Home რუბრიკები პოლიტიკა ჩვენ უკან მოსკოვია!

ჩვენ უკან მოსკოვია!

გერინგის თოფით რუსეთის წინააღმდეგ

514
უკრაინის ექსპრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი ფაშისტი გერინგის თოფით ხელში

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

მეთორმეტე გამოშვება

რუსეთი გამოცანაა, რომელიც გამოცანითაა შეფუთული და გამოცანებშია მოთავსებული”.

უინსტონ ჩერჩილი

_ მოვკლავ, ვინც მოვა!

ეს სიტყვები უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კრავჩუკმა რუსეთის მისამართით წარმოთქვა, _ მე სროლას განვარგძობ ბოლომდე, იქამდე, სანამ ჩემს ხელებს იარაღის დაჭერა შეეძლებათ, სანამ მტრის დანახვას მოვახერხებ. მე იგი, ძაღლისშვილი, არ დამიპატიჟებია, თვითონ მოვიდა ზღურბლთან. მე მას მოვკლავ, როგორც კი იგი გამოჩნდება. არ მაინტერესებს, რა მოხდება მერე, მაგრამ მე მას მოვკლავ!

საინტერესოა, რა იარაღით აპირებს სკკპ ცენტრალური კომიტეტის ყოფილი წევრი და საბჭოთა უკრაინის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი მდივანი ლეონიდ კრავჩუკი რუსების წინააღმდეგ ბრძოლას. ჟურნალისტებმა გაიხსენეს ორი წლის წინათ კრავჩუკის მიერ მათთვის ნაჩვენები თოფი, რომელიც, მისივე თქმით, ჰერმან გერინგის კოლექციიდან ყოფილა. დიახ, დიახ, თქვენ არ შემცდარხართ, ლაპარაკია ჰერმან გერინგზე, მესამე რაიხის რაიხსმარშალზე, გერმანიის საიდუმლო პოლიციის (გესტაპოს) დამაარსებელზე, გერმანიის ავიაციის (ლუფტვაფეს) სარდალზე, მეორე პირზე ნაცისტურ გერმანიაში, რომელიც, 1941 წლის 29 ივნისის დოქტრინის მიხედვით, ოფიციალურად იყო გამოცხადებული ჰიტლერის მემკვიდრედ. ნიურნბერგის საერთაშორისო ტრიბუნალმა იგი ერთერთ მთავარ სამხედრო დამნაშავედ სცნო და სიკვდილი (ჩამოხრჩობით) მიუსაჯა. გერინგმა მოახერხა, რომ განაჩენის აღსრულებისთვის დაესწრო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აი, ვისი თოფით ემუქრება და აშინებს რუსეთს ყოფილი კომუნისტი ლეონიდ კრავჩუკი.

მცირე რეტროსპექტივა:

