მაგრამ კრემლი მას აშშის პოლიტიკის ერთერთ გამტარებლად განიხილავს, რაზეც ივნისის ბოლოს განცხადება გრიგორი კარასინმა გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დრამატული მოვლენები ამჟამად უკრაინაში ვითარდება, ხოლო საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ მოახერხა, შეემცირებინა დაძაბულობა რუსეთთან ურთიერთობებში და ახალი ომის დაწყების ალბათობა, ჩვენი ქვეყანა ვერ ამოვარდება აშშრუსეთის ურთიერთობის საერთო ლოგიკიდან; გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ისფრონტისპირა სახელმწიფოდრჩება.

აგვისტოს ომის შემდეგ ორი მთავარი მოთამაშე სამხრეთ კავკასიაში აღმოჩნდა სიტუაციაში, რომელიც შეიძლება დავახასიათოთ, როგორც “პოზიციური ჩიხი”. რუსეთი და აშშ ბლოკავდნენ ერთმანეთს, რითაც შედარებით სუსტმა მოთამაშეებმა ისარგებლეს. თუ აშშ-ისა და რუსეთის მდგომარეობის მხრივ სამხრეთ კავკასიაში ბოლო წლებში არსებითად არაფერი შეცვლილა, ევროკავშირმა და ჩინეთმა საქართველოში გავლენის სფეროები მნიშვნელოვნად გააფართოვეს. ეს არ იყო შესაძლებელთაგან ყველაზე ცუდი ვარიანტი, რაზეც ბრძოლის ველად ქცეული უკრაინის გამოცდილება მიუთითებს. მაგრამ “პოზიციური ჩიხი” შეუძლებელს ხდიდა, როგორც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტას, ისე უსაფრთხოების მყარი გარანტიების მოპოვებას. რაც მთავარია, ეს იყო (და არის) დროებითი, ტრანზიტული მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად შეიცვლება მას შემდეგ, როდესაც ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე დასუსტდება, რეგიონის მიმართ ინტერესს დაკარგავს ან ურთიერთობა აშშ-სა და რუსეთს შორის ღია კონფრონტაციაში გადავა (ბოლო დროს ამის არაერთ ნიშანს ვხედავთ). ფაქტობრივად, საქართველო ცხოვრობს ვულკანზე, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წუთს ამოქმედდეს, რაც ნამდვილად უშლის ხელს მის მდგრად განვითარებას და შესაბამისი განწყობის გავრცელებას. მარტივად რომ ვთქვათ, ქართველებს მომავლის ეშინიათ, უპირველესად იმიტომ, რომ მას გაცილებით მეტ უარყოფით მოლოდინს უკავშირებენ, ვიდრე დადებითს.

გასულ კვირას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტებმა ევროპარლამენტს მიმართეს და მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება სთხოვეს, რომელშიც კიდევ ერთხელ დაფიქსირდება მოწოდება ევროკავშირის საბჭოს მიმართ, რომ ამ სამ ქვეყანას, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, წევრობის პერსპექტივა გაუხსნას. ამ მუხლის თანახმად, ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო, რომელიც მის ღირებულებებს იზიარებს.

სამ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას ევროკავშირის წევრობისგან ძალიან დიდი მანძილი აშორებს, თუმცა ეს განცხადება, ალბათ, უპირველესად, ფსიქოლოგიურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ნატოში გაწევრების ან თუნდაც მაპ-ის მინიჭების დაპირება დღეს აღარ მუშაობს; მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პროცესი დაბლოკილია, საყოველთაოდ გავრცელდა. ევროასოცირებასთან და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული დისკუსიები მთლიანობაში დასრულდა _ ორივე არა მომავალს, არამედ წარსულსა და აწმყოს უკავშირდება. შესაბამისად, დღეს არ არსებობს მკაფიო სიგნალი დასავლეთიდან, რომელიც დაეხმარება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ხელისუფლებებს, შექმნან ბედნიერი მომავლის სურათი, რომელიც ამომრჩევლებს მოიზიდავს. მათ სჭირდებათ შთამბეჭდავი ოცნება ან თუნდაც ხარისხიანი ილუზია, რომლის მოწოდება, ევროპელებისგან განსხვავებით, ამერიკელებს ამ ეტაპზე არ ძალუძთ, რადგან უმცროსმა ბუშმა და სააკაშვილმა ნატოში სწრაფი გაწევრების დაპირება გაუაზრებლად გასცეს და არასათანადოდ გამოიყენეს.

ჯერჯერობით არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკელები მზად არიან, საქართველოს “ნატოს ფარგლებს გარეთ ძირითადი მოკავშირის” სტატუსი მიანიჭონ, ზემომგებიანი სავაჭრო ხელშეკრულება გაუფორმონ ან თუნდაც სავიზო რეჟიმი მოუხსნან. ევროპელებს კი შეუძლიათ, მხოლოდ ერთი დეკლარაციით ევროკავშირში საქართველოს გაწევრების შესაძლებლობაზე შექმნან მომავლის სწორედ ისეთი სურათი, რომელიც ხელისუფლებას ამომრჩეველთან ურთიერთობაში სჭირდება. სხვა საქმეა, რამდენად უღირთ ამის გაკეთება, რადგან ევროკავშირის საბჭოს მსგავსი დაპირება გარკვეულ ვალდებულებებს წარმოშობს, მაგრამ ამავე დროს, ბრიუსელსა და სხვა ევროპულ დედაქალაქებში კარგად ესმით, რომ პროდასავლური ორიენტაცია პოსტსაბჭოთა “ფრონტისპირა” რესპუბლიკებში შეიძლება სწრაფად შესუსტდეს, თუ მსგავსი დაპირებები საერთოდ არ იარსებებს.

მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა “ქართული ოცნება” “ევროპული ნატვრით” მანიპულირების შესაძლებლობას, მთავარი ისაა, რომ ახალი ცივი ომი აშშ-სა და რუსეთს შორის აშკარად ხურდება და ის ფარდობითი სიმშვიდე, რომელშიც საქართველო ბოლო 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, შეიძლება ისევ მწვავე კონფრონტაციით შეიცვალოს. ეს უდავოდ მიაყენებს ზიანს “ქართული ოცნების” რეიტინგს, რადგან რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია მის ერთ-ერთ მთავარ დაპირებას წარმოადგენდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მმართველ პარტიას არაფრის შეცვლა არ შეუძლია _ მას არ აქვს არც ძალა, არც ნებისყოფა, დინების საწინააღმდეგოდ გაცუროს.

დიმიტრი მონიავა

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here