Home სხვადასხვა დაიჯესტი ჩინეთმა თავისი სამომავლო კლასტერი შემოსაზღვრა

ჩინეთმა თავისი სამომავლო კლასტერი შემოსაზღვრა

416
ჩინეთმა თავისი სამომავლო კლასტერი შემოსაზღვრა

ასეანის ქვეყნების (ვიეტნამი, ტაილანდი, მიანმა, ლაოსი, კამბოჯა, მალაიზია, სინგაპური, ინდონეზია, ბრუნეი და ფილიპინები) ონლაინსამიტის შემდეგ გამოცხადდა, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებას ყოვლისმომცველი რეგიონული ეკონომიკური პარტნიორნობის შესახებ. სამხრეთაღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრების გარდა ამ შეთანხმებას, აგრეთვე, ხელი მოაწერეს ჩინეთმა, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო საბჭოს პრემიერმა ლი კეძიანმა განაცხადა, რომ შეთანხმების გაფორმება ყოვლისმომცველი რეგიონული ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ “ეს არის არა მხოლოდ გარღვევა აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ეკონომიკურ ინტეგრაციაში, არამედ მრავალმხრივობისა და თავისუფალი ვაჭრობის გამარჯვება”. და ეს მართლაც ასეა.

მსოფლიო ბანკის 2019 წლის მონაცემებით, ყოვლისმომცველი რეგიონული ეკონომიკური პარტნიორობა საერთო სავაჭროეკონომიკურ სივრცეში 25,56 ტრილიონი დოლარის მშპ ქმნის და ეს პლანეტის ეკონომიკის 30%-ია.

ზემოაღნიშნული შეთანხმების ხელმოწერაში მნიშვნელოვანია ორი მომენტი: პირველი _ ეკონომიკური კავშირის ზემომოყვანილი მონაცემები და მასშტაბი საბოლოო არ არის. ის მოიცავს იაპონიასაც, ლიდერს სხვა ეკონომიკური გაერთიანებისა _ ყოვლისმომცველი და პროგრესული ტრანსწყნარი ოკეანის პარტნიორობის. ამ გაერთიანების შექმნის იდეა ინიცირებული იყო აშშ-ისა და მისი პარტნიორების _ ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიერ.

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ყოვლისმომცველი და პროგრესული ტრანსწყნარი ოკეანის პარტნიორობის შეთანხმებიდან გაიყვანა აშშ, ეს პარტნიორობა უსახელურო ჩემოდანს დაემსგავსა. ერთი მხრივ, შეთანხმებიდან გასვლა, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია, რადგან 10 წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მისი შექმნის შესახებ; მეორე მხრივ, ამერიკული სამომხმარებლო ბაზრის გარეშე შეთანხმებამ, პრაქტიკულად, აზრი დაკარგა, რადგან ამ შეთანხმების დანარჩენ წევრებს შორის ვაჭრობის მოცულობა დიდი არ ყოფილა, თუმცა პატარა სარგებელი პარტნიორებისთვის ჰქონდა, ამიტომაც არ გააუქმეს.

ორი შეთანხმების გადაკვეთა იაპონიის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის გავლით ყოვლისმომცველ პროგრესულ ტრანსწყნარი ოკეანის პარტნიორნობის შეთანხმებას მისთვის ასე საჭირო პრაქტიკულობის სულს შთაბერავს. ასე რომ, ტრანსწყნარი ოკეანის პარტნიორობას მოკლე ხანში შთანთქავს ყოვლისმომცველი რეგიონული ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საერთო ეკონომიკური წონა სავაჭრო კავშირისა პეკინის მეთაურობით 30%-ს გადააჭარბეს და, სავარაუდოდ, მსოფლი ეკონომიკის 35%-ს მიუახლოვდება.

ამ შეთანხმების წევრები არ არიან აშშ, არც ევროკავშირი, რუსეთი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირი. უფრო მეტიც, ამ შეთანხმების წევრობა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის დანარჩენ ქვეყნებს ძალიან გაუჭირდებათ. ამ შეთანხმებაში მძლავრ ჩინეთს აბსოლუტური უპირატესობა ექნება დანარჩენ “პარტნიორებზე”. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მშპ 4-ჯერ მეტია იაპონიის მშპ-ზე, თითქმის 10-ჯერ აღემატება სამხრეთ კორეისას, 12-ჯერ მეტია ავსტრალიის მშპ-ზე, ლაპარაკი აღარ არის ტაილანდის, სინგაპურისა და ახალი ზელანდიის მშპ-ზე.

ეკონომიკური გრავიტაციის კანონები არაფრით ჩამორჩება ციური მექანიკის ფუნდამენტურ კანონებს. 20 წლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც შეთანხმების მონაწილეები გააუქმებენ შიგა ეკონომიკურ და სავაჭრო შეზღუდვებს, ყოვლისმომცველი რეგიონული ეკონომიკები მთლიანად დამოკიდებული იქნება ჩინეთზე. ასეთი საერთო ბაზრის შექმნით ჩინეთი გარანტირებულად გადაიქცევა მონოპოლისტურ ცენტრად, რომელიც დააწესებს ამ ცენტრის ცხოვრების წესებსა და რიტმს. ამის მიღწევის შემდეგ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აღარ იქნება დამოკიდებული ევროპისა და ამერიკის სამომხმარებლო ბაზრებზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩინეთმა ჩვენ თვალწინ შემოსაზღვრა თავისი სამომავლო დახურული სავაჭრო-სამრეწველო ეკონომიკური კლასტერი. და ამასთანავე, ყველას უჩვენა, რომ მსოფლიოს თავისუფლად შეუძლია ამერიკის გარეშე არსებობა.

დადგა დრო, ყველა ქვეყანა დაფიქრდეს, რომელი იდეოლოგიით იაროს.

russtrat.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here