ფაშისტი დამპყრობლების მიერ უკრაინის ოკუპაციის პერიოდში დაინგრა 700 ქალაქი, 28 000 სოფელი, 16 000 ფაბრიკა-ქარხანა; დაიღუპა რვიდან ათ მილიონამდე ადამიანი. უკრაინის გასათავისუფლებლად ბრძოლის დაწყების შესაძლებლობა 1943 წელს გაჩნდა. ეს გრანდიოზული სამხედრო მოქმედებები 1943 წლის იანვრიდან 1944 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდა. დროის ამ მონაკვეთში წითელმა არმიამ განახორციელა თხუთმეტი შეტევითი ოპერაცია _ ბელგოროდ-ხარკოვის; დონბასის; დნეპროვსკო-კარპატსკის; ლვოვი-სანდომირის და სხვა მიმართულებებით. უკრაინის განთავისუფლებისთვის წარმოებული სამხედრო ოპერაციების მასშტაბების წარმოდგენაში ეს ციფრები დაგეხმარებათ: მხოლოდ ერთ ოპერაციაში _ “დნეპრისთვის ბრძოლა” _ დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანი მონაწილეობდა, ფრონტის ხაზი კი 750 კილომეტრზე იყო გადაჭიმული. უკრაინა საბჭოთა არმიამ გაათავისუფლა, სადაც პირადი შემადგენლობის ეროვნული კუთვნილება უკანა პლანზე იყო გადაწეული, ამიტომ დღეს ძნელია თქმა, სახელდობრ რუსი ეროვნების რამდენი ჯარისკაცი მონაწილეობდა ამ წმინდა საქმეში, მაგრამ, უმრავლესობა რომ რუსი იქნებოდა, უეჭველია, ვინაიდან წითელ არმიაში უმრავლესობას რუსები შეადგენდნენ. ჰოდა, წარმოვიდგინოთ სურათი, რომ კრავჩუკივით უპასუხისმგებლო ვინმე უკრაინელი აივანზე გადმომდგარიყო, გერინგის კოლექციიდან აღებული თოფი მოემარჯვებინა და საბჭოთა ჯარისკაცებისთვის სროლა აეტეხა. იყვნენ ასეთებიც: ბანდერა, შუხევიჩი და მათი ბანდის წევრები, რომლებიც, აგერ, ოცდამეერთე საუკუნეში, სახელმწიფო გადატრიალების გზით მოსულმა ფაშისტურმა ხელისუფლებამ ეროვნულ გმირებად შერაცხა, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა. როგორც ჩანს, ბატონ კრავჩუკსაც აღეძრა თუნდაც დროებითი გმირობის სურვილი და რუსეთის წინააღმდეგ ხელში გერინგის თოფი აიღო. ერთ სატელევიზიო გამოსვლაში, ერთ ინტერვიუში შესაძლებელია, ადამიანმა რაღაც ვერ მოზომოს და ისეთი რამ თქვას, რაც მისსავე პოზიციას არ შეესაბამება, მაგრამ, როდესაც ადამიანი, ამ შემთხვევაში კრავჩუკი, ერთი და იმავე პოზიციას სხვადასხვა ტელეეთერსა და წერილში წარმოაჩენს, ეს მისი ამ პოზიციის ურყევობის ნიშანია: «Мир не отдаст Украину на произвол какому-то маньяку»,, _ ბრძანა კრავჩუკმა. რუსეთის პრეზიდენტის მიმართ ბაიდენის ამასწინანდელი გამონათქვამის ექო ხომ არ ჩაგესმათ ამ ნათქვამში? კი, ნამდვილად, პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვები გაიმეორა ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდნავი ვარიაციით _ “მკვლელი”, “მანიაკი”. მისი აზრი ბატონმა კრავჩუკმა მოგვიანებით ასე განავრცო: «Да, Россия может сдуру, как говорится, пойти в наступление. Может. Но это будет последний для нее поход, после этого она развалится на куски… К чему я говорю? При всей неадекватности поведения Россия на это не решится, потому что это будет шаг сошедшего с ума государства. Я верю в то, что Путин не решится идти на Украину большой войной. Но, повторяю, Украина должна проработать все возможные сценарии по всем направлениям. Мы должны быть готовы ко всему, поскольку имеем дело с неадекватной российской властью».

ნახეთ, კრავჩუკის ამ განცხადებაში როგორი სისავსით არის გაცხადებული აშშის ფერადი ოცნება რუსეთის დაშლაზე, ისევე, როგორც ოცდაათი წლის წინათ საბჭოთა კავშირი დაიშალა: «Да, Россия может пойти в наступление. Может. Но после этого она развалится на куски».

არა უბრალო ვინმე, არა საქმეში ჩაუხედავი ადამიანი, არამედ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი და დღესაც მოქმედი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ რუსეთი, შესაძლებელია, თავს დაესხას უკრაინას. ჩნდება შეკითხვა _ რატომ უნდა დაესხას თავს უკრაინას რუსეთი? საბჭოთა კავშირი დაიშალა. რუსეთმა ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები (მათ შორის უკრაინაც, ყირიმთან ერთად) დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ახლა რატომ უნდა დაიწყოს ომი რუსეთმა უკრაინასთან? რა შეიძლება რუსეთს ამოძრავებდეს, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით ეს მისი ისტორიული ტერიტორია დაიბრუნა და შავ ზღვაზე გეოპოლიტიკური ბალანსი, რომლის დარღვევასაც აშშ უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა თაობების მხარდაჭერით რუსეთის საზიანოდ ცდილობდა, აღადგინა?! რუსეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირებით, მით უმეტეს, ომით რუსეთი არც შეიძლება დაინტერესებული იყოს. პირიქით, რუსეთი სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული უკრაინასთან კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობებით, ვინაიდან რუსები და უკრაინელები არამხოლოდ მეზობელი, არამედ ერთი საერთო ძირიდან მომავალი ხალხია _ საერთო ისტორიით, კულტურით, ტრადიციებით, ნიშანთვისებებით, რელიგიითა და თითქმის საერთო ენითრუსეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირებისთვის მხოლოდ ერთი საფუძველი არსებობს _ აშშის ვერაგული პოლიტიკა, რომელსაც იგი უკრაინას პერიოდული სახელმწიფო გადატრიალებების გზით ახვევს თავს. ეს პოლიტიკა თავისი არსით ფაშისტური და ანტირუსულია. იგი ნოყიერ ნიადაგს პოულობს უკრაინის იმ დაჯგუფებაში, რომელმაც იქ რიგ ისტორიულ გარემოებათა გამო დაიბუდა. უკრაინის მოსახლეობის ეს მცირერიცხოვანი ნაწილი აშშის პროვოკაციული და ძირგამომთხრელი საქმიანობის შედეგად ახერხებს ხელისუფლებაში იუშჩენკოს, პოროშენკოს, ზელენსკის მსგავსი მარიონეტების მოყვანას, რომელთა იდეოლოგია აშშის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში დაიწერა და ორ მთავარ მიმართულებას ეყრდნობა _ ანტირუსულსა და პროფაშისტურს. ეს ძალები უკრაინაში მცხოვრებ ეთნიკურ რუსებს დონბასში, ლუგანსკში, ოდესასა და სხვაგან და სხვაგან, მათი ვითომ სეპარატისტული განწყობების პასუხად, გაუთავებლად ესხმიან თავს და ბომბავენ. უკრაინაში 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დღემდე ათი ათასზე მეტი რუსი ეროვნების მოქალაქეა დაღუპული, მათ შორის მოხუცები, ქალები და ბავშვები. რამდენიმე დღის წინათ ოთხი წლის ბავშვის ცხედარი მიაბარეს მიწას. ყოველივე ამის შემდეგ უსირცხვილოდ გაჰყვირიან: რუსეთს სურს, თავს დაგვესხასო. ნუ აკეთებთ ამას, ნუ ხოცავთ საკუთარ მოსახლეობას და თავს არავინ დაგესხმით. საერთოდ, რუსეთი ისტორიულად ცნობილია, როგორც ბევრის მომთმენი სახელმწიფო, მაგრამ იგი, აგრეთვე, ცნობილია, როგორც დაუმარცხებელი სახელმწიფო. რუსეთს მოთმინება უსასრულოდ ჰყოფნის, ანუ ჰყოფნის იქამდე, სანამ მოთმინების გზასაც არ მოუჭრიან, ამიტომ ცეცხლს ეთამაშება ყველა, ვისაც რუსეთის მოთმინების გამოცდა გადაუწყვეტია. ეს არამხოლოდ უკრაინას, არამედ აშშსა და კოლექტიურ დასავლეთსაც ეხება.

სამწუხაროა, მაგრამ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ დასავლეთმა ფაშისტური განწყობები დღემდე ვერ მოიშორა. რამდენიც უნდა ილაპარაკონ დასავლეთში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე, სიტყვით რამდენიც არ უნდა გააფეტიშონ ლიბერალიზმის ცნება, არსით, სულით, ფსიქიკური წყობით და საზოგადოებრივი ცნობიერებით ნაცისტებად და ფაშისტებად რჩებიან, რადგან მათ არასოდეს სტოვებდათ საკუთარი გამორჩეულობისა და სხვებზე მაღლა დგომის (უკეთესობის) განცდა და არასოდეს უთქვამთ უარი ძალმომრეობაზე, რომელსაც ყოველთვის აღიარებდნენ გარე სამყაროსთან ურთიერთობის საუკეთესო ფორმად.

სანქციები

დასავლეთს შეუძლია ხალხებისა და ერების ისე შეძულება, რომ მათი განადგურების გადაწყვეტილება მიიღონ. ისევე, როგორც ნაცისტურ გერმანიას ჰქონდა მიღებული ებრაელების, ბოშების, რუსების (საერთოდ, სლავების) განადგურების გადაწყვეტილება. დასავლეთის პოლიტიკა, რბილად რომ ვთქვათ, ამ სათაკილო და დასაგმობ მსოფლმხედველობას ეფუძნება. მათ შეუძლიათ ხალხებისა და სახელმწიფოების აღგვა პირისაგან მიწისა, როგორც ეს იუგოსლავიაში ჩაიდინეს, როგორც ამას სირიაში აპირებდნენ, მაგრამ რუსეთმა არ მისცა საშუალება, ამიტომაა, რომ ისინი დღესაც ისევე თესავენ და აღვივებენ რუსოფობიას, როგორც ჰიტლერი და მესამე რაიხი აღვივებდა ანტისემიტიზმს. აშშ-ისა და ნატოს მიერ იუგოსლავიის განადგურება რეპეტიცია იყო რუსეთის განადგურებისა. მიუხედავად სამარცხვინო და ყოვლად დამამცირებელი მარცხისა მეორე მსოფლიო ომში, მიუხედავად ნიურნბერგის საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ გასამართლებისა, ფაშიზმისთვის დამახასიათებელი ეს ნიშნები არც ამერიკელებს და არც ევროპელებს არ დაუკარგავთ.

ნუ დაგაბნევთ ის, რომ მთელი დასავლეთი ნიურნბერგის პროცესის მიერ გასამართლებულად წარმოვადგინე. რეალურად ეს ასეც იყო. თითქმის არაფერს არ ნიშნავს ის ფაქტი, რომ რუზველტმა და ჩერჩილმა ომის დასასრულს მეორე ფრონტი გახსნეს და სტალინის მოკავშირეებად მოგვევლინენ. ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, რომლითაც მათ ისტორიის სამსჯავროსგან თავის დაძვრენა სცადეს და ამ მიზანს, მთლიანად თუ ვერა, ნაწილობრივ მაინც მიაღწიეს. სინამდვილეში კი მათ ვერაგობასა და ძირგამომთხრელ საქმიანობას პირველი სოციალისტური სახელმწიფოს მიმართ საზღვარი არ ჰქონდა. თავად განსაჯეთ: სენატორი ჰარი ტრუმენი (შემდგომში აშშ-ის პრეზიდენტი) საბჭოთა კავშირზე ფაშისტური გერმანიის თავდასხმიდან ორი დღის შემდეგ, 1941 წლის 24 ივნისს, პოპულარული გაზეთისთვის (New York Times) მიცემულ ინტერვიუში პოლიტიკოსისთვის სრულიად შეუფერებელი გულახდილობით უტიფარ განცხადებას აკეთებდა: ჩვენ თუ ვნახავთ, რომ ამ ომში გამარჯვებას აღწევს გერმანია, უნდა დავეხმაროთ რუსეთს, მაგრამ, თუკი ვნახავთ, რომ გამარჯვებას აღწევს რუსეთი, ჩვენ დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ გერმანიას. დაე, მათ ხოცონ ერთმანეთი და მოკლან, რაც შეიძლება მეტი…” საკუთარი შემზარავი სახიდან ნიღბის ამაზე მეტად ჩამოხსნა და სატანური ბუნების უფრო მეტად გაშიშვლება, ალბათ, შეუძლებელია. ეს ის ტრუმენია, რომელმაც მისი პრეზიდენტობის პერიოდში (1945 .) ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბები ჩამოყარა და ასიათასობით მშვიდობიანი მოსახლეობა ჯოჯოხეთის ალში ამობუგა. პრეზიდენტების სახელები და გვარები აშშ-ის “საამაყო” ბირთვულ ეპოპეამდეც იცვლებოდა და მას მერეც იცვლება, მაგრამ ამერიკული ცხოვრების წესი არ იცვლება; პლანეტაზე გაბატონებისა და მსოფლიოში უსამართლობის დანერგვის სურვილი არ იცვლება; დემოკრატიითა და თავისუფლებით შენიღბული ვერაგობისა და მუხანათობის ჩვეულება არ იცვლება; მსოფლიო დიქტატორის სტილი და მანერა არ იცვლება, დღემდე არ იცვლება. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ზოგან არჩევნების გაყალბების, ზოგან სახელმწიფო გადატრიალების გზით, ყველგან საკუთარი ხელისუფლება მოიყვანეს, ყველგან ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს კადრები ჩასვეს და საკუთარი ელჩები მეფისნაცვლებივით დაგვასვეს თავზე; სადაც რომელი იდეოლოგია ჭრის, იმ იდეოლოგიას იყენებენ. მაგალითად, საქართველოსა და ბალტიისპირეთში ნაციონალიზმმა იმუშავა კარგად, უკრაინაში _ ფაშიზმმა. მათთვის სულერთია, მთავარია, რომ ანტირუსული ისტერიკა მძლავრობდეს, რუსული კულტურის, რუსული ენის, რუსული სულისა და მართლმადიდებლობის სიძულვილი გაღვივდეს და ამას ე.წ. ლგბტ პროპაგანდით მიაღწევენ თუ დემოკრატიის ძახილით, ნაციონალისტური ტენდენციების წახალისებით თუ ღია ფაშიზმის გაღვივებით, მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის ყველა ხერხი მისაღებია, რომლებიც რუსეთის მიმართ შეუთავსებლობას, გაუცხოებასა და სიძულვილს გააჩენს. ამერიკელები დედამიწის რომელ წერტილშიც უნდა მოქმედებდნენ, ყველგან რუსეთს ებრძვიან. დედამიწის რომელ წერტილშიც უნდა ვითარდებოდეს მოქმედება _ ახლო აღმოსავლეთსა თუ ვენესუელაში, აფრიკის კონტინენტზე თუ ჩრდილოეთ კორეაში, ევროპასა თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამერიკელები ყველგან რუსეთს უპირისპირდებიან. რუსეთთან აშშის დაპირისპირებამ აბსურდის სახე მიიღო. მაგალითად, ისინი გაჰყვირიან, რომ რუსული ბუნებრივი აირის მილსადენი, ე.წ. ჩრდილოეთის ნაკადი -2, რომელიც უკვე გერმანიამდეა მიყვანილი, რისთვისაც კოლოსალური თანხებია დახარჯული, თურმე, არ უნდა დასრულდეს. როგორ მოგწონთ? ეს პროექტი რუსეთისთვისაც და გერმანიისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტია. რუსეთი და გერმანია ერთ კონტინენტზე მდებარე სუვერენული სახელმწიფოებია და მათ სრული უფლება აქვთ, გადაწყვეტილება თვითონ მიიღონ, მაგრამ როგორ გეკადრებათ?! ამ პროექტზე საბოლოო სიტყვის თქმის უფლებას ამერიკელები იტოვებენ. მათი ვერდიქტი ასეთია: მშენებლობა არ უნდა დასრულდეს! ისინი სანქციებით ემუქრებიან ყველას, ვინც პროექტის განხორციელებაში რამე წვლილის შეტანას გაბედავს. გერმანელებს კი რუსული, მაღალხარისხიანი და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იაფი ბუნებრივი აირის ნაცვლად, თავიანთი უვარგისი, მაგრამ ორჯერ ძვირი გაზის ოკეანის გავლით ტანკერებით ზიდვას სთავაზობენ, რაც გერმანიის ეკონომიკას უმძიმეს ტვირთად დააწვება, რუსეთს კი მნიშვნელოვნად დააზარალებს. ასეთ შემთხვევაში რუსეთი რომ აცხადებდეს, ამერიკის თავგასული პოლიტიკა უნდა აილაგმოსო, სავსებით საფუძვლიანი რეაქცია იქნებოდა, მაგრამ რუსეთის ნაცვლად ამერიკელები გაჰყვირიან რუსეთის აგრესიასა და მისი შეკავების აუცილებლობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკული პოლიტიკის მიერ სახელმწიფოთა ურთიერთობის ლოგიკა უარყოფილია, ზნეობა ჩაწიხლულია, რეალობა კი გამრუდებული და დეფორმირებულია.

ზემოთ ვთქვი, რომ ამერიკელები დედამიწის რომელ წერტილშიც უნდა მოქმედებდნენ, ყველგან რუსეთს ებრძვიან. რუსეთთან ბრძოლა კი დედამიწაზე არსებულ ყველა იმ სახელმწიფოსა და ყველა იმ ხალხთან ბრძოლაა, რომლებიც გმობენ ძალმომრეობის პოლიტიკას და მოწოდებულნი არიან სახელმწიფოებსა და ერებს შორის ცივილიზებული ურთიერთობებისა და სამართლიანი თანაცხოვრებისკენ. ისინი, როდესაც რუსეთს ებრძვიან, ჩვენ გვებრძვიან. აი, რა უნდა გავაცნობიეროთ. ამ ვითარებაში ჩვენი ვალია, სოლიდარობა გამოვუცხადოთ რუსეთს, იმ ერთადერთ სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია, წინ აღუდგეს ამერიკულ ძალმომრეობას და შეაჩეროს ჯოჯოხეთის იმპერიის გამაოგნებელი ბოროტმოქმედებანი, რომლებსაც იგი პლანეტაზე თესავს და მთელ მსოფლიოს ახალი გლობალური ომის კატასტროფისკენ მიაქანებს. იუგოსლავია, ერაყი, ლიბია, ეგვიპტე, სირია, ვენესუელა, ჩრდილოეთი კორეა არ აღმოჩნდა საკმარისი მსოფლიო ომის გასაჩაღებლად, ამიტომ ამგვარი კატალიზატორის როლს ახლა უკრაინას აკისრებენ. უკრაინის ფაშისტური ხელისუფლება რუსული ენის დევნა-აკრძალვით, მართლმადიდებელ სამყაროში განხეთქილების შეტანითა და უკრაინაში რუსი ეროვნების მოსახლეობისადმი მოწყობილი ხოცვა-ჟლეტვით, რაც სხვა არაფერია თუ არა გენოციდის მცდელობა, მსოფლიოში გლობალური დაპირისპირების პროვოცირებას ახდენს. კოლექტიური დასავლეთი უკრაინასთან დამოკიდებულებაში ოცდამეერთე საუკუნეშიც იმავე გზას დაადგა, რა გზაც მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში გერმანიასთან დამოკიდებულებაში აირჩია. აშშმა და ინგლისმა ჰიტლერი ჯერ ხელისუფლებაში მოიყვანეს, შემდეგ კი დააფინანსეს, შეაიარაღეს და გლობალური ომისკენ უბიძგეს. რა ტრაგედიად, რა სისხლად და რა ცრემლად დაუჯდა კაცობრიობას დასავლეთის ეს პოლიტიკური და სამხედრო ავანტიურა, ყველასთვის ნათელია. ახლა, თითქმის საუკუნის ინტერვალით, ავანტიურა მეორდება. საბჭოთა კავშირმა შეძლო არნახული ბოროტებისთვის აღვირის ამოდება. დღეს, მოვლენათა ტრაგიკული განვითარების შემთხვევაში, ანალოგიური მისია რუსეთს ეკისრება. რუსეთმა თუ ვერ გაუძლო ამ ეპოქალურ ტვირთს, კაცობრიობა თანამედროვე ფაშისტების ფერხთქვეშ აღმოჩნდება გართხმული, იმ თანამედროვე ამერიკელი ფაშისტების ფერხთქვეშ, რომლებიც სისასტიკით კი არ ჩამოუვარდებიან, დიდად აღემატებიან წინამორბედ ევროპელ ფაშისტებს. რუსეთმა ამ მისიის შესრულება რომ შეძლოს, ამისთვის აუცილებელია, მის გვერდით ისევე დადგნენ და შეიკრან კოალიციური ძალები, როგორც საბჭოთა კავშირის გარშემო შეიკრნენ მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას. რა ტენდენციებია ამ თვალსაზრისით? ამჟამად საკითხის გლობალურ კონტექსტში განხილვას არ შევუდგები, მაგრამ მოკლედ შევჩერდები საქართველოზე, სადაც უმძიმესი ვითარება გვაქვს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი დავით ზალკალიანი აცხადებს: “მე გამოვხატე უკრაინისადმი სოლიდარობა და განვაცხადე, რომ მზად ვართ, ყველა საერთაშორისო ფორმატშიც და ორმხრივადაც გავაგრძელოთ მხარდაჭერა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის, რადგან რუსეთის ფედერაციას ეს არ აღელვებს. ის აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებას და კუნთების თამაშს იმისთვის, რომ ზეგავლენა მოახდინოს უკრაინაზეც და მთლიანად რეგიონზე, ამიტომ ეს არა მხოლოდ უკრაინის თემაა, არამედ ჩვენი საზრუნავიც”.

საგარეო საქმეთა მინისტრის პარალელურად, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ავრცელებს ანალოგიურად ცრუ პათოსით გაჟღენთილ განცხადებას: “ღრმად ვართ შეშფოთებული აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევით, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზებით და კრემლის აგრესიული რიტორიკით… კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამასთანავე, მივესალმებით ნატოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გაღრმავებას და მხარს ვუჭერთ შავი ზღვის რეგიონში ალიანსის გაზრდილ ჩართულობას, რასაც სტაბილურობის გარანტად მივიჩნევთ… მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააგრძელოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიისა და დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგ”.

ამ განცხადების შინაარსი გამარტივებულად რომ წარმოვიდგინოთ, ეს არამხოლოდ უკრაინის ფაშისტური ხელისუფლებისთვის გამოცხადებული მხარდაჭერა, არამედ გლობალური ომისთვის გამოცხადებული მხარდაჭერაცაა. დღეს ამგვარი სულელური ტექსტების ჯღაბნისა და გამოქვეყნების დრო არ არის. დღეს გადაბრუნებული და გაუკუღმართებული ცნობიერების შემობრუნებისა და გასწორების დროა. საქართველოს ხელისუფლება რაც უფრო იძირება სიძულვილისა და უსამართლობის, სიცრუისა და ძალმომრეობის დასავლურ პოლიტიკაში, მით უფრო სწყდება ქართველი ხალხის შინაგან განწყობებს, მის ისტორიას, მის სადღეისო მისწრაფებებსა და დამოკიდებულებებს გარე სამყაროსთან, მსოფლიო პოლიტიკასთან. საქართველოში დასრულდა დასავლეთის ხიბლით გამოწვეული ეიფორია და აღტყინება. მოხდილია მედასავლეთეობის საყმაწვილო სენი. ქართველი ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ გააცნობიერა დასავლური პოლიტიკის დამანგრეველი შედეგები მსოფლიოში და ეს ასახულია საზოგადოებრივ აზრში, რომელიც იმდენად ერთმნიშვნელოვანია, რომ სპეციალური სოციოლოგიური კვლევების საჭიროებაც არ დგას. დღეს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები გაერთიანებულნი არიან იმ სულისკვეთებით, რომ დასავლეთის მახინჯი და დეგრადირებული პოლიტიკა, რომელიც მსოფლიოს ფაშიზმის ახალი ტალღით ემუქრება, მათთვის ერთნაირად მიუღებელია. მათ აერთიანებთ ის სულისკვეთებაც, რომ მძლავრი გლობალისტური ტენდენციების ეპოქაში, დასავლეთის ძალმომრეობის წინაშე მარტო დარჩენა დამღუპველია. დღეს რუსეთია ის სახელმწიფო, რომელიც კაცობრიობის წინაშე კიდევ ერთხელ იძენს იმ შემკრებ, გამაერთიანებელ, დადებით მისიას, მსოფლიოს გადარჩენის ერთადერთ გარანტად რომ გვევლინება. ამ რწმენიდან, ამ სულისკვეთებიდან უკან დახევა შეუძლებელია, ვინაიდან ლოზუნგი, რომელიც დიდი სამამულო ომის პირველსავე დღეებში ამოქმედდა, დღემდე აქტუალურია _ ჩვენ უკან მოსკოვია!

ვალერი კვარაცხელია

P.S. წერილი მზად იყო, როდესაც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მიერ CNNისთვის მიცემული ინტერვიუ გამოქვეყნდა. ამ ინტერვიუში იგი პრეზიდენტ ბაიდენს სთხოვს, რომ უკრაინა სასწრაფოდ მიიღონ ნატოს წევრად. შემდეგ კი, თხოვნიდან მოთხოვნაზე გადადის და განწირული ხმით ყვირის: “მეტი იარაღი, მეტი ფული ბრძოლისთვის!”

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მიიღებს, რასაც ითხოვს, აუცილებლად მიიღებს, მაგრამ რას მიიღებს ამით უკრაინა ან რა მოჰყვება ამას საერთოდ, ეს უკვე მომავლის საქმეა.

..

1 COMMENT

  1. რომ რუზველტმა და ჩერჩილმა ომის დასასრულს მეორე ფრონტი გახსნეს და სტალინის მოკავშირეებად მოგვევლინენ. ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, რომლითაც მათ ისტორიის სამსჯავროსგან თავის დაძვრენა სცადეს

    -რიდესაც ლონდონი იბომბებოდა მოკავშირე რუსეთი და ფაშისტური გერმანია ოკუპირებულ პოლონეთში საერთო აღლუმს მართავდა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here